საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
№1044აპ-21 9 აგვისტო, 2022 წელი
ყ-ი გ-ი, 1044აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ლალი ფაფიაშვილი
სხდომის მდივან – კონსტანტინე თოდრიას
პროკურორ – ზვიად გუბელაძის
ადვოკატების – მ. კ-ისა და შ. ძ-ის
მსჯავრდებულების – გ. ყ-ისა და ე. ზ-ის
მონაწილეობით განიხილა მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის, მსჯავრდებულ ე. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ძ-ისა და ლ. ზ-ის, ასევე – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივრები და პროკურორ ალინა კუკავას შუამდგომლობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ყ-ს,– ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით – განზრახ მკვლელობის მცდელობაში ხულიგნური ქვენაგრძნობითა და სამი პირის მიმართ.
2. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ე. ზ-ს,– ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით – ხულიგნობაში, ე.ი. ქმედებაში, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით, იარაღად სხვა საგნის გამოყენებით.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
· 2018 წლის 9 დეკემბერს გ. ყ-ი მეგობარ ე. ზ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თ-ში, - წ-ში, შ. რ-ის ქ. №--ში მდებარე რესტორანში – “წ. წ-ში“, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში და იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. იმავე რესტორანში სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში იმყოფებოდნენ მეგობრები: გ. ა-ი, ზ. მ-ი, ი. ჭ-ა და ჭ. გ-ი, რომლებთანაც დაახლოებით 23:00 საათზე მივიდა გ. ყ-ი და სრულიად უმიზეზოდ მიმართა უხეშად. ამავდროულად, მან ჯიბიდან ამოიღო დანა და მოკვლის განზრახვით მათ მიაყენა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ჭ. გ-ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრისა და თხემის არეში; ი. ჭ-ას – ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, მარცხენა მხრისა და მარცხენა მტევნის არეში, ხოლო ზ. მ-ს – მარცხენა მტევნის პირველი თითის ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა წვივის არეში. ამასთან, გ. ყ-ი მათ მიმართავდა უცენზურო სიტყვებით და არ აძლევდა დარბაზიდან გასვლის საშუალებას. აღნიშნულის შემდეგ ჭ. გ-მა ამოიღო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა გ. ყ-ის მიმართულებით, რის გამოც იგი შეყოვნდა, რითიც ისარგებლეს გ. ა-მა, ზ. მ-მა, ი. ჭ-ამ, ჭ. გ-მა და დატოვეს რესტორანი. აღნიშნული გარემოებისა და დაზარალებულებისათვის დროულად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გ. ყ-მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
· 2018 წლის 9 დეკემბერს ე. ზ-ი გ. ყ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თ-ში, - წ-ში, შ. რ-ის ქ. №--ში მდებარე რესტორანში – “წ. წ-ში“, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში, სადაც მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 23:00 საათზე ე. ზ-მა გამოხატა საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი, კერძოდ, უმიზეზოდ მივიდა იმავე დარბაზში №- მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გ. ა-ი, ზ. მ-ი, ი. ჭ-ა და ჭ. გ-ი, სტუმრებისათვის განკუთვნილი მაგიდიდან ჯერ აიღო შუშის ჭიქა, რომელიც ესროლა ზ. მ-ს, ხოლო შემდეგ შუშის გრაფინი თავში ჩაარტყა ჭ. გ-ს. ე. ზ-ის ქმედების შედეგად გამოწვეულ ხმაურზე დარბაზში შეიკრიბა მომსახურე პერსონალი, ხოლო სტუმრები იძულებულები გახდნენ, დაეტოვებინათ რესტორანი. ე. ზ-ის ქმედების შედეგად შეფერხდა ობიექტის ნორმალური ფუნქციონირება.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით: გ. ყ-ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; გ. ყ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 24 დეკემბრიდან; ე. ზ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლზე (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია); ე. ზ-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდა დაეწყო 2018 წლის 10 დეკემბრიდან.
5. განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
· 2018 წლის 9 დეკემბერს გ. ყ-ი მეგობარ ე. ზ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თ-ში, - წ-ში, შ. რ-ის ქ. №--ში მდებარე რესტორანში – “წ. წ-ში“, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში და იღებდა ალკოჰოლურ სასმელს. იმავე რესტორანში სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში იმყოფებოდნენ მეგობრები: გ. ა-ი, ზ. მ-ი, ი. ჭ-ა და ჭ. გ-ი, რომლებიც ხმაურობდნენ და ერთმანეთში უხამსი სიტყვებით საუბრობდნენ. დაახლოებით 23:00 საათზე მათთან მივიდა გ. ყ-ი, რათა შეეწყვიტათ ბილწსიტყვაობა და მოუწოდა მათ სიმშვიდისაკენ. აღნიშნული საუბარი მალევე გადაიზარდა მათ შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში, რა დროსაც გ. ყ-მა ჯიბიდან ამოიღო დანა და, შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მათ მიაყენა მრავლობითი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, კერძოდ: ჭ. გ-ს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, შემავალი მუცლის ღრუში, ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა მხრისა და თხემის არეში; ი. ჭ-ას – ნაკვეთი ჭრილობები სახის არეში, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევარში, მარცხენა მხრისა და მარცხენა მტევნის არეში, ხოლო ზ. მ-ს – მარცხენა მტევნის პირველი თითის ჭრილობა და ნაკვეთი ჭრილობები მარცხენა იდაყვის სახსრის, მარცხენა ბარძაყისა და მარცხენა წვივის არეში. აღნიშნულის შემდეგ ჭ. გ-მა ამოიღო ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი და მიმართა გ. ყ-ის მიმართულებით, რის გამოც იგი შეყოვნდა, რითიც ისარგებლეს გ. ა-მა, ზ. მ-მა, ი. ჭ-ამ, ჭ. გ-მა და დატოვეს რესტორანი. ამ გარემოებისა და დაზარალებულებისათვის დროულად გაწეული კვალიფიციური სამედიცინო დახმარების შედეგად გ. ყ-მა ვერ მოიყვანა განზრახვა სისრულეში და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
· 2018 წლის 9 დეკემბერს ე. ზ-ი გ. ყ-თან ერთად იმყოფებოდა ქ. თ-ში, - წ-ში, შ. რ-ის ქ. №--ში მდებარე რესტორანში – “წ. წ-ში“, სტუმრებისათვის განკუთვნილ საერთო დარბაზში, სადაც მიიღო მცირეოდენი ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 23:00 საათზე ე. ზ-ი მივიდა იმავე დარბაზში №- მაგიდასთან, სადაც ისხდნენ გ. ა-ი, ზ. მ-ი, ი. ჭ-ა და ჭ. გ-ი. მან დაინახა, რომ მის თანმხლებ მეგობარს (გ. ყ-ს) და №- მაგიდასთან მსხდომ პირებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი, თავისი მეგობრის „დახმარების“ მიზნით, ე. ზ-მა სტუმრებისათვის განკუთვნილი მაგიდიდან ჯერ აიღო შუშის ჭიქა, რომელიც ესროლა ზ. მ-ს, ხოლო შემდეგ – შუშის გრაფინი თავში ჩაარტყა ჭ. გ-ს, რითიც დაზარალებულს მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
6. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ე. ზ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – შ. ძ-ემ და ლ. ზ-ემ, მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ი. ბ-მა და ა. ა-მა, მ. კ-ემ, ასევე – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამაზ მებონიამ.
7. ადვოკატებმა – შ. ძ-ემ და ლ. ზ-ემ მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და ე. ზ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა; ადვოკატებმა – ი. ბ-მა და ა. ა-მა – გასაჩივრებული განაჩენის გამამტყუნებელი ნაწილის გაუქმება იმ მოტივით, რომ გ. ყ-ი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ასევე – მოსამართლე ლ. მაღლაკელიძის 2019 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინების გაუქმება და საქმის განხილვა მსჯავრდებულ გ. ყ-ის მონაწილეობით, ხოლო პროკურორმა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, გ. ყ-ის – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ე. ზ-ის – სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით დამნაშავეებად ცნობა და მათთვის ჩადენილი დანაშაულების ადეკვატური, სამართლიანი სასჯელების განსაზღვრა, მათი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
9. კასატორი – მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენის გაუქმებასა და გ. ყ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას იმ მოტივით, რომ იგი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ასევე – პირველი ინსტანციის მოსამართლის 2019 წლის 6 სექტემბრის საოქმო განჩინებების გაუქმებასა და საქმის განხილვას მსჯავრდებულ გ. ყ-ის მონაწილეობით.
10. კასატორები – მსჯავრდებულ ე. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები – შ. ძ-ე და ლ. ზ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმებასა და ე. ზ-ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.
11. პროკურორი თამაზ მებონია საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას, გ. ყ-ის – საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, ხოლო ე. ზ-ის – საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში დამნაშავეებად ცნობას და ჩადენილი ქმედებების შესატყვისი, სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას, მსჯავრდებულთა პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით.
12. 2022 წლის 8 აგვისტოს პროკურატურამ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე, დანაშაულის ხასიათი, ბრალეულობის ხარისხი, მსჯავრდებულის საზოგადოებრივი საშიშროება და პიროვნული მახასიათებლები, ასევე ის გარემოება, რომ მსჯავრდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, უარი განაცხადა სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე და საჯარო ინტერესების დაცვით, სახელმწიფო რესურსების მაქსიმალური ეფექტურობით გამოყენების მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-211-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით, მსჯავრდებულსა და ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას შორის წერილობით გააფორმა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ შეთანხმდა ზემდგომ პროკურორთან.
13. 2022 წლის 8 აგვისტოს ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალინა კუკავამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მასა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის, მისი ადვოკატის მონაწილეობით, 2022 წლის 8 აგვისტოს დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ და ითხოვა, რომ:
გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (09.12.2018 წ. მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 5 წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით (სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად).
14. სასამართლო სხდომაზე, საკასაციო საჩივრის განხილვის დროს, მსჯავრდებულმა გ. ყ-მა აღიარა მისთვის მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება, რასაც დაეთანხმა მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. კ-ე.
15. 2022 წლის 9 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ, მსჯავრდებულმა გ. ყ-მა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. კ-ემ.
16. ამასთან, ბრალდებისა და დაცვის მხარეებმა საკასაციო საჩივრებთან მიმართებით დააზუსტეს მოთხოვნა და იშუამდგომლეს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არ იქნეს განხილული ადვოკატ მ. კ-ისა და პროკურორ თამაზ მებონიას, ასევე მსჯავრდებულ ე. ზ-ის ადვოკატების – შ. ძ-ისა და ლ. ზ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი შუამდგომლობა და მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალინა კუკავასა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. სასამართლომ საქმის მასალების საფუძველზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით, განიხილა შუამდგომლობის დასაბუთებულობა და აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების – დ. ჯ-ას, მ. გ-ს, გ. ს-ის, მ. მ-ის, ი. გ-ას, ს. კ-ის, ბ. ხ-ის, ნ. კ-ის, მ. ტ-ის, თ. ქ-ას, ე. ზ-ის, გ. ა-ის, ზ. მ-ის, ჭ. გ-ის, ი. ჭ-ას, გ. გ-ის, ს. ჩ-ის და გ. დ-ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილისა და ავტომანქანის დათვალიერების ოქმებით, ამოღების ოქმებით, პირის ამოცნობის ოქმებითა და №- სისხლის სამართლის საქმის სხვა მასალებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით გ. ყ-ის მიმართ მსჯავრად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია.
3. საკასაციო პალატა დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას მსჯავრდებულ გ. ყ-ის მიმართ არ განხორციელებულა ძალადობა, დაშინება, მოტყუება, მუქარა; ამასთან, მას არ შეზღუდვია უფლება, მიეღო იურიდიული დახმარება. პალატის სხდომაზე გამოკვლეულ იქნა, რომ მსჯავრდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებულ, კანონით გათვალისწინებულ ყველა მოთხოვნას, აღიარებს ბრალს და ეთანხმება პროკურორს სასჯელის ზომაზე. მსჯავრდებული გ. ყ-ი ასევე აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა.
4. მსჯავრდებულისათვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მისი უფლებები; მისთვის ასევე ცნობილია, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
5. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნებს, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელის მეშვეობით საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით განსაზღვრული მიზნების მიღწევის შესაძლებლობას, მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და მოტივს. სასამართლო მიიჩნევს, რომ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია, რის გამოც არსებობს სსსკ-ის 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრული, შუამდგომლობის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
6. ამდენად, ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ალინა კუკავას შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ყ-ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს კასატორების – მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის, მსჯავრდებულ ე. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ძ-ისა და ლ. ზ-ის, ასევე პროკურორ ზვიად გუბელაძის მოთხოვნებს სასამართლო სხდომაზე საკასაციო საჩივრების განუხილველად დატოვებისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებისა და დაცვის მხარეების საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს განხილული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მსჯავრდებულ გ. ყ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. კ-ის, მსჯავრდებულ ე. ზ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების – შ. ძ-ისა და ლ. ზ-ის, ასევე – ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამაზ მებონიას საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველი;
2. სახელმწიფო ბრალმდებლის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 ნოემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:
4. დამტკიცდეს პროკურორ ალინა კუკავასა და მსჯავრდებულ გ. ყ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება;
5. გ. ყ-ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 დეკემბერს მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად მიესაჯოს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, 7 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი ნაწილი – 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა – ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი;
6. საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლებისა და „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
7. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გ. ყ-ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია;
8. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
9. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ლ. ფაფიაშვილი