Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №311აპ-22 თბილისი

ზ-ი ლ., 311აპ-22 1 აგვისტო, 2022 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატების - ბ. ჯ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით ლ. ზ-ი, - - - ნასამართლობის არმქონე, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 ნოემბრიდან.

2. განაჩენის მიხედვით, ლ. ზ-ს მსჯავრი დაედო მძევლად ხელში ჩაგდებაში იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულოს ორგანიზაცია და პირი, შეასრულოს ესა თუ ის მოქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

3. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

o 2020 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თ-ის გამზირის №1---ში მდებარე შპს „მ.“ შენობაში შეიჭრა ლ. ზ-ი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნის შესრულების სანაცვლოდ, მძევლად ხელში ჩაიგდო აღნიშნულ შენობაში მყოფი 19 პირი;

o ლ. ზ-მა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის შენობაში შეჭრისთანავე, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების დემონსტრირებით შენობაში მყოფ პირებს განუცხადა, რომ ხელყუმბარა იყო საბრძოლო და გახსნილ მდგომარეობაში და მოსთხოვა, დამორჩილებოდნენ მის მითითებებს;

o ლ. ზ-მა შენობაში მყოფ პირებს, უკეთ გაკონტროლების მიზნით, მოსთხოვა, ერთად დაჯგუფებულიყვნენ ოთახის ცენტრში, რის შემდეგაც მოითხოვა, დაერეკათ მის მიერ მითითებულ ნომრებზე, კერძოდ: საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-სა და ტელევიზიებში, რათა მას საჯაროდ გაეხმოვანებინა თავისი მოთხოვნები;

o ლ. ზ-ი შენობაში მყოფ პირებს ერთი ხელით, პერიოდულად უმიზნებდა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავს საგანს, ხოლო მეორე ხელით, ახდენდა ხელყუმბარის მსგავსი საგნის დემონსტრირებას, რის გამოც დაზარალებულებს გაუჩნდათ საფუძვლიანი და რეალური შიში, რომ მას შეიძლებოდა, გამოეყენებინა ხელყუმბარისა და იარაღის მსგავსი საგნები და როგორც საკუთარი, ასევე შენობაში მყოფი სხვა პირების სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, იძულებულნი გახდნენ, შეესრულებინათ მისი მოთხოვნები;

o აღნიშნულის შემდეგ ლ. ზ-მა ერთ-ერთ მძევალს მოსთხოვა, მისი მობილური ტელეფონის გამოყენებით სოციალურ ქსელ „ფ-ით“ პირდაპირი ჩართვა, რა დროსაც მან მძევლების გათავისუფლების პირობით წამოაყენა რამდენიმე მოთხოვნა. ლ. ზ-მა მისი მოთხოვნების შესრულების იძულების მიზნით, დაზარალებულებს აღუკვეთა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. ყოველივე ზემოაღნიშნულის შედეგად დაზარალებულებს მიადგათ მორალური ზიანი.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატმა ა. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა და ლ. ზ-ის ქმედების გადაკვალიფიცირება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულის ადვოკატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ლ. ზ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 ნოემბრიდან.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს:

ü თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ანჟელა გეთიამ, რომელიც საჩივრით ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლას; ლ. ზ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამ მუხლით გათვალისწინებული უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრას;

ü მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატებმა - ბ. ჯ-ემ და ა. კ-ემ, რომლებიც საჩივრით ითხოვენ ლ. ზ-ის ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 ივლისის განჩინებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიასა და მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატების - ბ. ჯ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივრები დაშვებულ იქნა განსახილველად და საქმის განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე დაინიშნა 2022 წლის პირველ აგვისტოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ მსჯავრდებულის ადვოკატების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. საკასაციო სასამართლო, საქმის მასალებიდან გამომდინარე, დადგენილად მიიჩნევს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც დასტურდება საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი შემდეგი მტკიცებულებებით: მოწმეების, მათ შორის დაზარალებულების ჩვენებებით; წერილობითი მტკიცებულებით; ამოღების ოქმებით; საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული შეტყობინებებით; ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით; ლ. ზ-ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის, მისი ავტომანქანის ჩხრეკისა და ამოღების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ინფორმაციის გამოთხოვის, სუნისა და ნერწყვის ნიმუშების აღების ოქმებით; ოდოროლოგიური, ბალისტიკური, ქიმიური, პიროტექნიკური, ფსიქიატრიული, ბიოლოგიური, მიკრონაწილაკური, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით; ვიდეოჩანაწერებით, საქმეში არსებული ნივთიერი და სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებმა უდავოდ ცნეს და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. ზ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა და ამ ქმედების სამართლებრივ კვალიფიკაციასთან მიმართებით ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომლის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის პირადი თავისუფლება და უშიშროება, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციითა და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტით. ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ასევე მესამე პირთა (ორგანიზაციები და ფიზიკური პირები) თავისუფლება და უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლება. გარდა ამისა, მძევლად ხელში ჩაგდებამ შეიძლება გამოიწვიოს ცალკეულ ორგანიზაციათა ნორმალური მუშაობის ჩაშლა ან დროებით შეფერხება. ფაკულტატურ ობიექტს კი წარმოადგენს ადამიანის ღირსება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. მძევლად ხელში ჩაგდება არის ფორმალური დანაშაული. იგი იწყება ადამიანის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან და შემდეგ უწყვეტად მიედინება, რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს მძიმე შედეგის დადგომას ან იმ გარემოებას, მოასწრებს თუ არა დამნაშავე მესამე პირთათვის ულტიმატუმის წაყენებას. მძევლის ხელში ჩაგდება დამნაშავისათვის არის რაიმე მიზნის მიღწევის საშუალება. ობიექტური მხრივ, მძევლად ხელში ჩაგდება ხორციელდება ადამიანის თავისუფლების მართლსაწინააღმდეგო შეზღუდვით. მძევლად ხელში ჩაგდებულს შეზღუდული აქვს გარე სამყაროსთან კონტაქტი და წართმეული - თავისუფალი გადაადგილების უფლება. განსხვავებით თავისუფლების უკანონო აღკვეთისაგან, მძევლის გათავისუფლება დამოკიდებულია იმ გარემოებაზე, შეასრულებენ თუ არა მესამე პირები დამნაშავის მოთხოვნას. აქედან გამომდინარე, მძევლად ხელში ჩაგდება მოიცავს ისეთ ქმედებებს, როგორიცაა გამოძალვა და იძულება. ამდენად, როცა დამნაშავე მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ მოითხოვს რაიმე მოქმედების შესრულებას, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით. მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით, მათ შორის ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენებითაა შესაძლებელი. კონკრეტულ შემთხვევაში კი ლ. ზ-ის მოქმედება - შენობაში ხელყუმბარითა და იარაღით შესვლა თავიდანვე გამიზნული იყო იქ მყოფი პირების შესაშინებლად და მათთვის დამოუკიდებლად გადაადგილების უფლების შესაზღუდად. მან თავისი ქმედებით თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა წაართვა შენობაში მყოფ პირებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ გამოირჩეოდა აგრესიულობით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ყველა დაზარალებულმა განმარტა, რომ მათ ძალიან შეეშინდათ, ყველამ აღიქვა, რომ ლ. ზ-ს ერთ ხელში საბრძოლო ყუმბარა ეჭირა, ხოლო მეორეში - ცეცხლსასროლი პისტოლეტი. სწორედ მისი კატეგორიული მითითებით დადგნენ შენობის კონკრეტულ ნაწილში და მხოლოდ მისი თანხმობით შეძლო რამდენიმე პირმა იქაურობის დატოვება. შენობაში ყოფნისას ლ. ზ-მა მოასწრო მესამე პირთათვის ულტიმატუმის წაყენება და მოთხოვნა, რომ ტელევიზიების მისვლამდე და თავისი მოთხოვნების გახმაურებამდე იქ მყოფი პირები შენობას ვერ დატოვებდნენ. დადასტურებულია, რომ დაწესებულებაში დარჩენილმა პირებმა მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს შენობის დატოვება, რაც ლ. ზ-მა შეიტყო, რომ მისი მოთხოვნები ტელევიზიით გადაიცა. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ მძევლად ხელში ჩაგდების დროს დამნაშავე პირს თვით მძევლის მიმართ, როგორც წესი, პრეტენზია არ გააჩნია. დამნაშავისათვის მძევლის ხელში ჩაგდება არის კონკრეტული მიზნის მიღწევის საშუალება, რაც მოცემულ შემთხვევაში ლ. ზ-ისათვის იყო თავისი მოთხოვნების ტელევიზიით გაშუქება, კერძოდ: ქვეყანაში კაზინოებისა და ონლაინთამაშების გაუქმება; სესხების არაუმეტეს 7%-ად გაცემა; აფთიაქებში გასაყიდ მედიკამენტებზე მაქსიმუმ 10%-იანი ფასნამატის განსაზღვრა; ამ მოთხოვნების შესასრულებლად პარლამენტის შეკრება და საკანონმდებლო დონეზე გადაწყვეტა, ხოლო მძევლების მიმართ მას მსგავსი პრეტენზია არ გააჩნდა.

4. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სააპელაციო სასამართლომაც დადგენილად მიიჩნია, გარდა ერთი გარემოებისა, კერძოდ, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ლ. ზ-ის მოთხოვნების ადრესატები არ არსებობდნენ, რის გამოც მისი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან (მძევლად ხელში ჩაგდება) გადააკვალიფიცირა ამავე კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს.

5. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, სუბიექტური მხრივ, მძევლად ხელში ჩაგდება არის მიზნით დაფუძნებული დელიქტი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლში აღწერილი მიზნის გარეშე ქმედება ვერ დაკვალიფიცირდება მძევლად ხელში ჩაგდებად. დანაშაული დამთავრებულად ითვლება პირის მძევლად ხელში ჩაგდების მომენტიდან და მნიშვნელობა არ აქვს, მოასწრო თუ არა დამნაშავემ მესამე პირთათვის მოთხოვნების წაყენება, მაგრამ აუცილებელია დადასტურდეს, რომ დამნაშავეს ამოძრავებს მიზანი, მძევლის გათავისუფლების სანაცვლოდ, აიძულოს მესამე პირი, შეასრულოს მისი მოთხოვნა.

6. პირის ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აღნიშნული მსჯელობა მართებულია, თუმცა სააპელაციო პალატამ საქმის ფაქტობრივი გარემოებები ლ. ზ-ის მოთხოვნების ადრესატებთან მიმართებით არასწორად შეაფასა და მიუთითა, რომ ლ. ზ-ის მოთხოვნებს ადრესატები არ ჰყავდა, კონკრეტული პირის თუ ორგანიზაციის სახით და მოთხოვნების შინაარსიდან გამომდინარე, ლოგიკურად ასეთი ადრესატი ვერც იარსებებდა. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობით, მედიკამენტების ფასებს არ აწესებს არც კონკრეტული პირი, არც ორგანიზაცია და არც სახელმწიფო ორგანო და ამ ნაწილში მოთხოვნას ადრესატი, უბრალოდ, არ ჰყავდა, ხოლო დარჩენილი ორი მოთხოვნის შესრულება თეორიულად შეუძლია სახელმწიფოს, კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოს. ამ მოსაზრების გამო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ზ-ის ქმედება არ ყოფილა მიმართული პირის ან ორგანიზაციის იძულებისაკენ, შეესრულებინათ ან არ შეესრულებინათ ესა თუ ის მოქმედება.

7. ამავე დროს, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას და განმარტა, რომ ლ. ზ-ის მიერ მოთხოვნების მასობრივად გახმაურება, მათ შორის ტელევიზიების მეშვეობით, არასწორად იქნა მიჩნეული მესამე პირებზე ულტიმატუმის წაყენებად, რადგან მოცემულ საქმეში მესამე პირები (ამ ტერმინის სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლისეული შინაარსით) არ არსებობენ და ვერც იარსებებენ. ასეთ პირობებში გაურკვეველია, ვის წაუყენა მოთხოვნები მსჯავრდებულმა. მძევლის ხელში ჩაგდება დამნაშავისათვის არის რაიმე მიზნის მიღწევის საშუალება, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ლ. ზ-ის მიზანი იყო თავისი მოთხოვნების ტელევიზიით გაშუქება, რასაც მიაღწია. მოთხოვნების შინაარსის გათვალისწინებითა და მათი ადრესატების არარსებობის პირობებში, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ჩადენილი ქმედება შეიცავდა მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

8. საკასაციო სასამართლო, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, არ იზიარებს ლ. ზ-ის მოთხოვნების ადრესატებთან მიმართებით სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ, საქმის ფაქტობრივი გარემოების არასწორი შეფასების შედეგად, მისი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირებისას არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში ლ. ზ-ის დანაშაულებრივი ქმედების სამართლებრივი შეფასებისა და სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის სავალდებულო არ იყო, ლ. ზ-ს სახელდებით სცოდნოდა და დაესახელებინა კონკრეტული პირი ან ორგანიზაცია, როგორც მისი მოთხოვნების ადრესატი. ამასთან, იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების აშკარა დემონსტრირებით, მუქარით, იძულებითა და ადამიანებისათვის თავისუფალი გადაადგილების უკანონოდ შეზღუდვით იმ პირობებში, როდესაც საჯაროდ გაახმაურა მოთხოვნები ამ ადამიანთა გათავისუფლების პირობით, ლ. ზ-მა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება.

9. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დანაშაულებრივი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დამნაშავის მოთხოვნათა ადრესატისა და მოთხოვნათა პოტენციური შემსრულებელი უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის სახელდებით კონკრეტულად მითითებას. ამასთან, დამატებით აღნიშნავს, რომ როდესაც დამნაშავე პირს (პირებს) თავისუფლებას აღუკვეთს მესამე პირზე ზემოქმედების მიზნით, გამოკვეთილია მძევლად ხელში ჩაგდება (სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი), ხოლო თუ ასეთი მიზანი არ ამოძრავებს და იგი გარკვეული ქმედების განხორციელებას მოითხოვს თავად მსხვერპლისაგან, ან უმოტივოდ შეუზღუდავს მას თავისუფალი გადაადგილების უფლებას, ასეთ შემთხვევაში დამნაშავის ქმედება წარმოადგენს თავისუფლების უკანონო აღკვეთას (სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლი).

10. აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულებრივი ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელი პირობაა მესამე პირის (მოთხოვნის ადრესატი) მიმართ მოთხოვნის არსებობა და ამ მოთხოვნის ადრესატის მითითება, ხოლო ადრესატის - კონკრეტული შემსრულებელი უფლებამოსილი ფიზიკური ან იურიდიული პირის ზუსტი დასახელება - ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას, ისევე როგორც - მოასწრებს თუ არა დამნაშავე მოთხოვნის მესამე პირისათვის წარდგენას და შესრულდება თუ არა იგი.

11. ამავე დროს, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ შენობაში ყოფნისას ლ. ზ-მა მოასწრო მესამე პირთათვის ულტიმატუმის წაყენება და პირობების გახმაურება, რომ ჟურნალისტების მისვლამდე და თავისი მოთხოვნების ტელევიზიით გაშუქებამდე იქ მყოფ პირებს შენობის დატოვების უფლებას არ მისცემდა. შენობაში დარჩენილმა პირებმა, მისი ნებართვით, მხოლოდ მას შემდეგ შეძლეს შენობის დატოვება, რაც ლ. ზ-მა შეიტყო, რომ მისი მოთხოვნები ტელევიზიით გადაიცა. ამ შემთხვევაში მძევალთა ხელში ჩაგდების მიზანი ლ. ზ-ისათვის იყო თავისი მოთხოვნების ტელევიზიით გაშუქება, ხოლო მძევლების მიმართ მას პრეტენზია არ გააჩნდა.

12. ამასთან, სისხლის სამართლის საქმის მასალებით ცალსახად დასტურდება, რომ ლ. ზ-მა თავისი მოთხოვნების შესრულებისა და მათი გაშუქების მიზნით, 19 პირს უკანონოდ შეუზღუდა თავისუფალი გადაადგილების უფლება და მძევლები გაათავისუფლა მას შემდეგ, რაც მისი მოთხოვნები გადაიცა ტელევიზიით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ლ. ზ-ის მოთხოვნები, სპეციფიკურობიდან გამომდინარე, გამოკვეთილად მიმართული იყო ბანკების, აფთიაქებისა და საქართველოს პარლამენტის მიმართ, ხოლო ამ ძირითადი მოთხოვნების ტელევიზიით გაშუქების შესახებ მოთხოვნის ადრესატები იყვნენ ტელეკომპანიები.

13. რაც შეეხება მსჯავრდებულის ადვოკატების მოთხოვნას ლ. ზ-ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირების შესახებ, საკასაციო პალატა ეთანხმება პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოტივაციებს, რომ მძევლად ხელში ჩაგდება (სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლი) მოიცავს იძულებას (სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლი). იძულება გამოიხატება ადამიანის თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, კერძოდ, პირის ფიზიკურ და ფსიქიკურ იძულებაში, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება, ხოლო საქმეზე დადგენილი, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობა ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ იძულება.

14. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება ლ. ზ-ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა, რის გამოც პროკურორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ლ. ზ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე.

15. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მოთხოვნას ლ. ზ-ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

16. ლ. ზ-ის პიროვნული მახასიათებლების, მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების მოტივის, მიზნის, სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ლ. ზ-ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი მინიმალური სასჯელი - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატების - ბ. ჯ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე, 307-ე მუხლებით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ლ. ზ-ის ადვოკატების - ბ. ჯ-ისა და ა. კ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ანჟელა გეთიას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენში შევიდეს შემდეგი ცვლილება:

3.1 ლ. ზ-ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს ამავე კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე;

3.2. ლ. ზ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

3.3. მსჯავრდებულ ლ. ზ-ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 20 ნოემბრიდან;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი დანარჩენ ნაწილში, მათ შორის ნივთიერი მტკიცებულებების ნაწილში, დარჩეს უცვლელად;

5. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე