¹ბს-1455-1030(კ-05) 28 მარტი, 2006 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე
ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა სს “კ...-99-ის” წარმომადგენელ მამუკა ს-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 6 ოქტომბერს სს “კ... 99-ის” დირექტორმა ზურაბ გ-მ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართ და მოითხოვა თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურის დავალდებულება ქ. თბილისში, ... ქ. ¹73-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობების, მათ შორის, ¹7 შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით დარეგისტრირების თაობაზე სს “კ... 99-ის” სახელზე და საჯარო რეესტრში აღნიშნულ ქონებაზე არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილებების შეტანა შემდეგი საფუძვლით:
ქ. თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის მთავარი სამმართველოს 1994 წლის 22 ივლისის ¹09.33.120 გადაწყვეტილების თანახმად, “სახელმწიფო საწარმოების, სახელმწიფო საწარმოო გაერთიანებების სააქციო საზოგადოებებად გარდაქმნის ორგანიზაციულ ღონისძიებათა შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 14 აპრილის ¹288 დადგენილების საფუძველზე, დაფუძნდა სს წინდების ფაბრიკა “კ...”, რომლის უფლებამონაცვლეა სს “კ... 99”, რომელიც რეგისტრირებულ იქნა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 24 იანვრის ¹06-5/13 დადგენილებით. მინისტრთა კაბინეტის აღნიშნული დადგენილების თანახმად, პრივატიზებას არ დაექვემდებარა მოქმედი მუშათა სასადილო და საბავშვო ბაღი, როგორც სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი, დარჩა საზოგადოების ბალანსზე და სააქციო საზოგადოების პრივატიზაციას დაუქვემდებარებელ სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების გამოყენების წინადადებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც მუშა-მოსამსახურეთა კვების ობიექტი. ქ. თბილისის მერიის ტექაღრიცხვის სამსახურის 2004 წლის 18 მაისის ცნობის თანახმად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹73-ში მდებარე ყოფილი სახელმწიფო საწარმო წინდების ფაბრიკა “კ...ს” შენობა-ნაგებობები, განთავსებული 26802 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, აღირიცხა 1975 წლის 2 მარტს. დღეისათვის მითითებულ მისამართზე მდებარე შენობა-ნაგებობები ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერებით ასევე ირიცხება სს “კ... 99-ის” სახელზე. ამდენად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹73-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით აღრიცხული იყო ყოფილი სახელმწიფო საწარმო წინდების ფაბრიკა “კ...ს” სახელზე და დღემდე იმყოფება მისი უფლებამონაცვლე ორგანიზაციის _ სს “კ... 99-ის” კანონიერ სარგებლობაში, რის გამოც “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” 1998 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს კანონის შესაბამისად, დაექვემდებარა საკუთრების უფლებით რეგისტრაციას. აღნიშნულის მიუხედავად, ქ. თბილისში, ... ქ. ¹73-ში მდებარე ¹7 შენობა-ნაგებობა დარეგისტრირებულია სახელმწიფოს საკუთრებად, კანონიერი საფუძვლის გარეშე, რადგან სახელმწიფო მიერ არ ყოფილა გამოცემული რაიმე ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო ¹7 შენობა-ნაგებობის ცალკე უფლების ობიექტად გამოყოფის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება “ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” კანონს, რომლითაც გაუმჯობესდა კანონიერ მოსარგებლეთა მდგომარეობა და უფლება მიენიჭათ საკუთრებაში აღერიცხათ მათ დაქვემდებარებაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომელთა მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, უძრავ ნივთზე კანონით განსაზღვრული საკუთრების უფლება ვრცელდება მის არსებით შემადგენელ ნაწილებზე, იმ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც მყარად არის დაკავშირებული მიწის ნაკვეთთან (ს.ფ. 4-7).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირებად იქნენ ჩართული საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და ქ. თბილისის საკრებულო (ს.ფ. 22).
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “კ... 99-ის” დირექტორ ზ. გ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს დაევალა ქ. თბილისში, ... ქ. ¹73-ში მდებარე მიწის ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის, მათ შორის, ¹7 შენობა-ნაგებობის საკუთრების უფლებით დარეგისტრირება სს “კ... 99-ის” სახელზე და შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრში არსებულ სარეგისტრაციო მონაცემებში (ს.ფ. 120-122).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის საკრებულომ და საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ.
ქ. თბილისის საკრებულომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სს “კ... 99-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 126-127).
საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (ს.ფ. 131-132).
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “კ... 99-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 189-195).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “კ... 99-ის” დირექტორმა ზ. გ-მ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 4 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სს “კ... 99-ის” სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 200-203).
საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების დროს კასატორმა _ სს “კ...-99-ის” წარმომადგენელმა უარი თქვა საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მესამე პირის – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა ნ. წ-მა და ნ. რ-მა მხარი დაუჭირეს შუამდგომლობას (იხ.ს.ფ სხდომის ოქმი).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობის მოტივების და საქმის მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს “კ...-99-ის” წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და შეწყდეს საქმის წარმოება საკასაციო საჩივარზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა, სს “კ...-99-ის” წარმომადგენელმა მ. ს-მა განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, რომელსაც საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება მინიჭებული ჰქონდა მარწმუნებლის _ სს კ...-99-ის” დირექტორ ზ. გ-ს მიერ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 6 თებერვლის ¹05 რწმუნებულებით (ს.ფ. 224), ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლით და 272-ე მუხლის “გ” პუნქტის საფუძველზე თვლის, რომ სს კ...-99-ის” საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.
გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, კასატორ სს “კ...-99-ს” უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ნახევარი _ 50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I; მე-3 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით, 49.1 “ა” ქვეპუნქტით, 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
სს “კ...-99-ის” წარმომადგენელ მ. ს-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს; შეწყდეს სს “კ...-99-ის” საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო; კასატორ სს “კ...-99-ს” დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ნახევარი 50 ლარი; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.