საქმე N 330100119003300587
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №314აპ.-22 22 ივნისი, 2022 წელი
კ–ი ე., №314აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. ე. კ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:
1.2. 2019 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, თავის საცხოვრებელ სახლში, მდებარე ქ.თ–ში, ..........ს ქუჩა №.., ოთახი №..-ში, მეუღლესთან - მ. ბ–თან კონფლიქტის შემდეგ, ე. კ–მა ფიზიკურად იძალადა თავის არასრულწლოვან, 2... წელს დაბადებულ შვილზე - მ. ბ–ზე. კერძოდ, ორი წლის მ. ბ–ს, ძალის გამოყენებით, თავი მიარტყმევინა რკინის კარზე, რის შედეგადაც მ. ბ–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი, დაიწყო ტირილი და ჩავარდა შოკურ მდგომარეობაში.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის
განაჩენით ე. კ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ე. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 20 ივლისის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3.2. 2022 წლის 13 იანვარს თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ემზარ ფუხაშვილმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 15 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ე. კ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ე. კ–ის ბრალეულობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეებმა: მ. გ–მა და ა. ჭ–მა დაადასტურეს, რომ 2019 წლის 8 ოქტომბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ თ–ში, ............ის ქუჩა N.., ბინა N..-ში, სადაც დახვდათ მ. ბ–ი, რომელმაც მიუთითა იქვე მყოფ ახალგაზრდა ქალბატონზე - ე. კ–მზე, რომელსაც, მოწმის განმარტებით, ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, რის გამოც ხშირად იყო აგრესიული და ძალადობდა მასზე და მათ ორი წლის შვილზე - მ. ბ–ზე. ადგილზე მყოფი სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმები კი განმარტავდნენ, რომ მ. ბ–ს მდგომარეობა იყო საგანგაშო, რადგან ბავშვი იყო შეშინებული, სტრესის და შოკის ქვეშ, რის გამოც საფრთხე ექმნებოდა მის ჯანმრთელობას. მოწმე ე. ხ–ს გამოკითხვის ოქმით კი დადგინდა, რომ მისი შვილი - ე. კ–ი პერიოდულად სვამდა ალკოჰოლურ სასმელს, ამასთან, შეეცვალა ხასიათი, გახდა აგრესიული, ჰქონდა ფსიქოლოგიური პრობლემებიც, ადვილად ღიზიანდებოდა და ხშირად გამოდიოდა მდგომარეობიდან. 2019 წლის 8 ოქტომბერს მას დაუკავშირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომელი და სთხოვა მისულიყო ე. კ–ის სახლში, რადგან ბავშვი საავადმყოფოში იყო გადასაყვანი. ასევე უთხრა, რომ მ. ბ–ის განმარტებით, მ. ბ–ს დედამ მიარტყმევინა კარზე თავი. ადგილზე მისვლისას მ. ბ–ი იყო ნამტირალევი და შეშინებული, ე. კ–ი კი ამბობდა, რომ მისი მეუღლის ნათქვამი სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
4.2. გამართლებულ ე. კ–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. ფ–მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩვარზე წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ე. კ–ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
5.3. დაზარალებულმა მ. ბ–მ უარი განაცხადა ახლო ნათესავის - მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, დაზარალებული მ. ბ-ი კი, მცირეწლოვნობის გამო, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე არ დაკითხულა. ამასთან, ე. კ–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო მოწმემ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადა ე. კ–ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოწმეების - ლ. ზ–სა და თ. ნ–ს გამოკითხვის ოქმებით დადგენილია, რომ 2019 წლის 8 ოქტომბერს, საღამოს საათებში, რადიოსადგურით მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ თ–ში, ........ის ქუჩა N.., ოთახი N..-ში, სადაც დახვდნენ ცოლ-ქმარი მ. ბ–ი და ე. კ–ი, ორი წლის შვილთან, მ. ბ–სთან ერთად, რომელსაც აღენიშნებოდა შოკის მდგომარეობა, ტიროდა, იყო აღელვებული, შეშინებული, შიშისგან დადუმებული და უკონტაქტო. მ. ბ–ი ამბობდა, რომ ე. კ–ი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული, ნერვიული, არაადეკვატური და შვილის მიმართ აგრესიული, ხშირად სცემდა და სჯიდა ბავშვს. ასევე ამბობდა, რომ 8 ოქტომბერს ე. კ–მა მ. ბ–ს თავი მიარტყმევინა რკინის კარზე, რასაც თავად ე. კ–ი უარყოფდა და ითხოვდა იმის დასადასტურებლად, რომ ბავშვს არ ჰქონდა დაზიანებები, ექოსკოპიური გამოკვლევისთვის გადაეყვანათ საავადმყოფოში. მოწმეთა განმარტებით, ბავშვს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდა და არ არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა. აღნიშნული თანხვდენილია პაციენტის N.. სამედიცინო ბარათთან, სადაც მითითებულია, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს ტრავმის გამო. მამა აცხადებდა, რომ ბავშვს თავი კარზე მიარტყმევინა დედამ, რასაც ეს უკანასკნელი უარყოფდა. მოწმეთა ჩვენებები იმ ნაწილში, რომ მ. ბ–ს ფიზიკური დაზიანების ნიშნები არ აღენიშნებოდა, გამყარებულია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 22 ოქტომბრის სამედიცინო ექსპერტიზის N........ დასკვნით, რომლითაც დგინდება, რომ მ. ბ–ს სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშანი არ აღენიშნება. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ხილული დაზიანების არარსებობა, ასევე ის, რომ მცირეწლოვნობის გამო, მ. ბ–მა ვერ მისცა ჩვენება, არ გამორიცხავს ძალადობის და ტკივილის განცდის ფაქტს. თუმცა, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა ნამდვილად იძალადა თუ არა ე. კ–მმა მცირეწლოვან შვილზე.
5.5. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).
5.6. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
5.7. კასატორის მიერ მითითებული მოწმეების: ა. ჭ–ს, მ. გ–ს, თ. ნ–ს, ლ. ზ–ს და ე. ხ–ს ჩვენებები, იმ ნაწილში, სადაც ისინი გადმოსცემენ მ. ბ–ის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ ე. კ–ი იყო ალკოჰოლზე დამოკიდებული, ნერვიული, არაადეკვატური და შვილის მიმართ აგრესიული, ხშირად სცემდა ბავშვს და 8 ოქტომბერს თავი მიარტყმევინა რკინის კარზე, წარმოადგენს ირიბს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ე. კ–მა თავად დარეკა და გამოიძახა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. იგი თავიდანვე უარყოფდა, რომ ბავშვს რკინის კარზე მიარტყმევინა თავი და აღნიშნულის გამო ითხოვდა მისთვის შესაბამისი გამოკვლევის ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაყვანას. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვი ტიროდა და იმყოფებოდა შოკურ მდგომარეობაში არ ადასტურებს მის ბრალეულობას. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მოწმეთა განმარტება, რომ მათ ადგილზე მყოფი მეზობლებისგან შეიტყვეს, რომ ე. კ–ი იყო აგრესიული და კონფლიქტური ადამიანი, რომლის სახლიდან ხშირად გამოდიოდა ჩხუბის ხმა, არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, მითუფრო - არც ხსენებული პირები არიან გამოკითხულნი.
5.8. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის სხვა მოწმეებმა - ნ. ნ–მ, ბ. კ–მ და შ. მ–მა დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ე. კ–ის ბრალეულობის დასადასტურებლად ან უარსაყოფად არარელევანტურია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მათ დამატებით არ მიმოიხილავს. სხვა მტკიცებულებები კი მხარეებმა მიიჩნიეს უდავოდ და ისინი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
5.9. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოწმე მ. ბ–მ ისარგებლა კანონით მისთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მოწმის მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე სასამართლოში არ დაადასტურებულა.
5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შემაკავებელ ორდერში და სამედიცინო ბარათში მ. ბ–ს მიერ მიწოდებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად. ამ თვალსაზრისით, ასევე უმნიშვნელოა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მტკიცებულებითი ღირებულებაც. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.
5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ე. კ–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ემზარ ფუხაშვილის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე