საქმე N150100120003921961
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N199აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
ა–ი ს., №199აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ს. ა–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ს. ა–ი (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 188-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის განადგურება გაუფრთხილებლობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 7 მაისს, შუადღის საათებში, ქალაქ ნ–ში, თ–ს ქუჩის N..-ში მდებარე მისივე ნაკვეთში, ს. ა–ი წყლის მილების მოთავსების მიზნით, ტრაქტორის საშუალებით თხრიდა მიწას, რა დროსაც არ გაითვალისწინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლით დადგენილი წინდახედულობის ნორმის მოთხოვნები, გასცდა მის მონაკვეთს, წინასწარ შეუთანხმებლად, უნებართვოდ გადავიდა ს–ს საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, გზისპირა ზონაში, არ გააცნობიერა სხვისი ნივთის განადგურების შესაძლებლობა, რისი გათვალისწინებაც ევალებოდა და შეეძლო კიდეც, რა დროსაც წყალსადენი კომუნიკაციის მილის შეერთების სამუშაოებისას გაწყვიტა მიწის სიღრმეში მოთავსებული, სს „ს......ს“ კუთვნილი ელექტროსადენები, რითაც კომპანიას მიაყენა 617,13 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით, ს. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარის ოდენობით, ხოლო 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისაგან;
2.3. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ლაშა მერაბიშვილმა. პროკურორმა მოითხოვა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულის მიმართ, 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების ნაწილში, განაჩენის შეცვლა და სასჯელის უფრო მკაცრი ზომის განსაზღვრა.
2.4. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ს. ა–ს ადვოკატმა პ. მ–მ. სააპელაციო საჩივრით მან მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით მსჯავრდებულ ს. ა–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - პ. მ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა მერაბიშვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში შევიდა ცვლილება: ს. ა–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
3.2. 2022 წლის 13 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ს. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - პ. მ–მ. საკასაციო საჩივრით მოთხოვნილია გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმები, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოებს ან რომელიც მათ დაუშვეს საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას. დაცვის მხარის პოზიციით: 1. ფაქტი, რაზეც ს. ა–ს მსჯავრი დაედო, წარმოადგენს არა სისხლისსამართლებრივ, არამედ - სამოქალაქოსამართლებრივ ურთიერთობას; 2. გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დგინდება, თუ ვინ მართავდა ტექნიკას სადენების დაზიანებისას. ვარაუდი იმის თაობაზე, რომ სამუშაოების შესრულება ს. ა–ს ინტერესებს ემსახურებოდა, არ გულისმობს, რომ ტექნიკას სწორედ მსჯავრდებული მართავდა და მან დააზიანა სადენები; 3. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მხოლოდ ირიბი ჩვენებები, რომლებშიც გადმოცემულ ინფორმაციას თავად წყარო (მსჯავრდებული) არ ადასტურებს. სუბიექტური ვარაუდებით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას კი კრძალავს მოქმედი კანონმდებლობა.
5. შესაგებლის არგუმენტები:
5.1. პროკურორ ლაშა მერაბიშვილის შესაგებლის თანახმად: 1. დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია დასაბუთებული მსჯელობა იმის შესახებ, თუ რატომ წარმოადგენს სადენების დაზიანების ფაქტი სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებით რეგულირებად საკითხს. 2. მოწმეთა ჩვენებებით და პირველ რიგში, ტ. დ–ს ჩვენებით, პირდაპირ არის დადგენილი, რომ დაზიანების მომენტში ადგილზე ტრაქტორით იმყოფებოდა ს. ა–ი, რომელიც თავად აწარმოებდა სამუშაოებს, მისივე მიწის ნაკვეთის სიახლოვეს. ასევე ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ფაქტიდან მალევე აუნაზღაურა ზიანი დაზარალებულ კომპანიას, წარმოადგენს მსჯავრდებულის მიერ ქმედების ჩადენის დამადასტურებელ ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტს; 3. დაცვის მხარის მსჯელობის გაზიარების შემთხვევაშიც კი არ არსებობს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, რადგან ს. ა–ი ვალდებული იყო, მის ნაკვეთს გარეთ წარმოებული სამუშაოების დაწყებამდე, მიეღო შესაბამისი უფლებამოსილება, რაც, თავის მხრივ, აწესებს მისი, როგორც სამუშაოს მწარმოებლის, პასუხისმგებლობას.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ს. ა–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გაანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მათგან მომდინარე ფაქტების დადასტურება, კერძოდ:
5.2. სს „ს–ის“ წარმომადგენლის - მოწმე თ. ზ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ დაზიანებული სადენები ეკუთვნის სს „ს–ს“, რომელსაც ჯამურად მიადგა 1063,84 ლარის მატერიალური ზიანი, ხოლო უშუალოდ დაზიანებული სადენების ღირებულებამ შეადგინა 617 ლარი; მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი, სადაც სადენები დაზიანდა, ეკუთვნის სახელმწიფოს, ხოლო კომპანია არ იყო ვალდებული, ვინმესთვის ეცნობებინა სადენების გაყვანილობის ადგილმდებარეობა.
5.3. საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლის - მოწმე დ. კ–ს განმარტებით, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ ტერიტორიას და უწყებას ამ ტერიტორიაზე გათხრის სამუშაოების წარმოების შესახებ არანაირი ტექნიკური პირობა არ გაუცია.
5.4. ექსპერტ-კრიმინალისტმა ვ. მ–მ დაადასტურა მისი და ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიმდინარეობა, რა დროსაც ჯპ-ს მოწყობილობის მეშვეობით გაიზომა სამუშაოების წარმოების ადგილის კოორდინატები და დადგინდა, რომ გათხრილი ადგილი არ წარმოადგენს ს. ა–ს საკუთრებას.
5.5. კომპანია „.......... გრუპის“ მთავარი სპეციალისტის - მოწმე ტ. დ–ს ჩვენებით დგინდება, რომ 2021 წლის 7 მაისს, შუადღის საათებში, მან მიიღო შეტყობინება მ–ს ქუჩაზე განთავსებული კამერის დაზიანების თაობაზე. ტ. დ–მ დაადასტურა, რომ კამერის განთავსების ადგილზე მისვლისას, შემთხვევის ადგილზე დაინახა ტრაქტორი, რომელთანაც იდგა ორი ადამიანი: ს. ა–ი და თავისი შვილი. ამასთან, მოწმის ჩვენებით, ს. ა–მ უშუალოდ მას განუმარტა, რომ სადენები შემთხვევით დააზიანა.
5.6 მოწმე ექსპერტ-კრიმინალისტმა შ. ზ–მ დაადასტურა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში ასახული გარემოებები და ის ფაქტი, რომ საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას ს. ა–მ მიუთითა ადგილი, სადაც აწარმოებდა წყალგაყვანილობის სამუშაოებს და ასევე განუმარტა ექსპერტს, რომ დაზიანებული იყო 6 კაბელი.
5.7. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ თავის მიწის ნაკვეთში გარკვეული სამუშაოების წარმოებისათვის ტრაქტორი იქირავა და ის უშუალოდ არ მართავდა აღნიშნულ ტექნიკას.
5.8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის უტყუარობისა და დამაჯერებლობის საკანონმდებლო სტანდარტს. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სადენების უშუალო დამაზიანებელი პირის ვინაობა არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი უტყუარი მტკიცებულებებით და ეფუძნება მხოლოდ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობას. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ქვემდომი სასამართლოების დასკვნა, უშუალოდ მსჯავრდებულის მიერ ტექნიკური სამუშაოების წარმოების შესახებ, ემყარება საკმარის, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებებს. დადგენილია, რომ ტრაქტორის გამოყენებით გათხრის სამუშაოები წარმოებდა მსჯავრდებულის სასარგებლოდ და არ არსებობს ეჭვი, რომ ამ პროცესს უშუალოდ მსჯავრდებული ხელმძღვანელობდა. თვითინკრიმინაციისაგან დაცვის უფლება ბრალდებულს აძლევს გარანტიას, არ შეიზღუდოს გამოძიებაში ბრალის აღიარებით, თუმცა ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად არსებული - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები ადასტურებენ მის ბრალეულობას. კერძოდ, ბრალდებულის ჩვენების შინაარსისგან განცალკევებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გამოიკვეთა, რომ სწორედ ს. ა–მ მიუთითა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეებს დაზიანებული სადენების მდებარეობასა და მათ რაოდენობაზე. ასეთი ფაქტობრივი გარემოებების ემპირიული ცოდნა ს. ა–ს მხრიდან კი მოწმობს, რომ მას უშუალო შეხება ჰქონდა შემთხვევის ადგილსა და დაზიანებულ სადენებთან. მოწმე ტ. დ–ს ჩვენება ასევე პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებაა იმის დასტურად, რომ შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილას სწორედ ს. ა–ი იმყოფებოდა თავის შვილთან ერთად.
5.9. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქმის შედეგზე გავლენას არ ახდენს ის ფაქტი, თუ ვინ მართავდა უშუალოდ ტექნიკას კაბელების დაზიანებისას, რადგან აუცილებელია გაიმიჯნოს დანაშაულის ამსრულებლის და სამუშაოს შემსრულებელი პირის პასუხისმგებლობა. საკასაციო პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ ინკრიმინირებული ქმედების არსი წინდახედულობის ნორმის დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან მომდინარეობს. წინდახედულობის ნორმის დარღვევის პასუხისმგებლობა კი ეკისრება მას, ვისაც ამ ნორმის დაცვა და მისი გათვალისწინება შეეძლო და ევალებოდა კიდეც. კანონის განსაზღვრულობისა და ნორმის ბუნდოვანების პრობლემას არ ქმნის ის გარემოება, რომ საკუთარი მიწის ნაკვეთის გარეთ ტექნიკური სამუშაოების წარმოება საჭიროებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შეთანხმებას. სახელმწიფოს ზედამხედველობა მსგავს სამუშაოებზე სწორედ იმ ლეგიტიმური მიზნებით არის განპირობებული, რომ არ შეილახოს სხვათა უფლებები, მათ შორის - სათანადო ცოდნის და ინფორმაციის არ ქონის გამო, არ მოხდეს სხვისი საკუთრების ხელყოფა. ამდენად, სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე სამუშაოების წარმოებამდე, ამ სამუშაოების ინიციატორი ვალდებულია, დაიცვას დადგენილი საკანონმდებლო რეგულაციები, რათა თავიდან აიცილოს გაუფრთხილებელი შედეგები. განსახილველ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, თუ ვინ ახდენდა გათხრით სამუშაოს, ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სუბიექტს, რომელმაც უშუალოდ დაარღვია წინდახედულობის ნორმა და რომელსაც ევალებოდა მისი გათვალისწინება. აღნიშნული დანაშაულის სუბიექტი ვერ იქნება ტრაქტორის მძღოლი თუ ტექნიკური სამუშაოების წარმოება მის ინტერესს არ ემსახურება და მის სასარგებლოდ არ ხორციელდება. დაქირავებული ტექნიკური მუშაკი არ არის უფლებამოსილი, შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისგან აიღოს სამუშაოების წარმოების ნებართვა. დაცვის მხარის მიერ მითითებული სამოქალაქო ურთიერთობის საგანს სწორედ დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა წარმოადგენს, რა დროსაც დაქირავებული პასუხისმგებელია მხოლოდ ხელშეკრულების საგნის შესრულებაზე, როდესაც შესასრულებელი სამუშაო არ ატარებს აშკარად უკანონო ხასიათს. ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე აშკარად დგინდება, რომ ტექნიკური სამუშაოები სრულდებოდა სწორედ მსჯავრდებულის სასარგებლოდ, მას შეეძლო ემოქმედა წინდახედულობის ნორმის ფარგლებში და მიემართა სათანადო ორგანოებისათვის ნებართვის მისაღებად, მას ევალებოდა სამუშაოების წარმოებისას ან მისი შესრულების სამოქალაქო წესით გადანდობისას ეხელმძღვანელა სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით. ამდენად, საქმის გარემოებებით და მისი დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით დგინდება, რომ მსჯავრდებულმა არ შეასრულა კანონით დადგენილი მოთხოვნა, რამაც გამოიწვია გაუფრთხილებლობით სხვისი საკუთრების ხელყოფა.
5.10. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.11. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ს. ა–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ს. ა–ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის პ. მ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე