საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №19აგ-22 თბილისი
შპს „გ-ა“, 19აგ-22 12 ივლისი, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. წარმოდგენილი საქმის მასალების მიხედვით:
1.1. საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ-ოს სამმართველოს მე- განყოფილების წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე №-, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის შუამდგომლობა და აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით ყადაღა დაედო თ-ში, სოფელ დ-ში, „ქ-ის ბ-ს“ მდებარე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, 3000 კვ.მ. მიწის ნაკვეთს (საკადასტრო კოდი: -).
1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის განჩინებით შპს „გ-ას“ დირექტორ გივი მამუკაშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინება დარჩა უცვლელად.
2. 2022 წლის 9 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა შპს „გ-ას“ წარმომადგენელმა ლ. ა-მა, რომელმაც მოითხოვა შპს „გ-ას“ მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე - საკადასტრო კოდი: - რეგისტრირებული ყადაღის გაუქმება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინებით შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ განჩინების გადასინჯვისა და რეგისტრირებული ყადაღის გაუქმების თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „გ-ას“ წარმომადგენელმა ლ. ა-მა, რომელიც ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და შუამდგომლობის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლში მითითებულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვა, კერძოდ - განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ:
ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ყალბია მტკიცებულება, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
ბ) არსებობს გარემოება, რომელიც მოწმობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის დამდგენი სასამართლოს უკანონო შემადგენლობას ან იმ მტკიცებულების დაუშვებლობას, რომელიც საფუძვლად დაედო გადასასინჯ განაჩენს;
გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ, პროკურორმა, გამომძიებელმა, ნაფიცმა მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული;
დ) არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსტიტუციურად ცნო ამ საქმეში გამოყენებული სისხლის სამართლის კანონი;
ე) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ე1) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგენილ იქნა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება;
ვ) ახალი კანონი აუქმებს ან ამსუბუქებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას იმ ქმედებისათვის, რომლის ჩადენისთვისაც პირს გადასასინჯი განაჩენით მსჯავრი დაედო;
ზ) წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო;
ზ1) წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო;
თ) არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინება, რომელმაც უკანონოდ ცნო ის ფარული საგამოძიებო მოქმედება, რომლის შედეგად მოპოვებული მტკიცებულება საფუძვლად დაედო განაჩენს.
3. ამასთან, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ამავე კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით იხილავს ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ საჩივარს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილ და კანონიერ ძალაში შესულ განაჩენსა და სხვა შემაჯამებელ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს „გ-ას“ წარმომადგენელი ლ. ა-ი ითხოვს შპს „გ-ას“ მიერ შეძენილ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინების გადასინჯვასა და ამ ქონებაზე რეგისტრირებული ყადაღის გაუქმებას, რასაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს და რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, განიხილოს შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა.
4. ამავე დროს, შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის მოსაზრებასთან მიმართებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი უნდა ჩაითვალოს ხარვეზიანად და სასამართლომ მისი შუამდგომლობა უნდა განიხილოს ანალოგიის წესით, - საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
5. გარდა ამისა, ანალოგიის წესით საკანონმდებლო ნორმების გამოყენების სასამართლო პრეცედენტის დამკვიდრებისათვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოებების არსებობა, როგორიცაა კანონში კონკრეტული ურთიერთობის მომწესრიგებელი კონკრეტული ნორმის არარსეობა - ხარვეზი და ამის გამო კანონის (ან სამართლის) ანალოგიის პრინციპის საფუძველზე მსგავსი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება ან კონკრეტული კაზუსიდან გამომდინარე, ნორმის ბუნდოვანების შემთხვევაში, კონკრეტული ნორმის იმგვარი განმარტება, რომელიც დაიცავს მხარეთა საუკეთესო ინტერესებს, განამტკიცებს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებასა და, შესაბამისად, პრეცედენტის წარმოქმნას. მოცემულ შემთხვევაში კი არ არსებობს სასამართლოს მიერ შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობის განხილვისა და პრეცედენტის წარმოქმნის ზემოაღნიშნული არცერთი გარემოება.
6. ამასთან, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 312-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის წარდგენის უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მოცემულ შემთხვევაში შპს „გ-ა“ არ წარმოადგენს უფლებამოსილ სუბიექტს, რის გამოც სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, განიხილოს შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა.
7. რაც შეეხება კასატორის მოსაზრებას, თუ რატომ მიიჩნია სასამართლომ კომპანია არაუფლებამოსილად ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვისას, როდესაც იმავე საქმეზე შპს „გ-ას“ ჩაჰბარდა უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2016 წლის 18 მარტის განჩინება, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიის დირექტორმა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ არსებითად განიხილა და 2016 წლის 24 მარტის განჩინებით არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, - საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლო ამ მოცემულობით არ არის უფლებამოსილი, შეაფასოს შპს „გ-ას“ საპროცესო-სამართლებრივი მდგომარეობა ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში.
8. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობა.
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 16 მარტის განჩინება შპს „გ-ას“ წარმომადგენლის - ლ. ა-ის შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე