საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№544აპ-22 ქ. თბილისი
მ-ი ნ-ა, 544აპ-22 6 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
ნ. მ-ს, – დაბადებულს 20-- წელს, – საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2020 წლის 13 ივლისის „ზ-ს“, “ნ. ი-ისა“ და „ე-მ ჰ-ს ე. მ. ჯ-ის“ ეპიზოდები) – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ერთი მეოთხედით და განესაზღვრა 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა; სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ნ. მ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 აგვისტოდან.
ც. ა-ს, – დაბადებულს 19-- წელს, – საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, ყველაზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რამაც ასევე შთანთქა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და ც. ა-ს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 აგვისტოდან.
გ. ჯ-ას, – დაბადებულს 19-- წელს, – საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 10 აგვისტოდან.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ: ნ. მ-მა ჩაიდინა: ქურდობის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია; ქურდობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია(სამი ეპიზოდი); გ. ჯ-ამ – ქურდობის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია; ც. ა-მა – ქურდობის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რასაც შეეძლო დიდი ოდენობით ზიანი გამოეწვია; ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ც. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
· 2020 წლის 10 აგვისტოს, დაახლოებით 03:02 საათზე, გ. ჯ-ამ, ნ. მ-მა, ლ. ც-ამ და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 დეკემბრის განაჩენით ქურდობისათვის ნასამართლევმა ც. ა-მა გადაწყვიტეს სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რისთვისაც მივიდნენ ქ. თ-ში, პ-ის გამზ. №--ში მდებარე შპს “ზ. ჯ-ის“ ტექნიკის მაღაზიაში, რომელიც ძალისა და საგნების გამოყენებით დააზიანეს და უკანონოდ შეაღწიეს აღნიშნულ მაღაზიაში, საიდანაც შეეცადნენ შპს “ზ. ჯ-ის“ კუთვნილი 18 (თვრამეტი) ცალი, სხვადასხვა ფირმის მობილური ტელეფონის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რა დროსაც მათ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე წაასწრეს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-ოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, რის გამოც მათ თავიანთი დანაშაულებრივი განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანეს. გ. ჯ-ას, ც. ა-ის, ნ. მ-ისა და ლ. ც-ას ქმედების შედეგად დაზ-ლებულს მიადგებოდა დიდი ოდენობით – 10147 (ათი ათას ას ორმოცდაშვიდი) ლარის ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის 13 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თ-ში, ალ. თ-ის ქუჩა N--ში მდებარე, შპს „ე-მ ჰ-ს ე. მ. ჯ-ის“ კუთვნილ მაღაზია „ჰ და მ-ში“ იმყოფებოდა ნ. მ-ი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ჰ და მ-ის“ ბრენდის მამაკაცის ორ წყვილ ფეხსაცმელს და ერთ ცალ საწვიმარს, რის შედეგადაც შპს „ე-მ ჰ-ს ე. მ. ჯ-ას“ ჯამურად მიადგა 217 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის 13 ივლისს, შუადღის საათებში, ქ. თ-ში, ალ. თ-ის ქუჩა N--ში მდებარე შპს „ი. ჯ-ს“ კუთვნილ მაღაზია „ნ. ი-ში“ იმყოფებოდა ნ. მ-ი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა “ნ. ი-ის“ ბრენდის, კეპის სტილის ორ ქუდს, მამაკაცის ერთ შორტს, ერთ პერანგს, ერთ ბენდენასა და რვა მაისურს, რის შედეგადაც შპს „ი. ჯ-ს“ მიადგა ჯამურად 427 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· 2020 წლის 13 ივლისს, დაახლოებით 15:15 საათზე, ქ. თ-ში, ალ. თ-ის ქუჩა N--ში მდებარე შპს "ს. რ. გ. ჯ-ის" კუთვნილ მაღაზია „ზ-ში“ იმყოფებოდა ნ. მ-ი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა „ზ-ს“ ბრენდის ორ წყვილ ფეხსაცმელს, რის შედეგადაც შპს "ს. რ. გ. ჯ-ას“ მიადგა ჯამურად 438 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
· ც. ა-მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი, ქარხნული წესით დამზადებული, „blow f 90“ მოდელის პისტოლეტი, რომელსაც თვითნაკეთი წესით ლულაში ჩასმული აქვს ლითონის მილაკი, საიდანაც შესაძლებელია 9 მმ ნომინალურკალიბრიანი ვაზნების გასროლა. აღნიშნულ იარაღს ც. ა-ი 2020 წლის 26 მაისამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: თ-ში, ი. მ-ას ქუჩა N--ში.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენით შეიცვალა: ნ. მ-ის, ც. ა-ისა და გ. ჯ-ას ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; ნ. მ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – 1-1 წლით შინაპატიმრობა, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე გაუნახევრდა და განესაზღვრა შინაპატიმრობა 6-6 თვით; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; გ. ჯ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა; ც. ა-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 6 წლით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების, ასევე – სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით ც. ა-ს საბოლოოდ განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ 2020 წლის 10 აგვისტოდან; ც. ა-ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო – 2020 წლის 26 მაისიდან იმავე წლის 28 მაისამდე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მედეა ცირამუა ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანას, ნ. მ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი), გ. ჯ-ას დამნაშავედ ცნობას სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, ც. ა-ის კი – სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და მათთვის მუხლით გათვალისწინებული მკაცრი სასჯელების განსაზღვრას.
6. მსჯავრდებულ ნ. მ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ფ-ი შესაგებლით ითხოვს პროკურორ მედეა ცირამუას საჩივრის დაუშვებლად ცნობას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საჩივარი დასაშვებად იქნება ცნობილი – ნ. მ-ის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, კერძოდ, წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ არ არსებობს გარემოება, რის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა სავარაუდო მოცემულ საქმეზე დადგენილი პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
9. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა და სრულიად კანონიერად გადააკვალიფიცირა მსჯავრდებულთა ქმედება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტიდან სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რის გამოც პროკურორის მოთხოვნა ნ. მ-ის, გ. ჯ-ასა და ც. ა-ის დიდი ოდენობით ნივთის ქურდობის მცდელობაში დამნაშავედ ცნობის თაობაზე ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სასაქონლო ექსპერტიზის 2021 წლის 12 მარტის №- დასკვნით, ამოღებული 14 მობილური ტელეფონის ღირებულება არ აღემატება 10 000 ლარს და, შესაბამისად, ვერ ქმნის დიდი ოდენობით ზიანს (სუსგ №371აპ-22).
10. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულებისათვის სასჯელების გამკაცრების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ჩადენილ ქმედებათა სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებათა განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულთა პიროვნება, წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით მათ დაუნიშნა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.
12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ნ. მ-ის, გ. ჯ-ასა და ც. ა-ის ქმედებები სამართლებრივად სწორად შეფასდა და მათი მსჯავრდება ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში არის კანონიერი, ხოლო შეფარდებული სასჯელები – სამართლიანი.
13. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ.,ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
14. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საპროცესო მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ მედეა ცირამუას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე