Facebook Twitter

საქმე N 330100120004209951

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №137აპ-22 2 ივნისი, 2022 წელი

თ. ჩ–ი, №137აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძის საკასაციო საჩივრისა და მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–ს და ზ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. თ. ჩ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის 15 აგვისტოს, დაახლოებით 19:00 საათზე, თ–ში, ...... მოედანი №..-ში მდებარე ..........ს ბაქნის მიმდებარედ არსებულ რკინიგზის ლიანდაგებთან, თ. ჩ–მ შურისძიების მოტივით, დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობები თ. ა–ს სხეულის სხვადასხვა ადგილას. მიყენებული დაზიანებების შედეგად თ. ა–ა გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენით თ. ჩ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილზე. თ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით.

თ. ჩ–სს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2020 წლის 16 აგვისტოდან.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ. პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ა–მ და ზ. მ–მ და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძის, ასევე მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–ს და ზ. მ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 28 აპრილის განაჩენი თ. ჩ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები და მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად მოპოვებული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის. ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა. ამავე დროს სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკმარისია ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.

3.3. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, საგამოძიებო მოქმედებათა შედეგები და დაადგინა, რომ: თ. ჩ–სა და თ. ა–ს შორის მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენეს დაზიანებები. მათ შორის, თ. ჩ–მ თ. ა–ს დანის გამოყენებით მიაყენა სამი დაზიანება ქვედა კიდურების არეში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა, ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დადგენისას სახელმძღვანელო მტკიცებულებითი სტანდარტის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში, როდესაც მკვლელობის განზრახვის არსებობაზე პირდაპირ არ უთითებს გამოკვლეული მტკიცებულებები, ბრალდებულის განზრახვის დადგენის ან გამორიცხვისათვის უნდა შეფასდეს უშუალოდ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი, კერძოდ კი გამოსადეგი კრიტერიუმები: მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, ლოკალიზაცია და ხარისხი. პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დაზარალებულს მიყენებული აქვს სამი ჭრილობა და სამივე - ქვედა კიდურის არეში. აქვე, დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომლის თანახმადაც, დაზიანებების მიყენების შემდეგ, ბრალდებულმა თ. ჩ–მ ისეთ ვითარებაში დატოვა შემთხვევის ადგილი, როდესაც დაზარალებული არა მხოლოდ ცოცხალი იყო, არამედ გააჩნდა გადაადგილების უნარიც. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ერთი მხრივ, ბრალდებულს არ გააჩნდა საფუძველი ეფიქრა, რომ მოკლა თ. ა–ა და მეორე მხრივ, სურვილის შემთხვევაში, არაფერი უშლიდა ხელს სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა.

3.4. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ასევე, დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ თ. ჩ–სს თ. ა–სათვის დაზიანებების მიყენებისას არ ამოძრავებდა მკვლელობის განზრახვა და ამ დროს არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

3.5. 2021 წლის 21 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ. ა–მ და ზ. მ–მ. საკასაციო საჩივრით მათ მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3.6. 2021 წლის 29 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გიორგი ქობულაძემ. პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენის შეცვლა და თ. ჩ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. პროკურორი გიორგი ქობულაძე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას. პროკურორის განმარტებით, საქმის სამართლებრივი პრობლემები გამოიხატება შემდეგ ასპექტებში: სასამართლომ არასწორად შეაფასა მსჯავრდებულის განზრახვის განმსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: 1. პროკურორი არ იზიარებს სასამართლოს შეფასებას, რომლის თანახმადაც, თ. ჩ–სს არაფერი უშლიდა ხელს მკვლელობის განზრახვის სისრულეში მოსაყვანად. პროკურორის მოსაზრებით, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა შემთხვევის ადგილის მდებარეობა, რამაც განაპირობა მსჯავრდებულის იძულება, სწრაფად დაეტოვებინა შემთხვევის ადგილი. მსჯავრდებულის შეგნებით, დაყოვნება მხოლოდ საფრთხეს შეუქმნიდა მის მიმალვას; 2. პროკურორი მოიხმობს მსჯავრდებულის სასამართლოში მიცემულ ჩვენებას, სადაც ის განმარტავს, რომ დაზარალებულთან ფიზიკური დაპირისპირებისას, იგი იქნევდა დანას და არ შეეძლო გაეკონტროლებინა, თუ სად მოხვდებოდა თ. ა–ს. პროკურორის პოზიციით, მსჯავრდებულის ამგვარი განმარტება მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე, რომ თ. ჩ–ი მზად იყო ნებისმიერი შედეგისათვის, მათ შორის - დაზარალებულის სიკვდილის დადგომისთვის და შესაბამისად, მას ამგვარი შედეგის მიმართ გააჩნდა, მინიმუმ, არაპირდაპირი განზრახვა; 3. პროკურორს მიაჩნია, რომ ჭრილობების ლოკალიზაციის მიხედვით, მკვლელობის განზრახვის გამორიცხვისას, სასამართლოს მიდგომა უკვე კარგად არის ცნობილი კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებისათვის, რასაც ისინი იყენებენ პრაქტიკაში და ამ მხრივ ჩადენილი დანაშაულის შედეგად აღწევენ თავიანთ მიზნებს: მსხვერპლის სიკვდილსა და ამავდროულად, მკაცრი სასჯელისგან თავის არიდებას.

4.2. მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–ს და ზ. მ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ გამოკვლეული მტკიცებულებები და მის ფონზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად არასწორად შეაფასა, რადგან ამ ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი არ იძლეოდა გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის საფუძველს. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ სასამართლო განხილვებისა და მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ თ. ჩ–ი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების პირობებში, რაც გამორიცხავს მისი ქმედების მართლწინააღმდეგობას. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარი ეყრდნობა შემდეგ სამართლებრივ არგუმენტაციას: 1. თ. ჩ–სზე განხორციელებული ქმედება იყო იმწუთიერი და მართლსაწინააღმდეგო, ხოლო ბრალდებულის შემდგომი ქმედებები განპირობებული იყო თავისი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის ლეგიტიმური მიზნით. შემთხვევის ადგილზე ბრალდებული იყო მარტო, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს იყო ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი მოულოდნელად თავს დაესხა, ქვის გამოყენებით მიაყენა დაზიანებები და აგრძელებდა ხელყოფას, რის შემდეგაც თ. ჩ–ი იძულებული გახდა, მოგერიების მიზნით გამოეყენებინა ხელთ ნაქონი დანა. 2. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნას ადასტურებს თ. ჩ–სათვის მიყენებული დაზიანებები. ამასთან, გამოკვლეული მტკიცებულებები, გარდა თავად ბრალდებულის ჩვენებისა, არ სცემს პასუხს კითხვაზე: იმყოფებოდა თუ არა ბრალდებული აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ხოლო თავად ბრალდებული თანმიმდევრულად და ლოგიკურად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, რაც ადასტურებს მისი მხრიდან თავდაცვის მდგომარეობაში ყოფნას. დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულმა მოგერიების დროს მიაყენა თ. ა–ს სამი ჭრილობა, რომელთაგან ორი არის მსუბუქი ხარისხის, ხოლო ერთი დაზიანება, რომელიც არის მძიმე ხარისხის, გამოწვეულია არტერიის შემთხვევითი დაზიანებით, რამაც გამოიწვია ძლიერი სისხლდენა და პირის გარდაცვალება; 3. დაცვის მხარე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან ბრალდებული იყო ფიზიკურად ძლიერი, მის მიერ დანის გამოყენება არ არის შესაბამისი და პროპორციული დაზარალებულის ქმედებასთან. დაცვის მხარის პოზიციით, მსჯავრდებული ფიზიკურად ძლიერი იყო მანამ, სანამ მას ქვის გამოყენებით ყბებს დაუმსხვრევდნენ. ამასთან, სასამართლოს ყურადღების მიღმა დარჩა ის ფაქტი, რომ თ. ჩ–სზე თავდასხმა არ შემოფარგლულა მხოლოდ სახეში ქვის ორი დარტყმით და თავდამსხმელები ამის შემდგომაც აგრძელებდნენ წაქცეული ბრალდებულისათვის დაზიანებების მიყენებას. ასეთ პირობებში კი დაცვის მხარის პოზიციით, ბრალდებულს ჰქონდა თავდაცვის ლეგიტიმური უფლება.

5. საკასაციო საჩივრის დასაშვებობა:

5.1. საკასაციო სასამართლო გაეცნო განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გაანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება, ასევე მათი სამართლებრივი მისადაგება თ. ჩ–სათვის ბრალად შერაცხულ ქმედებასთან და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი დილემა, რაც განსხვავებული იქნებოდა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. ის არგუმენტები და დასაბუთება, რაც წარმოდგენილია პროკურორისა და ადვოკატების საკასაციო საჩივრებში, სრულად დაძლევადია სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის სამართლებრივი არგუმენტაციით. საკასაციო საჩივრებში წარმოდგენილი არ არის ისეთი არსებითი გარემოება, რაც მსჯავრდებულისათვის შერაცხული დანაშაულის ჩადენაში გონივრული დაეჭვების საფუძველს გამოავლენდა.

5.2. პროკურორისა და ადვოკატების საკასაციო საჩივრების გაცნობის შედეგად ირკვევა, რომ განსახილველ საქმეზე მხარეები აბსოლუტურად განსხვავებულ ჭრილში აფასებენ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი სისხლისსამართლებრივი უმართლობის ბუნებას. ერთი მხრივ, პროკურორი დავობს, რომ თ. ჩ–ს ქმედების სუბიექტური მხარე გამოხატულია დაზარალებულის სიკვდილის მიმართ, როგორც მინიმუმ, ევენტუალური განზრახვის ფორმით და მეორე მხრივ, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ დაზარალებულის სიცოცხლის ხელყოფა ნაკარნახევია თავდაცვის ლეგიტიმური უფლებით. უპირველეს ყოვლისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს პროკურორის მიერ ქმედების სუბიექტური მხარის შეფასებას, ხოლო შემდგომში გამოიკვლევს რამდენად არის გამოკვეთილი დაცვის მხარის მიერ მითითებული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხავი გარემოება და შესაბამისად, მართლწინააღმდეგობის შეგნება, მისი ფართო მნიშვნელობით.

5.3. პროკურორის პოზიცია იმის შესახებ, რომ მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის განზრახვა დასტურდება ბრალდებულის ჩვენებით - არ არის გასაზიარებელი და მოკლებულია ფაქტობრივ არგუმენტაციას. როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, გამოძიების ეტაპიდან სასამართლო განხილვების ეტაპის ჩათვლით, ბრალდებულმა რამდენჯერმე შეცვალა ჩვენების შინაარსი და ფაქტობრივ გარემოებათა აღწერა. თუმცა, ის ცდილობდა დაერწმუნებინა მართლმსაჯულება, რომ თავისი ქმედებები - დანის გამოყენება და დაზიანებების მიყენება დაზარალებულისათვის, განპირობებული იყო თავდაცვის მიზნებით. პროკურორის მიერ მითითებული ამონარიდი ბრალდებულის ჩვენებიდან, სადაც ის ამბობს, რომ ვერ გააკონტროლებდა თუ სად მოხვდებოდა მოქნეული დანა დაზარალებულს - არ შეიძლება იმგვარად იქნეს ინტერპრეტირებული, რომ თითქოს, მსჯავრდებული სრულად იყო მოკლებული მის მიერ განხორციელებულ მოტორიკულ მოძრაობათა კონტროლს ან თუნდაც აბსოლუტური სიზუსტით შეეძლო დარწმუნებულიყო, ქვედა კიდურების რომელ ნაწილში მიაყენებდა მსხვერპლს დაზიანებებს. აქ უმთავრესად საუბარია იმაზე, რომ მოვლენათა განვითარება და დაჭრის ფაქტი მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის ჩხუბის ფონზე მიმდინარეობს, რა დროსაც, ბუნებრივია, მსჯავრდებული სრული სიზუსტით ვერ გათვლიდა დაზიანების მიყენების დეტალებს. დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებების რაოდენობა, მათი ლოკალიზაცია და ჭრილობათა მიმართულება კი ცალსახად მოწმობს, რომ მსჯავრდებულს დანაშაულის იარაღი არ მიუმართავს ადამიანის სასიცოცხლო ორგანოთა დასაზიანებლად, რადგან ყველა ჭრილობა მიყენებულია ქვედა კიდურების არეში. გარდა ამისა, სასამართლო ვერ გაიზიარებს პროკურორის მიერ მოყვანილი ციტირების დამაჯერებლობასა და მითუფრო მის ინტერპრეტაციას, რამდენადაც საქმის გარემოებები აშკარად მეტყველებს, რომ მსჯავრდებული არათუ ვერ აკონტროლებდა დანით დაზიანების მიყენების პროცესს, არამედ პირიქით, მას გააჩნდა საკუთარ ქმედებაზე სრული ბატონობის შესაძლებლობა. კერძოდ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ თ. ჩ–ს მიმართ ჩატარებული ფსიქიატრიული-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქმედების ჩადენის დროს არ ვლინდება მისი ფიზიოლოგიურ აფექტში ყოფნის ფაქტი ან სხვა გარემოება, რაც გავლენას მოახდენდა მოქმედების ნებელობასა და შერაცხადობაზე. რაც შეეხება ისეთ დეტალებს, თუ კონკრეტულად ქვედა კიდურების რომელ ნაწილში მიადგებოდა დაზიანება მსხვერპლს, იქნებოდა ეს ბარძაყის თუ ქვედა კიდურების სხვა არე, მსჯავრდებულის განზრახვის შეფასებაზე არსებით გავლენას არ ახდენს. სააპელაციო სასამართლომ სწორად მოიხმო საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკა, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია მსჯავრდებულის ქმედების სუბიექტური მხარის შეფასებისათვის, როდესაც საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები პირდაპირ არ იძლევა განზრახვის ფორმის იდენტიფიცირების საშუალებას. სწორედ დაზიანებათა რაოდენობა, განლაგება და ჭრილობათა მიმართულება არის ის კომპონენტები, რითაც შესაძლებელია ობიექტურმა შემფასებელმა დაადგინოს, თუ რა სურდა და რისი მოლოდინი გააჩნდა დამნაშავეს მსხვერპლის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფისას. ის ფაქტები, რომ თ. ჩ–მ სამი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს და სამივე დაზიანება მიყენებულია ქვედა კიდურების არეში, აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ მსჯავრდებულს არ სურდა დაზარალებულისათვის სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიეყენებინა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაც ცალსახად მიუთითებს, რომ ჭრილობა №1, იზოლირებულად აღებული, მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და უშუალო მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ხოლო ყველა სხვა დაზიანება ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ არის უშუალო მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან.

5.4. გარდა ამისა, პროკურორი მხოლოდ ფრაგმენტულად აფასებს მოვლენებს, როდესაც უგულებელყოფს მსჯავრდებულის შესაძლებლობას - არსებული დაზიანებების მიყენების შემდეგ, კვლავ მიეყენებინა დაზარალებულისათვის მრავლობითი დაზიანებები. ის გარემოება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს საცხოვრებელ ზონასთან ახლოს და სწორედ ეს ფაქტორი გახდა შემდგომი დაზიანებების მიყენებისათვის დამაბრკოლებელი, ზოგად წარმოდგენებს ეფუძნება და აცდენილია მოვლენათა რეალურ განვითარებას. შესაძლოა, შემთხვევის ადგილის კონკრეტული მდებარეობა არ იყოს იზოლირებული გარესამყაროსგან, მაგრამ ფაქტია, რომ განსახილველ საქმეში თავად ბრალდების მხარემ ვერ მოიძია შემთხვევის ერთი თვითმხილველი მოწმეც კი, გარდა მსჯავრდებულისა. ამდენად, უშუალოდ საქმეზე დადგენილი ფაქტები მეტყველებენ, რომ შემთხვევის დროს მხოლოდ დაზარალებული და მსჯავრდებული აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ, რომელთაგან სწორედ მსჯავრდებული იყო შეიარაღებული და მას ობიექტურად არაფერი უშლიდა ხელს სისრულეში მოეყვანა მკვლელობის განზრახვა. სასამართლო ასევე მიიჩნევს, რომ ზოგადი და ჰიპოთეტურია პროკურორის მსჯელობა, რომ კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ბოროტად იყენებენ რა სასამართლოს მიდგომას, მსუბუქი დაზიანებების მიყენების გზით აღწევენ მსხვერპლის მოკვდინების განზრახვას და ამით თავს აღწევენ მკაცრ პასუხისმგებლობას. ერთი მხრივ, პროკურორს დამაჯერებლად მიაჩნია მსჯავრდებულის ჩვენება, რომ ის ვერ აკონტროლებდა დაზიანებათა მიყენებას და მეორე მხრივ უთითებს, რომ მსჯავრდებულმა იცოდა სასამართლოს მიდგომა სამართლებრივი საკითხისადმი და დაზარალებულისათვის ჭრილობების მიყენებისას წინასწარ განჭვრიტა სამომავლო სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგი. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კანონისა და სასამართლო პრაქტიკის განსაზღვრულობა სამართლიანი სასამართლოს მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია და დაუშვებელია, სასამართლომ დადგენილი პრაქტიკა მხოლოდ იმაზე დაყრდნობით შეცვალოს, რომ დამნაშავეებმა შესაძლოა პასუხისმგებლობისგან თავის არიდების გზები იპოვონ. თუმცაღა, განსახილველ შემთხვევაში, კრიმინოგენული ვითარების ყოველგვარ საფუძველს მოკლებული მოშველიება, არარელევანტურია განსახილველ საქმესთან და ვერ იქონიებს რაიმე გავლენას კონკრეტული მსჯავრდებულის ქმედების სუბიექტური მხარის შეფასებისას. გამოკვლეული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შემთხვევა ჩხუბის დროს აღმოცენებულ განზრახვას უკავშირდება და არა წინასწარ დაგეგმილ, კარგად მომზადებულ დანაშაულს, რა დროსაც მსჯავრდებულს შეეძლო გაეთვალა პასუხისმგებლობის სიმძიმე. თუმცა, ასეთი ჰიპოთეტური მსჯელობის შემთხვევაშიც კი ალოგიკურია დაშვება, რომ მსჯავრდებულს განესაზღვრა სამომავლო პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის ხერხი და ამავდროულად, ვერ გაეკონტროლებინა ჭრილობების მიყენების ლოკალიზაცია.

5.5. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ დანაშაულის სუბიექტური მხარის ისეთი ელემენტის განსაზღვრისას, როგორიც არის მართლწინააღმდეგობის შეგნება და მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის სურვილი, ობიექტურმა დამკვირვებელმა უპირველესად უნდა შეამოწმოს განზრახვის ფორმირების განმსაზღვრელი ფაქტორები და ის წინაპირობები, რაც დამნაშავის კონკრეტულ მისწრაფებაზე ახდენს გავლენას. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც გამოკვეთილია ჩხუბის დროს აღმოცენებული განზრახვა და არ ვლინდება რაიმე სერიოზული საბაბი ვარაუდისათვის, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობის კონკრეტიზებული განზრახვა გააჩნდა, ყურადღება უნდა მიექცეს დანაშაულის შედეგად მხვერპლის სხეულზე დატოვებულ სამხილებს დაზიანებების სახით, რადგან სწორედ დაზიანებები მიუთითებს საითკენ იყო მიმართული დამნაშავის ძალისხმევა - ჯანმრთელობის თუ სიცოცხლის ხელყოფისაკენ. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ ფაქტობრივად დამდგარი შედეგი ან მისი დადგომის ალბათობა იყოს დამნაშავის ქმედების კანონზომიერი და ლოგიკური დასასრული. ბუნებრივია, როდესაც დამნაშავე ნების და ქმედების თავისუფლების პირობებში, მსხვერპლს დაზიანებას სხეულის ისეთ ადგილებში, ისეთი საშუალებითა და ინტენსივობით აყენებს, რაც საშუალო ინტელექტის ადამიანისთვისაც კი არ მოასწავებს სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს - გამოირიცხება სიცოცხლის მოსპობის განზრახვის არსებობა. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ შეფასებული მტკიცებულებები საკმარისად ნათელი და დამაჯერებელია, რათა დადგინდეს თ. ჩ–ს ქმედებაში დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის არსებობა.

5.6. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ მსჯავრდებული მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში და მის ქმედებაში არ არსებობს მართლწინააღმდეგობა. დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს თ. ჩ–სსა და თ. ა–ს შორის მოხდა ურთიერთშელაპარაკება, რის შედეგადაც ორივემ მიიღო დაზიანებები. მხარეებს შორის სადავოა ის გარემოება - თუ რომელი მათგანი იყო ფიზიკური დაზიანების მიყენების ინიციატორი. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით საქმეზე უტყუარად არის დადასტურებული ორივე პირის სხეულზე არსებული დაზიანებების მორფოლოგია. შემთხვევის დღეს განვითარებულ მოვლენათა აღდგენისა და გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენის შესაძლებლობას იძლევა სწორედ ექსპერტიზის დასკვნების შედეგები და საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები.

5.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, თუ სად გადის ზღვარი ჩხუბის დროს ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას და აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ჩადენილ სიცოცხლის მოსპობას შორის. აუცილებელი მოგერიების სამართლებრივი კომპონენტებია: რეალური და იმწუთიერი თავდასხმა და აღნიშნული თავდასხმისაგან თავდაცვის მიზნით განპირობებული ქცევის ერთობლიობა. ჩხუბი კი სოციალური ქცევის ისეთი ფენომენია, როდესაც მონაწილე მხარეები იმყოფებიან ურთიერთთავდასხმის მდგომარეობაში და მათი ქმედება უპირატესად მიმართულია არა თავდაცვის, არამედ - მოწინააღმდეგის დაზიანებისა და ხელყოფისაკენ. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარე ცდილობს დაარწმუნოს სასამართლო, რომ მსჯავრდებული სრულიად მოულოდნელად გახდა დაზარალებულის მხრიდან თავდასხმის ობიექტი, რის შემდგომაც მისი ქმედებები განპირობებული იყო მხოლოდ თავდაცვის მიზნით. დაცვის მხარის ამგვარი ვერსიის შემოწმებისას, სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის მტკიცებულებით მხარეს და რელევანტურად მიუთითა თ. ა–ს დაზიანებებზე. მნიშვნელოვანია ის გარემოებები, რაც სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა ჭრილობების ზედაპირის მიმართულებაზე და იმაზე, რომ მსჯავრდებულმა დაზიანებების მიყენებისას შეიცვალა პოზიცია. ასევე საყურადღებოა სამივე ჭრილობის ლოკალიზაცია „უკნიდან წინ“, რაც მოწმობს, რომ დაზიანებების მიყენებისას დაზარალებული იმყოფებოდა მსჯავრდებულისაგან ზურგით. ამდენად, შეუძლებელია იმის დაშვება, რომ მსჯავრდებული ზურგით მდგომი დაზარალებულისაგან იმწუთიერი და რეალური თავდახმის მსხვერპლი ყოფილიყო. თ. ა–ს პირველსაც კი, რომ მიეყენებინა დაზიანება თ. ჩ–სათვის, უცვლელია ის ფაქტი, რომ ჭრილობების მიყენების მომენტში, დაზარალებული მსჯავრდებულისგან ზურგით იმყოფებოდა. შესაბამისად, როდესაც სრულდება თავდასხმა და ხელყოფის საშიშროება ამოწურულია, თავდასხმის ობიექტის შემდგომი ქმედება თავდამსხმელის დაზიანებისკენ, შურისძიების განზრახვით არის განპირობებული და არ ემსახურება თავდაცვის მიზანს.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის ვერსიას, რომ მსჯავრდებული იმყოფებოდა ორი პირის თავდასხმის მოგერიების მდგომარეობაში, რამდენადაც გამოკვლეული ვიდეოჩანაწერებიდან ნათლად ჩანს, რომ შელაპარაკების მომენტში უშუალოდ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის მესამე პირი არ ჩარეულა. გარდა ამისა, ინფორმაციულია სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევის შედეგები მსჯავრდებულისა და დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანაბების შესახებ. აღნიშნული დასკვნებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულს აღენიშნება ნაჭდევი დაზიანება სახის არეში მოტეხილობის სახით, ხოლო დაზარალებულს - მრავლობითი ჭრილობები და ასევე, ნაჭდევები სხეულის სხვადასხვა მიდამოში. ამდენად, დაზიანებათა რაოდენობა ნათლად მოწმობს, რომ მსჯავრდებული არ იმყოფებოდა იმაზე ინტენსიური ფიზიკური ხელყოფის ქვეშ, ვიდრე - დაზარალებული. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს არ უტოვებს იმაში დაეჭვების გონივრულ შესაძლებლობას, რომ მიუხედავად დაპირისპირების ინიციატივისა, თ. ჩ–ი თ. ა–სთვის უშუალოდ ჭრილობების მიყენების დროს არ იმყოფებოდა იმწუთიერი და რეალური თავდასხმის ქვეშ და არ მოქმედებდა თავდაცვის მიზნით. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლოების მიერ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს, რომ თ. ჩ–ს მოქმედება ჩხუბის დროს აღმოცენებული შურისძიების მოტივით იყო ნაკარნახევი.

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანი შემოწმებისა და საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა შორის სადავო სამართლებრივი საკითხები წარმოადგენს მათი მხრიდან მტკიცებულებათა შეფასებისას არასწორი ინტერპრეტაციის შედეგს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში არ იკვეთება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც სამართლის განვითარებისათვის ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ სამართლებრივ მოცემულობას ქმნის. ამდენად, საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორები ვერ ასაბუთებენ საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.10. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას თ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში მსჯავრდების შესახებ. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გიორგი ქობულაძისა და მსჯავრდებულ თ. ჩ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - თ. ა–ს და ზ. მ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე