Facebook Twitter

საქმე N330100120003770404

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №201აპ.-22 1 ივნისი, 2022 წელი

ა-ე დ., №201აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. დ. ა–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. დ. ა–ე და თ. ე–ი 2018 წლიდან იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ცხოვრობენ თ–ში, სოფელ თ–ში, ...........ის შესახვევი N..-ში. 2020 წლის 29 მაისს, აღნიშნულ მისამართზე ყოფნისას, ალკოჰოლით მთვრალმა დ. ა–მ, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - თ. ე–ზე, კერძოდ, მუშტი ძლიერად დაარტყა თავის არეში. აღნიშნულის გამო, თ. ე–მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და დ. ა–ე ოჯახში ძალადობისთვის დააკავეს ბრალდებულის სახით. დ. ა–ს მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის შედეგად თ. ე–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განაჩენით დ. ა–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2021 წლის 30 ივნისს გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და დ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. შესაგებელი:

3.1. 2021 წლის 8 ივლისს დ. ა–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, ც. ფ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4.2. 2022 წლის 14 იანვარს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ნანა ჯაყელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და დ. ა–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

5. კასატორის არგუმენტები:

5.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს დ. ა–ს ბრალეულობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეებმა - ი. ა–მა და ი. მ–მა დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე მათ დახვდათ შეტყობინების ინიციატორი თ. ე–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ, დ. ა–ემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დ. ა–ს დაკავების შემდეგ კი - თ. ე–მ შეცვალა პოზიცია და უარყო ძალადობის ფაქტი. მოწმე ა. დ–ს ჩვენებით ასევე დადგინდა, რომ 2020 წლის 30 მაისს თ. ე–ისა და დ. ა–ს სახლიდან გამოდიოდა მათი ჩხუბის ხმა, რის შემდეგაც ადგილზე მისულ პატრულ-ინსპექტორებს თ. ე–მ უამბო დ. ა–ს მიერ ჩადენილი ძალადობის შესახებ, რაც შემდეგ უარყო.

5.2. კასატორი ასევე უთითებს, რომ სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ. ე–მ დარეკა 112-ში და ოჯახში ფიზიკური ძალადობის გამო ითხოვა საპატრულო პოლიციის დახმარება. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გაცემულ სამედიცინო ბარათში კი მითითებულია, რომ თ. ე–ი უჩივის თავის ტკივილს, რასაც უკავშირებს სტრესულ სიტუაციას და ნერვიულობას, თუმცა ცემის ფაქტს უარყოფს.

5.3. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ.-20 გადაწყვეტილებაზე, რომელსაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგება გასაჩივრებულ განაჩენში მოყვანილი დასაბუთება. ასევე განმარტავს, რომ ოჯახში ძალადობის საქმეებზე დაზარალებულის პოზიცია და მის მიერ ოჯახის წევრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა არ უნდა გახდეს გადამწყვეტი მტკიცებულებათა შეფასებისას.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

6.3. დაზარალებულმა თ. ე–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო დ. ა–ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა დ. ა–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ თ. ე–მ გამოძიების ეტაპზევე, მას შემდეგ, რაც დააკავეს დ. ა–ე, დაუყოვნებლივ შეცვალა პოზიცია და უარყო მეუღლის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი. ხშირ შემთხვევაში დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარი, როგორც წესი, განპირობებულია ოჯახური დანაშაულის ხასიათით, მოძალადისადმი დამოკიდებულებით და სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, თუმცა მხოლოდ აღნიშნული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, მითუფრო, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ დაკავებისას დ. ა–ემ რაიმე ფორმით მოახდინა მეუღლეზე ზეწოლა, რამაც გამოიწვია თ. ე–ს ჩვენების დაუყოვნებლივ შეცვლა.

6.4. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოწმეების - ი. ა–სა და ი.მ–ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ 2020 წლის 30 მაისს, გვიან ღამით, ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ თ–ში, სოფელ თ–ში, ა–ის შესახვევი N...-ში, სადაც დახვდათ შეტყობინების ინიციატორი თ. ე–ი, რომელიც იტკიებდა თავს და ნახეს ფანჯრის ნამსხვრევები, ასევე - ნასვამი დ. ა–ე, რომელიც ადასტურებდა მინის ჩამტვრევის ფაქტს, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს, თუმცა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ისინი გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფრომაციას იმის შესახებ, რომ ნასვამმა დ. ა–ემ მას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავში ჩაარტყა მუშტი, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი - წარმოადგენს ირიბ ინფორმაციას, რადგან აღნიშნული მოწმეები თავად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. ასევე, ირიბია მოწმე ა. დ–ს ჩვენება, რომ მან გაიგო ყვირილისა და ჩხუბის ხმა, რომელიც გამოდიოდა თ. ე–ისა და დ. ა–ს საცხოვრებელი სახლიდან. მეუღლეები კამათობდნენ, ხმამაღლა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ყვიროდნენ, თუმცა თავად ფიზიკური დაპირისპირების ფაქტს არ შესწრებია და არც თ. ე–ისთვის შეუნიშნავს რაიმე დაზიანება. იგი დ. ა–ს მხრიდან მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის შესახებ ინფორმაციას ფლობს დაზარალებულისგან, რომელმაც მოგვიანებით პატრულ-ინსპექტორებთან უარყო ძალადობის ფაქტი. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. რაც შეეხება დანაშაულის თაობაზე შეტყობინების ოქმს, მასში მითითებულია მხოლოდ ის გარემოება, რომ თ. ე–მ ოჯახური კონფლიქტის გამო მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში დანაშაულის თაობაზე შეტყობინებას სასამართლო ვერ განიხილავს დამოუკიდებელ მტკიცებულებად, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

6.5. კასატორის განმარტება, რომ ძალადობის ფაქტი დგინდება პაციენტ თ. ე–ის სამედიცინო ბარათით, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან აღნიშნულ ბარათში მითითებულია, რომ თ. ე–ი უჩიოდა თავის ტკივილს, რასაც უკავშირებდა სტრესულ სიტუაციას და ნერვიულობას. მართალია, დაზარალებულმა დაადასტურა, რომ მეუღლესთან მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა უარყო ცემის ფაქტი. გარდა ამისა, სამედიცინო ბარათის მიხედვით, თ. ე–ს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, აღნიშნული სამედიცინო ბარათი და მასში მითითებული ინფორმაცია უტყუარად არ ადასტურებს, რომ დ. ა–მ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა.

6.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა თ. ე–მა ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

6.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამ თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მტკიცებულებითი ღირებულებაც. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

6.8. პროკურორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 14 ივლისის N97აპ.-20 გადაწყვეტილებაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მითითებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში არსებული გარემოებებისგან, შესაბამისად, აღნიშნული არგუმენტიც ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.

6.9. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება დ. ა–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

6.10. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

6.11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

6.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნანა ჯაყელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე