Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-1457-1032(კ-05) 8 სექტემბერი, 2006 წ.‚ ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. ვაჩაძე,

ნ. წკეპლაძე

დავის საგანი: საკომპენსაციო თანხის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი:

19.06.02წ. ა. ბ-მა, რ. პ-მა, გ. ა-მ, ა. რ-მა, თ. ბ-მა მ. ე-მა, ს. მ-მ, ვ. ქ-მა, ზ. ქ-მა, ო. შ-მა, გ. ო-მა, თ. დ-მ, გ. ც-მა, დ. მ-მა, თ. გ-მა, უ. მ-მა, რ. რ-მა, გ. ტ-მ, მ. ხ-მა, ბ. ქ-მ (მ. ბ-მ), რ. ე-მ, ს. ა-მა, ო. გ-მა, ნ. ბ-მა, დ. ს-მა, ა. გ-მა, ვ. თ-მა, ვ. მ-მა, ბ. ქ-მა, ო. ლ-მა, ი. მ-მა, ტ. ე-მა, რ. გ-მა, ტ. ხ-მა, ნ. ე-მა, ხ. დ-მა, ა. წ-მა, დ. დ-მა, თ. ფ-მა, ზ. დ-მა, ნ. შ-მა, მ. ქ-მა, გ. ყ-მა, კ. ი-მა, მ. ბ-მა, ტ. ზ-მ, ო. გ-მ, ს. ნ-მ, დ. ფ-მა, თ. ბ-მა ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ დავალიანების ანაზღაურების შესახებ სარჩელით მიმართეს ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ სსრ კავშირის სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს 27.08.81წ. ¹853 დადგენილების საფუძველზე მიღებული იქნა საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 11.02.82წ. ¹91 დადგენილება, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის სასოფლო მშენებლობის სამინისტროს, საავტომობილო გზების სამინისტროს და რესპუბლიკის სხვა უწყებებს დაევალათ რუსეთის ფედერაციის ვოლოგდის ოლქში ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, რისთვისაც მათ შესაბამისი ტექნიკით და კვალიფიციური ინჟინერ-ტექნიკური კადრებით უნდა დაეკომპლექტებინათ «სამშენებლო მატარებელი». ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ აღნიშნულ პროექტში დასაქმებული მუშები დადგენილი ნორმის შესაბამისად უნდა უზრუნველყოთ საცხოვრებელი ფართით. საქართველოს სსრ სასოფლო მშენებლობის სამინისტროს 28.05.82წ. ¹215 ბრძანებით მუშაკებთან ხელშეკრულების გაფორმება დაევალა გორის ¹3 სამშენებლო ტრესტს. მოსარჩელეთა განმარტებით, მათ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულ იქნა პირნათლად. ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე განაწილებული იქნენ სვანეთის რეგიონიდან სტიქიის გამო გადმოსახლებულთათვის სოფლის მშენებლობაზე. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მიმართეს ¹13 ტრესტს, სოფლმშენის სამინისტროს, მთავრობას და პრეზიდენტს, თუმცა ბინებით მათი უზრუნველყოფა არ მომხდარა. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეებმა ფინანსთა სამინისტროს და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთვის საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფის საკომპენსაციო თანხის დაკისრება მოითხოვეს.

08.07.02წ. თ. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და აღნიშნა, რომ სხვა მუშა-მოსამსახურეებთან ერთად განმწესებული იყო ვოლოგდის ოლქში სამუშაოდ. სანაცვლოდ მთავრობამ ვალდებულება იკისრა მისთვის ქ. გორში სამოთახიანი ბინა გამოეყო, თუმცა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ პირობა არ შასრულა. მოსარჩელემ მისი სასარჩელო განცხადების 19.06.02წ. სასარჩელო განცხადებასთან გაერთიანება და ფინანსთა სამინისტროსათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.10.03წ. გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ბ-ის, გ. გ-ის, ს. მ-ის და სხვათა წარმომადგენელმა დ. ხ-მა და, აგრეთვე, მოსარჩელეთა მეორე წარმომადგენელმა და თავად მოსარჩელემ უ. მ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.03.04წ. განჩინებით დ. ხ-ის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 15.07.04წ. განჩინებით არ დაკმაყოფილდა დ. ხ-ის კერძო საჩივარი, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 23.03.04წ. განჩინება.

სააპელაციო პალატის 23.02.05წ. განჩინებით უ. მ-ის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. განჩინებით ა. ბ-ის, რ. პ-ის და სხვათა წარმომადგენლის და თავად აპელანტის, უ.მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 29.10.03წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს ხელშეკრულების პირობების შესრულების შემთხვევაში მოთხოვნის უფლება წარმოეშობოდათ 1988-1991წწ.-ში. სააპელაციო პალატის აზრით, მოსარჩელეებმა სასამართლოს მიმართეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სახელმწიფო ორგანოსათვის განცხადების გაგზავნის დროს მათ მიერ უკვე გაშვებული იყო ხანდაზმულობის ვადა, რის გამოც საქართველოს პრეზიდენტისადმი მოსარჩელეთა მიმართვა სსკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძვლად არ მიიჩნია.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ყოფილი სსრ კავშირის რსფსრ ვოლოგდის ოლქში სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მივლინებული საქართველოს მოქალაქეების ბინების საკომპენსაციო თანხები «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონის შესაბამისად სახელმწიფო შიდა ვალად აღიარებული არ არის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არ არსებობდა მოსარჩელეების მოთხოვნის ხანდაზმულობის შეჩერების ან შეწყვეტის საფუძველი.

სააპელაციო პალატის 28.09.05წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ბ-ის, რ. პ-ის, გ. ტ-ის, მ. ქ-ის და სხვათა წარომადგენელმა უ. მ-მა. კასატორმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 1990-1991წ.-ში მიმართეს საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, სოფლის მეურნეობის მშენებლობის სამინისტროს, რა დროსაც ხანდაზმულობის დენა შეწყდა. მათი წარმომადგენლის განცხადებით, ვინაიდან წლების მანძილზე არ იქნა დაკმაყოფილებული მათი მოთხოვნა, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დაწყნარებისთანავე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორები თვლიან, რომ მათი მოთხოვნა ხანდაზმული არ არის, სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, კერძოდ, სსკ-ის 138-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

განსახილველ სამართალურთიერთობის დროს მოქმედი 1964წ. სსკ-ის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრებოდა სამი წლით. ამავე კოდექსის მე-80 მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა.

საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ «1981-1985 წლების მანძილზე ვოლოგდის ოლქში ობიექტების მშენებლობაში საქართველოს სსრ სამინისტროებისა და უწყებების მიერ საშეფო დახმარების გაწევის შესახებ» საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 11.02.82წ. დადგენილების საფუძველზე კასატორებსა და მუდმივმოქმედი სამშენებლო მატარებელ ¹3 ტრესტ «ს...ს» შორის 1984-1986 წლებში 4 წლის ვადით გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები. მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების თანახმად, ხელშეკრულების პირობების კეთილსინდისიერად და პატიოსნად შესრულების შემთხვევაში მუშაკს საუწყებო საცხოვრებელი ფართის რიგგარეშედ მიღების უფლება ენიჭებოდა. ამდენად, კასატორებს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნის უფლება 1988-1991წწ. წარმოეშვათ. იმ დროს მოქმედი 1964წ. სკ-ის 75-ე მუხლის თანახმად‚ უფლების დაცვის საერთო ვადა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია სამი წლით განისაზღვრებოდა, ამავე კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყებოდა სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორებმა სარჩელით ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მხოლოდ 19.06.02 მიმართეს.

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველს არ ქმნის მათ მიერ 1990-1991წწ. საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, სოფლის მეურნეობისა და მშენებლობის სამინისტროსათვის მიმართვა, ვინაიდან 1964წ. სკ-ის 83-ე მუხლის თანახმად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით. იმჟამად მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის შედეგად ხანდაზმულობის ვადის შეჩერებას ან შეწყვეტას, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ რსფსრ ვოლოგდის ოლქში სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად მივლინებული საქართველოს მოქალაქეების ბინების საკომპენსაციო თანხა «სახელმწიფო ვალის შესახებ» კანონით სახელმწიფოს შიდა ვალად აღიარებული არ არის.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას სადავო სამართალურთიერთობის მიმართ 1997წ. სკ-ის 138-ე მუხლის გამოყენების თაობაზე. სადავო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა ამოწურული იყო ამჟამად მოქმედი სკ-ის ძალაში შესვლამდე. ამასთან, კასატორების მიერ მითითებული ნორმა უძრავი ნივთების მიმართ ახალ წესს არ ითვალისწინებს, საქმის მასალებით არ დასტურდება აგრეთვე სადავო სამართალურთიერთობის ახალი სკ-ის შესაბამისად მოწესრიგების შესახებ მოწინააღმდეგე მხარის სურვილი, რის გამო მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სკ-ის 1507-ე მუხლის მიხედვით სკ-ის 138-ე მუხლის გამოყენების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე‚ საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და თვლის, რომ საქმეში არ მოიპოვება სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობის შეჩერების, შეწყვეტის ან აღდგენის კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი, კასატორების მიერ მითითებულ კანონდარღვევას ადგილი არა აქვს, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საკასაციო პალატა სსკ-ის 47-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» კანონის მე-5 მუხლის 1 პუნქტის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე ათავისუფლებს კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ბ-ის, რ. პ-ის, გ. ტ-ის, რ. ე-ის, გ. ქ-ის და სხვების, წარმომადგენლის და თავად კასატორის უ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 28.09.05წ. განჩინება;

2. კასატორები განთავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.