Facebook Twitter

საქმე N 200100119003326541

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №315აპ.-22 22 ივნისი 2022 წელი

ტ–ი ზ., №315აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. ი–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ზ. ტ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2019 წლის 28 მაისს, დაახლოებით 09:15 საათზე, ქ. თ–ში, ა–ს ქუჩაზე, ა–ს გამზირის მიმართღულებით გადაადგილდებოდა „ნისანის“ მარკის ავტომანქანა, ნომრით ........., რომელსაც მართავდა მძღოლი ზ. ტ–ი. იმავე დროს, ს–ს ქუჩიდან ა–ს გამზირზე გზას კვეთდა „ტოიოტას“ მარკის, სახელმწიფო ნომრით ......., ავტომანქანა, რომელსაც მართავდა გ. ი–ე. მოძრაობის დროს, „ნისანის“ მძღოლმა ზ. ტ–მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები, რაც გამოიხატა იმაში, რომ თავისი სამოძრაო ზოლიდან გადავიდა საპირისპირო მხარეს და შეეჯახა რ. ი–ს მართულ „ტოიოტას“, რომელიც თავის მხრივ გადავიდა გზის გვერდულზე და შეეჯახა ქვეით ი. კ-ს. მიღებული დაზიანებების შედეგად ი. კ–ი გარდაიცვალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ზ. ტ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

ზ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით, 1 (ერთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

ზ. ტ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2021 წლის 27 ოქტომბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში (დაკავებაში) ყოფნის დრო - 2019 წლის 28 ნოემბრიდან 2019 წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

2.2. თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - მ. პ–მ და ქ. ი–მ, რომლებმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს ზ. ტ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა. ასევე, ალტერნატივის სახით მოითხოვეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე, ზ. ტ–სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა და სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ჩათვლა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენით მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების - ქ. ი–სა და მ. პ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თელავის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 25 თებერვალს მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ქ. ი–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 27 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა და ზ. ტ–სთვის დანიშნული სასჯელის პირობით ჩათვლა, ხოლო ალტერნატივის სახით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის საფუძველზე ზ. ტ–სთვის დანიშნული სასჯელის ნაწილის პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრა, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილის პირობით ჩათვლა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი. სასამართლომ არ გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები, კერძოდ ის, რომ ზ. ტ–მ გულწრფელად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან და ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით მიაწოდა სრულყოფილი ინფორმაცია, უდავო გახადა მტკიცებულებათა ნაწილი, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას, კეთილსინდისიერად ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში, არ არის ნასამართლევი, რაც მიუთითებს მის კანონმორჩილ ხასიათზე, პირველივე დღიდან ცდილობს დაზარალებულის უფლებამონაცვლის თანადგომას, მასთან შერიგებას და მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. მისი ოჯახი, მიუხედავად ეკონომიკური პრობლემებისა, დღესაც მზადაა დაზარალებულს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, მათ შორის, დაბრუნების შემდეგ გირაოს თანხა - 7000 ლარი მთლიანად მიმართოს ზიანის ასანაზღაურებლად. ზ. ტ–ს მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს გაუფრთხილებელ დანაშაულს, ამასთან, იგი ავტომანქანას მართავდა ფხიზელი, არ მიმალულა შემთხვევის ადგილიდან და არ მიუტოვებია დაზარალებული. აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, მისმა მამამ 2020-2021 წლებში გადაიტანა იშემიური ინსულტი, შეზღუდული აქვს მოძრაობა და არის შრომისუუნარო, მუდმივად სჭირდება მოვლა და მეთვალყურეობა, რის გამოც მისი დედა მოკლებულია შესაძლებლობას, იმუშაოს და მცირედით მაინც დაეხმაროს ოჯახს. გარდა ამისა, ზ. ტ–ს ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რომლებიც დარჩნენ შემოსავლის გარეშე.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას დანიშნული სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია და უცვლელად დატოვა ზ. ტ–სთვის განსაზღვრული სასჯელი, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს.

5.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით.

5.4. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულად შეაფასა სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ზ. ტ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი განუსაზღვრა.

5.5. სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მსჯავრდებულ ზ. ტ–სთვის სასჯელის განსაზღვრისას იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საქმის მასალებში წარმოდგენილი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებებით, გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის მოტივი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, კერძოდ ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, მტკიცებულებათა ნაწილი მიიჩნია უდავოდ, კმაყოფაზე ჰყავს ოჯახი, ასევე ის, რომ დაზარალებულის უფლებამონაცვლე მასთან შერიგებული არ არის და აქვს პრეტენზია, რისი გათვალისწინებითაც, მსჯავრდებულს შეუფარდა ისეთი სასჯელი, რომელიც სამართლიანია და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას.

5.6. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.7. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.8. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.10. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ზ. ტ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ქ. ი–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე