საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№553აპ-22 ქ. თბილისი
მ-ე ა-ლ, 553აპ-22 11 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ა. მ-ეს ბრალად დაედო: ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახში ძალადობა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი); ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 26 წლის განმავლობაში ა. მ-ე და ნ. ლ. იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათი თანაცხოვრების ბოლო სამი წლის განმავლობაში ა. მ-ე, სხვადასხვა უსაფუძვლო მიზეზის გამო, ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდა ნ. ლ-ეზე, კერძოდ: კვირაში ერთხელ მაინც აყენებდა მას სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, უშვერი სიტყვებით მიმართავდა, რის შედეგადაც ნ. ლ-ე განიცდიდა ტანჯვას. აღნიშნულ ფაქტს ესწრებოდა და მორალური ზიანი ადგებოდა მათ არასრულწლოვან შვილს – ბ. მ-ს.
· 26 წლის განმავლობაში ა. მ-ე და ნ. ლ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2019 წლის თებერვალში, საღამოს საათებში, მათ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში, უსაფუძვლო მიზეზით – მათ შორის ფინანსური საკითხის გამო, ა. მ-ემ ფიზიკურად იძალადა ნ. ლ-ეზე, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, რა დროსაც ნ. ლ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და მორალური ზიანი მიადგა მათ არასრულწლოვან შვილს – ბ. მი-ს.
· 26 წლის განმავლობაში ა. მ-ე და ნ. ლ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2020 წლის 1 ნოემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე, მათ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე: ქ. თ-ში, მ-ის ქუჩა №--ში, ა. მ-ემ უსაფუძვლო მიზეზით ფიზიკურად იძალადა ნ. ლ-ეზე, კერძოდ, ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ნ. ლ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და მორალური ზიანი მიადგა მათ არასრულწლოვან შვილს – ბ. მი-ს.
· 26 წლის განმავლობაში ა. მ-ე და ნ. ლ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2021 წლის 8 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ-ში, ს-ს ქუჩა №--ის მიმდებარედ, ა. მ-ემ უსაფუძვლო მიზეზით ფიზიკურად იძალადა ნ. ლ-ეზე, კერძოდ, ხელი მოუჭირა ყელის არეში, რა დროსაც ნ. ლ-ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ ფაქტს შეესწრო და მორალური ზიანი მიადგა მათ არასრულწლოვან შვილს – ბ. მი-ს.
· 26 წლის განმავლობაში ა. მ-ე და ნ. ლ-ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2021 წლის 8 მარტს, დაახლოებით 17:00 საათზე, ქ. თ-ში, ს-ის ქუჩა №--ის მიმდებარედ, ა. მ-ე ნ. ლ-ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ დაწვავდა. აღნიშნული მუქარა ნ. ლ-ემ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენით ა. მ-ე, – დაბადებული 19- წელს, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირების, 2019 წლის თებერვლისა და 2020 წლის 1 ნოემბრის ეპიზოდები); იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) – 2 წლით, ხოლო 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ა. მ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო დაკავების დღიდან – 2021 წლის 9 მარტიდან.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 5 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 5 აპრილის განაჩენის გაუქმება და ა. მ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი, დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა. საფუძვლიანი შიშის შესაფასებლად სასამართლო მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას; ამასთან, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე.
7. პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულმა ნ. ლ-ემ დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერა 2021 წლის 8 მარტს მომხდარი მოვლენები; მანვე სასამართლოს მიაწოდა სრული და ამომწურავი ინფორმაცია არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით ა. მ-ის მხრიდან მასზე ფიზიკური ძალადობისა და მუქარის შესახებ და განმარტა, რომ მეუღლის ქმედებების შედეგად განიცადა ტკივილი და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რადგან ა. მ-ე ამ დროს იყო აგრესიული და არაადეკვატური. დაზარალებულის ჩვენება დაადასტურა ფაქტის შემსწრე მოწმე ქ. ლ-ემ, რომელმაც სასამართლოს ასევე უჩვენა, რომ არასრულწლოვანი ბ. მი-, რომლის თანდასწრებითაც მოხდა ძალადობა, ამის გამო იყო სტრესში და ნერვიულობისაგან კანკალებდა. დედის მიმართ ა. მ-ის მხრიდან სისტემატური ძალადობა, მათ შორის – შვილებისა და მეგობრების თანდასწრებითაც – დაადასტურა მოწმე ნ. მ-ემ. სასამართლოს დაზარალებულისა და მოწმეების ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია.
8. გარდა ზემოჩამოთვლილისა, ა. მ-ის ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ადასტურებს ასევე ნ. ლ-ის ვიზუალური დათვალიერების 2021 წლის 9 მარტის ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 5 ოქტომბრის №- დასკვნა და საქმეში არსებული სხვა მასალები.
9. კასატორის პრეტენზიაზე ცალკეული მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 25-ე მუხლის დანაწესს, რომ მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა და საქართველოს სსსკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, მხარე თავად განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა წრეს, რომელთა წარდგენაც სასამართლოში საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად მიაჩნია საჭიროდ. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, დაცვის მხარეს ენიჭება როგორც წარმოდგენილი მტკიცებულების გამოკვლევის, ასევე მტკიცებულების დამოუკიდებლად ან სასამართლოს მეშვეობით მოპოვებისა და წარმოდგენის უფლება (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: N951აპ-20, N925აპ-20, N30აპ-20, N669აპ-20, II-56).
10. შეჯიბრებითი მოდელის ფუნდამენტურ ნიშანს წარმოადგენს ,,სასამართლოში ჭეშმარიტების დამტკიცების ფუნქციის მხარეთა ინიციატივისთვის მინდობა. ... შეჯიბრებითი პროცესი დაფუძნებულია რწმენაზე, რომ სათანადოდ მომზადებული და დაინტერესებული მხარეები სასამართლოს წარუდგენენ საკმარის ინფორმაციასა და არგუმენტებს, ხოლო მოსამართლის ძირითად ამოცანას მხარეთათვის ასეთი შესაძლებლობის უზრუნველყოფა წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15). სასამართლო ითვალისწინებს, რომ შეჯიბრებითი მოდელის ფარგლებში სამართალწარმოების „მხარეები წყვეტენ, რა მტკიცებულებებს და არგუმენტებს წარუდგენენ სასამართლოს და რა საკითხებზე იდავებენ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება N3/1/608,609 საქართველოს უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურ წარდგინებაზე, II-15).
11. აღნიშნულის გათვალისწინებით, თუ დაცვის მხარეს საჭიროდ მიაჩნდა ბრალდების მხარის მოწმეთა სიაში მითითებული, ცალკეული პირების არსებითი განხილვის სხდომაზე დაკითხვა, აღნიშნული პირები თავად უნდა შეეყვანა დაცვის მხარის მიერ არსებითი განხილვის სხდომაზე დასაკითხ პირთა სიაში, რაც არაერთხელ განმარტა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ.
12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლი საქართველოს ავალდებულებს, ამ კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, სისხლის სამართლის დანაშაულებზე უზრუნველყოფილი იყოს ex officio სასამართლო პროცესები, რომელიც არ უნდა იყოს „მთლიანად დამოკიდებული“ მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებასა ან საჩივარზე. ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის პროცესში სახელმწიფოს აქტიური ჩართვის აუცილებლობა ხაზგასმულია არაერთ საერთაშორისო ინსტრუმენტსა და სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში (იხ. Z.B. v Croatia, ECtHR, no. 47666/13, §50-51, 11/07/2017; Opuz v Turkey, no. 33401/02, ECtHR, §§ 72-86, 09/09/2009; Hajduová v. Slovakia, no. 2660/03, § 46, 30/11/2010; Bevacqua and S. v. Bulgaria, no. 71127/01, §§ 64-65, 12/06/2008).
13. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ხარისხობრივ და არა – რაოდენობრივ მახასიათებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. მ-ის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულების ჩადენაში, რის გამოც საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არც სავარაუდოა პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (მაგალითისთვის იხ. №680აპ-20).
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, N49684/99, §30, 25/12/2001)). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (No. 2) ECtHR, N 12686/03, §37, §41, 20/03/2009), „ქადაგიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020)).
15. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე სრულყოფილად, ამომწურავად და ობიექტურად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ნათლად მიუთითა იმ მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 ნოემბრის განაჩენი უცვლელად დატოვა. შესაბამისად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ა. მ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე