საქმე N330100120004037698
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №197-აპ-22 20 ივნისი, 2022 წელი
გ–ი ც., 197აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 იანვრის განაჩენით ც. გ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა, 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - 2020 წლის 17 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ც. გ–ის სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის მაისის დასაწყისში, ც. გ–მა, რომელიც დაკავებული იყო მაკლერის საქმიანობით, თ–ში, ქ–ს ქუჩა №..-ში მდებარე, ბ. გ–ს კუთვნილი ბინა №.., აჩვენა ხ. ა–ს, რომელსაც სურდა 6000 ამერიკულ დოლარზე სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმება, ბინით სარგებლობის უფლებით. ც. გ–ის მესაკუთრისგან ბინის გასაღები გადაცემული ჰქონდა იმ მიზნით, რომ ყიდვის მსურველი პირებისთვის ეჩვენებინა უძრავი ქონება. ც. გ–იმა ისარგებლა აღნიშნული ვითარებით და ხ. ა–ს მოატყუა, რომ ბინა ეკუთვნოდა მას და რეგისტრირებული იყო თავისი მეუღლის სახელზე, რომელიც არ იმყოფებოდა ს–ში. ც. გ–ი ხ. ა–ს დაჰპირდა, რომ 6000 აშშ დოლარის (თექვსმეტი ათას ოთხას ორმოცი ლარი) სანაცვლოდ, 2 წლის ვადით, შეეძლო ბინა მისთვის გადაეცა საცხოვრებლად, მას შემდეგ, რაც ბინაში ჩატარდებოდა სარემონტო სამუშაოები. ვინაიდან ც. გ–იი უშუალოდ ბინის მესაკუთრე არ იყო, 2019 წლის 13 მაისს, რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სანოტარო ბიუროში, ხ. ა–ს ნდობის მოსაპოვებლად და დასარწმუნებლად, რომ თანხას არ დაკარგავდა, დადო მასთან სესხის ხელშეკრულება და ამ გზით, მოტყუებით დაეუფლა ხ. ა–ს 6000 აშშ დოლარს (თექვსმეტი ათას ოთხას ორმოცი ლარი).
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელი.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2022 წლის 1 თებერვალს პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა, საკასაციო წესით, გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 28 იანვრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ც. გ–იისათვის უფრო მკაცრი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა.
3.2. პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედების ხასიათი და მისი პიროვნება არ შეესაბამება სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახესა და ზომას, კერძოდ - სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა შემდეგი გარემოებები: 1. ც. გ–ის დაზარალებულისათვის არ აუნაზღაურებია მიყენებული ზიანი; 2. გამოკვეთილია დანაშაულთა ერთობლიობა და ასევე, დაზარალებულს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა; 3. ც. გ–მა მოტყუებით მიისაკუთრა დაზარალებულის თანხა და ის საცხოვრებელი სახლის გარეშე დატოვა; 4. დანაშაულის დასაფარად არაერთხელ მოატყუა დაზარალებული და არაფრად აგდებდა მის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რაც მის პიროვნებას ცალსახად უარყოფითად ახასიათებს.
4. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე:
4.1. 2022 წლის 4 თებერვალს მსჯავრდებულ ც. გ–ს ადვოკატმა გ. ჩ–მ წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება. ადვოკატის განმარტებით, დანიშნული სასჯელი სამართლიანია, შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით: მსჯავრდებულმა გამოძიებასა და სასამართლოში სრულად აღიარა და გულწრფელად მოინანია დანაშაული, უდავოდ ცნო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები. ამასთან, იგი ხასიათდება დადებითად, ჰყავს ოჯახი, დაავადებულია სხვადასხვა დაავადებით, არის 60 წლის ასაკს მიღწეული და წარსულში არასდროს ყოფილა ნასამართლევი.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2 საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.
5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის მე-2 ან მე‑3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა. ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ.
5.5. სამართლის შეფარდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით ფასდება. შესაბამისად, სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის). საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.6. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებულის სასჯელის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს. რაც შეეხება, სასჯელის სახით ჯარიმის გამოყენების მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ: ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, შემამსუბუქებელი გარემოების (ც. გ–იმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და სადავოდ არ გაუხდია ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებისა და ხასიათის (ჩადენილია მძიმე კატეგორიის, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივისა და მიზნის, დამდგარი შედეგის, მსჯავრდებულის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ც. გ–იის პიროვნების ან/და მისი წარსულის უარყოფითად დახასიათების შესაძლებლობას არ იძლევა) გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ც. გ–ის განუსაზღვრა სამარათლიანი და კანონიერი სასჯელი - ჯარიმის სახით.
5.7. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დამატებით ყურადღებას მიაპყრობს კასატორის არგუმენტაციას სასჯელის დამძიმების თაობაზე. სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტის ხელყოფის ინტენსივობა და თავად ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები. განსახილველ შემთხვევაში ჩადენილი დანაშაულის მართლსაწინააღმდეგო ბუნება და მისი სიმძაფრე გამოხატულია თავად ქმედების ჩადენის ხერხში. მსგავსი ტიპის დანაშაულებზე ბრალდებულის მიერ დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენების ტაქტიკა, ბუნებრივია, მიუთითებს ბრალდებულის მართლსაწინააღმდეგო უნარებსა და შესაძლებლობებზე. თუმცა, აქვე სამართლიანად უნდა მიეთითოს, რომ ქმედების მართლწინააღმდეგობის ხარისხი თავისთავად შეესაბამება დანაშაულისათვის განსაზღვრულ სანქციათა სახეებს, ხოლო ხელყოფის ინტენსივობა კი პროპორციულად უნდა აისახოს შესაბამისი სანქციის ზომაში. ც. გ–ის განესაზღვრა ჯარიმა მის მინიმალურ ოდენობაზე გაცილებით დიდი ოდენობით, რომლის განსაზღვრისას სასამართლომ სამართლიანად გაითვალისწინა, როგორც ჩადენილი დანაშაულის საშიშროება და ხასიათი, ისე გამოწვეული შედეგი. სასამართლო არ ეთანხმება პროკურორის პოზიციას იმის შესახებ, რომ ზიანი ანაზღაურებული არ არის და ეს გარემოება გამოყენებული იქნეს მსჯავრდებულის სასჯელის დამძიმების კუთხით. სასჯელის მკაცრი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის დაფუძნება ზიანის ანაზღაურების კრიტერიუმზე სცილდება სასჯელის მიზნებს: დამნაშავის რესოციალიზაციასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და სასჯელს სამაგიეროს მიზღვის დატვირთვას სძენს. ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულის რესტიტუცია შესაძლებელია დადებითად აისახოს მსჯავრდებულის მიმართ დანიშნულ სანქციაზე მისი შემსუბუქების კუთხით და არა -პირიქით. პროკურორის მიერ მითითებული არგუმენტების საპირწონედ, არსებობს მსჯავრდებულის მიერ ბრალის აღიარების, მტკიცებულებების უდავოდ ცნობისა და მართლმსაჯულებასთან თანამშრომლობის საგულისხმო ფაქტორები, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პროცესის ეკონომიურობას და ამავდროულად, ხაზი გაუსვა მსჯავრდებულის ნებას, დახმარებოდა მართლმსაჯულებას ჭეშმარიტების დადგენაში. სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს პროკურორის მითითებას დანაშაულთა ერთობლიობაზე, რადგან განსახილველ შემთხვევაში სასჯელი დანიშნულია ერთი ეპიზოდი დანაშაულისათვის, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნით, საბოლოო სასჯელი განსაზღვრულია შთანთქმის წესით - დანაშაულის ისეთ ფაქტებზე, რაც ჩადენილია ბოლო განაჩენით ინკრიმინირებული ქმედების ჩადენამდე. სასჯელის დანიშვნისას, მსჯავრდებულის პიროვნულ მხარეზე, გასათვალისწინებელი გარემოებაა მისი წარსული ცხოვრება და ის ფაქტი, რომ ც. გ–ი ნასამართლევი არ არის. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხერხი, დაზარალებულის ნდობის ბოროტად გამოყენება და მისთვის ზიანის მიყენება, თავისთავად მიუთითებს საკუთრების ხელყოფის საშიშროების მაღალ ხარისხზე და ეს გარემოებები უკვე ასახულია სააპელაციო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნულ სასჯელის სახესა და ზომაში. დაუშვებელია მსჯავრდებულის პირადი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებაში იმაზე მეტი ინტენსივობით ჩარევა, ვიდრე ეს მკაცრად აუცილებელი და პროპორციულია სასჯელის ლეგიტიმური მიზნების მისაღწევად. ამასთან, საქმის ინდივიდუალურ გარემოებებთან მისადაგებისას, არ დასტურდება დამამძიმებელი გარემოებების არსებობა და მსჯავრდებულის განსაკუთრებული უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები, რაც განაპირობებდა მისი საზოგადოებისგან იზოლირების მწვავე საჭიროებას.
5.8. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ანი ხუბეჯაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე