Facebook Twitter

საქმე N 190100119003199081

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №266აპ.-22 17 ივნისი, 2022 წელი

ბ–ი ა., 266აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენზე რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. ბ–ი (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).

1.2. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის აგვისტოში, თითქმის ყოველდღიურად, ა. ა–ს შვილი - ა. ბ–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, რის შედეგადაც ა. ა–მ განიცადა ტანჯვა. ამასთანავე, 2019 წლის 23 აგვისტოს, ღამის საათებში, ქ.რ–ში, მე-.. მიკრორაიონი, კორპუსი N.., ბინა N..-ში, ა. ა–მ მამას - ა. ა–ს შეაგინა, შემდეგ კი სახის არეში ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი, რის შედეგადაც ა. ა–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენით ა. ბ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენით რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 10 თებერვლის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2021 წლის 28 დეკემბერს პროკურორმა ზურაბ კოჭლამაზაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 8 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა ა. ბ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან დაზარალებულ ა. ა–ის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: მოცემულ საქმეზე გამოძიება დაიწყო ა. ა–ის შეტყობინების საფუძველზე, სადაც ის უთითებდა, რომ მას შვილმა - ა. ა–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შეტყობინების საფუძველზე შემთხვევის ადგილზე გამოცხადნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც დაზარალებულმა განუმარტა, რომ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შვილმა - ა. ა–მ, იგი ასევე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. დაზარალებულს ჩაუტარდა შემოწმება და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ა. ა–ს სახის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთები და უჩიოდა ტკივილს. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დაზარალებულმა მიუთითა შვილის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. რაც შეეხება სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ტანჯვას, აღნიშნული დადასტურდა ა. ბ–ის მიმართ გამოცემული არაერთი შემაკავებელი ორდერით, რომლებშიც ა. ა–ი უთითებს, რომ შვილი - ა. ბ–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა ა. ბ–ის მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:

5.2. დაზარალებულმა ა. ა–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის - ა. ბ–ის წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ა. ბ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.3. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მოცემულ შემთხვევაში შინაარსობრივად არის დაზარალებულის (მოწმის) ჩვენების, მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმება. იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული პრივილეგიით და ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე სასამართლოში უარი განაცხადა, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება, როგორც ისეთი დამოუკიდებელი, პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.

5.4. მოწმე ზ. კ–ა არ არის ფაქტის თვითმხილველი პირი, კერძოდ, მისი ჩვენებით ირკვევა, რომ განსახილველ საქმეზე შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რის შემდეგაც თარჯიმნის დახმარებით მოწმის სახით გამოკითხა ა. ა–ი, რომელმაც აღწერა მისი შვილის მიერ ჩადენილი დანაშაული. გარდა ამისა, დაზარალებულთან ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ა. ა–მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც მასზე ფიზიკურად იძალადა შვილმა. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხსენებული მოწმე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემს მხოლოდ ირიბ ინფორმაციას. აღნიშნული ინფორმაციის წყარო კი დაზარალებულია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე. ირიბ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.5. ბრალდების მხარე სისტემატური შეურაცხყოფისა და ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებად ასევე მიიჩნევს შემაკავებელ ორდერებს. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერებიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, ცალკე აღებული, შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 23 აგვისტოს გაცემულ შემაკავებელ ორდერში საუბარია ზოგადად ფიზიკური ძალადობის ჩადენაზე კონკრეტული გარემოებების გარეშე, მასში არ არის მითითებული, რომ ა. ა–მ ა. ა–ს ორჯერ დაარტყა ხელი სახის არეში. რაც შეეხება 2019 წლის 28 მარტსა და 30 ივნისს გაცემულ შემაკავებელ ორდერებს, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომ მხოლოდ შემაკავებელი ორდერების სიმრავლე ვერ გახდება ამ ნაწილში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, ვინაიდან ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტი და შეურაცხყოფის შედეგად განცდილი ტანჯვის არსებობა. ამ თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მტკიცებულებითი ღირებულებაც.

5.6. რაც შეეხება სასამართლო-სამედიცინო ექსპერიზის დასკვნას, მართალია, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ა. ა–ს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი სახის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით შეუძლებელია დაზიანების მიმყენებელი პირის დადგენა. ამდენად, წარმოდგენილი მტკიცებულებით პალატა უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს სისხლნაჟღენთის დაზარალებულის შვილთან კონფლიქტის დროს მიღების ფაქტს, მითუფრო იმ პირობებში, როდესაც თავად ა. ა–მ სხდომაზე ისაუბრა მამის მხრიდან ზეწოლის ფაქტებსა და იატაკზე დავარდნისგან მიყენებულ შესაძლო დაზიანებაზე, რაც უარყოფილი არ არის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ხოლო დაკითხვისას ექსპერტმა აღნიშნა, რომ დაზიანების მექანიზმის ახსნა მას არ შეუძლია და შესაძლოა, მიყენებული ყოფილიყო როგორც მუშტის დარტყმით, ისე იატაკზე დავარდნით.

5.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ ა. ა–მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი რუსთავის რაიონული პროკურორის მოადგილის - ზურაბ კოჭლამაზაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე