Facebook Twitter

საქმე N 170100120004004900

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №141აპ.-22 17 ივნისი, 2022 წელი

გ-ი ი., 141აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ი. გ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2018 წლის 22 ნოემბერს მოქმედი რედაქცია);

1.2. ლ. გ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, 2018 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქცია) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, 2018 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქცია).

1.3. აღნიშნული დანაშაულები გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 22 ნოემბერს, ღამის საათებში, თ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე ი. მ–სა და ი. გ–ის მფლობელობაში არსებულ ბინაში, ი. გ–მ კისერში ხელის მოჭერითა და მუშტის მარჯვენა თვალში ერთხელ დარტყმით, ასევე, მუშტის სხეულის არეში მრავალჯერ დარტყმით ფიზიკურად იძალადა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ - ი. მ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ი. გ–ისა და ი. მ–ს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი გ. გ–ი.

2018 წლის სექტემბრის ბოლოს, დღის საათებში, წ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მდებარე ი. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მეორე სართულზე, ლ. გ–მ ხელის სახის არეში რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკურად იძალადა თავის რძალზე - ი. მ–ზე, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ძალადობის ფაქტს შეესწრო ი. გ–ისა და ი. მ–ს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი გ. გ–ი.

2018 წლის სექტემბრის ბოლოს, დღის საათებში, წ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მდებარე ი. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მეორე სართულზე, ლ. გ–ი დანის დემონსტრირებითა და სიტყვებით - „ყელს გამოგჭრი“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის რძალს - ი. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენით: ი. გ–ი და ლ. გ–ი ცნობილ იქნენ უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდნენ.

2.2. ამავე განაჩენით ლ. გ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 1000 ლარი.

2.3. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დაადგინა,რომ 2018 წლის სექტემბრის ბოლოს, დღის საათებში, წ–ს რაიონის სოფელ ტ–ში მდებარე ი. გ–ის ოჯახის მფლობელობაში არსებული სახლის მეორე სართულზე, ლ. გ–ი დანის დემონსტრირებითა და სიტყვებით - „ყელს გამოგჭრი“ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა თავის რძალს - ი. მ–ს, რის შედეგადაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 მაისის განაჩენი შეიცვალა, კერძოდ: ი. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა, ხოლო ლ. გ–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის სექტემბერში მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებებში და გამართლდა.

4. კასატორის პოზიცია:

4.1. 2022 წლის 10 იანვარს პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა ი. გ–ისა და ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით და სამართლიანი სასჯელის შეფარდება.

4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ლ. გ-ისა და ი. გ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა, კერძოდ: სასამართლოში დაიკითხნენ გამომძიებლები - ნ. დ–ი და ნ. მ–ე, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და საქმეში არსებული დოკუმენტების ავთენტურობა; სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ი. მ–სემ განმარტა, რომ ლ. გ–ი დანის დემონსტრირებით დაემუქრა მას და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი; დაზარალებულის ჩვენებით, ძალადობის ფაქტს შეესწრო ლ. გ–ისა და ი. მ–ს ოჯახის არასრულწლოვანი წევრი - გ. გ–ი; დაზარალებულის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმითაც.

4.3. რაც შეეხება ი. გ–ის ეპიზოდს, კასატორი აღნიშნავს: მართალია, დაზარალებულმა ჩვენება არ მისცა თავისი მეუღლის წინააღმდეგ, თუმცა მოცემულ შემთხვევაში იგი მონაწილეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც აღადგინა ვითარება და დეტალურად მიუთითა დანაშაულის ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც პირდაპირ მტკიცებულებას წარმოადგენს. ამასთან, დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით ი. მ–სეს 2018 წლის 23 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით 2018 წლის 11 დეკემბერს დაუდგინდა: სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ვიზუალური დათვალიერების ოქმის თანახმად, ი. მ–ს სახის არეში, მარჯვენა თვალის გარშემო და მარჯვენა ყვრიმალთან აღენიშნებოდა მოშავო ფერის სისხლჩაქცევა, ნაჭდევი. ი. მ–ს განმარტებით, თვალის არეში აღნიშნული დაზიანება მიიღო ი. გ–ის ფიზიკური ძალადობის შედეგად.

5. შესაგებელი:

5.1. ადვოკატებმა - მ. ღ–მ და გ. ლ–მ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე წარმოადგინეს შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის მოტივაციას და მიაჩნია, რომ ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ერთმანეთთან შეთანხებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ი. გ–ისა და ლ. გ–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას, რაც საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.

ა. ი. გ–ი - ძალადობის ეპიზოდი

6.2. დაზარალებულმა ი. მ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის - ი. გ–ის წინააღმდეგ. შესაბამისად, დაზარალებულის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება სასამართლოსთვის არ წარმოადგენს მტკიცებულებას და მასში მოყვანილი ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაადასტურებს დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია.

6.3. ი. გ–ის ბრალდების ეპიზოდში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულება: N......... შეტყობინება, მოწმეების - ლ. ც–სა და ზ. მ–ს ჩვენებები, ვიზუალური დათვალიერების ოქმი, შემაკავებელი ორდერის ოქმი და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს ერთი წყაროდან -დაზარალებულისგან მოპოვებულ ინფორმაციას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, ვინაიდან დაზარალებულმა ი. მ–ც((ცმ ამ მტკიცებულებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე არც უარყო და არც დაადასტურა.

6.4. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის №.......... დასკვნას, აღნიშნული მტკიცებულების თანახმად, ი. მ–ს 2018 წლის 23 ნოემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაუდგინდა: სისხლჩაქცევა მარჯვენა თვალბუდის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების არასრული მორფოლოგიური აღწერილობის გამო, ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელია.

6.5. ზემოაღნიშნული მტკიცებულების შეფასებისას მნიშნელოვანია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტის - გ. ო–ს ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დამატებით განმარტა, რომ კვლევისას არ იყო მითითებული ის მონაცემები, რითაც ხანდაზმულობა დადგინდებოდა, კერძოდ: ფერი, ხასიათი, ზომა, შესიებული იყო თუ არა. გარდა ამისა, დაზარალებული პირადად არ ყოფილა ექსპერტიზაზე. ფაქტიდან დიდი დრო იყო გასული და მის გამოძახებას აზრი არ ჰქონდა.

6.6. ამდენად, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მართალია, დადასტურებულია ი. მ–ს სხეულზე არსებული დაზიანებების ფაქტი, თუმცა იგი ობიექტურად ვერ ადგენს აღნიშნული დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობას, მითუფრო, რომ მათი ხანდაზმულობის დადგენა შეუძლებელი აღმოჩნდა, არასრული მორფოლოგიური სურათის გამო.

6.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ი. გ–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

ბ. ლ. გ–ი - ძალადობის ეპიზოდი

6.8. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ლ. გ–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად. სასამართლო ითვალისწინებს, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულის ჩვენება, ხოლო საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში გადმოცემულია მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს არც უცდია არასრულწლოვან გ. გ–ის გამოკითხვა, რომელიც, დაზარალებულის განმარტებით, შეესწრო მოცემულ ფაქტს. ამდენად, ბრალდების მხარეს, დაზარალებულის ჩვენების გარდა, 2018 წლის სექტემბრის ეპიზოდთან მიმართებით არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულებები, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მტკიცებას ამ ეპიზოდში ლ. გ–ის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, რადგან საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან მიმართებით.

გ. ლ. გ–ი - მუქარის ეპიზოდი

6.9. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები - დაზარალებულ ი. მ–ს ჩვენება, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტი და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა, განსახილველ შემთხვევაში არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ: აღნიშნული მტკიცებულებების წყაროს წარმოადგენს მხოლოდ ერთი პირი - დაზარალებული ი. მ–ე, რომელმაც მის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული მუქარის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა შესაძლო დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე თვის შემდეგ. აღნიშნული ფაქტი, თავის მხრივ, ეჭვქვეშ აყენებს დაზარალებულის მიმართ განხორციელებული მუქარის შედეგად შიშის განცდის რეალურობას, მუქარის ფაქტის დაშვების შემთხვევაშიც.

6.10. გარდა ამისა, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებულ დანასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, არადამაჯერებელია შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ ამოღებული ნივთმტკიცების - დანის გამოკვლევის შედეგად გამოტანილი დასკვნები, რომ თითქოს, ეს სწორედ ის დანაა, რომლითაც სამ თვეზე მეტი ხნის წინ ი. მ–ს დაემუქრა ლ. გ–ი, ვინაიდან დანა შემთხვევის ადგილიდან არ ამოღებულა ქმედების ჩადენიდან მოკლე დროში, ამასთან, მას ამოღებამდე ოჯახის წევრები იყენებდნენ და მასზე არ ჩატარებულა რაიმე სახის ექსპერტიზა ლ. გ–ის კვალის აღმოჩენის თვალსაზრისით. ამ ვითარებაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ნივთიერი მტკიცებულება - დანა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ისეთ უტყუარ მტკიცებულებად, რაც გამამტყუნებელ განაჩენს შეიძლება დაედოს საფუძვლად.

6.11. ამასთან, ნიშანდობლივია, რომ ი. მ–სემ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ შემთხვევის შემდეგ იგი წავიდა თავისი შვილის ნათლიასთან - ნ. ბ–თან, თუმცა აღნიშნული პირი დაკითხული არ ყოფილა.

6.12. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მტკიცებულებების შეგროვება წარმოადგენს გამოწვევას საქმეებზე, სადაც ძალადობა ხდება კერძო გარემოში, მოწმეების გარეშე და ზოგჯერ არ რჩება რაიმე ხელშესახები ნიშანი. აღნიშნულის მიუხედავად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს ერთიან მტკიცებულებით სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, დანაშაულის კატეგორიის მიუხედავად. შესაბამისად, ოჯახური დანაშაულის საქმეებზეც გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უნდა ადასტურებდეს პირის მიერ დანაშაულის ჩადენას. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტი განამტკიცებს in dubio pro reo-ს საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს, რაც ავალდებულებს სასამართლოს, სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).

6.13. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება კასატორის მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ვინაიდან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც ლ. გ–ს მიმართ მუქარის ეპიზოდშიც სასამართლომ გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი.

6.14. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6.15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გიორგი სახიაშვილის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე