საქმე N330100121004765424
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №203-აპ.-22 20 ივნისი, 2022 წელი
ნ–ი ო., 203აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენით ო. ნ–ი (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა დამნაშავედ: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 1 (ერთი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) - 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - 1 (ერთი) წლითა და 9 (ცხრა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2021 წლის აპრილის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ო. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 16 მარტის განაჩენით დანიშნული, სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1200 (ათას ორასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია:
ო. ნ–ი, რომელიც ეჭვიანობდა აბსტრაქტულ პირებზე, თანაცხოვრების უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, 2021 წლის 16 მაისის ჩათვლით დროის მონაკვეთში, თ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს - მ. გ–ს, კერძოდ: ამცირებდა, აგინებდა და ლანძღავდა მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით, რის შედეგადაც მ. გ–ე განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ო. ნ–ის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს ესწრებოდა მ. გ–ს არასრულწლოვანი შვილი - ნ. ნ–ი.
2020 წლის სექტემბერში (ზუსტი დრო უცნობია), თ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ო. ნ–მ არასრულწლოვანი შვილის - ნ. ნ–ის თანდასწრებით, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის საბაბით, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს - მ. გ–ს და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი და გაშლილი ხელი სახის, თავის, წელის და ზურგის არეში, რა დროსაც მ. გ–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის აპრილში (ზუსტი დრო უცნობია), თ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ო. ნ–მ, არასრულწლოვანი შვილის - ნ. ნ–ის თანდასწრებით, ფიზიკურად იძალადა მ. გ–ზე, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახისა და ზურგის არეში, რა დროსაც მ. გ–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის 15 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 16 მაისის 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში, თ–ში, ს–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ო. ნ–მ, აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობის საბაბით, ფიზიკურად იძალადა მ. გ–ზე, კერძოდ: რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და სხეულის არეში, რის შემდგომაც თმის მოქაჩვით გაათრია ერთი ოთახიდან მეორეში, ხელის კვრით წააქცია იატაკზე და წაქცეულს მუშტები და ფეხები მრავალჯერ დაარტყა სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რა დროსაც მ. გ–მ თითოეულ შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2021 წლის 15 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 16 მაისის 02:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქ.თ–ში, ს–ს ქუჩა N..-ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, ო. ნ–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მ. გ–ს, ეჭვიანობის საბაბით, დანის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობით - ყელის გამოჭრით დაემუქრა, რის გამოც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
1.3. სასამართლომ დაადგინა, რომ გონივრულ ეჭვმს მიღმა მტკიცებულებებით არ დადასტურდა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა, რის გამოც ბრალად წარდგენილი ქმედების შემადგენლობიდან ამოირიცხა მითითება გენდერული შეუწყნარებლობის მოტივზე.
2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:
2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 12 ნოემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2022 წლის 28 იანვარს პროკურორმა ნათია გურულმა, საკასაციო წესით, გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 28 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ო. ნ–ის ქმედებებში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის არსებობის დადგენა და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის ზომის გამოყენება.
3.2. პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს: დაზარალებულის ჩვენებით დადასტურებულია მეუღლის მხრიდან მის მიმართ სოციალური უთანასწორო დამოკიდებულება. მართალია, სასამართლომ განაჩენში განმარტა, რომ ეჭვიანობის მოტივი ცალსახად არ მიუთითებს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობაზე, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, რაც აშკარად მეტყველებს მსჯავრდებულის არაჯანსაღ დამოკიდებულებაზე ქალისა და მამაკაცის სოციალური თანასწორობის საკითხზე. კერძოდ, ო. ნ–ი მ. გ–ს მიმართ ეჭვიანობდა არა კონკრეტულ პირებთან მიმართებით, არამედ აბსტრაქტულ პირებზე, რასაც სისტემატური ხასიათი ჰქონდა, მათ შორის: მან 2021 წლის 14 მაისს, ტელეფონით საუბრისას, სიტყვიერი შეურაცხყოფის თანხლებით, მოსთხოვა მეუღლეს ვიდეოთვალის ჩართვა და მისი ადგილმდებარეობის ჩვენება, რაც ცალსახად მიუთითებს ბრალდებულის მესაკუთრეობრივ დამოკიდებულებაზე მეუღლის მიმართ. აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ, როდესაც მ. გ–მ პროტესტი გამოხატა მეუღლის მხრიდან სხვა ქალთან პირადი ხასიათის მიმოწერაზე, ბრალდებულმა საპასუხოდ იძალადა მასზე. ამდენად, ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებული მეუღლეს არ მიიჩნევს უფლებრივად თანასწორად და მიაჩნია, რომ მას თავად აქვს უფლება, მუდმივად აბსტრაქტულ პირებზე ეჭვიანობით აკონტროლოს მეუღლის ქცევა, ხოლო იმავე სიტუაციაში მეუღლეს არ აქვს ანალოგიური დამოკიდებულების გამოხატვის უფლება, ხოლო თუ გამოხატავს, ძალადობის ადრესატი გახდება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ დაზარალებულის განმარტებით, ის არ დადიოდა მეგობრებთან და სხვა პირებთან მეუღლის გარეშე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ მეუღლეს ეს არ სიამოვნებოდა. ამდენად, ცალსახაა, რომ დაზარალებული მეუღლის ქმედებებით იმყოფებოდა ნების დამთრგუნველ ვითარებაში და იმ ფაზაში, რომ საკუთარ თავს შეზღუდვებს უწესებდა.
3.3. სასჯელის ზომის გამკაცრების თაობაზე პროკურორი საკასაციო საჩივარში უთითებს, რომ: სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა ჩადენილი ქმედების ხასიათი, ქმედების განხორციელება დისკრიმინაციული ნიშნით, ქალთა მიმართ ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხე. პროკურორს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულს უნდა განესაზღვროს უფრო მკაცრი და ქმედების თანაზომიერი სასჯელი, რადგან მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს პრინციპული დამოკიდებულება ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, დამნაშავეებისა და პოტენციური დამნაშავეების შემდგომი ქცევის კანონის ფარგლებში მოსაქცევად.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2 სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, იმსჯელებს პროკურორის საკასაციო საჩივარზე ქმედების კვალიფიკაციასთან მიმართებით და მსჯავრდებულისათვის გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენის ბრალად შერაცხვის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლების თაობაზე.
4.3.,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია მხარეებს მოუწოდებს, რომ კონვენცია გამოიყენონ ოჯახში ძალადობის ყველა მსხვერპლთან მიმართებით. მოცემული კონვენციის დებულებების განხორციელებისას, მხარეები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის მსხვერპლ ქალებს. კონვეცია შეიცავს ცნებათა განმარტებას, კერძოდ: „გენდერული“ გულისხმობს სოციალურად დაკავშირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას და მახასიათებლებს, რომლებსაც მოცემული საზოგადოება ქალისა და მამაკაცისთვის შესაფერისად მიიჩნევს; „ქალთა მიმართ ძალადობა გენდერული ნიშნით“ გულისხმობს ქალის წინააღმდეგ მიმართულ ძალადობას იმის გამო, რომ ის ქალია ან რომელიც არათანაზომიერად უარყოფით ზემოქმედებას ახდენს ქალებზე.
4.4. ზემოაღნიშნული კონვენციის სულისკვეთებას იმეორებს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი და ქალთა მიმართ ძალადობას მიაკუთვნებს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში, ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილ, ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
4.5. ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევას, გენდერის ნიშნით, ვხვდებით საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა მიმართულებით, ინდივიდების სოციალური თანაარსებობისა და მოღვაწეობის მრავალფეროვან სფეროებში, მათ შორის: ინტიმურ, ოჯახურ თუ პირადი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებში. ამა თუ იმ საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპები და მცდარი წარმოდგენები ქალისა და მამაკაცის როლის, მათი ფუნქციური დატვირთვისა და ადგილის შესახებ სოციუმში, ხშირად ვლინდება მათ მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებში. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი, ყველაზე მძიმე შემთხვევაში, განაპირობებს ადამიანის კანონით დაცული სიკეთის იმდენად მძიმე ხელყოფას, რომ მისი აღკვეთისა და აღმოფხვრისათვის აქტიური და ქმედითი სისხლისსამართლებრივი ღონისძიებების ამოქმედება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.
4.6. ოჯახურ დანაშაულთა შემთხვევაში, სადაც ყველაზე მძაფრად არის წარმოდგენილი ქალისა და მამაკაცის შეხედულებებისა და ინტერესთა დაპირისპირება, კონფრონტაციის საბაბად შესაძლოა მოგვევლინოს, როგორც ყოფითი და ბანალური ეჭვიანობა, ისე მკვეთრად გამოხატული - გენდერულ წარმოდგენებზე დაფუძნებული ლაიტმოტივი. ამასთან, ეჭვიანობისა და დისკრიმინაციული მოტივის ურთიერთგამიჯვნა ხშირად ძალიან რთულია, თუმცა - აუცილებელი, რადგან პირველი ავტომატურად არ გულისხმობს მეორის არსებობას, ხოლო სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად ყოველგვარი ეჭვი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა იქნეს გადაწყვეტილი. მამაკაცის მხრიდან ქალისადმი ეჭვიანობა და მისი ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური კონტროლის მცდელობები, ერთი შეხედვით, ძალიან ჰგავს გენდერულ შეუწყნარებლობას. სწორედ ოჯახურ ურთიერთობებში მეუღლეები საკუთარ თავსა და პარტნიორს ხშირად მოიაზრებენ გენდერული სტერეოტიპების ჭრილში და ამგვარ წარმოდგენებზე აგებენ ურთიერთვალდებულებებსაც, თუმცა კონკრეტული დანაშაულის გენდერული მოტივის დასადგენად, ეს მოტივი უნდა მემართებოდეს ძალადობის შესაბამის ეპიზოდს და აუცილებელია მისი სათანადო ფაქტობრივი დადასტურება.
4.7. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული მეუღლეზე ხშირად ეჭვიანობდა, ეჭვიანობის ობიექტი კი არ იყო პერსონიფიცირებული. სწორედ იმ ფაქტორს, რომ მსჯავრდებულს არ ჰყავდა მეუღლის მიმართ ეჭვიანობის კონკრეტული ობიექტი, ბრალდება მიუთითებს გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის დამადასტურებლად. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება აღნიშნულ არგუმენტაციას და განმარტავს: ეჭვიანობა, როგორც ოჯახური დანაშაულის მოტივი, თავისთავად არ გულისხმობს გენდერულ შეუწყნარებლობას. ასევე, ეჭვიანობის კონკრეტული ადრესატის არ არსებობა ავტომატურად არ გარდაქმნის ცალკეული სქესის (ქალის ან მამაკაცის) მიმართ კლასიკური ეჭვიანობის მოტივს გენდერულ შეუწყნარებლობად. ცალკეულ სქესს სწორედ მისი სოციალური ფუნქცია ანიჭებს გენდერულ დატვირთვას. ამდენად, გენდერი და სქესი არ არის ერთი და იგივე ცნება და როდესაც დასადგენია დანაშაულის გენდერის ნიშნით ჩადენა, ყურადღება უნდა გამახვილდეს შემდეგ ფაქტორებზე: დანაშაული აღმოცენებულია ორ სხვადასხვა სქესს შორის ყოფით კონფლიქტებზე, თუ დაზარალებულის გენდერის მიმართ დამნაშავის სუბიექტურ წარმოდგენებზე.
4.8. სასამართლო ეთანხმება კასატორს, ზოგადად, გენდერული ნიშნით ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მეთოდებსა და ფაქტებზე მსჯელობისას, თუმცა მიაჩნია, რომ არ დგინდება ამგვარი მოტივის უშუალო მიზეზობრივი კავშირი განსახილველი დანაშაულების ჩადენასთან. გენდერულ ჭრილში ფსიქოლოგიური ზემოქმედება შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით: ქალის მოქმედების და ნების თავისუფლების შეზღუდვით, ქცევის მუდმივი კონტროლით, სტერეოტიპული შთაგონებებით და სხვა. ამასთან, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობას თან უნდა ახლდეს მსჯავრდებულის ქცევის განმსაზღვრელი ცალსახა მოტივი - მამაკაცის მიერ ქალის დამორჩილების მისწრაფება იმ წარმოდგენაზე დაყრდნობით, რომ ქალი რომელიმე საკითხში არ წარმოადგენს მამაკაცთან უფლებრივად თანასწორს და ვალდებულია, საკუთარი ქცევა მამაკაცის სურვილისამებრ წარმართოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაექვემდებარება ძალადობას. გენდერული შეუწყნარებლობა შესაძლებელია თან სდევდეს ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის ნებისმიერ ასპექტს, თუმცა მოცემულ შემთხვევაში - აღნიშნული მოტივის მაკვალიფიცირებელ ნიშნად ბრალდებულისათვის შერაცხვა, დასაშვებია მხოლოდ ამ მოტივსა და ქმედებას შორის ურთიერთკავშირის დადგენისას. ამდენად, დანაშაული ჩადენილია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, თუ მტკიცებულებებით დასტურდება მამაკაცის მიერ ქალის თავისუფლების შეზღუდვის, დადგენილ სტერეოტიპულ ჩარჩოებში მოქცევის და კონტოლის ფაქტები და სწორედ ეს საბაბი არის წამყვანი ფაქტორი დანაშაულებრივი განზრახვის აღმოცენებისას. განსახილველ შემთხვევაში, დაზარალებულმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ო. ნ–ი ეჭვიანი გახდა ნარკოტიკული საშუალების სისტემატური მოხმარების დაწყების შემდეგ და მსგავსი თვისება მანამდე მეუღლისთვის არ შეუნიშნავს. დაზარალებულის ჩვენებით: სექტემბერში მომხდარი კონფლიქტი გამოიწვია ნივთების სახლიდან უკითხავად გატანამ, აპრილში მომხდარი კონფლიქტი კი - დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულის მიმოწერაზე ეჭვიანობამ; მაისის თვეში, კი - ზოგადად, მსჯავრდებული ძალიან გაღიზიანებული იყო, ხშირად ურეკავდა და ცდილობდა მის გაკონტროლებას, თუმცა უშუალოდ მაისში მომხდარი ძალადობისა და მუქარის ეპიზოდები უკავშირდებოდა ეჭვიანობის ნიადაგს. საქმეში არ არის წარმოდგენილი სხვა სახის მტკიცებულება, რითაც დადგინდებოდა ო. ნ–ისათვის ბრალად შერაცხული დანაშაულების გენდერული მოტივით ჩადენა. საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზარალებული ზოგადად საუბრობს მეუღლის ეჭვიანობასა და მაისის თვეში მეუღლის მიერ მისი ქცევის თავისუფლების კონტროლის მცდელობებზე, თუმცა განსახილველი ძალადობის თითოეულ ეპიზოდს უკავშირებს არა გენდერულ ჩაგვრას, არამედ მსჯავრდებულის ნარკოდამოკიდებულებას და მისგან გამოწვეული ემოციური არამდგრადობის მდგომარეობას. გარდა ამისა, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მსჯავრდებულს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებითა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული პიროვნული და ქცევითი აშლილობა, არამკვეთრად გამოხატული ცვლილებებით ფსიქიკის მხრივ. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ განსახილველი დანაშაულების ჩადენა დეტერმინირებულია არა მეუღლის, როგორც ქალის - გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, არამედ - სრულიად უმოტივო/უმიზნო ეჭვიანობით, რაც მსჯავრდებულის ნარკოზემოქმედების პირობებში მწვავდებოდა და ძალადობრივ ქმედებებში გადაიზრდებოდა. კასატორის ვერსიამ, რომ მსჯავრდებული მეუღლეზე სწორედ გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ძალადობდა, სასამართლო განხილვისას მტკიცებულებითი დადასტურება ვერ ჰპოვა.
4.7. ამდენად, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ო. ნ–ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულებიდან გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის ამორიცხვის შესახებ, სამართლებრივად სწორი და დასაბუთებულია, ემყარება მტკიცებულებათა სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევას, რითაც გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი აღნიშნული გარემოების არსებობა. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
4.8 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.“ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი სასჯელი შეიძლება დაინიშნოს დანაშაულთა ერთობლიობითა და განაჩენთა ერთობლიობით, ამავე კოდექსის 59-ე და მე-60 მუხლების მიხედვით. კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნის საფუძველი განსაზღვრულია ამ კოდექსის 55-ე მუხლით.“
4.9. სამართლის შეფარდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით ფასდება. შესაბამისად, სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის). საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
4.10. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ერთი მხრივ, ოჯახური დანაშაულის სპეციფიკა, მისი ზრდის ტენდენცია, მსხვერპლთა განსაკუთრებული მოწყვლადობა და მათი დაცვის საჭიროება მოითხოვს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების მიზნით, სასჯელის გენერალური პრევენციის მექანიზმის გამკაცრებას. თუმცა, მეორე მხრივ, მხოლოდ გენერალური პრევენციის მიზანი არ არის საკმარისი მსჯავრდებულის მიმართ ყველაზე მკაცრი სახისა და ზომის სასჯელის გამოყენებისათვის. ოჯახური დანაშაულების მიმართ გამკაცრებული სისხლის სამართლის პოლიტიკის ლეგიტმური მიზნებისა და ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების კოლიზიისას, სასამართლო ვალდებულია, დაპირისპირებულ ინტერესთა შორის ბალანსი დაადგინოს მკაცრად ინდივიდუალიზებული და სასჯელის მიზნებთან შესაბამისი და პროპორციული სასჯელის სახისა და ზომის შერჩევით. ამდენად, გასათვალისწინებელი კრიტერიუმებია, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
4.11. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულების სანქციის ფარგლები, საქმეში გამოკვეთილი დამამძიმებელი გარემოებები: დანაშაულის რეციდივი და მუქარის ჩადენა იარაღად დანის გამოყენებით, მსჯავრდებულის პიროვნება და მიიჩნია, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სასჯელის დამძიმებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ და არ წარმოაჩენს გამოყენებული სასჯელის ზომის გამკაცრების საჭიროებას.
4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ნათია გურულის საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე