Facebook Twitter

¹ ბს-1456-1031(კ-05) 15 მარტი, 2006 წელი

¹ ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ჭ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახური

მესამე პირი _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინება

სარჩელის საგანი _ თანხის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 8 ოქტომბერს ჭ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2002 წლის 2 მაისს მოსარჩელე გულის არეში ძლიერი ტკივილების გამო, აღმოჩნდა შპს “ქ. თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკაში”, ხოლო აღნიშნული კლინიკიდან _ შპს “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”, სადაც მოსარჩელეს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევები, რომელთა ღირებულებამ შეადგინა 2527 ლარი. მოსარჩელის ოჯახს არ ჰქონდა სხვა რაიმე შემოსავალი მოსარჩელის მეუღლის 20 ლარის ოდენობის ხელფასის გარდა და შესაბამისად, არ შეეძლო ხსენებული თანხის დაფარვა, რისი გაკეთებაც მოსარჩელემ მოახერხა სესხის სახით აღებული თანხებით. ვინაიდან აღნიშნული შემთხვევა იყო ექსტრემალური ხასიათის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებული იყო მოსარჩელისთვის აენაზღაურებინა მკურნალობაზე დახარჯული თანხა, რაზეც აღნიშნულმა სამინისტრომ დაუსაბუთებლად უთხრა მას უარი.

მოსარჩელემ სარჩელით მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 2527 ლარის გადახდის დაკისრება.

2002 წლის 4 დეკემბერს ჭ-ძემ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიისა და ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელემ დამატებით მიუთითა, რომ იგი იყო ინვალიდი პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ძალიან უჭირდა ეკონომიკურად. 2002 წლის 24 მაისს მოსარჩელემ მისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, რადგან მოცემულ შემთხვევაში მკურნალობის ხარჯების დაფარვა წარმოადგენდა სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც ჩაითვლებოდა სახელმწიფოს მხრიდან უფასო გადაუდებელ სამედიცინო დახმარებად. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ჭ-ძის განცხადება გადაუგზავნა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს, რომლისგანაც მოსარჩელემ უარყოფითი პასუხი მიიღო 2002 წლის 13 ივნისს. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ, ვინაიდან ჯანმრთელობის უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 25-ე მუხლის პირველი პუნქტის, “ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ” საერთაშორისო პაქტის მე-12 მუხლის, “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტის, “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-5 მუხლის მიხედვით, წარმოადგენდა ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას, სახელმწიფოში შესაბამის ფარგლებში უნდა არსებულიყო ჯანდაცვის უფასო მომსახურება. აღნიშნული ნორმატიული აქტების საფუძველზე მოპასუხეებს ეკისრებოდათ ჭ-ძის მკურნალობის ხარჯების დაფარვა.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ჭ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2527 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 ნოემბრის საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა ჭ-ძის შუამდგომლობა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანია ამოირიცხნენ მოცემული საქმიდან.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 10 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ჭ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ჭ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჭ-ძე 2002 წლის მაისში მკურნალობდა შპს “ქ. თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკასა” და შპს “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”, მისმა მკურნალობის თანხამ შეადგინა 2527 ლარი და 2002 წლის 24 მაისს, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მოსარჩელემ მისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის მოთხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს, რომლისგანაც მოსარჩელემ უარყოფითი პასუხი მიიღო 2002 წლის 13 ივნისს ¹3459/03-11 წერილით, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა დედაქალაქის უმწეო და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების შესახებ განცხადებები და მიეღო გადაწყვეტილებები, ხოლო ხსენებული დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის მიხედვით, კომისია არ განიხილავდა ჩატარებული მკურნალობის ან გამოკვლევის შემდეგ შესულ განცხადებას.

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდიოდა იერარქიულად უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლებთან და ამ მუხლებს უნდა მინიჭებოდათ უპირატესი იურიდიული ძალა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლები შეიცავდა ზოგად ნორმებს, ხოლო ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი _ სპეციალურ ნორმას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

კასატორის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ეწინააღმდეგება იერარქიულად მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლებს და ამ მუხლებს უნდა მიენიჭოს უპირატესი იურიდიული ძალა.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამართლის ნორმები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი და ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი არასწორად მიიჩნია სპეციალურ ნორმად. აღნიშნულის შედეგად, სააპელაციო პალატამ იგნორირება გაუკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს. თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი. ამდენად, სააპელაციო პალატამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის _ დებულების მუხლი არასწორად მიიჩნია სპეციალურ ნორმად, არასწორად ჩათვალა იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნორმების თანაბარი დონის ნორმად და მათი კოლიზიისას არასწორად გამოიყენა ხსენებული დებულების მუხლი სპეციალურ ნორმად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერება, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვინაიდან კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ჭ-ძე 2002 წლის 2 მაისს გულის არეში ძლიერი ტკივილების გამო, გადაიყვანეს შპს “ქ. თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკაში”, ხოლო აღნიშნული კლინიკიდან _ შპს “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”, სადაც იმავე წლის მაისში მკურნალობდა და მისმა მკურნალობის თანხამ შეადგინა 2527 ლარი. 2002 წლის 24 მაისს, საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, მისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენის თხოვნით მიმართა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. აღნიშნული განცხადება გადაეგზავნა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურს, რომლისგანაც მოსარჩელემ უარყოფითი პასუხი მიიღო 2002 წლის 13 ივნისს ¹3459/03-11 წერილით, რომელშიც მითითებული იყო, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის თანახმად, კომისია უფლებამოსილი იყო განეხილა დედაქალაქის უმწეო და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების შესახებ განცხადებები და მიეღო გადაწყვეტილებები, ხოლო ხსენებული დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის მიხედვით, კომისია არ განიხილავდა ჩატარებული მკურნალობის ან გამოკვლევის შემდეგ შესულ განცხადებას.

საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მოსაზრებას, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი, “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ეწინააღმდეგება იერარქიულად მასზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლებს და ამ მუხლებს უნდა მიენიჭოს უპირატესი იურიდიული ძალა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია სამართლის ნორმები, კერძოდ, არასწორად განმარტა კანონი და ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი არასწორად მიიჩნია სპეციალურ ნორმად, რითაც იგნორირება გაუკეთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილს, რომლის თანახმადაც, სამოქალაქო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები გამოიყენება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი ავსებენ კანონის ნორმებს, ხოლო თუ ეს აქტები ეწინააღმდეგება კანონს, მოქმედებს კანონი.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების თანახმად, ჭ-ძე განეკუთვნება იმ პირთა კატეგორიას, რომლებზედაც ვრცელდება აღნიშნული კომისიის საქმიანობა.

ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების პირველი პუნქტის პირველი ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნული კომისია წარმოადგენს კოლეგიალურ ორგანოს, რომელიც განიხილავს და გადაწყვეტს განცხადებებს ქ. თბილისის უმწეო მდგომარეობაში მყოფი, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარების შესახებ. აღნიშნული დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის თანახმად, კომისია არ განიხილავს ჩატარებული მკურნალობის ან გამოკვლევის შემდეგ შესულ განცხადებას სამედიცინო დახმარების შესახებ.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისია, ზემოაღნიშნული დებულების მიხედვით, განიხილავდა სამედიცინო დახმარების შესახებ შესულ მოქალაქის განცხადებას, თუ ეს განცხადება შეტანილი იქნებოდა მკურნალობის ან გამოკვლევის დაწყებამდე, ან მისი მიმდინარეობისას.

როგორც მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, ჭ-ძე 2002 წლის 2 მაისს გულის არეში ძლიერი ტკივილების გამო, გადაიყვანეს შპს “ქ. თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკაში”, ხოლო აღნიშნული კლინიკიდან _ შპს “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”, ამასთან, 2002 წლის 14 მაისამდე იგი იმყოფებოდა შპს “ქ. თბილისის კარდიოლოგიურ კლინიკაში”, ხოლო იმავე წლის 14 მაისიდან 17 მაისამდე _ შპს “გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში”.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ჭ-ძეს არ მოუთხოვია მისი გადაყვანა აღნიშნული კომერციული სამედიცინო დაწესებულებებიდან სახელმწიფო (მუნიციპალურ) სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მას არ შეეძლო ამის გაკეთება, მკურნალობის დროს მაინც უნდა ეცნობებინა ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურისთვის მკურნალობის გავლის თაობაზე და ეთხოვა მკურნალობის ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს ხარჯზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან ჭ-ძეს არ გაუსაჩივრებია ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტი (მოცემულ საქმეში არ არის წარმოდგენილი ამის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება), ამიტომ მისი მითითება მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული ქვეპუნქტის გამოყენების დაუშვებლობაზე სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმებთან ამ ქვეპუნქტის წინააღმდეგობის გამო, ვერ ჩაითვლება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მოტივად.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას აქვს უფლება ისარგებლოს ჯანმრთელობის დაზღვევით, როგორც ხელმისაწვდომი სამედიცინო დახმარების საშუალებით, ხოლო კანონით დადგენილი წესით, განსაზღვრულ პირობებში უზრუნველყოფილია უფასო სამედიცინო დახმარება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების თანაბრად ხელმისაწვდომობა ხორციელდება სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების საშუალებით. აღნიშნული კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო იცავს პაციენტის უფლებას სამედიცინო მომსახურებაზე, რომლის გადაუდებლად განხორციელების გარეშე გარდაუვალია პაციენტის სიკვდილი, დაინვალიდება ან ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ ისარგებლონ დადგენილი წესით დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული სამედიცინო დახმარებით, რასაც განახორციელებს სათანადო სამედიცინო საქმიანობის სამართალსუბიექტი, განურჩევლად საკუთრებისა და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, მართალია, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის, “პაციენტის უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, მე-12 მუხლის პირველი პუნქტისა და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო შესაბამის ფარგლებში უზრუნველყოფს, იცავს და აღიარებს ადამიანის ერთ-ერთ ძირითად უფლებას გადაუდებელ და უფასო სამედიცინო მომსახურებაზე, ხოლო ჭ-ძე არის მესამე ჯგუფის ინვალიდი პენსიონერი, უმწეო მდგომარეობაში მყოფი და მიეკუთვნება სოციალურად დაუცველ პირთა კატეგორიას (რაც დასტურდება ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურისადმი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის შესაბამისი შუამდგომლობით ჭ-ძის უმწეობის შესახებ), მაგრამ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არსებითი და გადამწყვეტი მნიშვნელობისაა ის გარემოება, რომ ჭ-ძემ დროულად არ მოითხოვა მკურნალობის ხარჯების დაფარვა სახელმწიფოს ხარჯზე, რის გამოც (დაგვიანებით მოთხოვნის გამო) მისი მოთხოვნა აღნიშნული ხარჯების დაფარვის თაობაზე, უსაფუძვლოა და ადგილი აქვს ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას.

საკასაციო სასამართლო განმარტავს და კასატორის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არასწორია მითითება საკასაციო საჩივრის დასასაბუთებლად სამოქალაქო კოდექსის 385-ე და 986-ე მუხლებთან ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შეუსაბამობასა და “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული მუხლებისათვის უპირატესი იურიდიული ძალის მინიჭებაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, უკან იქნეს მოთხოვილი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის ნორმა პირდაპირ მიუთითებს ვალდებულების გარეშე გადახდილის გამოთხოვაზე უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით, აღნიშნული წესები კი მოცემულია ამავე კოდექსის 976-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვითაც, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში, ანდა ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის ნორმა გამოიყენება მაშინ, როდესაც არ არსებობს ვალდებულების გარეშე გადახდილის მიმღების მიერ ვალდებულების გარეშე შესრულებულის საკუთრად მიჩნევისა და უფლებამოსილი პირისათვის მის დაბრუნებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი. მოცემული საქმის მხარეებს შორის არსებული სამართალურთიერთობის დარეგულირებისა და მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობის შეფასებისათვის აღნიშნულ მატერიალურ ნორმაზე აპელირება არასწორია, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლი არ გულისხმობს უკვე გადახდილისა და შესრულებულის გამოთხოვას იმ მესამე პირისაგან, რომელსაც შეიძლება სხვა რაიმე საფუძვლით დაეკისროს თანხის ანაზღაურების მოვალეობა. გარდა ამისა, ხსენებულ სამართალურთიერთობას არავითარი კავშირი არა აქვს უსაფუძვლო გამდიდრებასა და მასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შედეგებთან, რის გამოც კასატორის მითითება აღნიშნულ მუხლთან ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის შეუსაბამობაზე, იურიდიულად ვერ დააფუძნებს მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის გამოყენების მიზანშეწონილობას და არ გამოდგება კასატორის მოთხოვნის დასასაბუთებლად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლის მიხედვით, პირს, რომელიც შეგნებულად ან შეცდომით სხვის ვალებს ისტუმრებს, შეუძლია ამ პირს მოსთხოვოს თავისი ხარჯების ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლში მოცემული ნორმა ლეგალურად აფუძნებს მხოლოდ სხვისი ვალების შეგნებულად ან შეცდომით გასტუმრებასა და ამის შედეგად უსაფუძვლოდ დაზოგილის ან მიღებულის უკან დაბრუნებას, ანუ აღნიშნულ ნორმაში პირდაპირ არის მითითებული სხვა პირის სასარგებლოდ შესრულებულ მოქმედებაზე და არ იგულისხმება ისეთი შემთხვევა, როდესაც პირი მოითხოვს საკუთარი დავალიანების გასტუმრებას სხვა ვალდებული სუბიექტის მიერ. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ მოცემული დავის წარმომშობი კონკრეტული შემთხვევა არის სამოქალაქო კოდექსის 986-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევის საპირისპირო, რის გამოც მათ შორის არ არსებობს არავითარი ნორმატიული ურთიერთმიმართება და მოცემული სამართალურთიერთობის დასარეგულირებლად ვერ იქნება გამოყენებული ხსენებული მუხლი. შესაბამისად, კასატორის მითითებას აღნიშნულ მუხლთან ქ. თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქალაქო სამსახურის უმწეოთა დამატებითი სამედიცინო დახმარების კომისიის დებულების მე-3 პუნქტის მე-5 ქვეპუნქტის წინააღმდეგობაზე არავითარი მნიშვნელობა არა აქვს მოცემული დავის გადაწყვეტისათვის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა, რის გამოც იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჭ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 8 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.