Facebook Twitter

საქმე N120100120003660202

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №198აპ.-22 1 ივნისი, 2022 წელი

გ–ე გ., №198აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა და საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 25 იანვრიდან იმავე წლის 28 იანვრის ჩათვლით, გ. გ–ე დაბა ბ–ში, ა–ს ქუჩა N.....-ში მდებარე ნ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში ცხოვრობდა დაზრალებულის ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების - ლ. და ქ. გ–ების თანდასწრებით სთხოვდა შერიგებას. იმ შემთხვევაში, თუ არ შეურიგდებოდა და ერთად არ გააგრძელებდნენ ცხოვრებას, გ. გ–ე მას დაემუქრა სამსახურში კონფლიქტის მოწყობით და დანის გამოყენებით თვითმკვლელობით, რომელიც, მისივე თქმით, დაბრალდებოდა ნ. ხ–ს. ასევე სცადა ვენების გადაჭრა და ჩანგალი რამდენჯერმე დაირტყა მკერდზე, ღამეების თენებით დაემუქრა დაზარალებულს და კედელზე თავის დარტყმით მიიყენა თვითდაზიანება.

1.3. 2020 წლის 26 იანვარს გ. გ–ემ დაბა ბ–ში, ა–ს ქუჩა N...-ში მდებარე ნ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში, მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, არასრულწლოვანი შვილების - ლ. და ქ. გ–ების თანდასწრებით, ურთიერთშელაპარაკებისას, მარცხენა ხელის არეში დაარტყა მუშტი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

1.4. 2020 წლის 26 და 27 იანვარს გ. გ–ე დაბა ბ–ში, ა–ის ქუჩა N..-ში მდებარე ნ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ,,მოკვლითა და მიწაში ჩაწვენით“ დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, რაც ნ. ხ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად არ ადასტურებს გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.

2.2. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ. გ–ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2.3. 2020 წლის 26 და 27 იანვარს გ. გ–ე დაბა ბ–ში, ა–ს ქუჩა N..-ში მდებარე ნ. ხ–ს საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, ,,მოკვლითა და მიწაში ჩაწვენით“ დაემუქრა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს, რაც ნ. ხ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

2.4. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

2.5. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 საათით.

2.6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ. გ–ეს, დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის ვადის (2020 წლის 28 იანვრიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით, 4 დღე) გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით.

2.7. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა ნაწილობრივ გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში დამნაშავედ ცნობა და მისთვის სამივე ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

2.8. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ. გ–მ და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა კ. მ–მ. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გ. გ–ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენით ბრალდებისა და დაცვის მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 9 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 6 იანვარს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გრიგოლ კაპანაძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მისთვის სამივე ეპიზოდში თავისუფლების აღკვეთის სახით კანონიერი და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში გამართლების ნაწილში უკანონოა, რადგან დაზარალებულების - ნ. ხ–ს, ლ. გ–ს და ქ. გ–ს მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, მოწმეების - მ. კ–ს და ვ. ქ–ს ჩვენებები, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნ. ხ–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა ნ. ხ–ს მიმართ და სხვა მტკიცებულებები სრულად ადასტურებს გ. გ–ს ბრალეულობას. ამასთან, დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - არის არასამართლიანი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ამ ეპიზოდებში გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულებმა - ნ. ხ–მ (მეუღლემ), ლ. გ–მ და ქ. გ–მ (შვილებმა) უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო გ. გ–ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს გ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.4. ბრალდების მხარის მიერ მითითებული მოწმეების - მ. კ–ისა და ვ. ქ–ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2020 წლის 28 იანვარს იმყოფებოდნენ სამსახურში, მათთვის განკუთვნილ ოთახში. დაახლოებით ღამის სამ საათზე ისინი გააღვიძა კარზე კაკუნმა. მათთან მივიდა შეშინებული ნ. ხ–ი მცირეწლოვან შვილთან - ქ–თან ერთად, რომელიც ტიროდა. ნ. ხ–ი, ყოფილი მეუღლის მხრიდან ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, ეძებდა თავშესაფარს და ითხოვდა პოლიციის გამოძახებას. ნ. ხ–ი იტკიებდა მარცხენა ხელის არათითს, რომელიც ჰქონდა ოდნავ შეშუპებული და ამბობდა, რომ თითი დაუზიანდა მეუღლის მხრიდან ძალადობის დროს. მას სხვა დაზიანებები არ აღენიშნებოდა. ასევე განმარტავდა, რომ მეუღლე მას სთხოვდა შერიგებას, რაც თავად არ სურდა. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მათთან მივიდა შეშინებული ნ. ხ–ი მცირეწლოვან შვილთან ერთად და თითზე აღენიშნებოდა დაზიანება, არის პირდაპირი, თუმცა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოწმეები გადმოსცემენ დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მასზე იძალადა ყოფილმა მეუღლემ და თხოვდა შერიგებას, რაც მას არ სურდა. აღნიშნული წარმოადგენს ირიბ ინფორმაციას, რადგან მოწმეები თავად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს და ინფორმაციას ფლობენ მხოლოდ დაზარალებულისგან. გარდა ამისა, გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ბრალეულობის დასადასტურებლად აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები არაინფორმაციულია, ვინაიდან მოწმე მ. კ–ს განმარტებით, ნ. ხ–ი წინა დღეებშიც შედიოდა მათ ოთახში, თუმცა დახმარება ან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სხვა რამ არ უთხოვია. მოცემულ შემთხვევაში, მოწმეთა ჩვენებები, რომ ნ. ხ–ს მარცხენა ხელის თითი ჰქონდა დაზიანებული თანხვედრილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 იანვრის ექსპერტიზის N...... დასკვნასთან, რომლითაც დგინდება, რომ ნ. ხ–ს მარცხენა მტევნის IV თითის არეში აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი. აღნიშნული დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და ეკუთვნის სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანება არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპერტიზის დასკვნითა და მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად არ დასტურდება, რომ აღნიშნული დაზიანება დაზარალებულს მიაყენა გ. გ–მ, მითუფრო, რომ მოწმე ვ. ქ-ის განმარტებით, ნ. ხ–ი თავიდან ამბობდა, რომ თითი გ. გ–ემ ატკინა, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ მეუღლისგან გათავისუფლების დროს ხელი გაიქნია და კარს მიარტყა, რა დროსაც დაიზიანა თითი. ასევე ირიბ ჩვენებას წარმოადგენს მოწმე ე. დ–ს ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ 2020 წლის 26 იანვარს, დაახლოებით ღამის ათ საათზე, მეზობლის - ნ. ხ–ს ბინიდან შემოესმა ხმამაღალი საუბარი, ჯერ - მამაკაცის ხმა, შემდეგ - ქალის, ბოლოს კი - ბავშის ტირილი, თუმცა სიტყვები არ გაურჩევია. ხმაური გაგრძელდა დაახლოებით ერთ-ორ წუთს. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ იქნება საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

5.5. რაც შეეხება კასატორის მიერ მითითებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რომელიც ეფუძნება დაზარალებულ ნ. ხ–ს განმარტებებს და წარმოადგენს მის მიერ გამოკითხვის ოქმში მოწოდებული ინფორმაციის შემოწმებას, არ უნდა იქნეს გაზიარებული, რადგან დაზარალებულმა ისარგებლა კანონით მინიჭებული უფლებით და ახლო ნათესავის - ყოფილი მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე განაცხადა უარი. შესაბამისად, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ განიხილება დამოუკიდებელ და პირდაპირ მტკიცებულებად, რომელიც საკმარისი იქნება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის.

5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.7. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, 2020 წლის 5 თებერვლის N....... შემაკავებელ ორდერსა და ორდერის ოქმში მითითებულია, რომ 2020 წლის 26 იანვარს გ. გ–ემ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ ყოფილ მეუღლეს - ნ. ხ–ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა მარცხენა ხელის არეში, 25 იანვრიდან 28 იანვრის ჩათვლით კი - ყოფილ მეუღლეზე განახორციელა იძულება, რის გამოც მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა ცალკე აღებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და შემაკავებელ ორდერში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამ თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მტკიცებულებითი ღირებულებაც. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.8. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,150-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას გ. გ–სთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა გ. გ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.11. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრეს.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ გრიგოლ კაპანაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე