საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №325აპ-22 თბილისი
ა-ი თ-რ, 325აპ-22 1 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
ნინო სანდოძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდებების შესახებ დადგენილებების თანახმად:
1.1. თ. ა-ს ბრალი დაედო:
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - მოხელის მიერ პირის დამცირება და იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რამაც დაზარალებულს ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა მიაყენა;
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების ორგანიზება და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვა; ასევე, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელების ორგანიზება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის მეშვეობით;
1.2. რ. ა-ს ბრალი დაედო:
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა; ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
1.3. ე. გ-ს ბრალი დაედო:
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად;
ü საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით - პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება, შენახვა; ასევე პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის მეშვეობით;
1.4. ა. ს-ს ბრალი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ჯგუფურად.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
o 2018 წლის 10 ივნისს ე. ა-ი იმყოფებოდა თ-ში, რ-ის გ-ზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც მ-ის მუნიციპალიტეტის მ-ზე - თ. ა-ზე განაწყენებულმა, სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით პირდაპირი ვიდეოჩართვისას თ. ა-ის მეუღლეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ცნობილი გახდა ქალაქ მ-ში მცხოვრებ ფ. გ-ისათვის, რომელმაც ამის თაობაზე შეატყობინა თ. ა-ს. თ. ა-მა მ-ის მ-ის ს-ოს დ-ის - ჯ. ჩ-ის დახმარებით დაადგინა ე. ა-ის ვინაობა და განიზრახა მისი სამაგალითოდ დასჯა;
o იმავე დღეს, დაახლოებით 22:20 საათზე, ე. ა-ს დაუკავშირდა პარტია “ე-ი ნ-ი მ-ის“ წევრი რ. ა-ი და სთხოვა შეხვედრა. მისივე მოთხოვნით ერთმანეთს შეხვდნენ მ-ში, რ-ის ქუჩის №--ში მდებარე პარტია “ე-ი ნ-ი მ-ის“ ოფისში, სადაც ასევე მივიდნენ: პ-ის წევრი ა. ს-ი; მ-ის მ-ის ს-ოს დ-ები - ჯ. ჩ-ი და რ. ა-ი და თ. ა-ის ნათესავი ე. გ-ი. ა. ს-მა ე. ა-ს მოსთხოვა, აეხსნა, ვისი დავალებით მოახდინა სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში ზემოაღნიშნული ვიდეოჩართვა, რის შემდეგაც გაშლილი ხელით სამჯერ ძლიერად გააწნა სილა სახეში, მარცხენა ლოყაზე. შემდეგ რ. ა-მა მარჯვენა ხელის გაშლილი მტევანი დაარტყა მარცხენა ლოყაზე და მარჯვენა გაშლილი ხელი სწრაფადვე ჩაარტყა კეფაში, ხოლო ე. გ-მა ორჯერ დაარტყა ხელის გაშლილი მტევანი სახის მარჯვენა მხარეს და მარჯვენა ფეხი ჩაარტყა მარჯვენა მხარეს ტანზე. აღნიშნული ქმედებებით მათ ე. ა-ს ჯგუფურად მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი;
o ამის შემდეგ, ჯ. ჩ-მა და რ. ა-მა ე. ა-ი ჩასვეს ავტომანქანაში და წაიყვანეს ქალაქ მ-ში, კ-ას ქუჩის №--ში არსებული რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დახვდათ თ. ა-ი, რომელმაც მისვლისთანავე დამცირების, პატივისა და ღირსების შელახვის მიზნით, ე. ა-ს შეაფურთხა, სახეში ხელი გაარტყა და აიძულა, სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით პირდაპირ ეთერში ბოდიში მოეხადა მისთვის და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიეყენებინა საკუთარი ცოლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა უკანა ტანში ბოთლის გამოყენებით სექსუალური ხასიათის შეღწევით. შემდეგ აიძულა, მოეშარდა ჭიქაში და შარდით დაებანა სახე. შეშინებულმა ე. ა-მა შეასრულა თ. ა-ის მოთხოვნა, სოციალურ ქსელ „ფ-ის“ მეშვეობით პირდაპირ ეთერში მოიხადა ბოდიში, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ცოლს, შემდეგ კი ჭიქაში არსებული შარდით ჩამოიბანა სახე. იმავდროულად, ე. გ-მა და რ. ა-მა მობილური ტელეფონით გადაიღეს ე. ა-ის დამცირების, პატივისა და ღირსების შემლახველი ფაქტები, კერძოდ: რ. ა-მა მობილური ტელეფონით გადაიღო ე. ა-ის მიერ თ. ა-ისთვის ბოდიშის მოხდისა და ე. ა-ის მიერ საკუთარი ცოლისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, შემდეგ იმავე მობილური ტელეფონით ე. გ-მა გადაიღო ე. ა-ის მიერ შარდით სახის დაბანის პროცესი;
o 2018 წლის 10 ივნისს, 23:25 საათზე, ე. ა-ის ზემოაღნიშნული აუდიო-ვიდეოჩანაწერები ე. გ-მა თავისი მობილური ტელეფონით, საკომუნიკაციო ქსელ „ვ-ის“ მეშვეობით, მობილურ ტელეფონზე გადაუგზავნა რ. ა-ს, რომელმაც იმავე დღეს, 23:26 საათზე, თავისი მობილური ტელეფონით, საკომუნიკაციო ქსელ „ვ-ის“ მეშვეობით, მობილურ ტელეფონზე გადაუგზავნა ფ. გ-ს. ამასთან, გაუგზავნა შეტყობინება, რომ აღნიშნული აუდიო-ვიდეოჩანაწერები გაევრცელებინა საკომუნიკაციო ქსელ „ვ-ის“ მეშვეობით, რის შესახებაც ნებართვა მიეღო თ. ა-ისგან;
o 2018 წლის 10 ივნისს, 23:29 საათზე, ფ. გ-ი თავისი მობილური ტელეფონით, საკომუნიკაციო ქსელ „ვ-ის“ მეშვეობით, ხოლო 23:41 საათზე საკომუნიკაციო ქსელ „ვ-ის“ მეშვეობით, დაუკავშირდა თ. ა-ს მისივე მობილურ ტელეფონზე და ითხოვა ნებართვა მითითებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ინტერნეტით გავრცელებისათვის, რაზეც თ. ა-ი დაეთანხმა და დაავალა დასახელებული აუდიო-ვიდეოჩანაწერების ინტერნეტით, სოციალური ქსელებით გავრცელება. ფ. გ-მა თ. ა-ის დავალება შეასრულა და ე. ა-ის დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველი აუდიო-ვიდეოჩანაწერები 2018 წლის 10 და 11 ივნისს გაავრცელა ინტერნეტით, კერძოდ: გამოაქვეყნა სოციალურ ქსელ „ფ-ის“ პირად გვერდზე, ასევე საკომუნიკაციო ქსელების - „ვ-ისა“ და „ფ--მ-ის“ მეშვეობით გაუგზავნა 25 პირს;
o ამავე დროს, თ. ა-ი თავის მობილურ ტელეფონში ინახავდა ზემოაღნიშნულ უდიო-ვიდეოჩანაწერებს. თ. ა-ის დამამცირებელი, არაადამიანური, პატივისა და ღირსების შემლახველი ქმედებების გამო დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფსიქიკური ტკივილი და მორალური ტანჯვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 250-ე მუხლის შესაბამისად, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, იშუამდგომლა ბრალდებულების - თ. ა-ის, რ. ა-ისა და ე. გ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დაზუსტების თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა:
o თ. ა-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდების მოხსნა და მისი დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა ერთიანი მიზნითა და განზრახვით ხელყო ერთი და იგივე ობიექტი; მისი ქმედება მოიცავდა პირის დამცირებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჩაყენებას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რაც სრულად მოიცავდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას;
o რ. ა-ისა და ე. გ-ისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით წარდგენილი ბრალდებების მოხსნასა და მათ დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით იმ მოტივით, რომ ბრალდებულებმა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ფაქტი გადაიღეს და გაავრცელეს სოციალურ ქსელში, რაც მიზნად ისახავდა პირისთვის ძლიერი ტანჯვის მიყენებას, რის გამოც ეს ქმედება არ უნდა განხილულიყო იზოლირებულად და უნდა შეფასებულიყო, როგორც დამამცირებელი მოპყრობის კომპონენტი; ამავე დროს, აღნიშნულ დანაშაულის ჩადენას ისინი უშუალოდ შეესწრნენ და ნამდვილად იცოდნენ, რომ ჩადენილი იყო განზრახი მძიმე დანაშაული, მაგრამ არ შეატყობინეს სათანადო ორგანოებს, რითაც ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
4. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენით:
· თ. ა-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· რ. ა-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
· ე. გ-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში;
· ა. ს-ი, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
· მათვე განემარტათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება; თ. ა-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; რ. ა-ისა და ე. გ-ის დამნაშავეებად ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ა. ს-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ლობჯანიძემ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; თ. ა-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; რ. ა-ისა და ე. გ-ის დამნაშავეებად ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ხოლო ა. ს-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
8. გამართლებულების - თ. ა-ის, რ. ა-ისა და ე. გ-ის ადვოკატი მ. ჩ-ი საკასაციო საჩივრის შესაგებლით ითხოვს პროკურორის საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
11. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს თ. ა-ის, რ. ა-ის, ე. გ-ისა და ა. ს-ის ბრალეულობას მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პ-ის წინააღმდეგ“).
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ლობჯანიძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: ნ. სანდოძე
ლ. თევზაძე