საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრების დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№506აპ-22 ქ. თბილისი
ნ-ი ე-რ, 506აპ-22 15 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ე. ნ-ს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის.
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით ე. ნ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
· 2019 წლის მარტში რ-ში, მე-- მ/რ-ის --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებმა – თ. ე-მა და ე. ნ-მა იკამათეს, რა დროსაც ე. ნ-მა თ. ე-ს ერთხელ დაარტყა ხელი სახეზე და წააქცია, წაქცეულს თმა მოქაჩა, შემდეგ კი ფეხი დაარტყა მუცელზე. აღნიშნული ქმედებების შედეგად თ. ე-მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
· 2019 წლის 8 ივნისს, დაახლოებით 13:00 საათზე, რ-ში, მე-- მ/რ-ის --ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფებმა – თ. ე-მა და ე. ნ-მა იკამათეს, რა დროსაც ე. ნ-მა თ. ე-ს ყელზე მოუჭირა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენით ე. ნ-ი, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში; იგი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რამაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, შთანთქა წინა – 2018 წლის 14 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 9 ნოემბრიდან; მასვე სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის პერიოდი – 2019 წლის 10 ივნისიდან იმავე წლის 13 ივნისამდე.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 11 მარტის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორი ხატია გოგრიჭიანი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც.
6. რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილე ზურაბ კოჭლამაზაშვილი დაზუსტებული საკასაციო საჩივრით (რომლითაც აღმოიფხვრა პროკურორ ხატია გოგრიჭიანის საკასაციო საჩივრის ხარვეზი) ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 11 მარტის განაჩენში ცვლილების შეტანასა და ე. ნ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაშიც.
7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ე. ნ-ის გამართლების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც განაპირობეს მსჯავრდებულ ე. ნ-ის გამართლება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში. დაზარალებულმა თ. ე-მა (მსჯავრდებულის მეუღლემ) სასამართლოში 2019 წლის მარტის კონფლიქტთან დაკავშირებით ისაუბრა მხოლოდ მიზეზზე, შემდეგ კი აღწერა ძალადობის ფაქტი, რომ ე. ნ-მა ერთხელ სახლში სცადა მისი დახრჩობა, თუმცა ეს ფაქტი უკავშირდება თუ არა 2019 წლის მარტის ეპიზოდს, ბუნდოვანია. მოწმე ნათელა ნადირაშვილმაც ზოგადად აღწერა მეუღლეებს შორის მომხდარი ჩხუბის ფაქტები და მათი მიზეზები, ასევე – ერთ-ერთი კამათის დეტალები, კონკრეტული თარიღის მითითების გარეშე, რომლის ჩადენის სავარაუდო დრო არის 2019 წლის აპრილი და არა – მარტი. აღნიშნულ ეპიზოდთან მიმართებით არაინფორმაციულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის -- დასკვნა, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და სხვა მოწმეების ჩვენებებიც, ხოლო მოწმეებმა – გიორგი ეგნატაშვილმა და სოფია ბაგაშვილმა სასამართლოს ინფორმაცია მიაწოდეს მხოლოდ 2019 წლის 8 ივნისის ეპიზოდთან დაკავშირებით. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებები (რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა 2019 წლის 8 ივნისის ძალადობის ფაქტი) არ შეიცავს არსებითი სახის რაიმე ინფორმაციას 2019 წლის მარტში ჩადენილ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობაზე.
10. ირიბ ჩვენებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში მხოლოდ ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
11. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული საქმის მასალები არ ქმნის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ე. ნ-ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2019 წლის მარტის ეპიზოდი) დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის საფუძველზე ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ, რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
12. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან არ დგინდება, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, ბრალდების მხარის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა, რის გამოც მისი გამეორება საკასაციო პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ხატია გოგრიჭიანისა და რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის – ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. თევზაძე