Facebook Twitter

საქმე N 190100120004190861

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №272აპ.-22 20 ივნისი, 2022 წელი

ა–ი მ., №272აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ა–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ა–სი (პირადი ნომერი: .....) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მცენარე მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, ქ.რ–ში, მე-..მიკრორაიონი, N.....-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ა–სმა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, იმის გამო, რომ მეუღლე, ა. ა–ა არ დაემორჩილა მისი, როგორც ოჯახის უფროსის მოთხოვნას, შეეწყვიტა მასთან კომუნიკაცია, რითაც ხელი ეშლებოდა დასვენებაში, არაერთხელ დაარტყა ხელები და ფეხები სხეულზე, მათ შორის - თავისა და სახის მიდამოში, ასევე, ყელის არეში მოუჭირა ხელები. აღნიშნული ძალადობრივი ქმედებებით ა. ა–ამ მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

1.3. 2020 წლის 27 ოქტომბერს, 03:10 საათისთვის, ქ.რ–ში, მე-.. მიკრორაიონში, N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, მ. ა–სი უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ 5,85 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენით მ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 160 (ას სამოცი) საათით, რომლის მოხდისგან სრულად გათავისუფლდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის პირველი მუხლის საფუძველზე.

2.2. მ. ა–სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა. მ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2020 წლის 27 ოქტომბრიდან.

2.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა მ. ა–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრებით მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

2.4. 2021 წლის 22 დეკემბერს მსჯავრდებულ მ. ა–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. უ–მ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 16 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 17 იანვრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ა–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - მ. უ–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მ. ა–სის უდანაშაულოდ ცნობა.

3.3. 2022 წლის 24 თებერვალს დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - ხატია გოგრიჭიანმა წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება მხოლოდ დაინტერესებული პირების - მოწმე პოლიციელების ჩვენებებს. დაზარალებულმა ა. ა–ამ გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება, ხოლო თავად მ. ა–მა უარყო მეუღლეზე ძალადობა და განმარტა, რომ მას და მის მეუღლეს განაწილებული აქვთ მოვალეობები, თავად გასულია სამუშაოდ, ა. ა–ა კი ზრდის შვილებს, მაგრამ თუ საჭირო გახდა აიგულის დასაქმება, თავად მოუვლის ბავშვებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მსჯელობა, რომ მ. ა–სმა დანაშაული ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, არის არასწორი. გარდა ამისა, პოლიციის თანამშრომლების განმარტება, რომ მ. ა–სმა უთხრა, თითქოსდა მეუღლეს იმიტომ სცემა, რომ ღირსი იყო, არ დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რის გამოც არ უნდა გაეთვალისწინებინა სასამართლოს.

4.2. კასატორი ასევე განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომელშიც მითითებულია, რომ განმცხადებელმა გაიგო ქალის კივილი და ივარაუდა, რომ მასზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. თუმცა ჩვენების მიცემისას ც. ბ–მ განმარტა, რომ მან გაიგო გოგონას ტირილის ხმა, რაც თავისთავად არ გულისხმობს კივილს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ არც აღნიშნული მოწმე და არც სხვა პირი არ შესწრებიან და არ უნახავთ, რა მოხდა მ. ა–სისა და ა. ა–ას სახლში. ც. ბ–ს ესმოდა მხოლოდ ხმა, თუმცა ვერ არჩევდა, რას ამბობდა დაზარალებული. პოლიციის თანამშრომლების მათთან შუაღამით მისვლა და ბინაში შესვლა კი, რა თქმა უნდა, გამოიწვევდა გაუგებრობას და მ. ა–ს გაღიზიანებას.

4.3. მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც შემდეგ გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლზე, რადგან არ დადასტურდა, რომ ბავშვები შეესწრნენ მშობლების კონფლიქტს. მხოლოდ ამის შემდეგ წარუდგინეს მ. ა–ს ახალი ბრალდება.

4.4. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის მტკიცებულებები და მოწმეთა ჩვენებები, კერძოდ ის, რომ მოწმეებს ა. ა–მ უთხრა, რომ დაეცა აბაზანაში. გარდა ამისა, მ. ა–სის განმარტებით, იმ ადგილზე, საიდანაც ამოღებულია სისხლის კვალი, ასევე არის წითელი საღებავის ლაქები, რომლებიც დარჩა საძინებელი ოთახის იატაკის შეღებვის შემდეგ. ამასთან, ამოღებული სისხლის კვალი შესაძლოა, მართლაც ეკუთვნოდეს ა. ა–ას, ვინაიდან ქალბატონს აბაზანაში დაცემის შემდეგ, საძინებელ ოთახში შესვლისას, ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.

4.5. კასატორი ასევე უთითებს, რომ მოწმე ბ. ბ-ის ჩვენებით, განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა მითითებულ მისამართზე. ბინის კარი გაუღო მ. ა–სმა. სახლში შესვლისას ნახეს, რომ ამ უკანასკნელის მეუღლე იწვა საწოლზე და სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და სიწითლეები, ასევე, ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. მართალია, აღნიშნული ადასტურებს, რომ ა. ა–ას ჰქონდა დაზიანებები, თუმცა არ იკვეთება, რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანებები. მ. ა–სმა დაადასტურა, რომ მეუღლესთან მოუვიდა კამათი, თუმცა მას ფიზიკურად არ შეხებია. მისი განმარტებით, გაბრაზებული ა. ა–ა ჩხუბით გავარდა სააბაზანოში, სადაც ფეხი აუსრიალდა მეტლახზე და დაეცა, რა დროსაც მიიღო დაზიანებები, რადგან აბაზანაში ინვენტარი ერთმანეთთან საკმაოდ ახლოსაა განლაგებული.

4.6. სამედიცინო ცნობებში აღწერილია ა. ა–ას ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუმცა ექიმის მიერ შესრულებული ჩანაწერი, რომ ა. ა–ას განმარტებით, მას დაზიანებები ცემით მიაყენა მეუღლემ, ბადებს ეჭვს, რადგან როგორც დაზარალებულმა განმარტა, იგი ფლობს მხოლოდ ა-ლ ენას, შესაბამისად, გაურკვეველია ა. ა–ამ რა ენაზე აუხსნა ექიმს, რა ვითარებაში მიიღო დაზიანებები.

4.7. კასატორი ასევე განმარტავს, რომ მ. ა–სი არ არის ნასამართლევი და ადმინისტრაციულსახდელდადებული. ამასთან, მოწმე ც. ბ–ე მას ახასიათებს დადებითად.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ა–სის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს: მ. ა–სმა განმარტა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ მეუღლეს - ა. ა–ას უთხრა, რომ შვილების სარჩენად აპირებდა რ–ში სამუშაოდ წასვლას, რაზეც შეკამათდნენ, რაც შესაძლოა გაიგო მეზობელმა და დარეკა პოლიციაში, თუმცა მას მეუღლისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია და ოჯახში კონფლქტი არ ჰქონია. ა. ა–ა კამათის დროს გაიქცა სააბაზანოში, საიდან გამოსვლისასაც წაიქცა და ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი. მ. ა–სის ეს ჩვენება მოკლებულია დამაჯერებლობას და ეწინააღმდეგება გამოკვლეულ მტკიცებულებებს. მართალია, ა. ა–ამ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს მ. ა–სის ბრალეულობას. მოცემულ შემთხვევაში სწორედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, აღკვეთოს დანაშაული, დაიცვას მსხვერპლი და პასუხისმგებლობა დააკისროს მოძალადეს, მიუხედავად იმისა, გაიხმო თუ არა საჩივარი უკან დაზარალებულმა ან შეურიგდა თუ არა მოძალადეს.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, 01:35:29 საათზე, საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრ 112-ში განხორციელდა ზარი, რა დროსაც ინიციატორმა განაცხადა, რომ ესმოდა ქალის კივილი და ვარაუდობს, რომ ქალზე ფიზიკურად ძალადობდა ქმარი. შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია თანხვედრილია მოწმე ც. ბ–ს ჩვენებასთან, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, ღამით, იმყოფებოდა სახლში და ეძინა, რა დროსაც გაეღვიძა და მეზობელ მ. ა–სის სახლიდან მოესმა გოგონას ტირილი. იგი ჩავიდა ქვედა სართულზე და ახლოს მივიდა მეზობლის სახლის კართან, საიდანაც კვლავ ისმოდა ხმა. იგი აბრუნდა სახლში და დარეკა პოლიციაში. ვინაიდან არ იცის ა–ი ენა, ყვირილის დროს რას ამბობდა ა. ა–ა, არ გაუგია, ესმოდა მხოლოდ ტირილი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შეტყობინებაში მითითებულ ინფორმაციასა და მოწმის ჩვენებას შორის არ არის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობა, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული მტკიცებულებების გაუზიარებლობის საფუძველი, მითუფრო, რომ მოწმე დადებითად ახასიათებს მ. ა–სს, რაც გამორიცხავს მისი მხრიდან მსჯავრდებულის მიმართ რაიმე დაინტერსების არსებობას.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმეების - ბ. ბ–სა და ნ. ტ–ს ჩვენებებს, რომლებითაც დადგინდა, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ მისამართზე, რა დროსაც სახლის კარი გააღო მ. ა–სმა, რომელმაც უთხრა, რომ მის სახლში ყვირილი არ ყოფილა, თუმცა ბინაში შესვლისას ნახეს, რომ საწოლზე იწვა მ. ა–ს მეუღლე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, სიწითლეები და ეტყობოდა, რომ იყო ნაცემი. ქალბატონი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ვერ საუბრობდა. მათ მ. ა–სმა განუცხადა - ,,საცემი იყო და ვცემე“. რამდენიმე წუთში ადგილზე ასევე მივიდნენ კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ ა. ა–ა გადაიყვანეს საავადმყოფოში. ნ. ტ–ს ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ მ. ა–სმა განყოფილებაში კვლავ განმარტა, რომ მეუღლესთან მოუვიდა სიტყვიერი კონფლიქტი, რა დროსაც მან ა-ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ის ფაქტი, რომ დაზარალებულს აღენიშნებოდა დაზიანებები, ასევე დგინდება 2020 წლის 27 ოქტომბრის N.... შემაკავებელი ორდერითა და რეაგირების ოქმით, რომელშიც ასევე მითითებულია, რომ მ. ა–სის განმარტებით, მან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ა. ა–ას მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.

5.7. საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და გამომძიებელ ა. ჩ–ს ჩვენებაზე, რომლებითაც დგინდება, რომ შეტყობინების საფუძველზე ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს სახლში დახვდათ მ. ა–სი და მისი მეუღლე, რომელიც თავს გრძნობდა შეუძლოდ. პოლიციის თანამშრომლებმა ადგილზე შენიშნეს სისხლისმაგვარი ლაქები, რის შემდეგაც ექსპერტებთან ერთად დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც მისაღებ ოთახში, შუა ნაწილში, იატაკზე, აღინიშნებოდა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. იატაკიდან აღებული იქნა აღნიშნული ლაქის ნიმუში, რომელიც მოთავსდა პაკეტში და დაილუქა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 24 ნოემბრის ექსპერტიზის N... დასკვნით, ა. ა–ას სისხლი და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/II ჯგუფს. სისხლის კვალის მისაღებ ოთახში აღმოჩენა და მისი ა. ა–ასადმი კუთვნილება კი აბათილებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ ა. ა–ამ დაზიანებები მიიღო სააბაზანოში წაქცევის გამო, ვინაიდან თუ ა. ა–ამ წაქცევისას ჩამოარტყა ცხვირი, სისხლის არა დაუყოვნებლივ, არამედ გარკვეული პერიოდის - მისაღებ ოთახში გასვლის შემდეგ ცხვირიდან წამოსვლა, ასევე წაქცევით სხეულზე არაერთი დაზიანების მიღება მოკლებულია დამაჯერებლობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ა. ა–ა უჩიოდა თავის, გულმკერდის, მუცლის წინა კედლის, ზურგისა და წელის ტკივილს, ასევე ტკივილს და ნახეთქი ჭრილობის არსებობას ცხვირის, ზურგის არეში, გულისრევას, თავბრუსხვევასა და საერთო სისუსტეს. აღნიშნული თანხვდენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 07 დეკემბრის ექსპერტიზის N..... დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი დოკუმენტის მიხედვით, მოქალაქე ა. ა–ა მკურნალობდა სტაციონარულად 27.10.2020 წლიდან 29.10.2020 წლამდე დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, დაჟეჟილი ჭრილობა ცხვირის მიდამოში, ექსკორიაციები სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი საგნის/საგნების მოქმედებით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება სამედიცინო დოკუმენტში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. გაეწერა დიაგნოზით: თავის ტვინის შერყევა, ცხვირის ღია ჭრილობა, მუცლის, ზურგის ქვედა ნაწილისა და მენჯის მრავლობითი ზედაპირული ტრავმა, გულმკერდის წინა კედლის სხვა ზედაპირული ტრავმა, გულმკერდის უკანა კედლის ზედაპირული ტრავმები. დაზიანებები მიყენებული იყო რაიმე, მკვრივი ბლაგვი საგნით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა სამედიცინო დოკუმენტაციაში მითითებულ თარიღს. ამასთან, მიეკუთვნებოდა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

5.8. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი საეჭვოდ მიიჩნიოს სამედიცინო დოკუმენტში არსებული ჩანაწერი, რომ პაციენტის გადმოცემით, იგი სცემა ქმარმა, ვინაიდან დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტი, რომ დაზარალებული საუბრობს მხოლოდ ა–ლ ენაზე, არ გამორიცხავს, რომ მას შეუძლია სხვა ენაზე კომუნიკაციის დამყარება და ექიმისთვის მწირი ინფორმაციის მიწოდება.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.10. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.11. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებები, რომ მ. ა–სმა ფიზიკურად იძალადა ა. ა–ზე, არის ირიბი, რადგან თავად ძალადობის ფაქტს არ შესწრებიან, თუმცა მათი ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც მიუთითებენ, რომ 2020 წლის 27 ოქტომბერს, დაახლოებით 01:30 საათზე, გამოცხადდნენ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე და ნახეს დაზარალებული ა. ა–ა, რომელსაც აღენიშნებოდა არაერთი დაზიანება, ხოლო ც. ბ–ს ჩვენება, რომ მეზობლის სახლიდან გაიგო ქალის კივილის ხმა, რის შესახებაც აცნობა შესაბამის სამსახურს, წარმოადგენს პირდაპირს, რადგან მოწმეებმა აღწერეს ის ვითარება, რაც მოისმინეს და ნახეს საკუთარი თვალით.

5.12. ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს, რომ თითქოს, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც არ არიან ფაქტის თვითმხილველნი. ამასთან, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოწმეთა ჩვენებები სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. ისინი სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ მათ მიერ ნანახ და გაგონილ ფაქტებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. დაცვის მხარის განმარტება, რომ მოწმე პოლიციელები არიან საქმის შედეგით დაინტერესებული პირები, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.13. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარის განმარტება, რომ მ. ა–სს არ ჩაუდენია დანაშაული, მითუფრო - გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ეწინააღმდეგება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც მიუთითეს, რომ მ. ა–სს არ ჰქონდა სინანულის გრძნობა და თვლიდა, რომ შეეძლო ცოლს ისე მოქცეოდა, როგორც თავად სურდა. ამასთან, არ მიაჩნდა, რომ ა–სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით ჩაიდინა დანაშაული და ამბობდა, რომ საცემი იყო და სცემა. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის განმარტებას, რომ მ. ა–სის ქმედებები განპირობებული იყო გენდერული სტერეოტიპების გავლენით და მამაკაცის უპირატესი მდგომარეობის დემონსტრირების სურვილით.

5.14. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ თითქოსდა, დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებებით დადგინდა, რომ როგორც მათ ა. ა–ამ უთხრა, აბაზანაში წაქცევის შედეგად მიიღო დაზიანებები, მოკლებულია დამაჯერებლობას, ვინაიდან აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეწინააღმდეგება სხვა მტკიცებულებებს, რის გამოც არ არსებობს მათი გაზიარების საფუძველი, ამასთან, ისინი არიან მ. ა–სის ახლობლები და დაინტერესებულნი თავიდან აარიდონ პასუხისმგებლობა.

5.15. გარდა ამისა, პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და გამომძიებელ ა. ჩ–ს ჩვენების იმ ნაწილზე, რომლებითაც დგინდება, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ასევე ამოიღეს ორი ცალი გადაჭრილი ბოთლი და ქაღალდზე დაყრილი, მწვანე ფერის დაქუცმაცებული მცენარეული მასა სპეციფიკური სუნით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 28 ოქტომბრის ექსპერტიზის N........ დასკვნით კი - მ. ა–სის საცხოვრებელი ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების შედეგად ამოღებული, მოვარდისფრო ქაღალდში, ნაბეჭდი ქართულენოვანი წარწერებით, გახვეული მომწვანო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მშრალი და დაქუცმაცებული მცენარეული მასა წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - გამომშრალ მარიხუანას, წონით 5,85 გრამს (ობ. N..); მ. ა–სის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი გადაჭრილი ბოთლის შიდა და გარე კედლებზე აღინიშნება მცენარე კანაფისა და მისგან მიღებული ნარკოტიკული საშუალებების შემადგენლობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რაოდენობით 0,00035 გრამი (ობ. N..); ვერცხლისფერი ფოლგის დახვრეტილ ქაღალდზე აღინიშნება მცენარე კანაფისა და მისგან მიღებული ნარკოტიკული საშუალებების შემადგენლობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, რაოდენობით - 0,00012 გრამი (ობ. N..); ობიექტებში N2-3 ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო რაოდენობაა - 0,00047 გრამი.

5.16. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მ. ა–სის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,120-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.18. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ა–სის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ. უ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე