Facebook Twitter

საქმე N120100121005035231

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №185აპ.-22 1 ივნისი, 2022 წელი

მ–ე ა., №185აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ა. მ–ე (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონების განადგურებისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 18 აგვისტოს, დაახლოებით 18:35 საათზე, ბ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას, დ. გ–ს ალკოჰოლით მთვრალმა ა. მ–მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ხის ფიცარი დაარტყა თავის არეში, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და თავისა და ნიკაპის არეში მიყენებული დაზიანებებით მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

1.3. 2021 წლის 18 აგვისტოს, ბ–ს რაიონის სოფელ ქ–ში მდებარე ე. გ–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ურთიერთშელაპარაკებისას, ალკოჰოლით მთვრალი ა. მ–ე, მითითებული საცხოვრებელი სახლის დაწვით დაემუქრა ე. გ–ს, დ. გ–ს კი - ჯანმრთელობის დაზიანებით, რის გამოც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით ა. მ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ქონების განადგურებისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

2.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით.

2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქა მეორე სასჯელი და ა. მ–ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 1 (ერთი) წელი.

2.5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ახალციხის რაიონული პროკურორატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა და მოითხოვა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 30 დეკემბერს ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თამუნა მურჯიკნელმა საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ა. მ–მ ორი პირის მიმართ ჩაიდინა განზრახი, ძალადობრივი ხასიათის დანაშაულები, მათ მიმართ გამოხატა განსაკუთრებული აგრესია, დ. გ–ს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, ხოლო ე. გ–სს დაემუქრა საცხოვრებელი სახლის დაწვით, ამასთან არ შერიგებია დაზარალებულებს. დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას, არის ლმობიერი, ვერ უზრუნველყოფს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციასა და სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის დამძიმებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის მტკიცება და უცვლელად დატოვა ა. მ–სისთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები), პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (მსჯავრდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები, არ არის ნასამართლევი), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ა. მ–ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა. მოცემულ შემთხვევაში ა. მ–ის მიმართ განსაზღვრული სასჯელები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების სანქციის ფარგლებშია და საბოლოო სასჯელის განსაზღვრის წესი სრულად შეესაბამება როგორც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, ისე - საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს (ჩადენილი დანაშაულების ხასიათსა და მსჯავრდებულის პიროვნებას).

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს სასჯელის გამკაცრების შესახებ და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მსჯავრდებულს განუსაზღვრეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ყველაზე მკაცრი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაეთვალა პირობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირობითი მსჯავრი წარმოადგენს სასჯელის მოხდის ფორმას, რომელსაც თან სდევს გამოსაცდელი ვადა და რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული. მას ნამდვილად გააჩნია მსჯავრდებულზე ინდივიდუალური ზემოქმედებისა და კერძო პრევენციის ეფექტი, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამოსაცდელ ვადაში განმეორებითი განზრახი დანაშაულის ჩადენა წარმოადგენს პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სასჯელის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით დანიშვნის საფუძველს. ამდენად, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და სასჯელის მიზნების მიღწევის თვალსაზრისით, პირობითი მსჯავრის არაეფექტიანობის შესახებ არგუმენტი საფუძველს მოკლებულია.

5.6. რაც შეეხება ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევას, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ზოგადი პრევენციის მიზნის უგულებელყოფა არ შეიძლება, მეტიც, მას ნამდვილად აქვს საზოგადოებაში მაგალითის დატვირთვა და პოზიტიური როლი კრიმინალური ქმედების შემცირებისა და საზოგადოების მშვიდი, ჰარმონიული განვითარებისთვის. თუმცა სახელმწიფოს იძულების ღონისძიების გამოყენებისას უნდა ჰქონდეს ზოგადი პრევენციის ზემოაღნიშნული პოზიტიური შედეგების გამოწვევის პასიური მოლოდინი, სახელმწიფომ არ შეიძლება პირი დასაჯოს მხოლოდ იმის გამო, რომ სხვამ არ ჩაიდინოს იგივე ქმედება. არ შეიძლება პირის დასჯის მიზანი იყოს მხოლოდ და მხოლოდ სხვა პირების „დაშინება“, გაფრთხილება და ამ გზით სხვების მიერ იმავე დანაშულის ჩადენის რისკების მინიმალიზება. მხოლოდ ზოგადი პრევენცია ვერ იქნება საკმარისი და თვითკმარი პირის მიმართ ნებისმიერი სასჯელის გამოყენებისთვის, რადგან ასეთი მიდგომით ადამიანი გადაიქცევა სახელმწიფოს ხელში საზოგადოების „დაშინების იარაღად“, იძულების ღონისძიების გამოყენების მუქარის შიშველ ობიექტად, რაც გამორიცხულია და დაუშვებელი სამართლებრივ სახელმწიფოში“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-52).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური.

5.8. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდების მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.9. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორ თამუნა მურჯიკნელის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე