საქმე N 020100121004679756
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №133აპ.-22 24 ივნისი, 2022 წელი
ტ–ა ე., 133აპ.-22 ქ.თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ე. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ტ–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენით ე. ტ–ა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.
1.2. ამავე განაჩენით ე. ტ–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 10 წლით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, ხოლო 5 წლით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები.
1.3. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ტ–ამ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2021 წლის 28 აპრილს ე. ტ–ამ უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა 0,20011 გრამ ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველ ტაბლეტებსა და სითხეს, რაც 2021 წლის 28 აპრილს ამოიღეს პოლიციის თანამშრომლებმა ქ. ზ–ში, ........ ქუჩის №..-ში მდებარე ე. ტ–ს საცხოვრებელი სახლისა და პირადი ჩხრეკის შედეგად.
2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
3. კასატორის პოზიცია:
3.1. 2021 წლის 16 დეკემბერს ადვოკატმა კ. ტ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 19 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ე. ტ–სთვის უფრო მსუბუქი სასჯელის დანიშვნა.
3.2. დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ე. ტ–ს სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას არ გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ ე. ტ–ამ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ითანამშრომლა გამოძიებასთან, ჰყავს მოხუცი მშობლები და სამი მცირეწლოვანი შვილი, მათ შორის ერთი ცერებლარული დამბლით დაავადებული.
3.3. ადვოკატი ასევე აღნიშნავს, რომ ე. ტ–ა სხვა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა. აღნიშნული განაჩენი კანონიერ ძალაშია შესული, შესაბამისად, ე. ტ–ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:
4.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
4.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
4.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე (ჩადენილია მძიმე კატეგორიის დანაშაული), ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ოდენობა, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები (ჩადენილი დანაშაულის აღიარება), სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ე. ტ–ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდეს.
4.4. უსაფუძვლოა დაცვის მხარის მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის გამოყენებით ე. ტ–სთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის თანახმად, თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ დამნაშავე გამოცხადდა ბრალის აღიარებით, აქტიურად შეუწყო ხელი დანაშაულის გახსნას და არ არსებობს დამამძიმებელი გარემოებანი, სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური ვადის ან ზომის სამ მეოთხედს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი არ არღვევს საქართველოს სსკ-ის 54-ე მუხლის მოთხოვნებს, ვინაიდან ე. ტ–ა მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა და შენახვა სანქციის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. გარდა ამისა, აღნიშნული მუხლის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით (დანაშაულის ჩადენის შემდგომ ე. ტ–ა არ გამოცხადებულა ბრალის აღიარებით), შეუძლებელია ამ მუხლზე აპელირება.
4.5. არ არსებობს ადვოკატ კ. ტ–ს მოთხოვნის, - ე. ტ–სთვის საბოლოო სასჯელის განაჩენთა ერთობლიობით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით დანიშვნის - დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, ერთი მხრივ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია კანონმდებლობით დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, ხოლო, მეორე მხრივ, დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ამ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 2 სექტემბრის განაჩენი გასაჩივრებული არ არის, მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 16 დეკემბრის N1014აპ.-21 განაჩენი).
4.6. საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ითვალისწინებს იმ მოცემულობასაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 286-ე მუხლი აწესრიგებს განაჩენის აღსრულების საკითხს სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს.
4.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის რომელიმე კრიტერიუმს და იგი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
4.8. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ე. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - კ. ტ–ს საკასაციო საჩივარი.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე