Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№474აპ-22 ქ. თბილისი

ი-ი ჩ-ნ, 474აპ-22 1 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ჩ. ი-ს ბრალი დაედო: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – სიცოცხლის მოსპობის მუქარაში, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ; სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – ოჯახში ძალადობაში, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2019 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე ი-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კიბეზე, პირადი მოტივით განაწყენებული ჩ. ი-ი პერანგის საყელოში ჩაეჭიდა, ძლიერად შეანჯღრია და ხელი ჰკრა მამას – ჯ. ი-ს, რის შედეგადაც დაზარალებული დაეცა და მუხლზე მიიღო დაზიანება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

· 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, მ-ის რაიონის სოფელ ს-ში მდებარე ი-ების ოჯახის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი სახლის კიბეზე, პირადი მოტივით განაწყენებული ჩ. ი-ი სიტყვით „მოგკლავ“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მამას – ჯ. ი-ს, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენით ჩ. ი-ი, – დაბადებული 19-- წელს, ნასამართლობის არმქონე, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; ჩ. ი-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 საათით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 2019 წლის 19 ოქტომბრიდან იმავე წლის 22 ოქტომბრის ჩათვლით პატიმრობაში გატარებული დროის გათვალისწინებით, შეუმსუბუქდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათით. .

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორი მადონა ურუშაძე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ჩ. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში და მკაცრი, სამართლიანი და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას.

6. მსჯავრდებულ ჩ. ი-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ე. გ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობასა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა უკანონო განაჩენი და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდების ორივე ეპიზოდში ჩ. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის კუმულაციურად უნდა დადგინდეს, როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტები. მუქარის შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი – საფუძვლიანი შიშის გაჩენა – მნიშვნელოვანწილად თავად დაზარალებულის ჩვენებას ეყრდნობა. მოცემულმა პირმა უნდა მიუთითოს, თუ როგორ აღიქვა მუქარის შინაარსი, გაუჩნდა თუ არა მისი აღსრულების საფუძვლიანი შიში. სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, ცალკე აღებული, ვერ გამოიწვევს პირის დასჯადობას, აღწერილი უკანონო ქმედებების მიმართ დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულების გამჟღავნების გარეშე. ამდენად, საფუძვლიანი შიშის რეალურობის შეფასების დროს მთავარ დასაყრდენს დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს (მაგ. სუსგ №140აპ-21, №65აპ-20).

10. განსახილველ საქმეში დაზარალებულმა ჯ. ი-მა (ბრალდებულის მამამ) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და შვილის წინააღმდეგ სასამართლოს არ მისცა ჩვენება (ამასთან, საქმის მასალებიდან არ იკვეთება ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულზე რაიმე სახის გავლენის ნიშნები, რაც მას აიძულებდა ამ პროცესუალური უფლებით სარგებლობას), ხოლო სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება სხვა, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პირისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუქარის განხორციელების შემთხვევაში დაზარალებულის ჩვენება წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მტკიცებულებას, რომლის გარეშეც რთულდება პირის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დამნაშავედ ცნობა, მითუფრო, როცა საქმეში არ არსებობს სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა დაზარალებულის მიერ განცდილი შიშის დასადასტურებლად. მოწმეებმა – ნ. მ-მა და ა. ი-მა, რომლებიც უშუალოდ შეესწრნენ მომხდარს, უარყვეს ჩ. ი-ის მხრიდან მამის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა (მოწმე ა. ი-მა უარყო ხელის კვრის ფაქტიც). მოწმეებმა – ლ. ლ-ემ, ა. მ-მა და ხ. ხ-მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და სისწორე. მოწმე რ. ბ-ემ სასამართლოს განუცხადა, რომ შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე, დაკითხა დაზარალებული, რომელმაც განუცხადა, რომ შვილი ჯერ დაემუქრა მოკვლით, შემდეგ კი ხელი ჰკრა და წააქცია. პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული ჩვენება არ არის პირდაპირი მტკიცებულება. ამასთან, რ. ბ-ის მიერ შედგენილ ვითარების აღდგენის ოქმში არ არის არანაირი მითითება მუქარის თაობაზე.

11. სასამართლოს შეფასებით, მუქარის დასადასტურებლად არაინფორმაციულია ასევე ვიზუალური დათვალიერების ოქმიც, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯ. ი-ს მარჯვენა ფეხის მუხლის ახლოს, ქვედა მხრიდან, აღენიშნებოდა დაზიანება – ფუფხის მსგავსი შეწითლება, რომელიც მიყენებული ჰქონდა შვილის – ჩ. ი-ის მიერ ხელის კვრისა და დაცემის შედეგად.

12. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩ. ი-ის საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „in dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ბრალდების ამ ნაწილში ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და ჩ. ი-ი გაამართლეს საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

13. სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ ჩ. ი-ს, მისი პიროვნული მახასიათებლების, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების, ასევე – დაზარალებულის პოზიციის მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებშია, შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს და მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.

14. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებსაც ასევე დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა.

15. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009)).

16. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

17. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ მადონა ურუშაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე