Facebook Twitter

საქმე N 330100121004423099

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №167აპ.-22 29 ივნისი, 2022 წელი

თ–ი ლ., №167აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. მ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 21 იანვარს ლ. თ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენით ლ. თ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით;

საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლ. თ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლითა და 6 თვით.

2.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

2021 წლის 19 იანვარს, საღამოს, ქ. თ–ში, ვ–ს ქუჩა №..-ში, ბინა №..-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ. თ–მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე - ი. ი–ზე, კერძოდ: სხეულზე ხელისა და ფეხის დარტყმით, ასევე, მჭრელი საგნის მიბჯენით მიაყენა მსუბუქი დაზიანებები და ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 19 იანვარს, საღამოს, ქ.თ–ში, ვ–ს ქუჩა №.-ში, ბინა №..-ში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ლ. თ–ი, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს - ი. ი–ს, რომელმაც მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც დახმარებისთვის მიმართა პოლიციას.

2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. მ–მ. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 30 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 6 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 10 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. თ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. მ–მ. დაცვის მხარემ საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული განაჩენი უკანონოა, რადგან სააპელაციო სასამართლომ მტკიცებულებები არ შეაფასა ობიექტურად, არ არსებობდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა; სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო საქმის შედეგით დაინტერესებული პირის - დაზარალებულის ურთიერთგამომრიცხავ და წინააღმდეგობრივ ჩვენებას, რომელიც არასანდოა და არ დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

4.2. კასატორი საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ლ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

5.4. დაზარალებულ ი. ი–ის ჩვენებით, 2021 წლის 19 იანვარს იმყოფებოდნენ მეზობელთან, სადაც მეუღლემ - ლ. თ–მ მიიღო ალკოჰოლი. სახლში დაბრუნებისას შეიარეს მაღაზიაში, სადაც დაიწყო კონფლიქტი. სახლში მარტო ავიდა. აგრესიული ლ. თ–ი დაბლა დარჩა. თავად დაუკავშირდა ბრალდებულის მეგობარს და დახმარება სთხოვა. მეუღლე მეზობელმა მიიყვანა სახლში. მეზობლის სახლიდან გასვლის შემდეგ, ლ. თ–მ მას სილა გააწნა. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამასობაში მივიდა ბრალდებულის მეგობარი - ი. ყ–ი. აგრესიული ლ. თ–ი აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ბრალდებული მეგობარმა გაიყვანა გარეთ. ბინაში დაბრუნებულმა ლ. თ–მ იატაკზე დააგდო, დანა მიადო ყელზე და ფეხი მიარტყა ცხვირში. ხელის დარტყმის ფაქტი ი. ყ–ს არ დაუნახავს. დარტყმის გამო ცხვირიდან სისხლი წამოუვიდა. დანის მიდების შედეგად ყელზე ორ ადგილას ნაჩხვლეტი ემჩნეოდა. ყველა შემთხვევაში დიდი ტკივილი იგრძნო და სხეულზე დალურჯებები აღენიშნებოდა. გარდა ფიზიკური ძალადობისა, ლ. თ–ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ცემისა და მუქარის ფაქტებს შეესწრნენ ბავშვები, რომლებიც შეშინდნენ და ტიროდნენ. დაზარალებულის განმარტებით, ლ. თ–ი უმიზეზოდ ეჭვიანობდა მასზე და უხეშად ექცეოდა. ბრალდებული ყველაფერს უშლიდა, აკონტროლებდა და უმოწმებდა მობილურ ტელეფონს, ეჩხუბებოდა სამსახურიდან დაგვიანებით დაბრუნების გამო, ნახულობდა, ვინ ურეკავდა და ვის სწერდა, უშლიდა კონკრეტულ ადამიანებთან მეგობრობას, ერეოდა მის ჩაცმასა და ყველა წვრილმანში. ის ამტკიცებდა, რომ ოჯახში, როგორც მამაკაცს, ყველაფერი უნდა სცოდნოდა და ნებისმიერი დეტალი მისთვის უნდა შეეთანხმებინა.

5.5. მოწმე ი. ყ–ის ჩვენებით, 2021 წლის 19 იანვარს, საღამოს, მისწერა ი. ი–მ, რომელმაც შეატყობინა, რომ ლ. თ–ი ეჩხუბებოდა და სთხოვა დახმარება. მივიდა მათ ბინაში, სადაც შეესწრო სიტყვიერ დაპირისპირებას. ლ. თ–ი და ი. ი–ი ხმამაღლა აგინებდნენ ერთმანეთს. ლ–ი გაიყვანა გარეთ, ხოლო ი. ი–ი, შეშინებულ ბავშვებთან ერთად, დარჩა ბინაში. მოწმემ დაადასტურა, რომ ი. ი–ს სახეზე სისხლის კვალი შეამჩნია. ფიზიკურ დაპირისპირებას არ შესწრებია.

5.6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 27 იანვრის N......... სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სამედიცინო დოკუმენტაციისა და პირადი გასინჯვით, ი. ი-ს აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაკაწრების სახით. სისხლნაჟღენთები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხოლო ნაკაწრები - რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივ-ბლაგვი საგნის შეხება-ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2021 წლის 19 იანვარს. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ე. ლ–მა.

5.7. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ 2021 წლის 19 იანვარს გამომძიებელმა გ. წ–მ, დაზარალებულ ი. ი–ის, ექსპერტების - გ. ნ–სა და ლ. ქ–ს მონაწილეობით, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, მდებარე - ქ. თ–ში, ვ–ს ქუჩა №.., ბინა №..-ში, საიდანაც ამოიღეს მოწითალო ლაქის ანაწმენდები.

5.8. ექსპერტმა გ. ნ–მ დაადასტურა, რომ 2021 წლის 19 იანვარს დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, სადაც ორ ადგილზე აღმოაჩინეს და ამოიღეს მოწითალო ფერის ლაქა, რომელიც დაილუქა. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობდა დაზარალებული ი. ი–ი, რომელსაც ცხვირის არეში სიწითლე ეტყობოდა. მან აღნიშნა, რომ მეუღლესთან ჩხუბის შედეგად ცხვირიდან წასკდა სისხლი.

5.9. გამომძიებელ ზ. ბ–ს ჩვენების თანახმად, 2021 წლის 19 იანვარს ი. ი–ისაგან მიიღეს შეტყობინება ოჯახური ძალადობისა და მუქარის ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ორი არასრულწლოვანი, რომლებიც ტიროდნენ. ქალბატონს ყელზე ნაკაწრი ემჩნეოდა და ცხვირი დასიებული ჰქონდა. დაზარალებულმა განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და დანა დაადო კისერზე.

5.10. გამომძიებელ ჯ. გ–ს ჩვენებით, 2021 წლის 19 იანვარს ...............ის მე-.. სამმართველოში შევიდა შეტყობინება ქ.თ–ში, ვ–ს ქუჩაზე მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შესახებ. შემთხვევის ადგილზე დახვდათ ქალბატონი - ი. ი–ი, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა, მათ შორის - სახეში ჩაარტყა ფეხი, რა დროსაც სისხლი წამოუვიდა, ასევე, პურის საჭრელი დანა მიადო ყელზე და მოკვლით ემუქრებოდა. იატაკზე შეამჩნია წითელი ფერის ლაქები. სახლში ასევე იმყოფებოდნენ განერვიულებული არასრულწლოვანი ბავშვები.

5.11. გამომძიებელმა გ. წ–მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

5.12. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2021 წლის 12 თებერვლის №.... ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გამოსაკვლევ ორ ანაწმენდზე არსებული სისხლი და ი. ი–ის სისხლი მიეკუთვნება ერთსა და იმავე ჯგუფსა და ტიპს.

5.13. პატრულ-ინსპექტორ ვ. კ–ს ჩვენებით დადგენილია, რომ 2021 წლის 20 იანვარს ალკოტესტით შეამოწმა ლ. თ–ი, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური სიმთვრალე.

5.14. არასრულწლოვანმა გ. თ–მა ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

5.15. ლ. თ–მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და აღნიშნა, რომ 2021 წლის 19 იანვარს სტუმრად იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. ზომიერად მიიღეს ალკოჰოლი. სახლში დაბრუნებისას შეკამათდნენ. კონფლიქტის მიზეზი იყო სოციალური დახმარება, რომელიც მისმა მეუღლემ წააგო. გარდა ამისა, მას სახლიდან ხშირად გაჰქონდა ნივთები. მათ შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი მეუღლე ემუქრებოდა, რომ „მის თავს დააჭერინებდა“.

5.16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: მოწმეთა ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებითა და ექსპერტთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება ლ. თ–ს მიერ დაზარალებულ ი. ი–ის მიმართ ძალადობისა და მუქარის ჩადენის ფაქტი.

5.17. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ლ. თ–ს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების ნაწილში ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენას.

5.18. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს მოწმე ი. ი–ის ჩვენების არასანდოობის შესახებ და აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება სრულად, თანმიმდევრულად და დამაჯერებლად აღწერს განვითარებულ მოვლენებს, არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, აკმაყოფილებს მტკიცებულების შეფასების ყველა სტანდარტს და თანხვდენილია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს მოწმის რაიმე ინტერესზე. ამდენად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის პოზიცია მისი მიკერძოების შესახებ. რაც შეეხება მსჯავრდებულ ლ. თ–ს ჩვენებას, იგი არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას და ემსახურება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისათვის თავის არიდების მიზანს.

5.19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.20. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.22. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. თ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. მ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე