საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№518აპ-22 ქ. თბილისი
ა-ა შ-ა, 518აპ-22 4 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 დეკემბრის განაჩენით შ. ა-ა, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა შ. ა-ას მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით სსკ-ის 187–ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 3531-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრი – 5 წელი; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და შ. ა-ას განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 აპრილიდან.
2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შ. ა-ამ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2021 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ში, ვ-ის ზ. პ-ს №- კორპუსის ბინა №--ში, შ. ა-ამ მამინაცვალს – გ. გ-ს განზრახ მოკვლის მიზნით მუშტი დაარტყა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, იატაკის ხის ნაჭერი – პარკეტი რამდენჯერმე ჩაარტყა თავში, წაქცეულს ჩაარტყა ფეხი და სკამი, შემდეგ კი სხეულის სხვადასხვა ადგილას დანის რამდენიმე დარტყმით მიაყენა სხვადასხვა სახის დაზიანებები: მარჯვენა მხარეს, წელის მიდამოში – განივი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა სისხლმდენი კიდეებით, უკანა აქსილარულ ხაზზე, ბეჭის ქვემოთ და მარჯვნივ, წელის არეში, თეძოს ფრთის დონეზე – ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ასევე – ჭრილობა მარცხნივ, შუბლის მიდამოში. შ. ა-ამ, მისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო, ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა – დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა დაზარალებულ გ. გ-ის გადარჩენა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ადვოკატმა ლ. ღ-ამ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაცვის მხარე ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და შ. ა-ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების – ზ. გ-ას, ლ. გ-ის, კ. ე-ის, თ. ქ-ასა და სხვათა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შპს „ო- მ-ის“ სტაციონარული სამედიცინო დოკუმენტაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2021 წლის 14 სექტემბრის №-- დასკვნითა და სხვა მტკიცებულებებით უტყუარადაა დადგენილი, რომ შ. ა-ამ ჩაიდინა გ. გ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში.
7. სისხლის სამართლის საქმის მასალების გაანალიზების შემდეგ საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას შ. ა-ას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნის შესახებ. საკასაციო პალატა კვლავაც იმეორებს, რომ ,,ქმედება აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილად ითვლება, თუ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დასტურდება აუცილებელი მოგერიების სავალდებულო წინაპირობების არსებობა. შესაბამისად, აუცილებელია ერთმანეთთან კავშირში მყოფი ისეთი გარემოებების შეფასება, როგორიცაა კონფლიქტის წარმოშობის საფუძველი და მიზეზი, გამოყენებულ საშუალებათა ურთიერთშესაბამისობა ხელყოფის საშიშროებასა და ინტენსივობასთან. პირი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში იმყოფება, როდესაც ხელყოფა ატარებს მართლსაწინააღმდეგო ხასიათს და საფრთხეს უქმნის სამართლით დაცულ სიკეთეს, ხელყოფა იმწუთიერი და რეალურია, ხოლო მომგერიებლის მიერ ჩადენილი ქმედება უკიდურესობით არის გამოწვეული, რაც გულისხმობს, რომ უნდა იყოს აუცილებელი თავდაცვითი ქმედება, რომელიც გათვალისწინებულია ხელყოფის მოგერიებისთვის და წარმოადგენს შედარებით მსუბუქ თავდაცვის საშუალებას, ამასთან, მოგერიება ხორციელდება სამართლებრივი სიკეთის დაცვის მიზნით. ,,სწორი სამართლებრივი შეფასებისთვის მნიშვნელოვანია დადგინდეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების ანალიზის საფუძველზე გაირკვეს, რამ გამოიწვია და რისკენ იყო მიმართული პირის ქმედება: მსჯავრდებული მოქმედებდა სხვისი ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების განზრახვით საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის არარსებობის პირობებში, თუ საკუთარი წარმოდგენით მოქმედებდა მართლზომიერად, იცავდა თავს, მისთვის არსებითი არ იყო მიყენებული დაზიანების ხარისხი და მთავარი იყო, აღნიშნულით უზრუნველეყო საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 8 აპრილის განჩინება N770აპ-19).
8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ არის გამოკვეთილი აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა. მართალია, დადგენილია, რომ კონფლიქტის ინიციატორი იყო დაზარალებული, მაგრამ ფაქტის შემსწრე მოწმე ზ. გ-ას განმარტებით, აქტიურ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე სწორედ შ. ა-ა გადავიდა; ამასთან, იგი, გარეთ გასული, დაბრუნდა სამზარეულოში, დანით მიაყენა ჭრილობები დავარდნილ გ. გ-ს და მხოლოდ მეგობრის მიერ გარეთ გაყვანის შემდეგ გაჩერდა. აღსანიშნავია, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, გ. გ-ს მიყენებული აქვს მრავლობითი ჭრილობები, რომელთა ნაწილი მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ხოლო ნაწილი (ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით) – მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათოს. სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის 2021 წლის 7 სექტემბრის №-- დასკვნის თანახმად, შ. ა-ას აღენიშნება არაფსიქოზური დონის ფსიქიკური აშლილობა – კანაბინოიდების მოხმარებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ (შეზღუდული შერაცხადობა); თავისი ფსიქიკური მდგომარეობით შ. ა-ას შეუძლია, ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში, აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღებული უნარი, იძულებით ან არანებაყოფლობით სტაციონარულ-ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს, შეუძლია წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს ბრალად შერაცხული ქმედებისათვის.
9. საყურადღებოა ისიც, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, ჭრილობათა ლოკალიზაცია სიცოცხლისათვის სახიფათო მიდამოებში მიუთითებს მის განზრახვაზე, მოესპო გ. გ-ის სიცოცხლე, რაც მისგან დამოუკიდებელი გარემოებების გამო ვერ განხორციელდა, რადგან ზ. გ-ამ იგი განარიდა შემთხვევის ადგილს, ხოლო დაზარალებული გადარჩა სიკვდილს დროული სამედიცინო დახმარების შედეგად.
10. სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივარი შეტანილია იმავე მოტივებით, რომლებზეც მითითებული იყო სააპელაციო საჩივარში, რასაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დეტალურად და ამომწურავად გასცა პასუხი. აღნიშნულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. ა-ას ბრალდების საქმე განიხილა საპროცესო ნორმების არსებითი დარღვევის გარეშე, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რაც საშუალებას აძლევდა თითოეულ მხარეს, ჯეროვნად წარმოეჩინა და დაესაბუთებინა თავისი პოზიცია საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. განსახილველი საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე არ გამოვლენილა გარემოება, რომელიც ობიექტურ დამკვირვებელს საფუძვლიან ეჭვს გაუჩენდა მსჯავრდებულის მიერ გასაჩივრებული განაჩენით მისთვის საქართველოს სსკ-ის 111,19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით შერაცხული ქმედების ჩადენაში.
11. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
12. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ შ. ა-ას ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ღ-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე