საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№570აპ-22 ქ. თბილისი
ჯ-ე თ-რ, 570აპ-22 1 აგვისტო, 2022 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, თ. ჯ-ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის სისტემატური ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე ან 118-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ.
2. თ. ჯ-ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება გამოიხატა შემდეგში:
· ბოლო ერთი წლის განმავლობაში ქ. ა-ში, გ-ის ქ. №--ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ალკოჰოლით მთვრალი თ. ჯ-ე ყოფით ნიადაგზე სისტემატურად ძალადობდა წინასწარი შეცნობით თავის არასრულწლოვან შვილზე, -- დ. ჯ-ეზე, რის შედეგადაც არასრულწლოვანს მიადგა ფიზიკური ტანჯვა. კერძოდ: 2020 წლის ოქტომბერში, საღამოს საათებში, ალკოჰოლით მთვრალმა თ. ჯ-ემ, ყოფით ნიადაგზე შელაპარაკებისას, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან დ. ჯ-ეს, რომელსაც ემუქრებოდა მოკვლით, შემდეგ კი მუშტი დაარტყა ფეხის არეში და ფიცარი გადაარტყა სხეულზე, რითიც არასრულწლოვანმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ასევე, 2020 წლის ოქტომბერში თ. ჯ-ემ იმავე მოტივით კვლავ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არასრულწლოვან დ. ჯ-ეს, რა დროსაც დაემუქრა მოკვლით, ფეხი ჩაარტყა მუცლისა და ფეხის არეში, მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი გადაუტრიალა და ყელში მოუჭირა ხელი, რითიც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ტკივილი. ასევე, 2021 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, ალკოჰოლით მთვრალმა თ. ჯ-ემ იმავე მოტივით ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან დ. ჯ-ეს, შემდეგ კი საწოლზე მიწოლილს ფეხი ჩაარტყა ძლიერად მარჯვენა ფეხის ბარძაყში და მარჯვენა ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც არასრულწლოვანმა განიცადა ძლიერი ტკივილი. ძალადობის შედეგად დ. ჯ-ემ მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით თ. ჯ-ე, –ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენით გაუქმდა; თ. ჯ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე; თ. ჯ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) და განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 400 საათით; საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე 2021 წლის 11 მარტიდან იმავე წლის 16 მარტის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თ. ჯ-ეს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 370 საათით.
5. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
· 2021 წლის 8 მარტს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ. ჯ-ემ არასრულწლოვან შვილს – დ. ჯ-ეს ხელი მოუჭირა ყელში, რა დროსაც არასრულწლოვანმა განიცადა ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 6 აპრილის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გელა მაღრაძემ. კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენის, როგორც უკანონოს, გაუქმებას, თ. ჯ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
8. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
9. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომელიც წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში, გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება თ. ჯ-ის მიერ მხოლოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 8 მარტის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რამაც განაპირობა თ. ჯ-ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტიდან საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე გადაკვალიფიცირება.
10. საკასაციო პალატის შეფასებით, სასამართლოში გამოკვლეული რაიმე უტყუარი მტკიცებულებით არ დადასტურებულა თ. ჯ-ის შესაძლო ძალადობა (გარდა 2021 წლის 8 მარტის ეპიზოდისა) დაზარალებულზე 2020 წლის ოქტომბერში. ისეთ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება, მხოლოდ ირიბ მოწმეთა ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სისტემატური ცემის 2020 წლის ოქტომბრის ეპიზოდები) თ. ჯ-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას, თანახმად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებისა.
11. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და პროკურორის სააპელაციო საჩივარს გასცა ამომწურავი და დასაბუთებული პასუხი, რასაც საკასაციო პალატაც სრულად ეთანხმება და იზიარებს.
12. რაც შეეხება სასჯელს, სასამართლო სასჯელის სამართლიანობას აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, შესაბამისად, განსაზღვრული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის თანაზომიერი და პროპორციული. სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ თ. ჯ-ეს, მისი პიროვნული მახასიათებლების, ასევე – პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, განუსაზღვრა კანონით გათვალისწინებული სასჯელი, რომელიც შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილ სასჯელის დანიშვნის ზოგადსავალდებულო მოთხოვნებსა და სასჯელის მიზნებს, რის გამოც მისი დამძიმების საფუძველი პალატას არ გააჩნია.
13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ მოიპოვება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გელა მაღრაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე