Facebook Twitter

საქმე N 060100121004863192

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №321აპ.-22 17 ივნისი, 2022 წელი

დ–ე ლ., №321აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ლ. დ–ე (პირადი ნომერი: ......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 24 ივნისს, საღამოს საათებში, ქ. ს–ში, მობილური ტელეფონის ნომრიდან ........., მობილური ტელეფონის ნომერზე ........ ლ. დ–ემ დაურეკა ყოფილ მეუღლეს - ი. ქ–ს და გენდერის ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით, სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო, იმ მიზნით, რომ ყოფილ მეუღლეს ეღიარებინა ,,ღალატი“, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ი. ქ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენით ლ. დ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. 2021 წლის 29 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა გივი გოცაძემ და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, კერძოდ, ლ. დ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში და საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრი სასჯელის შეფარდება.

4.2. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით (მოწმეების - ე. მ–სა და გ. ხ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით, შემაკავებელი ორდერით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება ლ. დ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა.

5. შესაგებელი:

5.1. გამართლებულ ლ. დ–ს ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. ჟ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

6.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

6.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. დ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ლ. დ–ს მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

6.3. დაზარალებულმა ი. ქ–მ და მოწმეებმა - ნ. დ–მ და ნ. ს–მ ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულისა და მოწმეების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულმა ი. ქ–მ და მოწმეებმა - ნ. დ–მ და ნ. ს–მ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს ლ. დ–ს წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

6.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულ ი. ქ–სა და მოწმეების - ნ. დ–სა და ნ. ს–ს ჩვენებების არარსებობის პირობებშიც, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით (მოწმეების - ე. მ–სა და გ. ხ–ს ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებითა და შემაკავებელი ორდერით) სასამართლომ უნდა დაადგინოს გამამტყუნებელი განაჩენი. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ მტკიცებულებებში მითითებული ინფორმაცია არ არის საკმარისი მუქარის შემადგენლობის ყველა სავალდებულო ნიშნის სამტკიცებლად (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარის ფაქტი და მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობა).

6.5. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს ბრალდების მხარის მიერ საკასაციო საჩივარში მითითებულ თითოეული მტკიცებულების შინარსობრივ მხარეზე და შეაფასებს, რა ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადასტურების შესაძლებლობას ქმნიდა თითოეული მტკიცებულება და აკმაყოფილებდა თუ არა მათი ერთობლიობა ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს.

6.6. მოწმე ე. მ–ს ჩვენებით, 2021 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე, მისი შვილი - ი. ქ–ი შვილებთან ერთად მივიდა მასთან სახლში. ამ დროს ი. ქ–ს ტელეფონზე გაისმა ზარი და ხმით შეიცნო, რომ მას ურეკავდა ყოფილი მეუღლე - ლ. დ–ე, რომელიც დაემუქრა ი–ს სიტყვებით: „მკვლელი ვარ, რატომ მიღალატეო“. ამის შემდეგ შვილიშვილმა - ნ. დ–მ დარეკა ,,112-ში“.

6.7. მოწმე გ. ხ–მ განმარტა, რომ არის ს–ს რაიონული სამმართველოს ........ს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე და დანაშაულის შესახებ მისთვის ცნობილია მხოლოდ მოწმეთა გამოკითხვის შედეგად.

6.8. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შეტყობინების თანახმად, 2021 წლის 24 ივნისის ზარის ინიციატორია ნ. დ–ე, რომელიც აცხადებდა, რომ მამა გამოეკიდა ნაჯახით, რის გამოც იმალება ბებიასთან.

6.9. შემაკავებელი ორდერის ოქმის თანახმად, ორდერის შედგენას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ლ. დ–ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლესა და არასრულწლოვან შვილს.

6.10. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, აღნიშნულ ბრალდებასთან დაკავშირებით საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან მხოლოდ მოწმე ე. მ–ს ჩვენება წარმოადგენს ერთადერთ პირდაპირ მტკიცებულებას, თუმცა მის ჩვენებაში მუქარის შემადგენლობის ობიექტური მხარე ნათლად არ არის გამოკვეთილი. რაც შეეხება გ. ხ–ს ჩვენებას, იგი წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას, რადგან გადმოსცემს სხვა პირების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. შესაბამისად, ამ კონკრეტული ბრალდების დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით, მოწმე გ. ხ–ს ჩვენება არარელევანტურია. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ნანა დარსაველიძის მიერ სამართალდამცავ ორგანოში წარმოდგენილ შეტყობინებაზეც, რომელიც ასევე არ მიემართება ლ. დ–სთვის ბრალად წარდგენილ ქმედებას, ვინაიდან შეტყობინებაში არ არის მითითება იმის თაობაზე, რომ ლ. დ–ე დაემუქრა ყოფილ მეუღლეს - ი. ქ–ს. რაც შეეხება შემაკავებელ ორდერს, მასში საუბარია ზოგადად მუქარის ჩადენაზე კონკრეტული გარემოებების გარეშე.

6.11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ლ. დ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

6.12. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გივი გოცაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე