საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №472აპ-22 ქ. თბილისი
ი-ი ა-ი, 472აპ-22 8 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენზე საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას, ასევე – მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. გ-ის, შ. მ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებებით ბრალი დაედოთ: ა. ი-ს – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით), ხოლო ე. ფ-ას – საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· ე. ფ-ამ ა. ი-თან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები: 283,5905 გრამი „მეთადონი“ (ფუძე) და 24,07 გრამი „მდმა“ („3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“), რომელთაგან 24,07 გრამი „მდმა“ („3,4–მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი“) ამოიღეს 2019 წლის 12 დეკემბერს თ-ში, ე. ვ-ს ქ. №--ში მდებარე ე. ფ-ასა და ა. ი-ის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, 48,65 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) – 2019 წლის 12 დეკემბერს თ-ში, თ-ის ზ-ზე არსებული დ-ი პარკის მიმდებარედ ჩატარებული ა. ი-ის პირადი ჩხრეკის შედეგად, ხოლო 227,5205 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ (ფუძე) – 2019 წლის 12 დეკემბერს თ-ის ზ-ზე არსებული დ-ი პარკის მიმდებარედ, ავტომობილის (სახ. ნომრით -) ჩხრეკის შედეგად, რომელსაც ა. ი-ი მართავდა.
· ა. ი-ი ასაღებდა უკანონოდ შეძენილ და შენახულ ნარკოტიკულ საშუალებებს, კერძოდ: იგი ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით ანაწილებდა (დებდა) ქ. თ-ის სხვადასხვა უბანში, რომელთა მისამართების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა ნარკოტიკული საშუალების შეძენით დაინტერესებულ პირებს. აღნიშნული მიზნით ა. ი-მა ნარკოტიკული საშუალება – 9,87 გრამი „მეთადონი“ (ფუძე), შემდგომში გასასაღებლად, დააფასოვა და გაანაწილა-დადო თ-ის ზ-ზე მდებარე დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე.
· მიუხდავად იმისა, რომ ა. ი-ის ქმედება უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ნაწილში მისი დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და 2019 წლის 13 დეკემბერს მითითებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს სამართალდამცავებმა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენით ა. ი-ი, – დაბადებული 19-- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8-8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 12 დეკემბრიდან.
იმავე განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ვაჟა თოდუასა და ბრალდებულ ე. ფ-ას შორის 2020 წლის 25 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, ე. ფ-ა, – დაბადებული 19- წელს, – ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2019 წლის 13 დეკემბრიდან; მასვე სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 15 000 ლარი.
მსჯავრდებულებს ჩამოერთვათ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ჩამოთვლილი უფლებები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 26 აგვისტოს განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით შეიცვალა: ა. ი-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულ ა. ი-ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლებები, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი ვაჟა თოდუა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: ა. ი-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებითა და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
5. ადვოკატები – ვ. გ-ი, შ. მ-ე და ნ. ბ-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანასა და ა. ი-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათის გავრცელებით სასჯელის ერთი მეოთხედის პირობით მსჯავრად ჩათვლას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ ა. ი-ის საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ადგენს, გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტის არც რაოდენობრივ მახასიათებელს და არ განსაზღვრავს არც იმას, თუ რა სახის მტკიცებულებების ერთობლიობაა საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისთვის. საჭირო მტკიცებულებების სახე და რაოდენობა დამოკიდებულია თითოეული განსახილველი საქმის სპეციფიკაზე. გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად მტკიცებულებათა საკმარისობის განსაზღვრისას მტკიცებულება უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ რამდენად ადასტურებს თითოეული მათგანი, როგორც ცალ-ცალკე, ისე – ერთობლიობაში, კონკრეტული პირისთვის წარდგენილ ბრალდებას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საქმეზე N 723აპ-19).
9. განსახილველ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 19,260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით ა. ი-ის ბრალეულობის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხმებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, კერძოდ: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების მცდელობის ნაწილში ე. ფ-ამ გამოთქვა ვარაუდი, რომ მანქანიდან რამდენჯერმე გადასვლისას ა. ი-ი დებდა ნარკოტიკულ საშუალებებს, თუმცა ზუსტად ვერ ახსნა მანქანიდან მისი გადასვლის მიზეზი და ვერ დაადასტურა, დებდა თუ არა იგი ნარკოტიკულ საშუალებას თბილისის ზღვის დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე; პოლიციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალება – 9,87 გრამი „მეთადონი“ (ფუძე) ამოიღეს საჯარო სივრციდან; იმის დასადასტურებლად, რომ ეს ნარკოტიკი სწორედ ა. ი-მა დადო, ბრალდების მხარეს არ წარუდგენია არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ მოწმე გ. მ-ის ჩვენება და პატაკი ბრალდების ამ ნაწილში ა. ი-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი ვერ გახდება. ასევე, საერთოდ არაფერია წარმოდგენილი იმის დასადასტურებლადაც, რომ ა. ი-ი თითქოს თბილისის სხვადასხვა უბანში ანაწილებდა-დებდა ნარკოტიკულ საშუალებას შემდგომში უკანონო გასაღების მიზნით.
10. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ბრალდების ამ ნაწილში სრულიად კანონიერად დაადგინა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა №83აპ-21, №186აპ-20).
11. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის შეფარდებული სასჯელის საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩენით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯავრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან“.
12. ა. ი-ს მსჯავრი დაედო წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, რაც ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. მსჯავრდებულისათვის საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით სასჯელის შეფარდებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი ქმედების სიმძიმე და ხასიათი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები და მას განუსაზღვრა კანონიერი, სამართლიანი და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მინიმალური სასჯელი, რაც სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას. ა. ი-მა, მართალია, აღიარა დანაშაული, მაგრამ მას წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენების სამართლებრივ შესაძლებლობას. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენება, მასში გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის დროსაც კი, წარმოადგენს სასამართლოს უფლებამოსილებას და არა – ვალდებულებას.
13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).
14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – ვაჟა თოდუას, ასევე – მსჯავრდებულ ა. ი-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ვ. გ-ის, შ. მ-ისა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე