Facebook Twitter

საქმე N 010100119003205209

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №290აპ.-22 22 ივნისი, 2022 წელი

გ–ე გ., №290აპ.-22 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. გ. გ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. გ. გ–ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, უკანონოდ შეიძინა და 2019 წლის 25 აგვისტოს, ქ.ბ–ში, ....–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, თავის ხელჩანთაში უკანონოდ ინახავდა 3,3754 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“ და 3,2 გრამ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება - „მეთადონს“ (მარილს), რაც 2019 წლის 25 აგვისტოს, ამოიღეს ქ.ბ–ში, ......–ს ქუჩა N-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული მისი პირადი ჩხრეკისას.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 მარტის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 25 აგვისტოდან.

2.2. ,,ნარკოტიკული საშუალების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გ. გ–ს 5 წლით ჩამოერთვა: სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. დ–მ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 მარტის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. დ–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ნ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობა, ასევე, ალტერნატივის სახით, მის მიმართ ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს, 18:36 საათიდან 18:47 საათამდე პერიოდში, განყოფილებაში მოწმის სახით გამოიკითხა პატაკის შემდგენი პირი - გ. ტ–ე. გ. გ–ს პირადი ჩხრეკა კი ჩატარდა გ–ს ქუჩაზე, გ. ტ–ს გამოკითხვის დასრულებიდან 7-8 წუთის შემდეგ, 18:55 საათზე. გამოკითხვის დასრულებიდან ჩხრეკის დაწყებამდე არსებული დროის სიმცირე აჩენს ეჭვს, რომ პატაკის ავტორი გამოიკითხა არა ჩხრეკის დაწყებამდე, არამედ - მისი ჩატარების შემდეგ, რაც წარმოადგენს საპროცესო ნორმათა დარღვევას.

4.2. კასატორი ასევე აღნიშნავს: გ. გ–ს ჩხრეკის საფუძველი გახდა მიღებული ოპერატიული ინფორმაცია, გამამტყუნებელი განაჩენი კი ეფუძნება პატაკს, პირადი ჩხრეკის ოქმს, ექსპერტიზის დასკვნასა და მოწმე პოლიციელების ჩვენებებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბერის N2/2/1276 გადაწყვეტილების თანახმად, ჩვეულებრივი მოწმისგან განსხვავებით, ოპერატიული წყაროს და ანონიმური პირის შემთხვევაში სასამართლო არ ამოწმებს ინფორმაციის პირველწყაროს სანდოობას. ასეთი ინფორმაციის სათანადო გადამოწმების გარეშე ჩხრეკის საფუძვლად გამოყენებისას კი, მაღალია ადამიანის პირადი სივრცისა და კომუნიკაციის უფლების არასაჭირო შეზღუდვის რისკი. თუ პატაკის შემდგენი/მიმღები პირის გამოკითხვის ოქმი, დამატებითი ინფორმაციის მითითების გარეშე, იმეორებს მხოლოდ პატაკში აღწერილ ინფორმაციას ან/და მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც ოპერატიულმა წყარომ მიაწოდა, უტოლდება ერთ ინფორმაციას, რაც ვერ შეფასდება ინფორმაციის ან ფაქტების ერთობლიობად. ამასთან, შინაარსობრივად პოლიციელის ჩვენება, რომელიც ემყარება ოპერატიული ინფორმაციის მომწოდებელ წყაროს, ირიბი ჩვენების ერთგვარი ფორმაა, რომელიც თანაბარ რისკებს უქმნის პირისთვის არაუტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ ჯ. ტ–მ გამოკითხვის ოქმში დააფიქსირა პატაკში მითითებული ინფორმაცია.

4.3. კასატორის განმარტებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. გ. გ–ე დააკავეს ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც განთავსებული ობიექტები აღჭურვილია სათვალთვალო კამერებით. მიუხედავად ამისა, ბრალდების მხარე არ დაინტერესებულა და არ უცდია წარმოედგინა აღნიშნული ჩანაწერები. ის, რომ გამოძიება და საქმის განხილვა მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპით, ბრალდების მხარეს არ ათავისუფლებს სრულყოფილი გამოძიების ვალდებულებისგან. გარდა ამისა, მითითებულ ქუჩაზე მოძრაობს არაერთი ადამიანი, რომელთა გარეშე პირის სტატუსით პირად ჩხრეკაზე დასასწრებად მიწვევა იყო შესაძლებელი, თუმცა ჩხრეკას ესწრებოდა პოლიციის მხოლოდ ორი თანამშრომელი. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით და იმავდროულად სამართალდამცავებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ გ. გ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დაარღვია როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები და გამამტყუნებელი განაჩენი დააფუძნა მხოლოდ ჩხრეკაში მონაწილე პოლიციელების ჩვენებებსა და გ. გ–ს პირადი ჩხრეკის ოქმს.

4.4. კასატორი ასევე უთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას - 2021 წლის 16 დეკემბერს არ ითვლებოდა ნასამართლევად, შესაბამისად, მის მიმართ უნდა გავრცელებულიყო ,,ამნისტის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონი.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. გ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას, კერძოდ:

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ისინი გამოკვლევის გარეშე მიიღეს მტკიცებულებებად.

5.5. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ ფაქტს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2019 წლის 25 აგვისტოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში შესული ინფორმაცია. იმავე დღეს, 18:36 საათიდან 18:47 საათამდე პერიოდში, მოწმის სახით გამოიკითხა პატაკის ავტორი ჯ. ტ–ე, რომელმაც დაადასტურა, რომ მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქ. ბ–ში, ......–ს ქუჩა N...-ის მიმდებარედ იმყოფებოდა გ. გ–ე, რომელიც შესაძლოა, ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას. მოწმეების - გ. ბ–სა და გ. ა–ის გამოკითხვის ოქმებით კი დგინდება, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს განყოფილებაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლიციის მე-3 განყოფილების ხელმძღვანელის დავალებით, დაახლოებით 18:30 საათზე, ავტომანქანით გავიდნენ ბ–ს ქუჩაზე, სადაც შეხვდნენ გამომძიებელ ჯ. ც–ს, რომლისგანაც შეიტყვეს, რომ ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობდა გამოძიება გ. გ–ს მიმართ, რომელიც, სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ პირთან გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით, ავტომანქანით დაიწყეს მოძრაობა ბ–ს, გ–სა და გ–ს ქუჩებზე, რა დროსაც გ–სა და ბ–ს ქუჩების კვეთასთან ახლოს, კერძოდ, გ–ს ქუჩა N..-ის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს გ. გ–ე, რომელსაც ჯ. ც–მ განუმარტა უფლებები და უთხრა, რომ ნარკოტიკების პოვნისა და ამოღების მიზნით, უნდა ჩაეტარებინათ პირადი ჩხრეკა, რაზეც მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მათ გ. გ–ემ უთხრა, რომ მის ხელთ არსებულ მამაკაცის ხელჩანთაში ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს და პირად ჩხრეკაზე წერილობით განაცხადა თანხმობა, რის შემდეგაც, მის ხელთ არსებული პატარა ხელჩანთიდან წარუდგინა პოლიეთილენის მწებავი ლენტებით შენაფუთი, რომელშიც მისი განმარტებით მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება ,,სირეცი: და 80 ტაბლეტი ,,მეთადონი“. გახსნის შემდეგ, მასში აღმოჩნდა სამ პატარა პაკეტად დაფასოებული ფხვიერი მასა და კონვალუტის რვა ფირფიტა წარწერით ,,Methadone 40“ და მათში არსებული 80 ტაბლეტი.

5.6 საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ჯ. მ–ს გამოკითხვის ოქმზე, რომლითაც დადგენილია, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს დაევალა გასულიყო შესაბამის ლოკაციაზე, დაედგინა გ. გ–ს ადგილსამყოფელი, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა გამომძიებელ ჯ. ც–სთვის. მან მოიპოვა გ. გ–ს ფოტოსურათი და წავიდა ქ.ბ–ში, ბ–სა და გ–ს ქუჩების კვეთასთან, თუმცა მისვლისას დაინახა, რომ გ–ს ქუჩა N..-თან, გამომძიებელ ჯ. ც–ს და განყოფილების თანამშრომლებს შეჩერებული ჰყავდათ გ. გ–ე და იწყებდნენ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, რომელშიც თავად მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა ჩხრეკის დროს იმყოფებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და ხედავდა, რომ გ. გ–მ მის ხელთ არსებული მამაკაცის პატარა ხელჩანთიდან ამოიღო და გამომძიებელს წარუდგინა პოლიეთილენის მწებავი ლენტით შენაფუთი, რომელშიც მისი განმარტებით, ინახებოდა ნარკოტიკული საშუალება ,,სირეცი“ და ,,მეთადონი“. აღნიშნულ შენაფუთში აღმოჩნდა სამ პატარა პაკეტად დაფასოებული მასა და კონვალუტის რვა ფირფიტა, თთოეულში 10 ტაბლეტი მეთადონი.

5.7. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები თანხვდენილია პირადი ჩხრეკის ოქმთან, რომლითაც დგინდება, რომ 2019 წლის 25 აგვისტოს ჩატარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ. გ–ემ ნებაყოფლობით წარადგინა მის ხელთ არსებული ყავისფერი პატარა ზომის ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა პოლიეთილენის მწებავ ლენტში შეხვეული სამი პაკეტი ქაღალდის მწებავ ლენტში, რომლებშიც მოთავსებული იყო დაფასოებული ფხვიერი მასა, რვა ფირფიტა კონვალუტა წარწერით ,,Methadone 40“ 80 ცალი ტაბლეტით. პირადი ჩხრეკის ოქმზე არის გ. გ–ს ხელმოწერა და რაიმე შენიშვნა დაფიქსირებული არ არის.

5.8. გარდა ამისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის აჭარის ა/რ-ის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 26 აგვისტოს ქიმიური ექსპერტიზის N... დასკვნით დგინდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, სამ ცალად დაფასოებული, მოყავისფრო ნივთიერება ფხვნილის სახით, საერთო წონით - 17,6329 გრამი - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ წონით - 3,3754 გრამს. რვა ცალ კონვალუტის ფირფიტაზე, წარწერით ,,Methadone 40“, განლაგებული ქარხნული დამზადების ნიშნის მქონე, თეთრი ფერის წრიული ფორმის, შუაში ნაჭდევით ოთხმოცი ცალი მთლიანი ტაბლეტი (თითოეული წონით 0,45 გრამი) - შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „მეთადონს“ (მარილს), საერთო წონით - 3,2 გრამს. ამასთან, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 დეკემბრის ექსპერტიზის N...... დასკვნით დგინდება, რომ გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში მოთავსებულ ოთხ ცალ ფირფიტაზე, წებოვანი ლენტის, პოლიეთილენის და ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N..) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N..-ის გენეტიკური პროფილების ერთი წილი, გ. გ–ს (ობ. N..) გენეტიკური პროფილის იდენტურია.

5.9. საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, საეჭვოდ მიიჩნიოს მოწმეთა ჩვენებები, ვინაიდან ისინი სრულად შეესაბამება ერთმანეთს, არ შეიცავს წინააღმდეგობრივ და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას. მოწმეები სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერენ მათ მიერ ნანახ ფაქტებს და არ არსებობს მათი ჩვენებების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი. დაცვის მხარის განმარტებები არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით და მოკლებულია დამაჯერებლობას.

5.10. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ,,არავინ აგებს პასუხს ქმედებისათვის, რომელიც მისი ჩადენის დროს სამართალდარღვევად არ ითვლებოდა. კანონს, თუ იგი არ ამსუბუქებს ან არ აუქმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არა აქვს“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტის შესაბამისად კი, „საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის საკითხებთან მიმართებით მიღებული ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობის საკითხი“. ამავე კანონის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ „ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან“.

5.11. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ,,ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტთან მიმართებით. გ) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით“. ასევე, დაადგინა, რომ ,,ა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს („კონფიდენტი“, „ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ბ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავს ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობას, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2021 წლის პირველი ივლისიდან.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აუქმებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამსუბუქებს სასჯელს, აქვს უკუძალა. სისხლის სამართლის კანონს, რომელიც აწესებს ქმედების დანაშაულებრიობას ან ამკაცრებს სასჯელს, უკუძალა არა აქვს, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ახალი სისხლის სამართლის კანონი ამსუბუქებს სასჯელს ქმედებისათვის, რომლის გამოც დამნაშავე მას იხდის, ეს სასჯელი უნდა შემცირდეს ამ სისხლის სამართლის კანონის სანქციის ფარგლებში“.

5.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,სისხლის სამართლის პროცესში გამოიყენება ის საპროცესო ნორმა, რომელიც მოქმედებს გამოძიებისა და სასამართლო განხილვის დროს“.

5.14. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების გაანალიზების შემდეგ, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების იმ ნორმატიული შინაარსის ძალადაკარგულად ცნობა, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ ჩატარდება, ხოლო ის საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე უნდა იქნეს მიჩნეული კანონიერად. ამგვარი დასკვნის საფუძველს იძლევა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ის დათქმა, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“, თუმცა აღსრულება გადაავადა 2021 წლის 01 ივლისამდე, რათა არ შექმნილიყო მნიშვნელოვანი სახელწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხე.

5.15. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტურად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა. რიგ შემთხვევებში საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ კანონმდებელს და შესაბამის ორგანოებს გადაწყვეტილების იმპლემენტაციისათვის საჭირო საკანონმდებლო თუ სხვა ინსტიტუციური ცვლილებების განსახორციელებლად განუსაზღვრა ვადა 2021 წლის პირველ ივლისამდე, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი, გაიზიაროს კასატორის არგუმენტები.

5.16. ზემოაღნიშნული არგუმენტების მიუხედავად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ საქმეში არსებობს ნეიტრალური მტკიცებულება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 19 დეკემბრის ექსპერტიზის N........ დასკვნის სახით, რომლითაც დადგინდა, რომ ,,პაკეტში მოთავსებულ ოთხ ცალ ფირფიტაზე, წებოვანი ლენტის, პოლიეთილენის და ქაღალდის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. ....) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N....-ის გენეტიკური პროფილების ერთი წილი, გ. გ–ს (ობ. N6) გენეტიკური პროფილის იდენტურია“.

5.17. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეული, ურთიერთშეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების (მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნებით, პირადი ჩხრეკის ოქმით) ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება გ. გ–ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

5.18. რაც შეეხება კასატორის განმარტებას, რომ გ. გ–ს მიმართ გამოყენებულ იქნეს ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი, რადგან განაჩენის გამოტანის მომენტისთვის იგი იყო ნასამართლობის არმქონე, მოკლებულია საფუძველს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.19. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 16 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა - 50000 ლარი. გ. გ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2011 წლის 1 ნოემბრიდან.

5.20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით ცვლილება შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 13 ივლისის განაჩენში. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში. ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის (2013 წლის 17 აპრილის რედაქცია) საფუძველზე საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლითა და 6 თვით, მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 50000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი.

5.21. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა - 50000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. გ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - ჯარიმა 50000 ლარი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით.

5.22. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 საათით.

5.23. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 თებერვლის განაჩენით უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი. გ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის საფუძველზე პატიმრობაში ყოფნის პერიოდი (2018 წლის 2 ოქტომბრიდან 2018 წლის 6 ოქტომბრის ჩათვლით) ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 საათით.

5.24. აჭარის პრობაციის ბიუროს უფროსის N.....წერილის თანახმად, გ. გ–ემ 2018 წლის 11 მაისის მდგომარეობით შეასრულა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 28 მარტის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 საათით. ამავე წერილით დგინდება, რომ 2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით გ. გ–ემ შეასრულა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 საათით და მის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა.

5.25. აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს 2021 წლის 22 მარტის N..... წერილით დასტურდება, რომ ა–სა და გ–ს სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ 28.03.2018 გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, გ. გ–ეს სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა - 50000 ლარი. 2021 წლის 16 მარტს მოცემულ საქმეზე სააღსრულებო საქმისწარმოება შეწყდა ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის საფუძველზე.

5.26. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება: თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ გ. გ–მ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა - 130 საათით, შეასრულა 2019 წლის 25 თებერვლის მდგომარეობით და მის მიმართ სააღსრულებო საქმის წარმოება დასრულდა. შესაბამისად, დანაშაულის ჩადენის დროს - 2019 წლის 25 აგვისტოს გ. გ–ეს ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს მის მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 11 იანვრის კანონის გავრცელების საფუძველი.

5.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.28. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. გ–ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. დ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე