საქმე N 330100121005162389
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე N305აპ.-22 17 ივნისი, 2022 წელი
დ–ი გ., 305აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენით გ. დ–ი (პირადი ნომერი: .........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ხოლო ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ გ. დ–მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
1.3. ზემოაღნიშნული დანაშაული გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 24 სექტემბერს, დაახლოებით 18:00 საათზე, ქ. თ–ში, .... უბნის დასახლებაში, მე-.. მ/რ, მე-.. კვარტალი, ..-ე კორპუსში მდებარე ბინა №..-ში, გ. დ–მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას, მეუღლეს - ნ. ფ–ს, თავიანთი არასრულწლოვანი შვილის - 13 წლის მ. დ–ს თანდასწრებით, ორივე ხელი ძლიერად ჰკრა მხრებში, ასევე ორივე ხელი მოუჭირა ყელზე და იმ დროს, როცა ნ. ფ–ე ცდილობდა მისგან თავის დახსნას, მარცხენა ყბის არეში ერთხელ ძლიერად დაარტყა ხელი. ნ. ფ–მ გ. დ–ის თითოეული ძალადობრივი ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის არგუმენტები:
3.1. 2022 წლის 22 თებერვალს პროკურორმა დავით ხვედელიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.
3.2. კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოებმა სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინეს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, რის გამოც გ. დ–ისთვის შეფარდებული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
3.3. სახელმწიფო ბრალმდებელი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი, სიმძიმე და ინტენსიურობა (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, გ. დ–ის ძალადობა მეუღლის მიმართ არ ატარებდა განმეორებით ხასიათს), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა და გულწრფელად მოინანია ჩადენილი დანაშაული, არ არის ნასამართლევი), დანაშაულის განმეორების რისკი (მეუღლეებს შორის კონფლიქტი ამოწურულია, ხოლო დაზარალებულის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ მას მსჯავრდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია, რამდენადაც შერიგებულები არიან და განაგრძობენ თანაცხოვრებასა და არასრულწლოვან შვილებზე ერთობლივ ზრუნვას), აგრეთვე სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, გ. დ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.
4.3. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.
4.4. რაც შეეხება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტს, კასატორის მსჯელობა ზოგადია და არ მიუთითებს, უზენაესი სასამართლოს რომელი გადაწყვეტილებით დადგენილ პრაქტიკას ეწინააღმდეგება თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენი. გარდა ამისა, სამართლიანი სასჯელის ერთგვაროვანი პრაქტიკის დადგენა ეწინააღმდეგება სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპს, რაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომას.
4.5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.6. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის - დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე