საქმე N190100121004900179
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №186აპ.-22 1 ივნისი, 2022 წელი
ა–ი თ., №186აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. თ. ა–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, 2020 წლის 4 ივნისისა და 2021 წლის 17 ივნისის ეპიზოდები) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2020 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ფ–ში, თ. ა–ის მფლობელობაში არსებული ,,ოპელის“ მარკის ავტომანქანაში სასმლის დალევის გამო წარმოშობილი კამათისას, თ. ა–მ ხ. ბ–ს, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, გაშლილი ხელი სამჯერ დაარტყა სახეში და მიაყენა ნაჭდევი სახის მიდამოში. რამდენიმე წუთის შემდეგ, გ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე, მათ მიერ ნაქირავები სახლის ერთ-ერთ ოთახში, იმავე მიზეზის გამო, თ. ა–მ ხ. ბ–ს ორჯერ ჩაარტყა მუშტი მარცხენა ბარძაყის არეში. აღნიშნული ქმედებების გამო ხ. ბ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
1.3. 2020 წლის 4 ივნისს, დაახლოებით 21:00 საათზე, გ–ს რაიონის სოფელ ფ–ში მდებარე, ხ. ბ–ისა და თ. ა–ის მიერ დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში, თ. ა–ი მუშტების მოღერებით, ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ხ. ბ–ს, თუ არ გაჩუმდებოდა და არ შეწყვეტდა მისთვის ზედმეტი კითხვების დასმას. თ. ა–ის მუქარა ხ. ბ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.4. 2021 წლის 17 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე პერიოდში, გ. რ-ის ს-ში მდებარე, ხ. ბ–მსა და თ. ა–ის მიერ დაქირავებულ საცხოვრებელ სახლში, თ. ა–მ ხ. ბ–ს, რომელთან ერთადაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, იმის გამო, რომ ხ. ბ–ი ხშირად ურეკავდა და ეკითხებოდა ადგილსამყოფელს, მარჯვენა მუშტი სამჯერ დაარტყა თავის ზედა ნაწილში. ასევე, სახლიდან გარეთ გასულს კართან გაშლილი მარჯვენა ხელი დაარტყა მარცხენა ლოყაში, რადგან ხ. ბ–მ უთხრა, რომ ძალადობის შესახებ შეატყობინებდა პოლიციას. აღნიშნული ქმედებების გამო ხ. ბ–მ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენით თ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 4 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
2.2. თ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2021 წლის 17 ივნისის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
2.3. თ. ა–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.
2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ თ. ა–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით და 6 (ექვსი) თვით, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი და 6 (ექვსი) თვე.
2.5. მსჯავრდებულ თ. ა–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 26 ივნისიდან 2021 წლის 29 ივნისის ჩათვლით.
2.6. თ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე დაევალა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა.
2.7. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა სალომე ქემაშვილმა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
3. შესაგებელი:
3.1. მსჯავრდებულ თ. ა–ის ინტერესების დამცვველმა, ადვოკატმა გ. ძ–მ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 30 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4.2. 2021 წლის 21 დეკემბერს რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილემ, ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 25 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.
5. კასატორის არგუმენტები:
5.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ თ. ა-მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, დაზარალებულს აქვს პრეტენზია და ითხოვს მის მკაცრად დასჯას, დანიშნული სასჯელი არის ლმობიერი, რომელიც არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
6.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა თ. ა–ისთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.
6.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი, იგი პატიმრობაში იმყოფებოდა 2021 წლის 26 ივნისიდან 2021 წლის 29 ივნისის ჩათვლით, პატიმრობიდან გათავისუფლებიდან საქმის განხილვამდე კი არ წარმოდგენილა ინფორმაცია მის მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შესახებ, ჰყავს შვილები და შვილიშვილები), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, თ. ა–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში თ. ა–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).
6.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია. მითუფრო, რომ თ. ა–ს, როგორც ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირს, დავალებული აქვს ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა, რაც მისი რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებისთვის ასევე წარმოადგენს დამატებით გარანტიას.
6.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).
6.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.
6.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.
6.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
6.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
6.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის -ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე