საქმე N 010100121004628074
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №291აპ.-22 17 ივნისი, 2022 წელი
გ–ე გ., 291აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენზე ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ..........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი).
1.2. აღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 14 აპრილს, დაახლოებით 16:30 საათზე, ქ. ბ–ში, ..............ის ქუჩა N..–ში მდებარე ბინა N..-ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, გ. გ–მ სახის და ყურის არეში ხელის რამდენჯერმე დარტყმით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას - რ. გ–ს, რომელმაც განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
4. კასატორის პოზიცია:
4.1. 2022 წლის 12 იანვარს პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 17 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
4.2. საკასაციო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის: მოწმეების - ა. გ–სა და მ. ტ–ს გამოკითხვის ოქმებით, აგრეთვე შემაკავებელი ორდერით (უდავო მტკიცებულებები) დადასტურებულია გ. გ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.
4.3. კასატორი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად საკასაციო საჩივარში უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 3 ოქტომბრის N258აპ.-19 განაჩენზე, სადაც დაზარალებულის ჩვენების არარსებობის პირობებში და სწორედ ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლომ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი.
5. შესაგებელი:
5.1. გამართლებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ც–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
6.1. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერი და დასაბუთებელია, რადგან გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად არ დადასტურდა გ. გ–ს მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა, კერძოდ:
6.2. დაზარალებულმა რ. გ–მ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და ჩვენება არ მისცა ახლო ნათესავის - გ. გ–ს წინააღმდეგ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა გ. გ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
6.3. სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ N.......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ. გ–ს სხეულზე მექანიკური დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.
6.4. მოწმეები - ა. გ–ე და მ. ტ–ე არ არიან ფაქტის თვითმხილველი პირები, კერძოდ, მათი ჩვენებებით ირკვევა, რომ 2021 წლის 15 აპრილს მიღებულ იქნა ინფორმაცია ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით. რ. გ–ე განმარტავდა, რომ შვილმა - გ. გ–მ მასზე იძალადა. შეტყობინების საფუძველზე ა. გ–ე და მ. ტ–ე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც რ. გ–სემ მათ განუცხადა, რომ შვილმა, გ. გ–მ მას ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახისა და ყურის არეში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების ანალიზი ცხადყოფს, რომ ისინი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გადმოსცემენ მხოლოდ ირიბ ინფორმაციას, აღნიშნული ინფორმაციის წყარო კი დაზარალებულია, რომელმაც სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
6.5. ირიბ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების 36-ე პარაგრაფში, მართალია, მიუთითებს გამონაკლის შემთხვევებში ირიბი ჩვენების გამოყენების შესაძლებლობაზე, თუმცა ირიბი ჩვენების გამოყენებას უკავშირებს ირიბი ჩვენების გამოყენების მარეგულირებელი წესის მკაფიო და ამომწურავ საკანონმდებლო რეგლამენტაციას. კერძოდ, სასამართლო ცალსახად აღნიშნავს, რომ „ირიბი ჩვენება, …. შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
6.6. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერიც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან ცალკე აღებული შემაკავებელი ორდერი, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. გარდა ამისა, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულება (შემაკავებელი ორდერის ოქმი) წარმოადგენს დაზარალებულისგან მოპოვებულ ინფორმაციას და არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს, ვინაიდან დაზარალებულმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ხოლო სხვა დამაჯერებელი მტკიცებულება, რომლითაც გადამოწმდებოდა შემაკავებელ ორდერში მითითებული ფაქტობივი გარემოებები, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
6.7. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება, რომ გ. გ–ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
6.8. კასატორის მიერ მოყვანილ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში (N258აპ.-19) ჩამოყალიბებული განმარტებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არსებითად განსხვავებულია განსახილველი სისხლის სამართლის საქმისგან, შესაბამისად, კასატორის მიერ მითითებულ გადაწყვეტილებას განსახილველ საქმესთან, ერთგვაროვანი პრაქტიკის თვალსაზრისით, კავშირი არ გააჩნია და ვერ გახდება საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი.
6.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოლღა მერებაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე