Facebook Twitter

ბს-1458-1183-კ-04 19 მაისი, 2005 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 18 აპრილს გ. ნ.-მ სარჩელი აღძრა თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ და შემდეგი მოტივით მოითხოვა ჩერნობილის ატომურ ალექტროსადგურზე ავარიის შედეგების ლიკვიდაციისას მიღებული სხივური ზემოქმედების გამო დაინვალიდებისათვის 250000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 540000 ლარის ანაზღაურება:

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ჩერნობილის ავარიის შედეგების ლიკვიდაციისას მიიღო სხივური დაავადება, რაც განუკურნებელია. რაიმე ყურადღება, მკურნალობა და კომპენსაცია არავისგან მიუღია. ჩერნობილის კატასტროფიდან ერთი წლის შემდეგ, 1987წ. 20 მაისს, როცა ცხოვრობდა გორში, დილის 5 საათზე მიაკითხა ოფიცერმა გორის სამხედრო კომისარიატიდან და სთხოვა მას კომისარიატში გაყოლა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. გ. ნ.-ი უყოყმანოდ გაჰყვა მას კომისარიატში, სადაც კიდევ ოთხი პიროვნება დახვდა. ისინი წაიყვანეს თბილისში. სამხედრო კომისარიატში რესპუბლიკის ყველა კუთხიდან 250-მდე მამაკაცი იყო ჩამოსული. სამხედრო კომისარმა, გენერალ-ლეიტენენტმა ლ. შ.-მ მათ აუხსნა, რომ აგზავნიდნენ ბალტიისპირეთში სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად, უნდა აეშენებინათ საცხოვრებელი სახლები ჩერნობილელებისათვის. რამდენიმე საათში თვითმფრინავით ფრენისას გამოაცხადეს, რომ ეშვებოდნენ კიევის აეროპორტში. ავტომატით შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა ყველა ჩასხა ავტობუსებში და ჩაიყვანეს ჩერნობილში. ქალაქი მთლიანად ევაკუირებული იყო, სახლები დაცარიელებული და დალუქული, ტყის ზონა გადატრუსული, ყოველ ნახევარ საათში გზებს რწყავდნენ სპეციალური ხსნარით. საქართველოდან ჩაყვანილი მამაკაცები დააბინავეს სამხედრო “კაზარმებში” და გაქცევის საშუალება არავის ჰქონდა.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ჩერნობილში ჩასვლიდან მეორე დღეს დაჯავშნული ავტობუსებით მიიყვანეს საწყობთან, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 15 კილომეტრში მდებარეობდა. იქ ინახებოდა სპეცტანსაცმელი, აირწინაღები, რესპერატორი, ჩექმები, ქუდები და სხვა. იქვე იყო აბანოც. ყოველი სამუშაოს დამთავრების შემდეგ ტანსაცმელს წვავდნენ, ბანაობის შემდეგ კი ახალ ტანსაცმელს აძლევდნენ. შემდეგ მიიყვანეს მეოთხე რეაქტორზე, სადაც მოხდა აფეთქება. კედელზე მიკრული იყო გამაფრთხილებელი წარწერა: “მეოთხე რეაქტორზე სამუშაოები დასრულებულია”, მაგრამ რადიაციული გაჟონვა მაინც ხდებოდა. რესპირატორისა და ქუდის გარეშე ტერიტორიაზე სიარული სასტიკად იკრძალებოდა. მომუშავენი ორ ჯგუფად დაიყო. ერთი ჯგუფი მესამე, მეორე ჯგუფი კი მეოთხე რეაქტორზე მუშაობდა.

გ. ნ.-ის თქმით, მას მესამე რეაქტორზე უხდებოდა მუშაობა. მათ უხდებოდათ 80-100 მეტრ სიღრმეში ჩასვლა სამონტაჟო ქამრებით, სადაც მუხლამდე წყალი იდგა. ყველა მომუშავეს ჯიბის მარცხენა მხარეს რადიაციის მიღების მაჩვენებელი ჰქონდა მიმაგრებული. მაგრამ თუ რამდენი იყო რადიაციის მიღების დასაშვები დოზა, არავინ იცოდა. სამუშაოს დამთავრების შემდეგ საწყობში ბრუნდებოდნენ. 25 კილომეტრის რადიუსში რადიაციული სასაფლაო მდებარეობდა, სადაც ყველაფერი იმარხებოდა: საქონელი, ტრანსპორტი, სამუშაო იარაღი, მეტალი. მიწა დაფარული იყო რადიაციული მტვრით, რომელსაც რაღაც სითხით რწყავდნენ. იქ მუშაობის პერიოდში რამდენიმე ფსიქიკურად შეიშალა, ერთმა კი სახლში დაბრუნების შემდეგ თავი მოიკლა.

მოსარჩელის განმარტებით, ერთ დღეს, როდესაც 90 მეტრის სიღრმეში მუშაობდა სამტვრევი ჩაქუჩით, დაეწყო გულისრევა, თავბრუს ხვევა. როდესაც გაუსინჯეს რადიაციის მიღების დონე, მისცეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ აკრძალული ჰქონდა ერთი კვირით რეაქტორზე მუშაობა. მუშაობის არავითარი უსაფრთხოება, ჰიგიენა არ იყო დაცული. ირღვეოდა მათი უფლებები, არავინ ზრუნავდა მათ ჯანმრთელობაზე და ექცეოდნენ, როგორც მონებს. თითოეულს შესრულებულ სამუშაოში 2100 მანეთი გადაუხადეს. ჩერნობილის ატომური ავარიის შემდეგ განვლო 15 წელმა, ამ ხნის განმავლობაში არავითარი პრივილეგიით არ უსარგებლია. იქ მუშაობის შემდეგ გაუჩნდა კარიესი, სტომატიტი, ეფშვნება კბილები, აკლდება მხედველობა, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია, მიაკუთვნეს მეორე ჯგუფის ინვალიდობა, სინამდვილეში კი პირველი ეკუთვნის.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, “ჩერნობილის ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს 2000წ. 8 ნოემბრის კანონის მე-10 მუხლის თანახმად, ბირთულ ობიექტებზე ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მიღებული დასხივების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მოსარჩელემ მოითხოვა დაკარგული ჯანმრთელობის სარეაბილიტაციოდ კომპენსაციის სახით მოპასუხეზე 250000 აშშ ან 540000 ლარის დაკისრება.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 ივლისის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე _ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეიცვალა სათანადო მოპასუხეებით _ საქართველოს პრეზიდენტითა და თავდაცვის სამინისტროთი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი მოტივით:

სასამართლო კოლეგიამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე 1987წ. მაის-აგვისტოში მონაწილეობდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების აქტის ამონაწერის თანახმად, დადგენილია, რომ 2002წ. 15 მაისის შემოწმების შედეგად, გ. ნ.-ს 2006წ. 1 ივნისამდე დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი. ამ აქტის მიხედვით, ინვალიდობის მიზეზად მითითებულია _ დაავადება მიღებული ჩერნობილის აესის ავარიის ლიკვიდაციის დროს, ხოლო დიაგნოზად განსაზღვრულია სხივური ტრავმა, ქრონიკული პოლიართრიტი, ქრონიკული პროსტატიტი, ჰეგეტოპათია, ბარძაყის სისხლძარღვთა ანგიოპათია, ტრავმის შ/სიკოჭლე, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზური მდგომარეობა (ლეიკოპენია), ქრონიკული პარადონტიზი, გ.ი.დ. კარდიომიოდისტროფია.

სასამართლო კოლეგიამ შემდეგ გარემოებათა გამო ჩათვალა, რომ არ დასტურდებოდა მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების, კერძოდ, მისი სხივური და ლეიკემიით დაავადების ფაქტი:

1) შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის ბიუროს შემოწმების სერია XI ¹40959 აქტის ამონაწერის თანახმად, მოსარჩელის დიაგნოზად სხვა დაავადებებთან ერთად განსაზღვრულია სხივური ტრავმა და ლეიკოპენია; 2) საქართველოს ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამინისტროს პროფესორ ...-ს სახელობის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ¹1835/02 ამბულატორული ბარათის მიხედვით, მოსარჩელეს აღენიშნება ლეიკოპენია და არა თავად მოსარჩელის მიერ მითითებული ლეიკემია.

კოლეგიამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ გ. ნ.-ს სხივური დაავადება და ლეიკემია არ აღენიშნება, რადგან ჩატარებული სისხლის საერთო ანალიზით, ძვლის ტვინის ციტოლოგიით, ჰისტომორფოლოგიით და კარდიოლოგიით დადგენილია, რომ ძვალში აღსანიშნავი ცვლილებები არ არის, პერიფერიულ სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, რის საფუძველზეც ჩატარებული გამოკვლევებით გამოირიცხა სხივური დაავადება. სასამართლო კოლეგიამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტების განმარტების თანახმად, სხივური ტრავმა არ ნიშნავს სხივურ დაავადებას და, ამასთან, სხივურ ტრავმასთან დაკავშირებით მკურნალობა საჭირო არ არის.

სასამართლო კოლეგიამ აღნიშნა, მართალია, სს აკადემიკოს ...-ის სახელობის ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საექსპერტო კომისიის დასკვნას ფორმალურად ჰქვია აქტი, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ექსპერტიზა ჩატარებულია სსკ-ის XX თავის მოთხოვნათა შესაბამისად და, მათ შორის ისიც, რომ ექსპერტებს ჩამოერთვათ შესაბამისი ხელწერილი, სასამართლო კოლეგია მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სსკ-ის 172-ე და 105-ე მუხლებით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების, კერძოდ, მისი სხივური დაავადებითა და ლეიკემიით დაავადების ფაქტი.

ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს იმ ზიანის ანაზღაურებას, რაც დაკავშირებულია მის მიერ 1987წ. მაის-აგვისტოში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების ლიკვიდაციისას მიღებული სხივური ზემოქმედების გამო, დაკარგული ჯანმრთელობის რეაბილიტაციასთან. კოლეგიამ განმარტა, რომ ამ ურთიერთობაზე გამოყენებული უნდა იქნეს 1964წ. 26 სექტემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, სამოქალაქო მოვალეობა ასევე წარმოიშობა სხვა პირისათვის ზიანის მიყენების შედეგად.

აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს გ. ნ.-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში, რადგან 1964წ. 26 დეკემბრის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსი არ იცნობს და შესაბამისად, არ აწესრიგებს მორალურ ზიანსა და მისი ანაზღაურების საფუძვლებს.

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ “ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონს, იგი განსაზღვრავს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის სამართლებრივ და ეკონომიკურ საფუძვლებს, ხოლო ამ კანონის მე-5 მუხლით დადგენილია შესაბამისი სოციალური დაცვის ღონისძიებები, რითაც ასევე სარგებლობს მოსარჩელე.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ნ.-მა და შემდეგი მოტივით მოითხოვა მისი გაუქმება:

კასატორის აზრით, სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული, კერძოდ, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, არ გამოიყენება კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტით გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რასაც მოცემულ შემთხვევაში აქვს ადგილი.

კასატორმა აღნიშნა, რომ 1987წ. 20 მაისს მოტყუებით წაიყვანეს ჩერნობილის აესზე ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე, სადაც იმუშავა ორთვენახევარი, რის შედეგადაც მიიღო სხივური დაავადება, დაინვალიდდა და 2006წ. 1 ივნისამდე მიიღო ინვალიდობის მეორე ჯგუფი. ინვალიდობის მიზეზად მითითებულია: “დაავადება მიღებულია ჩერნობილის აესის ავარიის ლიკვიდაციის დროს”, ხოლო დიაგნოზად განისაზღვრა _ სხივური ტრავმა, ქრონიკული პოლიართრიტი, ქრონიკული პროსტატიტი, ჰეგეტოპათია, ბარძაყის სისხლძარღვთა ანგიოპათია, ტრავმის შ/სიკოჭლე, ძვლის ტვინის ჰიპოპლაზური მდგომარეობა, ლეიკოპეგია, ქრონიკული პარადონტოზი გ.ი.დ. კარდიომიოდიტროფია, გაუჩნდა კარიესი, სტომატიტი, კარგავს მხედველობას, მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია, რის გამოც ესაჭიროება მკურნალობა, რაც დაკავშირებულია დიდ თანხებთან, ამასთან ერთად, მიადგა მორალური ზიანიც, რაც სახელმწიფოს ბრალია.

გ. ნ.-ი მისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს “ჩერნობილის აესსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონის მე-10 და 1997წ. 25 ივნისის სკ-ის 317-ე მუხლებზე, 408-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 409-ე, 413-ე, 414-ე მუხლებზე.

კასატორი არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ იგი არ არის დაავადებული ლეიკემიით და არა აქვს მიღებული სხივური დაავადება, ვინაიდან სასამართლოს უნდა დაენიშნა ექსპერტიზა და არ დაყრდნობოდა სს ...-ის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური დისპანსერული განყოფილების ხელმძღვანელის, პროფესორის, აკადემიკოსის, ინსტიტუტის დირექტორის (სამკურნალო დარგში), გენერალური დირექტორის განმარტებებს.

კასატორი არ დაეთანხმა სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში. კასატორი ასევე არ იზიარებს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც სარჩელი მორალური ზიანის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რადგან 1964წ. 26 დეკემბერს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ იცნობდა მორალურ ზიანსა და მისი ანაზღაურების საფუძვლებს, მაგრამ, კასატორის მითითებით, არსებობს ანალოგია, რომელიც ვრცელდება იმ ურთიერთობებზე, რომლებიც არ არის მოწესრიგებული რომელიმე კანონით ან სამართლის დარგით, ამიტომ ამ ნაწილშიც სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია. კასატორმა ასევე დაამატა, რომ 1999 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია “კავშირმა ჩერნობილი” მიმართა სახელმწიფოებს, რომელთა მოქალაქეებიც მონაწილეობდნენ ჩერნობილის აესის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში, რომ მატერიალური ზიანი ამ მოქალაქეებისათვის აენაზღაურებინათ 200000 აშშ დოლარის ოდენობით. გ. ნ.-ის მითითებით, სასამართლო კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში არ არის აღნიშნული არც ერთი მტკიცებულება, რომელსაც დაემყარებოდა სასამართლოს დასკვნა სსკ-ის 105-ე მუხლისა და 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად.

მოწინააღმდეგე მხარეთა და მესამე პირის წარმომადგენლებმა გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კასატორ გ. ნ.-ს უარი ეთქვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით საქართველოს პრეზიდენტისა და თავდაცვის სამინისტროსათვის სოლიდარულად 250000 აშშ დოლარის დაკისრებაზე. მოსარჩელე ზიანის ანაზღაურების ითხოვდა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიის შედეგების ლიკვიდაციისას მიღებული სხივური დაავადების გამო.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ნ.-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარში მითითებული კანონდარღვევებს ადგილი არ ჰქონია და სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა სწორი გამოკვლევა-დადგენითა და კანონის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი გადაწყვეტილება. სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი გ. ნ.-ი 1987წ. მაის-აგვისტოში, კერძოდ, ორთვენახევრის განმავლობაში მონაწილეობდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში. ასევე დადგენილია, რომ გ. ნ.-ს 2006წ. 1 ივნისამდე დაუდგინდა ინვალიდობის მეორე ჯგუფი, ხოლო ინვალიდობის მიზეზად მითითებულია ჩერნობილის აესის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულების დროს მიღებული სხივური ტრავმა. კასატორი გ. ნ.-ი თავად აღიარებს სარჩელში, რომ სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ აუნაზღაურეს 2100 მანეთი.

“ჩერნობილის ავტომურ ელექტროსადგურსა და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო დანიშნულების ბირთვულ ობიექტებზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ” კანონი, რომელიც სამართლებრივად სპეციალურ კანონს წარმოადგენს და გ. ნ.-ის მსგავსად სხვადასხვა ავარიული სიტუაციების ლიკვიდაციაში მონაწილე პირთა უფლებების დაცვას ემსახურება, გათვალისწინებული არ არის მონაწილეთათვის ფულადი კომპენსაციების გაცემა, არამედ კანონის მე-5 მუხლი აწესებს სოციალური დაცვის ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა ომის ინვალიდებისათვის დადგენილი ოდენობით პენსიით უზრუნველყოფა, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევა და სხვა, ამიტომ აღნიშნული კანონის თანახმად, გ. ნ.-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური და მატერიალური ზიანის საკომპენსაციოდ 250000 აშშ დოლარის მოპასუხეებისათვის დაკისრების შესახებ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

საკასაციო პალატის აზრით, გ. ნ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი ვერ იქნება ვერც ძველი სამოქალაქო სამართლის და ვერც ამჟამად მოქმედი სამოქალაქო კოდექსი და საოლქო სასამართლოს მიერ სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რადგან გ. ნ.-ის სარჩელი ხანდაზმულია, კერძოდ, გ. ნ.-ი სასამართლოში აღძრული სარჩელით, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ითხოვს 250000 აშშ დოლარის ანაზღაურებას 1987წ. მაის-აგვისტოში ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე მიღებული სხივური დაავადების გამო. სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ გ. ნ.-მა სასამართლოში აღძრა 2003წ. 18 აპრილს, ე.ი. სხივური დაზიანების მიღებიდან 16წ. შემდეგ. ამჟამად მოქმედი სკ-ის 1008-ე მუხლის იმპერატიული მითითების მიხედვით, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს, რაც კასატორის მიერ გაშვებულია. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ გ. ნ.-ს ასევე გაშვებული აქვს სკ-ის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასარჩელო ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატის აზრით, გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 10 ნოემბრის გადაწყვეტილება;

3. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.