საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№563აპ-22 ქ. თბილისი
ბ-ე გ-ი, 563აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენით გ. ბ-ე, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა ჯარიმა – 12 950 ლარი. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გ. ბ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2019 წლის 2 მაისიდან 2020 წლის 21 იანვრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის პერიოდი და ამ ვადის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა მოხდილად.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ გ. ბ-ემ ჩაიდინა გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა და დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· 2019 წლის 11 მარტს, დაახლოებით 16:00 საათზე, თ-ში, დ-ის მე-- ქუჩის №--ის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით რამდენჯერმე გაისროლა გ. მ-ის მიმართულებით. იმავე დღეს გ. მ-ი გადაიყვანეს თ-ში, ვ-ას გამზ. №-ში მდებარე აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო ოპერაციის შემდეგ მოათავსეს იმავე კლინიკის - სართულზე არსებულ №- პალატაში. 2019 წლის 12 მარტს, დღის საათებში, ზემოაღნიშნულ პალატაში მყოფმა გ. ბ-ემ მიმართა და ზემოქმედება მოახდინა გამოსაკითხ პირზე – გ. მ-ზე, კერძოდ, უთხრა, რომ არ ამოეცნო პირი, რომელმაც სცადა მისი მკვლელობა და, შესაბამისად, დაიყოლია იგი ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე საგამოძიებო ორგანოებისათვის.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 24 ივნისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით გაუქმდა; გ. ბ-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულს განემარტა, რომ აქვს უფლება, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ნათია ნოზაძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანასა და გ. ბ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
5. გამართლებულ გ. ბ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ა-ი შესაგებელში აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული განაჩენი კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებულია, ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას და გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მითითებას, რომ საქმეში წარმოდგენილია უტყუარ, ერთმანეთთან შეთანხმებულ და აშკარა მტკიცებულებათა ერთობლიობა გ. ბ-ის ბრალეულობის დასადასტურებლად.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დასჯადია გამოსაკითხი პირისადმი მიმართვა და დაყოლიება ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის. ქმედების ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს გამოსაკითხი პირისადმი მიმართვას, ანუ წინადადების მიცემას ანდა დაყოლიებას ისეთი ხერხით, როგორიცაა თხოვნა, დაპირება, ჩაგონება, რათა დანაშაულის სუბიექტმა გამოსაკითხი პირი დაითანხმოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებაზე. ეს დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დასრულებულია ქმედების განხორციელებისთანავე, ანუ მიმართვისთანავე.
10. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გ. ბ-ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 372-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ: შპს „მ-დან“ გამოთხოვილი ინფორმაციით დადგენილია, რომ გ. ბ-ის ტელეფონის ნომერს – - – 2019 წლის 12 მარტის 13:46:38 საათზე ემსახურებოდა „მ-ის“ ანძა „--“, ხოლო 2019 წლის 12 მარტის 14:13:04 საათზე – „მ-ის“ ანძა „-“. აღნიშნული პერიოდის შუალედში ემსახურებოდა რ-რ საავადმყოფოსთან (იგივე აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა) განთავსებული „მ-ის“ „--ის“ ანძა (გამონაკლისია 2019 წლის 12 მარტის 13:55:33 საათი, როდესაც მითითებულია „მ-ის“ ანძა „-“). აღნიშნული ადასტურებს, რომ გ. ბ-ის ტელეფონის ნომერს 2019 წლის 12 მარტის დღის აღნიშნულ მონაკვეთში ემსახურებოდა „მ-ის“ ანძა „-“, დაახლოებით 26 წუთის განმავლობაში.
11. აუდიოჩანაწერის „--ის“ გასწვრივ მითითებულია 3/12/2019, 12:40 PM, ხოლო „--ის“ – 3/12/2019, 2:30 PM, რაც არ ემთხვევა შპს „მ-ის“ სათავო ოფისიდან გ. ბ-ის ტელეფონის ნომერზე – - გამოთხოვილ ინფორმაციაში მითითებულ „-“ ანძის მონაცემებს, რომელიც, თითქოსდა, ადასტურებდა დანაშაულის ჩადენის დროს გ. ბ-ის ყოფნას აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში. 2019 წლის 12 მარტს, დღის საათებში, გ. ბ-ის კლინიკაში ვიზიტის უტყუარად დასადასტურებლად ბრალდების მხარეს შეეძლო, აკადემიკოს ნ. ყ-ის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკიდან გამოეთხოვა და დაეთვალიერებინა ვიდეოჩანაწერები, რაც არ მომხდარა. ამასთან, „--ის“ ჩანაწერის მოცულობა შეადგენს 12 წუთსა და 50 წამს, ხოლო „--ის“ ჩანაწერის – 15 წუთსა და 54 წამს. ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, ჩანაწერებზე მონტაჟის კვალი არ შეინიშნება. შესაბამისად, ორივე საუბარი ერთად შეადგენს დაახლოებით 29 წუთს, რაც არ შეესაბამება გ. ბ-ის ტელეფონის ნომერზე შპს „მ-ის“ „-“ ანძაზე დაფიქსირებულ მაქსიმალურ დროს – დაახლოებით 26 წუთს. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ინფორმაციით ასევე დასტურდება, რომ ამ პერიოდში გ. ბ-ის ტელეფონის ნომერზე არაერთხელ დაირეკა, მათ შორის შედგა რამდენიმეწამიანი საუბარი. არც „--ის“ და არც „--ის“ აუდიოჩანაწერში არ ისმის, რომ რომელიმე მამაკაცი საუბრობდეს ტელეფონზე. ასევე, აუდიოჩანაწერის „კრებსში" მამაკაცებიდან ერთ-ერთი მოსაუბრე არის გ. მ-ი, ხოლო მეორე, ერთ შემთხვევაში – „ზ-ი“, ხოლო მეორეში – „დ.“ (როგორც მათ მოსაუბრე ქალბატონი მიმართავს), რომელთა ვინაობა დაუდგენელია.
12. რაც შეეხება ფონოსკოპიური ექსპერტიზის №.. დასკვნას, რომლის მიხედვით, ჩანაწერებში დაფიქსირებული მამაკაცის ხმა იდენტურია ხმის ნიმუშში მოსაუბრე გ. ბ-ის ხმისა, აღნიშნულის საპირწონედ დაცვის მხარემ სასამართლოს წარუდგინა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ა-ას“ №. დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ჩანაწერის, კერძოდ, „--ის" მიხედვით, შეუძლებელია გ. ბ-ის იდენტიფიცირება მისი ხმისა და მეტყველების მიხედვით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ლაზერულ დისკზე არსებული ჩანაწერის, კერძოდ: „--ის" მიხედვით, შეუძლებელია გ. ბ-ის იდენტიფიცირება მისი ხმისა და მეტყველების მიხედვით. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ CD-R დისკებზე არსებულ ჩანაწერებში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ აღმოჩნდა. ამასთან, №- დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ №- ექსპერტიზაზე სრულყოფილად არ არის ჩატარებული ფონოსკოპიური კვლევები ჩანაწერებში მონტაჟის ნიშნების აღმოსაჩენად, საერთოდ არ არის ჩატარებული კვლევები ჩანაწერების საიდენტიფიკაციოდ ვარგისიანობის დასადგენად და ასევე, საერთოდ არ არის ჩატარებული კვლევები პიროვნების იდენტიფიცირებისთვის, მისი ხმისა და მეტყველების მიხედვით. ამდენად, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით კატეგორიულად გამოირიცხა გ. ბ-ის ხმის ნიმუშის თავსებადობა საკვლევ ჩანაწერებთან.
13. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა გ. ბ-ის ბრალეულობაში. ასეთ შემთხვევაში გონივრული ეჭვი, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, ვინაიდან პირის ბრალდება არ შეიძლება ეფუძნებოდეს ეჭვებსა და ვარაუდებს, იგი უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
14. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ ეჭვი სწორად გადაწყვიტა ბრალდებულის სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნათია ნოზაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე