Facebook Twitter

საქმე N 330100120003576128

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №108აპ.-22 24 ივნისი, 2022 წელი

ნ–ე მ., 108აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ბ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 28 თებერვალს მ. ნ–ე (პირადი ნომერი: .......) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა (თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის) და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის ივნისში, თ–ში, ს–ს ქუჩა №..–ს მიმდებარედ განთავსებულ თ. ს–ს სარგებლობაში არსებულ საცხობში, მ. ნ–ემ, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, გაიცნო თ. ს–ე, ა. ტ–ი და ვ. ბ–ა. მ. ნ–ე მათ გაეცნო „ნ–ს“ სახელით. ასევე, მოატყუა, რომ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რ–ს ფილიალში და შეეძლო, მათ დახმარებოდა მართვის მოწმობების აღებაში. მ. ნ–მ მოიპოვა ა. ტ–ს ნდობა და შესთავაზა, რომ მის შვილს - დ. ტ–ს დაეხმარებოდა მართვის მოწმობის აღებაში, რისთვისაც ა. ტ–ს 240 ლარის გადახდა მოუწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ა. ტ–ი თავს იკავებდა მ. ნ–სათვის თანხის გადაცემაზე, ამ უკანასკნელმა დაარწმუნა, რომ მისი შვილი - დ. ტ–ი უკვე დარეგისტრირებული ჰყავდა მართვის მოწმობის ასაღებად, რისთვისაც საჭირო იყო ფოტოსურათები და სამედიცინო ცნობის ე.წ. „ფსიხოს“ აღება. სწორედ ვითომდა დ. ტ–ის მართვის მოწმობისათვის საჭირო სამედიცინო ცნობის ე.წ. „ფსიხოს“ დასამზადებლად, 2019 წლის ივლისში მ. ნ–ემ ა. ტ–ს თ–ში, ს–ს ქუჩა №..–ს ქუჩა №.-ის მიმდებარედ არსებულ საცხობში, მოტყუებით გამოართვა 40 ლარი, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. ამის შემდეგ, მ. ნ–ეს ა. ტ–ს შვილისათვის არც სამედიცინო ცნობა გადაუცია და არც ფულადი თანხა დაუბრუნებია.

1.3. მ. ნ–ე 2019 წლის ივლისსა და ნოემბერში, მობილური ტელეფონით საუბრისას, სიცოცხლის მოსპობით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და ქონების განადგურებით დაემუქრა თ. ს–სა და ა. კ–ს. კერძოდ, მ. ნ–მ მათ უთხრა, რომ ააფეთქებდა და „ჰაერში აწევდა“ თ. ს–ს საცხობს, გაანადგურებდა მათ ოჯახს, ა. კ–ს კი უბნის ბიჭებს აცემინებდა. მუქარის დროს თ. ს-ძე იმყოფებოდა თ–ში, ს–ს ქუჩა №..–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ არსებულ საცხობში, ხოლო ა. კ–ე - თ–ში, ზ–ის ქუჩა, კორპუსი №., ბინა №..-ში. თ. ს–მ და ა. კ–მ მ. ნ–ს მუქარა რეალურად აღიქვეს და გაუჩნდათ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანებისა და ქონების განადგურების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენით:

მ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

მ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ მ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით. მ. ნ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 21 მაისიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა. მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ბ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ხოლო თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორმა - გიორგი გოგალაძემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნა განაჩენთა ერთობლიობის წესით.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. ნ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით მ. ნ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 თებერვლის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ. ნ–ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლით;

მ. ნ–ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების დღიდან - 2020 წლის 21 მაისიდან.

3.2. 2021 წლის 21 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 29 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ნ. ბ–მ, რომელმაც საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა მ. ნ–ს ქმედება. კერძოდ, მ. ნ–ეს არ მოუტყუებია დაზარალებული და არც სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა და მიზანი ამოძრავებდა. იგი აპირებდა თანხის დაბრუნებას, მაგრამ ვალდებულების შესრულება ვეღარ შეძლო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო. რაც შეეხება მუქარის ბრალდებას, კასატორის განმარტებით, მსჯავრდებულს არ ჰქონია სხვისთვის ზიანის მიყენების განზრახვა და მისი სიტყვები, რაც დაზარალებულებმა რეალურად აღიქვეს, აფექტური მდგომარეობის შედეგად იყო წარმოთქმული.

4.2. კასატორი სააპელაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებზე, კერძოდ: საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. ნ–ს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში მსჯავრდების შესახებ.

5.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ მისთვის მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენას, კერძოდ:

დაზარალებულ ა. ტ–ს ჩვენებით, 2019 წელს მუშაობდა თ–ში, ს–ს ქუჩა №..–ს გამზირი №..-ის მიმდებარედ არსებულ საცხობში, ინდმეწარმე ა. კ–სთან, სადაც ასევე მუშაობდნენ ა. კ–ს მეუღლე - თ. ს–ე და პურის მცხობელი - ვ. ბ–ა. 2019 წლის ივნისში საცხობში მოვიდა მ. ნ–ე, რომელიც მათ გაეცნო „ნ–ს“ სახელით და სწრაფად დაამყარა მათთან ახლო კომუნიკაცია. მ. ნ–ემ მათ მოატყუა, რომ მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რ–ს ფილიალში და შეეძლო, მათ დახმარებოდა მართვის მოწმობების აღებაში. მ. ნ–ემ საერთო ნაცნობების ხსენებითა და ხშირი საუბრით მოიპოვა მისი ნდობა და შესთავაზა, რომ მის შვილს - დ. ტ–ს დაეხმარებოდა მართვის მოწმობის აღებაში, რისთვისაც 240 ლარის გადახდა მოუწევდა, საიდანაც 40 ლარი საჭირო იყო სამედიცინო მოწმობის აღებისთვის. მ. ნ–მ თითქმის ყველაფერი ჰკითხა მისი ოჯახის წევრების შესახებ, თუ რას საქმიანობდნენ და რამდენი ჰქონდათ ხელფასი. მ. ნ–მ მის შვილსაც მიაკითხა სამსახურში და გაიცნო. იგი თავს იკავებდა მ. ნ–სათვის თანხის გადაცემაზე, მაგრამ ნინიძემ დაარწმუნა, რომ დ. ტ–ი უკვე დარეგისტრირებული ჰყავდა მართვის მოწმობის ასაღებად, რისთვისაც საჭირო იყო ფოტოსურათები და სამედიცინო ცნობა - ე.წ. ,,ფსიხო“. დ. ტ–ის მართვის მოწმობისათვის საჭირო სამედიცინო ცნობის დასამზადებლად მ. ნ–ემ 2019 წლის ივლისში თ–ში, ს–ს ქუჩა №..–ს ქუჩა №..-ის მიმდებარედ არსებულ საცხობში, გამოართვა 40 ლარი, რასაც შეესწრო ვლადიმერ ბაძაღუაც, რადგან ამ უკანასკნელისგან ისესხა თანხა. ამის შემდეგ, მ. ნ–ე რამდენჯერმე მივიდა საცხობში, სადაც თ. ს–სგან მიჰქონდა ყველი და სხვა პროდუქცია, ფულზე კი ეუბნებოდა, რომ მერე მისცემდა. იგი ხან ხელფასის აღებას ელოდებიდა, ხან - ამერიკიდან გამოგზავნილ თანხას. თ. ს–სგან ასევე სესხულობდა თანხას, მაგრამ აღარ უბრუნებდა. შემდეგ თ. ს–მ დაურეკა მ. ნ–ეს და მოსთხოვა თანხის დაბრუნება. მან ხმამაღალ რეჟიმზე ჩართო ტელეფონი და ესმოდა მ. ნ–ს მუქარა, რომ ააფეთქებდა და „ჰაერში აწევდა“ მის საცხობს, გაანადგურებდა მათ ოჯახს, ა. კ–ს კი უბნის ბიჭებს აცემინებდა. მ. ნ–ს მისი შვილისთვის არც სამედიცინო ცნობა გადაუცია და არც თანხა დაუბრუნებია.

5.4. გამოძიების ეტაპზე ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს თ. ს–მ, ა. კ–მ და ვ. ძ–მ, რომელთა გამოკითხვის ოქმები დაცვის მხარემ უდავოდ ცნო.

5.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის 2020 წლის 27 თებერვლის წერილის თანახმად, მ. ნ–ს შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ერთიან საინფორმაციო ბაზაში დაცული არ არის. საინფორმაციო ბაზა ფუნქციონირებს 2005 წლიდან.

5.6. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა უტყუარად ადასტურებს თაღლითობის ქმედების შემადგენლობის თითოეული ნიშნის, მათ შორის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნისა და მოტყუების ფაქტის, არსებობას. კერძოდ, დაზარალებულ ა. ტ–ს ჩვენებით, თ. ს–ს, ვ. ძ–ს, დ. ტ–ის გამოკითხვის ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით დასტურდება, რომ მსჯავრდებული მოტყუებით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თანხას და შემდგომ უარი განაცხადა მის დაბრუნებაზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ მ. ნ–ე 2010, 2012 და 2017 წლებში ნასამართლევია ანალოგიური დანაშაულისათვის, რაც, თავის მხრივ, ასევე გამორიცხავს შინაგან საქმეთა ორგანოებში მისი მუშაობის ფაქტს. გარდა ამისა, დაზარალებულ თ. ს–ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, მ. ნ–ე ა. ტ–ს შეჰპირდა, რომ ისე „ჩააწყობდა საქმეს“ და მის შვილს ისეთ კომპიუტერთან დასვამდა, რომ სწორი ბილეთები გამოჩნდებოდა. ა. ტ–ს ჩვენებით, მ. ნ–მ მას განუცხადა, რომ დ. ტ–ი უკვე დარეგისტრირებული ჰყავდა მართვის მოწმობის ასაღებად. ანალოგიური გარემოება დასტურდება ვ. ძ–ს გამოკითხვის ოქმითაც.

5.7. საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც შესაბამისი მტკიცებულებებითაა გამყარებული, უტყუარად ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობას. დაცვის მხარის პოზიცია, რომ თითქოს, მსჯავრდებულს დაზარალებულის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვა არ ჰქონია და ვერ შეძლო ვალდებულებების შესრულება, სასამართლოს შეფასებით, ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა უტყუარ მტკიცებულებებს და ემსახურება პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების მიზანს.

5.8. საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს კასატორის პოზიციას მსჯავრდებულის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით: დაზარალებულ ა. ტ–ს ჩვენებით, თ. ს–სა და არსენ კვინიკაძის გამოკითხვის ოქმებით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მუქარის ჩადენა.

5.9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის უნდა დადგინდეს როგორც სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარის, ისე მისი განხორციელების საფუძვლიანი შიშის არსებობის ფაქტი. საფუძვლიანი შიშის არსებობა უნდა შეფასდეს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე, რა დროსაც სასამართლო, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანწილად ეყრდნობა თავად დაზარალებულის ჩვენებას, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, ხოლო, მეორე მხრივ, ხელმძღვანელობს საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც, დაზარალებულის ქმედებებიდან გამომდინარე, ობიექტურად მიუთითებს დაზარალებულში მუქარის აღსრულების საფუძვლიანი შიშის რეალურად არსებობის ფაქტზე. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულებმა დამაჯერებლად და თანმიმდევრულად აღწერეს განვითარებული მოვლენები და დამაჯერებლად ისაუბრეს განცდილ შიშთან დაკავშირებით. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს იმის შესახებ, რომ მსჯავრდებული არ აპირებდა სხვისთვის ზიანის მიყენებას, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების მუქარად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება პირის განზრახვას მუქარის სისრულეში მოყვანისა და მის რეალურად განხორციელბასთან დაკავშირებით.

5.10. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.11. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ მ. ნ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ. ბ–სის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე