Facebook Twitter

საქმე N150100120003766013

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №164აპ.-22 21 ივნისი, 2022 წელი

ა–ი მ., №164აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენზე ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 18 ივნისს მ. ა–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება ოჯახის წევრის მიმართ, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 27 მაისს, დაახლოებით 12:30 საათზე, ქ. ა–ში, ჯ–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ. ა–ს და მის მეუღლეს - მ. გ–ს შორის მოხდა ოჯახური კონფლიქტი მ. ა–ის მიერ ალკოჰოლის ხშირ მოხმარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული კონფლიქტისას მ. ა–მ სახის არეში ხელი დაარტყა მ. გ–ს, რის შემდეგაც იგი ითრია თმით. მ. ა–ის ქმედების შედეგად მ. გ–მ ცხვირის ძვლის მოტეხილობის სახით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენით მ. ა–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

2.2. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მ. ა–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 19 მაისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 8 დეკემბერს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი ორჯონიკიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და მ. ა–ის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმე პოლიციელების ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით უტყუარად დასტურდება მ. ა–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ა–ის საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულმა მ. გ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო მ. ა–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ.

5.4. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები (დ. მ–ს, მ. თ–ს, ყ. უ–ს გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთმტკიცებები, ექსპერტიზის დასკვნები, დანაშაულის შესახებ შეტყობინება) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიიღეს მტკიცებულებებად.

5.5. დ. მ–ს, ყ. უ–სა და მ. თ–ს გამოკითხვის ოქმების თანახმად, შეტყობინების მიღებიდან ათ წუთში გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე და ნახეს ჩხუბის შედეგები - არეული სახლი და დაზიანებული დაზარალებული. ამასთან, ამოიღეს სისხლის ანაწმენდები და თმა. მათივე განმარტებით, მ. გ–საგან გაიგეს, რომ იგი სცემა მეუღლემ. დაზარალებულის ცემას თავად არ შესწრებიან.

5.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 2 აპრილის N........... ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მ. გ–ს. ამ უკანასკნელს ეკუთვნის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მოშავო ფერის თმის მასაც.

5.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 5 ივნისის N......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო ბარათის მიხედვით, მ. გ–ს აღენიშნებოდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.8. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულმა მ. გ–მ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ მითითებული დანაშაულის შესახებ შეტყობინება ვერ ჩაანაცვლებს დაზარალებულის ჩვენებას, მითუფრო, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო სტანდარტის დასაკმაყოფილებლად შეტყობინების მტკიცებულებითი ღირებულება სრულიად უმნიშვნელოა.

5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.10. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დ. მ–ს, ყ. უ–სა და მ. თ–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც შეეხება დაზარალებულის განმარტებას მის მიმართ ჩადენილი ძალადობის შესახებ, წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რადგან გადმოსცემენ სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

5.11. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას ირიბი ჩვენების გამოყენებასთან დაკავშირებით და კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, დ. მ–ს, ყ. უ–სა და მ. თ–ს გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაციის ის ნაწილი, რომელიც აღწერს მათ მიერ ნანახ ვითარებას, წარმოადგენს პირდაპირ ჩვენებებს, მაგრამ არა - პირდაპირ მტკიცებულებებს, რადგან აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. ამდენად, გამოკითხვის ოქმში ასახული ინფორმაცია, მ. გ–სათვის დაზიანების მიყენების ვითარებისა და მიმყენებელი პირის ვინაობის დადგენის თვალსაზრისით, არარელევანტურია. სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენის თვალსაზრისით, ასევე არარელევანტურია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ექპერტიზის დასკვნები.

5.13. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება მ. ა–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.14. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.15. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.16. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.17. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.18. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი ორჯონიკიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე