Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრების დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №493აპ-22 ქ. თბილისი

ს-ი გ-ა, 493აპ-22 5 ივლისი, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულების – გ. ს-ისა და ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ლ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ: გ. ს-ს, – დაბადებულს 19- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით – ჯარიმა 1000 ლარი, იმავე მუხლის მე-4 ნაწილით – ჯარიმა 2000 ლარი, 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და გ. ს-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე ჩამოერთვა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებები და სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 7 დეკემბრის ჩათვლით. ე. ა-ს, – დაბადებული 19- წელს, ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 1 წლით, ხოლო 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით – 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და ე. აგამალოვს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდი – 2020 წლის 4 ნოემბრიდან იმავე წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 23 მარტის განაჩენით შეიცვალა: ე. ა-ს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიესაჯა 1-1 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

3. სასამართლომ დაადგინა, რომ გ. ს-მა ჩაიდინა: მცენარე კანაფის უკანონო შეძენა-შენახვა; მცენარე კანაფის უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი დიდი ოდენობით; ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ხოლო ე. ა-მა – ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

· გ. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 12,23 გრამი მცენარე კანაფი (ფესვის გარეშე), რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ. ბ-ში, მ-ის ქ. №--ში მდებარე მეუღლის – ნ. ს-ის საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში არსებული სათავსის ხის ღია კარადაში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2020 წლის 4 ნოემბერს ამოიღეს შსს ბორჯომის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მითითებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნივთების სათავსსა და საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

· გ. ს-მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება, 79,37 გრამი გამომშრალი მარიხუანა, რომელსაც ასევე უკანონოდ ინახავდა ქ. ბ-ში, მ-ის ქ. №--ში მდებარე მეუღლის – ნ. ს-ის საცხოვრებელ სახლში, დამხმარე ნივთების სათავსში არსებულ ხის ღია კარადასა და საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში განთავსებულ ხის ღია კარადაში, რაც 2020 წლის 4 ნოემბერს ამოიღეს შსს ბ-ის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, მითითებული საცხოვრებელი სახლის, დამხმარე ნივთების სათავსსა და საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად.

· 2020 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბ-ში, მ-ის ქ. №--ში მდებარე ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლითა და ნარკოტიკით მთვრალმა მამობილმა გ. ს-მა არასრულწლოვნების – - წელს დაბადებულ ს. ღ-ის, - წელს დაბადებული გ. ღ-ისა და - წელს დაბადებული ა. ღ-ის თანდასწრებით, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა გერს – ნ. კ-ს, რა დროსაც მან მარჯვენა ფეხი ერთხელ ჩაარტყა ფეხებში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

· 2020 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბ-ში, მ-ის ქ. №--ში მდებარე ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლითა და ნარკოტიკით მთვრალმა ე. ა-მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ. კ-ს, კერძოდ, მარჯვენა, გაშლილი ხელი ერთხელ დაარტყა სახეში, რის შედეგადაც ნ. კ-ი ზურგით დაეცა ოთახში მდგარ პატარა მაგიდაზე, ამის შემდეგ ე. ა-ი ძირს დაცემულს ორივე ხელით სწვდა ყელში და მძლავრად მოუჭირა, შემდეგ კი ფეხზე წამომდგარს დაედევნა უკან, შემოატრიალა და მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელში. ე. ა-ის ძალადობით დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და სხეულზე მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

· 2020 წლის 4 ნოემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, ბ-ში, მ-ის ქ. №--ში მდებარე ნ. კ-ის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, ყოფით ნიადაგზე ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლითა და ნარკოტიკით მთვრალი ე. ა-ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ნ. კ-ს, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

4. განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. პროკურორი გელა მაღრაძე საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენის გაუქმებასა და გ. ს-ისა და ე. ა-ისათვის უფრო მკაცრი, კანონიერი სასჯელების შეფარდებას.

5. მსჯავრდებულების – გ. ს-ისა და ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – კ. ლ-ი და ნ. ს-ი საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას სასჯელის შემსუბუქების კუთხით და მსჯავრდებულ ე. ა-ის მიმართ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვებას.

6. დაცვის მხარე შესაგებლით ითხოვს, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 23 მარტის განაჩენში შევიდეს ცვლილება და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივრები და დაასკვნა, რომ ისინი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

9. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრის ფარგლებში. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს მხარეები ასაჩივრებენ მხოლოდ სასჯელთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ს-ის – საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2731-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით, ხოლო ე. ა-ის – სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში (საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით არ იკვეთება ისეთი გარემოება, რომელმაც შესაძლოა, საეჭვო გახადოს მითითებული მუხლებით მსჯავრდება).

10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორთა პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასა ან შემსუბუქებასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ შესაძლებელი იყოს სასჯელის უკანონობაზე მსჯელობა, მსჯავრდებულთა მიმართ გამოყენებული უნდა იყოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მათი ქმედების ხასიათსა და პიროვნებას. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, ამოწმებს, არსებობს თუ არა აშკარა არაპროპორციულობა შეფარდებულ სასჯელს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მსჯავრდებულების პიროვნულ მახასიათებლებს შორის. საქმეზე არსებული ყველა გარემოების ზედმიწევნით შესწავლის შედეგად საკასაციო სასამართლოს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სამართლიანად მიაჩნია გ. ს-ისა და ე. ა-ისათვის განსაზღვრული სასჯელები, რომლებიც შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებშია და დანიშნულია საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით. გ. ს-ის შემთხვევაში სასამართლომ ასევე მხედველობაში მიიღო საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლით დადგენილი სასჯელის პირობითად ჩათვლისათვის აუცილებელი წინაპირობები და განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე – თავისუფლების აღკვეთა (რაც ჩაუთვალა პირობით მსჯავრად), რომელიც, თანმდევი შედეგების გათვალისწინებით, არ არის აშკარად ლმობიერი, შეესაბამება სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს. ამასთან, სააპელაციო პალატამ მიუთითა შერჩეული სასჯელების მიზანშეწონილობაზე.

11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის განსაზღვრული სასჯელები კანონიერია, სამართლიანია და არ არსებობს მათი შეცვლის საფუძველი.

12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული არცერთი გარემოება, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის, ასევე მსჯავრდებულების – გ. ს-ისა და ე. ა-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – კ. ლ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრები არ იქნეს დაშვებული განსახილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ლ. თევზაძე