Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ

საქმე №319აპ-22 თბილისი

კ-ე დ-ნ, 319აპ-22 13 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. კ-ისა და მისი ადვოკატის - ა. ი-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დ. კ-ე, - დაბადებული 19-- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 13 აპრილიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. განაჩენის მიხედვით, დ. კ-ეს მსჯავრი დაედო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში, რაც გამოიხატა შემდეგში: დ. კ-ემ დაუდგენელ გარემოებებში უკანონოდ შეიძინა უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის 3 პაკეტში მოთავსებული 299.37 გრამი მოთეთრო, სპეციფიკური სუნის ფხვნილისებული ნივთიერება, რომელიც შეიცავს 32.5224 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. მანვე უკანონოდ შეიძინა უფერო, გამჭვირვალე პოლიეთილენის 30 პაკეტში მოთავსებული 27,19 გრამი მოთეთრო, სპეციფიკური სუნის ფხვნილისებური ნივთიერება, რომელიც შეიცავს 2.8611 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. აღნიშნულ ნივთიერებებში ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონა შეადგენს 35,3835 გრამს, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით დიდ ოდენობას. დ. კ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული ნარკოტიკული საშუალება ბაღდათის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2019 წლის 13 აპრილს ამოიღეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოში, მისი დის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას.

3. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ. კ-ის ადვოკატმა ა. ი-ამ, რომელმაც საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ. კ-ის გამართლება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: დ. კ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო 2019 წლის 13 აპრილიდან. მასვე „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 26 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ. კ-ემ და მისმა ადვოკატმა - ა. ი-ამ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებასა და მსჯავრდებულის გამართლებას, ხოლო თუ მათი საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდება, შუამდგომლობენ, რომ დ. კ-ეს გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე გადაუვადდეს თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, ვინაიდან წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

8. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც დ. კ-ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ამავე დროს, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

9. რაც შეეხება მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის მოთხოვნას გამოჯანმრთელებამდე ან ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითად გაუმჯობესებამდე დ. კ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის გადავადების შესახებ, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით, არ არსებობს მსჯავრდებულ დ. კ-ისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელის გადავადების საფუძველი.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ დ. კ-ისა და მისი ადვოკატის - ა. ი-ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე