Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-1317-02 3 ივლისი, 2003წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

თ. კობახიძე,

ქ. გაბელაია

დავის საგანი: საერთო სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.ბათუმში ... მდებარე სახლმფლობელობის 8/15 ნაწილი ირიცხება ნ. ფ-ას სახელზე, ხოლო 7/15 ნაწილი _ თ. ჯ-ეზე. მეზობლად, ... ცხოვრობს მ.მ-ო.

თ.ჯ-ეზე და ნ.ფ-აზე რიცხული 1457 მიწის ნაკვეთიდან მათ მფობელობაშია 984 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. 372 კვ.მ. გადაცემულია ვ.დ-ეზე, ხოლო 138 კვ.მ. მიტაცებული აქვს მ.მ-ოს.

ნ. ფ-ამ სარჩელი შეიტანა სასამართლოში თ. ჯ-ისა და მ.მ-ოს მიმართ ამ უკანასკნელის მიერ მიტაცებული 138 კვ.მ. ფართის დაბრუნების, მიწის ნაკვეთის რეალურად გაყოფის, შესასვლელის მიკუთვნების მოპასუხე თ. ჯ-ისათვის დამოუკიდებელი შესასვლელის მოწყობისა და უკანონოდ მიშენებული კედლის დანგრევის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ.ფ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა. საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელეს გამოეყო 501,8 კვ.მ., ხოლო თ.ჯ-ეს 438,9 კვ.მ. დაბრუნებული იქნა მ.მ-ოს მიერ მითვისებული 135,7 კვ.მ. ნაკვეთი. ამჟამად არსებული ეზოში შესასვლელი დარჩა ნ.ფ-ას სარგებლობაში; თ.ჯ-ემ უნდა ისარგებლოს დამოუკიდებლად მოწყობილი შესასვლელით; ცალკე შესასვლელის მოწყობისა და ეზოს გამიჯვნისათვის საჭირო თანხები დაეკისრა ნ. ფ-ას. ნ.ფ-ას – თ.ჯ-ეს დაევალა უკანონოდ მიშენებული კედლის მოშლა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-ემ.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის განჩინებით ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად. თ. ჯ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მ.მ-ოს არ მიუთვისებია მისი და თ.ჯ-ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი; ეზოს გაყოფა შესაძლებელი იქნება მხოლოდ; მ.მ-ოს ნაკვეთში კიბის მოწყობით; სადავო კედელი აშენებულია იმ დრომდე ვიდრე ნ.ფ-ა გახდებოდა სახლის ნაწილის მესაკუთრე.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

1986წ. 11 ნოემბერს თ. ჯ-ესა და ნ. ფ-ას შორის გაფორმდა სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება სახლთმფლობელობის რეალურად გაყოფის შესახებ. 1457 კვ.მ. ფართის ეზო დატოვებული იქნა თანამესაკუთრეთა საერთო სარგებლობაში.

საინჟინრო ტექნიკური ექსპეპრტიზის დასკვნის თანახმად 1457 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან 378 კვ.მ. უკავია მეზობლად მცხოვრებ ვ.დ-ეს. 940,9 კვ.მ. ფართობს ფლობენ თ.ჯ-ე და ნ.ფ-ა. მ.მ-ს, ნაცვლად მასზე რიცხული 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა დაკავებული აქვს 638,8 კვ.მ.

მ.მ-ოს მიერ მიტაცებული 138,8 კვ.მ. მიწის ფართობი ზუსტად ემთხვევა თ.ჯ-ისა და ნ.ფ-ას სარგებლობაში არსებული მიწის ფართობის დანაკლისის ფართს.

დადგენილია ის გარემოებაც, რომ ნ.ფ-ას სახლის ნაწილზე თ.ჯ-ის მიერ მიშენებული კედელი არის უკანონო. მ. მ-ო სახლთმფლობეობის მესაკუთრე გახდა 1970წ. 14 იანვარს გაცემული სამემკვიდრეო მოწმობის საფუძველზე. სამემკვიდრეო მოწმობაში დაფიქსირებულია 23,2 კვ.მ. საცხოვრებელი და 14,6 დამხმარე ფართობი, ხოლო მიწის ნაკვეთის ფარი შეადგენს 500 კვ.მ.

სკ-ს 961-ე მუხლის პირველი ნაწილში თანახმად თითოეულ მონაწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

ნ.ფ-ას უფლება ჰქონდა მოეთხოვა თ.ჯ-ესთან სადავო მიწის ნაკვეთზე საზიარო უფლების გაუქმება წილის რეალურად გამოყოფით.

ის გარემოება, რომ 1986წ. 11 ნოემბრის ხელშეკრულებით სახლმფლობელობის რეალურად გაყოფისას ეზო დარჩა საერთო სარგებლობაში, არ ართმევდა უფლებას მხარეებს რომ მომავალში მოეთხოვათ მიწის ნაკვეთის რეალური გაყოფა.

მოპასუხე მ. მ-ოს სადავოდ არ გაუხდია მის მფლობელობაში არსებული 638,8 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან მითვისებული 138 კვ.მ. ფართის დაბრუნების საკითხი.

ეზოს გაყოფასთან და გადაწყვეტილებით გათვალისწინებული სხვა სამუშაოებთან გასაწევი ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა თვით მოსარჩელეს, რითაც დაცული იქნა კასატორის უფლებები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 30 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.