Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№517აპ-22 ქ. თბილისი

ჟ-ი მ-ზ, 517აპ-22 7 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად, მ. ჟ-სა და მ. კ-ს ბრალი ედებოდათ ყაჩაღობაში, ე.ი. თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, არაერთგზის; მ. ჟ-ს ასევე ბრალი ედებოდა: საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და შენახვაში; ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანის“ უკანონოდ შეძენა-შენახვაში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· 2014 წლის 19 ივნისს მ. ჟ-ი გაასამართლა სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. მიუხედავად აღნიშნულისა, 2020 წლის 20 ოქტომბერს მ. ჟ-ი და მ. კ-ი სხვა, ამ ეტაპზე გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად ყაჩაღურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით თავს დაესხნენ ზ. ა-სა და ე. ქ-ს, მათი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, კერძოდ: თავდამსხმელთაგან მ. კ-მა ზ. ა-ს მუცლის არეში მიადო დანა, ხოლო მეორე თავდამსხმელმა ე. ქ-ს ყელის არეში მიადო, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მ. ჟ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ზ. ა-ს გასტაცა მის საკუთრებაში არსებული, 75 000 ლარად ღირებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით – - და ფულადი თანხა – 100 ამერიკული დოლარი. ზ. ა-მა შეძლო თავდამსხმელებისაგან გაქცევა. მ. ჟ-ი და მ. კ-ი ყაჩაღობაში მონაწილე პირთან ერთად ზ. ა-ის ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

· გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მ. ჟ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 16,91 გრამი „გამომშრალი მარიხუანა“. 2020 წლის 21 ოქტომბერს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, მდებარე ქ. ს-ში, დ. ა-ის ჩიხის N--ში, რა დროსაც ამოიღეს მ. ჟ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული 16,91 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“.

· 2020 წლის 21 ოქტომბერს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გაჩხრიკეს მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, მდებარე ქ. ს-ში, დ. ა-ის ჩიხის N--ში, რა დროსაც ამოიღეს მ. ჟ-ის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული ელექტროდეტონატორი, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ასევე ჩხრეკის შედეგად ამოიღეს მ. ჟ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრიანი პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფებისთვის. ამოღებული ვაზნა ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

· ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2009 წლის 23 თებერვალს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გასამართლებული მ. კ-ი 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ ქ-ი-ლ-ის საავტომობილო გზაზე, მ. ჟ-სა და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით თავს დაესხა ე. ქ-სა და ზ. ა-ს, მათი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ, მ. კ-მა ზ. ა-ს მუცლის არეში მიადო დანა და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით მოსთხოვა მის საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის გადაცემა, ხოლო დაუდგენელმა თავდამსხმელმა ე. ქ-ს ყელის არეში მიადო, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მ. კ-მა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ზ. ა-ს გასტაცა მის საკუთრებაში არსებული, 75 000 ლარად ღირებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით – -, აღნიშნულ ავტომობილში არსებული სხვადასხვა დასახელების მოძრავი ნივთი, მათ შორის – ფულადი თანხა 100 ლარი და 100 აშშ დოლარი. ზ. ა-მა შეძლო თავდამსხმელებისაგან გაქცევა, ხოლო ე. ქ-ისაგან ამსრულებლებმა ვერ შეძლეს მოძრავი ნივთების დაუფლება, რის შემდეგაც მ. კ-ი ყაჩაღობაში მონაწილე პირებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით მ. ჟ-ი, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით – 9 წლით, ხოლო 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, მ. ჟ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2020 წლის 21 ოქტომბრიდან.

3. ამავე განაჩენით მ. კ-ი, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლევი, – ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. გამართლებული მ. კ-ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

· სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ 2014 წლის 19 ივნისს მ. ჟ-ი გაასამართლა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. მიუხედავად აღნიშნულისა, მ. ჟ-მა კვლავ ჩაიდინა დანაშაული: 2020 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ლ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გამავალ ქარელი-ლეთეთის საავტომობილო გზაზე, მ. ჟ-ი ორ სხვა თანამზრახველ პირთან ერთად ყაჩაღურად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაესხა თავს ზ. ა-სა და ე. ქ-ს, მათი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ, თავდამსხმელთაგან ერთ-ერთმა ზ. ა-ს მუცლის არეში მიადო დანა, ხოლო მეორემ – ე. ქ-ს ყელის არეში მიადო, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც მ. ჟ-მა, სხვა პირებთან ერთად, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ზ. ა-ს გასტაცა მის საკუთრებაში არსებული, 75 000 ლარად ღირებული „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო სანომრე ნიშნებით – -. დაზარალებულებმა – ზ. ა-მა და ე. ქ-მა შეძლეს თავდამსხმელთგან თავის დაღწევა. მ. ჟ-ი ყაჩაღობაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად ზ. ა-ის ავტომანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

· შსს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 2020 წლის 21 ოქტომბერს გაჩხრიკეს მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლი და დამხმარე სათავსები, მდებარე ქ. ს-ში, დ. ა-ის ქუჩა N--ში, რა დროსაც ამოიღეს მ. ჟ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული ელექტროდეტონატორი, რომელიც წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოიღეს მ. ჟ-ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული, ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრიანი პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფისთვის. ამოღებული ვაზნა ვარგისია გამოსაყენებლად და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

· გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მ. ჟ-მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 16.91 გრამი ნარკოტიკული საშუალება „გამომშრალი მარიხუანა“, რაც 2020 წლის 21 ოქტომბერს ამოიღეს შსს ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქ. ს-ში, ა-ის ქუჩა N--ში მდებარე მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე – დაცვის მხარეებმა. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენში ცვლილების შეტანას, კერძოდ: მ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით და კანონიერი სასჯელის განსაზღვრას, ხოლო მ. ჟ-ისათვის – უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას.

7. მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 6 აპრილის განაჩენის გაუქმებას და მ. ჟ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

8. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

9. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება (სუსგ №234აპ-17, №158აპ-19).

10. საკასაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მ. კ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება თბილისის სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ მ. კ-ის ბრალეულობას მისთვის ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში და დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლი განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს – „in dubio pro reo“, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

11. საქმის განხილვისას გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დადასტურდა მ. კ-ის ბრალეულობა. მეტიც, დაცვის მხარის მოწმეების ჩვენებებითა და წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერით დადგინდა, რომ მ. კ-ის პოლიციის განყოფილებაში პირველად მიყვანისას დაზარალებული ზ. ა-ი იდგა პოლიციის შენობის კართან და შეეძლო მისი სახის დამახსოვრება, რაც დაეხმარა, ამოცნობისას მიეთითებინა მასზე. გარდა ამისა, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით არ დადასტურდა მ. კ-ის კავშირი ამ საქმესთან, კერძოდ: მისი სუნი არ აღმოჩნდა ზ. ა-ის ავტომანქანაში; მ. კ-ის ტანსაცმლის მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა ზ. ა-ის ტანსაცმელზე და ასევე, საკვლევ ობიექტში არ გამოვლინდა მისი გენეტიკური პროფილი. ამ გარემოების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ (ისევე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ) სრულიად კანონიერად დაადგინა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი (მაგალითისათვის იხ. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა №570აპ-16, №251აპ-16, №541აპ-19).

12. საკასაციო პალატა ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის მოტივებს და მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით: დაზარალებულების – ზ. ა-ისა და ე. ქ-ის ჩვენებებით, პირის ამოცნობის ოქმებით, ბიოლოგიური ექსპერტიზის 2021 წლის 22 თებერვლის №- დასკვნით, სახლის ჩხრეკის ოქმით, მოწმეების – გ. თ-ის, გ. გ-ის, გ. რ-ის, დ. დ-ისა და სხვათა ჩვენებებით, პიროტექნიკური ექსპერტიზის 2020 წლის 28 ოქტომბრის №-, ბალისტიკური ექსპერტიზის 2020 წლის 28 ოქტომბრის №-, ქიმიური ექსპერტიზის 2020 წლის 22 ოქტომბრის №- დასკვნებითა და საქმეში არსებული სხვა მასალებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია მ. ჟ-ის ბრალეულობა, კერძოდ:

13. 2020 წლის 20 ოქტომბერს მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის – მცენარეული მასები, სავარაუდოდ – ვაზნა და დეტონატორი, შეიფუთა და დაილუქა შსს ქარელის რაიონული სამმართველოს №- ბეჭდის ანაბეჭდიანი ლუქით. ჩხრეკა ჩატარდა თავად მ. ჟ-ის მონაწილეობით, რომელსაც საგამოძიებო მოქმედების ოქმში შენიშვნა, შესწორება, დამატება ან განცხადება არ გაუკეთებია. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის ოქმის შედგენისას არ იკვეთება საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევის ფაქტი, ვინაიდან ზემოაღნიშნული ოქმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მასში სრულად არის ასახული ის საპროცესო მოთხოვნები, რაც დაკავშირებულია ჩხრეკის ოქმის შედგენასთან, ამოღებული ნივთები და საგნები ოქმში აღიწერა და დაილუქა. ჩხრეკის ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები.

14. პიროტექნიკური ექსპერტიზის №- დასკვნით, გამოსაკვლევად წარდგენილი პოლიეთილენის პაკეტი დალუქული იყო და მისი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი ერთეული, ქარხნული წესით დამზადებული ელექტროდეტონატორი წარმოადგენს ასაფეთქებელ მოწყობილობას და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას; საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე ვარგისი იყო დანიშნულებით გამოსაყენებლად. ბალისტიკური ექსპერტიზის №- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი ფუთის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა; ერთი ცალი ობიექტი არის ქარხნული წესით დამზადებული, 5,6 მმ კალიბრიანი რგოლური აალების ვაზნა, განკუთვნილი იმავე კალიბრიანი პისტოლეტების, რევოლვერების, შაშხანებისა და კომბინირებული თოფების დიდი ჯგუფებისათვის; ვაზნა ვარგისია გამოყენებისათვის და მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

15. ქიმიური ექსპერტიზის №- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, მ. ჟ-ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსების ჩხრეკის შედეგად ამოღებული, სპეციფიკური სუნის მქონე, მომწვანო, ნედლი, 9,68 გრ მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება „ნედლ მარიხუანას“, ხოლო 16,91 გრ – „გამომშრალ მარიხუანას“.

16. ექსპერტებმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურეს თავიანთი დასკვნების სისწორე, შინაარსი და მიუთითეს, რომ საკვლევი ობიექტები იყო დალუქული და მათი მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს აღნიშნული მტკიცებულებების ავთენტურობასა და რელევანტურობაში ეჭვი არ ეპარება. საქართველოს სსსკ-ის 145-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, საკვლევი ობიექტების ვარგისიანობის დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიგონზე საბრძოლო გამოცდა ჩაუტარდა ერთ ერთეულ ელექტროდეტონატორს (რომელიც საბრძოლო გამოცდის ჩატარებამდე იყო ვარგისი დანიშნულებით გამოსაყენებლად); ასევე, ვარგისიანობის დასადგენად, ვაზნა გასროლილ იქნა ლაბორატორიაში არსებული, შესაბამისი კალიბრიანი იარაღით. გასროლამ ჩაიარა შეფერხების გარეშე. ექსპერტიზების ჩატარებამ გამოიწვია საკვლევი ობიექტების გახარჯვა. ამდენად, ის ფაქტი, რომ ამოღებული ნივთები სრულად გაიხარჯა საბრძოლო გამოცდის ჩატარების დროს, ვერ გახდება აღნიშნული ექსპერტიზების დასკვნების გაუზიარებლობის საფუძველი, ვინაიდან რაიმე გარემოება, რაც დაადასტურებდა ნივთმტკიცების არამიზნობრივად გახარჯვას, საქმის მასალებით წარმოდგენილი არ არის, ხოლო დაცვის მხარე შემოიფარგლება ზოგადი მსჯელობით, მაშინ, როცა სასამართლო სხდომაზე ექსპერტების დაკითხვისას ჰქონდა შესაძლებლობა, მათთვის დაესვა კითხვები კვლევის მეთოდებთან დაკავშირებით.

17. გარდა ზემოჩამოთვლილი მტკიცებულებებისა, მ. ჟ-ის ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნითაც. ადვოკატის არგუმენტი, რომ მ. ჟ-ის ბიოლოგიური მასალა ხელოვნურად მოხვდა დაზარალებულის ავტომანქანაში, საფუძველსაა მოკლებული, არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით და არც დაცვის მხარის მიერაა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება მისი ამ პოზიციის დასადასტურებლად.

18. კასატორი საკასაციო საჩივარში მსჯელობს ამსრულებლის ექსცესზეც. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს: გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სწორედ მ. ჟ-მა ანიშნა მანქანის გაჩერება დაზარალებულებს, რის შემდეგაც მასთან მყოფი ორი პირი ჩაჯდა ავტომანქანაში, თვითონ კი უკუსვლით მიმავალ მანქანას წინიდან მისდევდა; მას შემდეგ, რაც ზ. ა-მა მოახერხა გაქცევა, ავტომანქანაში ჩაჯდა მ. ჟ-ი, ხოლო მასთან ერთად მყოფმა მეორე თავდამსხმელმა გაუშვა ე. ქ-ი. თითოეული თავდამსხმელი თავისი მოქმედებით ხელს უწყობდა მეორის მოქმედებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შეცნობილი ჰქონდათ, თუ რა დანაშაულს სჩადიოდნენ, ეს კი გამორიცხავს ამსრულებლის ექსცესს.

19. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე შეკრებილი, ერთმანეთთან შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დადასტურებულია მ. ჟ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და მისი გამართლების საფუძველი არ არსებობს.

20. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ მ. ჟ-ისათვის სასჯელის გამკაცრების თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის მიზანს არ წარმოადგენს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა. სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

21. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ჩადენილ ქმედებათა სიმძიმე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებათა განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მსჯავრდებულის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და მ. ჟ-ს შეუფარდა შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული სამართლიანი და კანონიერი სასჯელები, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელის მიზანშეწონილობაზე.

22. დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხების გაცემას. გადაწყვეტილებიდან ნათლად უნდა ჩანდეს, რომ განხილულ იქნა საქმის არსებითი საკითხები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ლობჟანიძე და ფერაძე საქართველოს წინააღმდეგ“; (Lobzhanidze and Peradze v. Georgia, ECtHR, no 21447/11, no35839/11, §65, 66; 27/02/2020). ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლება აქვთ, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001)).

23. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობა მხარეთა იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და ადვოკატ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი, ვინაიდან კასატორთა მიერ მითითებული საფუძვლები არ შეესაბამება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ არც ერთ წინა პირობას.

25. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორ ბაჩანა ქარქუზაშვილისა და მსჯავრდებულ მ. ჟ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე