Facebook Twitter

საქმე N 330100121004546673

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №217აპ-22 22 ივნისი, 2022 წელი

შ–ი კ., №217აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენზე თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. კ. შ–ი (პირადი ნომერი: .............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2021 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ–ში, თ–ს ზღვის მიმდებარედ, ს–ს ს–ს მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ ჯიხურში, კ. შ–მ შ. წ–ს, ურთიერთშელაპარაკებისას, შურისძიების მოტივით, განზრახ განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლის მიზნით, ამ უკანასკნელის ძმის - ა. წ–ს თანდასწრებით, ხელთ არსებული დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის მარჯვენა მიდამოში. მიღებული დაზიანების შედეგად გ. წ. ადგილზევე გარდაიცვალა.

აღნიშნული ფაქტის შემდეგ, კ. შ–ი დანით გამოეკიდა ა. წ–ს და განუცხადა, რომ მოკლავდა სიტყვებით: ,,რა საცოცხელებელი ის იყო“. აღნიშნული მუქარა ა. წ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ის გაეცალა კ. შ–ს და ჯიხურის მიმდებარედ არსებულ თივის ზვინში დაიმალა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით კ. შ–ის მიმართ წარდგენილი ბრალდება - საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე;

კ. შ–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1 წლით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ. შ–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრეს: თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ, მსჯავრდებულმა კ. შ–მ და ადვოკატმა მ. კ–მა. პროკურორმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანა, კ. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა; მსჯავრდებულმა კ. შ–მ და ადვოკატმა მ. კ–მა სააპელაციო საჩივრით მოითხოვეს მსჯავრდებულის გამართლება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენით თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის, ასევე მსჯავრდებულ კ. შ–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ. კ–ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი კ. შ–ის მიმართ დარჩა უცვლელად.

3.2. 2021 წლის 14 დეკემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ნოემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ. პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა: კ. შ–ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და უფრო მკაცრი სასჯელის ზომის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. პროკურორი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლად უთითებს, რომ საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას, რადგან საქართველოს უზენაეს სასამართლოს მსგავს სამართლებრივ საკითხზე არსებითად დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მიუღია. 1) პროკურორის პოზიციით, სასამართლომ არასწორად გააანალიზა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და ისინი სამართლებრივად არასწორად შეაფასა, ქმედების კვალიფიკაციიდან განსაკუთრებული სისასტიკის ამორიცხვისას, კერძოდ - სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო შემდეგი ფაქტორები: მსჯავრდებულ კ. შ–ის საქციელი; ა. წ–ს მიერ ძმის მიმართ ჩადენილი ქმედების აღქმისა და გაცნობიერების ფაქტი და მისი ადეკვატური რეაქცია მომხდარის გამო; დამნაშავის გულგრილი დამოკიდებულება მოკლულის ძმის - ა. წ–ს იქ ყოფნისადმი. პროკურორის განმარტებით, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მაკვალიფიცირებელი ნიშნის არსებობისათვის აუცილებელია, რომ თავად ბრალდებულმა იცოდეს შემთხვევის ადგილზე ახლობლის არსებობა და უნდა იკვეთებოდეს მისი გულგრილი დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ. პროკურორის მტკიცებით, უტყუარად დასტურდება, რომ ა. წ–მ მძაფრად აღიქვა თავისი ძმის მკვლელობა, რაც მისივე ჩვენებით არის დადასტურებული. პროკურორის პოზიციით, დაუშვებელია სასამართლოს მიერ მსჯავრდებულის ჩვენების გაზიარება იმ ნაწილში, რომ ა. წ–ი იყო ნასვამი (მსჯავრდებულის სიტყვებით ,,გათიშული“) , რის გამოც ის ვერ აღიქვამდა ძმის მკვლელობას და არ განიცდიდა სტრესს. პროკურორს მიაჩნია, რომ იმ პირის ჩვენება, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობს სისსხლისსამართლებრივი დევნა, ხშირ შემთხვევაში არასარწმუნოა, რადგან ის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების ქვენაგრძნობით არის ნაკარნახევი. ურთიერთსაწინააღმდეგოა სასამართლოს მსჯელობა, როდესაც - ერთი მხრივ, სასამართლო ადგენს, რომ ნასვამმა ა. წ–მ რეალურად აღიქვა მსჯავრდებულის მუქარა და გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, ხოლო, მეორე მხრივ, მან ვერ აღიქვა თავისი ძმის მკვლელობა. პროკურორის განმარტებით, მოცემული კვალიფიკაციის დროს ყურადღება უნდა მიექცეს სამ ფაქტორს: 1. მკვლელობის დროს, შემსწრე პირი არის თუ არა მსხვერპლის ოჯახის წევრი; 2. დანაშაულის ჩადენის დროს, დამნაშავემ იცის თუ არა, რომ ოჯახის წევრის თვალწინ კლავს მისივე ოჯახის წევრს; 3. დამნაშავეს შეუძლია თუ არა აღიქვას ის ფაქტი, რომ მომხდარით სტრესი მიადგება შემსწრე პირს. 2) პროკურორი მიიჩნევს, რომ კ. შ–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ არ გაითვალისწინა: დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის ქცევა ქმედების ჩადენის შემდეგ. პროკურორის პოზიციით, ჩადენილი დანაშაულის ხასიათის და მისი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის გათვალისწინებით, კ. შ–ის მიმართ დანიშნული 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას.

5. საკასაციო საჩივრის შესაგებელი:

5.1. მსჯავრდებულ კ. შ–ის ადვოკატმა მ. კ–მა წარმოადგინა შესაგებელი პროკურორის საკასაციო საჩივარზე. ადვოკატის პოზიციით, საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი, რადგან არ არსებობს საქართველოს სსკ-ის 303-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასება:

6.1. საკასაციო სასამართლო გაეცნო განსახილველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს, გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებების ხარისხი და ბუნება, ასევე მათი სამართლებრივი მისადაგება კ. შ–ის მიმართ ბრალად შერაცხულ ქმედებასთან და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. პროკურორის სააპელაციო საჩივარში გადმოცემულ არგუმენტაციას ჯეროვანი და საკმარისად ნათელი პასუხები გაეცა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის ძირითადი მოთხოვნები არ წარმოაჩენს არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ საკითხებს, რაც სააპელაციო სასამართლოს სათანადო გულმოდგინებით არ შეუფასებია.

6.2. პროკურორის საკასაციო საჩივრის ერთ-ერთი არგუმენტი, რის გამოც ის ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შეცვლას, შეეხება მსჯავრდებულის ქმედებაში მაკვალიფიცირებელი ნიშნის - განსაკუთრებული სისასტიკის დადგენას. პროკურორი მიიჩნევს, რომ კ. შ–ის ქმედების სუბიექტური მხარე დაზარალებულის სიკვდილის და მისი ოჯახის წევრის მიერ ამ ფაქტის აღქმის მიმართ გამოხატულია ევენტუალური განზრახვის ფორმით. აქვე პროკურორი მიუთითებს განსაკუთრებული სისასტიკის, როგორც განზრახ მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების დადგენისათვის აუცილებელ ფაქტობრივ და სამართლებრივ კრიტერიუმებს.

6.3. ქვემდგომი სასამართლოების მიერ სრულყოფილად იქნა გაანალიზებული კ. შ–ის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციის სამართლებრივი ელემენტები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველა საკითხი, რაც ჯეროვნად იქნა შესწავლილი სააპელაციო სასამართლოს მიერ, არ საჭიროებს დამატებით განმეორებას და შესაბამისად, სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას. საჩივრის ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს მხოლოდ კვალიფიკაციის საკვანძო ასპექტებს.

6.4. სისხლის სამართლის მატერიალური ნაწილი შეიცავს სისხლისსამართლებრივ უმართლობათა მარტივ და კვალიფიციურ შემადგენლობებს, სადაც ხელყოფისაგან დაცვის ძირითად ობიექტთან ერთად გვხვდება ფაკულტატური ობიექტებიც. განსახილველ შემთხვევაში, ე.წ. ,,მარტივ მკვლელობასა“ და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობას შორის დიფერენციაცია ხდება უმართლობის ხარისხის და ქმედების მომეტებული საშიშროების გათვალისწინებით, რა დროსაც დამნაშავის ქმედების სუბიექტურ მხარეს ახასიათებს განზრახვის არსებობა, არა მხოლოდ ძირითად უმართლობასთან - მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობასთან, არამედ - ქმედების ობიექტური შემადგენლობის დამატებით ნიშანთან მიმართებით, რაც ამაღლებს ძირითადი უმართლობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათს. განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი მიემართება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობას დამამძიმებელ გარემოებაში - განსაკუთრებული სისასტიკით.

6.5. განსაკუთრებული სისასტიკე, როგორც ქმედების ობიექტური შემადგენლობის ნიშანი, ისეთი ნორმატიული კატეგორიაა, რომელიც სუბიექტურ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით უნდა შეფასდეს. ამასთან, ქმედების განსაკუთრებული სისასტიკე შესაძლებელია უკავშირდებოდეს როგორც დანაშაულის ჩასადენად გამოყენებულ ხერხსა და საშუალებას, ისე დანაშაულის ჩადენის ვითარებას. პირველ შემთხვევაში განსაკუთრებული სისასტიკე ვლინდება მსხვერპლისათვის ისეთი ინტენსივობითა და საშუალებით დაზიანებების მიყენებაში, რაც ხელყოფისას მის განსაკუთრებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტანჯვას იწვევს. მეორე შემთხვევაში, დანაშაულის საშიშროება მომეტებულია გამომდინარე იქიდან, რომ მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის შემსწრე მისივე ოჯახის წევრია, რა დროსაც ხელყოფის მიმდინარეობა მძიმედ აისახება ფაქტის შემსწრე პირზეც, იწვევს მასში ახლობლის მკვლელობის პროცესიდან მომდინარე უმწეობის შეგრძნებას, მწვავე განცდებსა და ფსიქოლოგიურ ტანჯვას.

6.6. მოცემულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დადგინდეს: 1. ქმედების ობიექტურ მხარეზე - დანაშაულის ფაქტის პროცესში ოჯახის წევრის თანდასწრება; 2. მკვლელობის მიმდინარეობისას ოჯახის წევრის მიერ სუბიექტურად განცდილი ტანჯვის შეგრძნება; 3. ქმედების სუბიექტურ მხარეზე - დამნაშავის განზრახვის არსებობა დამამძიმებელი გარემოების მიმართ - ე.ი დამნაშავის მიერ ოჯახის წევრის თვალწინ, მისივე ოჯახის წევრის მკვლელობის ჩადენის ცოდნა და ამ გარემოების ნებელობა; განსახილველ საქმეში მხარეები არ დავობდნენ დანაშაულის ოჯახის წევრის თანდასწრებით ჩადენის და არც ამ ფაქტის მსჯავრდებულის მიერ ცოდნისა და აღქმის თაობაზე. პროკურორის მტკიცებით, მსჯავრდებულის განზრახვა გამოხატულია არაპირდაპირი ფორმით, როდესაც დამნაშავის მიერ მართლწინააღმდეგობის კოგნიტური მხარე სრულყოფილია, თუმცა შესუსტებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნებელობა. ბუნებრივია ევენტუალური განზრახვის არსებობა არ გამოირიცხება ისეთ შემთხვევებში, როდესაც დამნაშავე აცნობიერებს ფაქტს - მკვლელობის ჩადენას დაზარალებულის ოჯახის წევრის თანდასწრებით და ამავდროულად, გულგრილად ეკიდება იმ ლოგიკურ შესაძლებლობას, რომ ქმედება და არა შედეგი, თვითმხილველი ოჯახის წევრის მძიმე ტანჯვას გამოიწვევს. არაპირდაპირი განზრახვა არ არსებობს მაშინ, როდესაც ქმედების სურვილი არათუ გულგრილი დაშვებით არის შესუსტებული, არამედ - საერთოდ არ დგინდება.

6.7. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი მოკლას მსხვერპლი ისეთ გარემოებაში, რაც მძიმე ტანჯვას მიაყენებს მისი ოჯახის წევრს, არა შედეგობრივად, არამედ - უშუალოდ დანაშაულის მიმდინარეობისას. განსხვავებულია ოჯახის წევრის მკვლელობით, როგორც შედეგით - გამოწვეული სულიერი ტანჯვა და მეორე მხრივ, უშუალოდ ოჯახის წევრის მიმართ ხელყოფის პროცესის თანდასწრებით გამოწვეული სტრესი და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ცალსახაა, რომ ოჯახის წევრი, გონივრული დაშვების ფარგლებში, განიცდის და მძაფრად აღიქვამს შედეგს - ახლობლის მკვლელობას, თუმცა ცალკე საკითხია - რამდენად ასწრებს ის მსხვერპლის მკვლელობის, როგორც პროცესის აღქმასა და გაცნობიერებას, რაც აუცილებელია განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის შესარაცხად.

6.8. ზემოაღნიშნული კრიტერიუმები, რითაც დგინდება განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენა და რაც თავად პროკურორმა მიუთითა საკასაციო საჩივარში, უნდა არსებობდეს კუმულაციურად და განსაკუთრებულ სისასტიკეს განზრახვის ყველაზე მცირე დოზით მაინც უნდა მოიცავდეს დამნაშავის სუბიექტური ნებელობა. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში აღწერს ჩადენილი დანაშაულის დეტალებს და ადასტურებს მსხვერპლის სიცოცხლის მოსპობის უეცრად, იმწუთიერ შეურაცხყოფაზე განაწყენების შედეგად აღმოცენებულ განზრახვას. ასევე, ის ადასტურებს აღნიშნული ფაქტის დროს გარდაცვლილის ძმის დასწრებას, თუმცა სრულად უარყოფს მკვლელობის ჩადენის სურვილს სწორედ ძმის თანდასწრებით. მოწმე ა. წ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ შელაპარაკება მის ძმასა და მსჯავრდებულს შორის მოხდა, მსჯავრდებულმა ძალით წამოაყენა დაზარალებული სუფრიდან და ცდილობდა მის გათრევას, რა დროსაც აიღო დანა და დაარტყა. ა. წ–ი ასევე განმარტავს, რომ მუქარის გამო გაქცევისას და თივის ზვინში დამალვისას არ იცოდა თუ რა ბედი ეწია მის ძმას. შესაბამისად, თავად ა. წ–ს ჩვენება იძლევა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მან მართალია დაინახა დანის დარტყმის მომენტი, მაგრამ სრულად ვერც გააცნობიერა უშუალოდ მისი ძმის მკვლელობის ფაქტი. გარდა ამისა, დაუსაბუთებელია პროკურორის მიერ გადმოცემული მსჯელობა, რომ ა. წ–მ შეძლო რეალურად აღექვა მის მიმართ მსჯავრდებულის მუქარა და აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ ის რეალურად აღიქვამდა თავისი ძმის მკვლელობასაც. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებული უშუალოდ ა. წ–ს დაემუქრა, რამაც წინარე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მას გაუჩინა მუქარის რეალიზების საფუძვლიანი შიში. თუმცა, ანალოგიის გავრცელება თვითსაფრთხის შეგრძნებასა და სხვა პირის მიმართ უეცრად ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედების აღქმას შორის, არ არის რელევანტური. მით უფრო, როდესაც მოვლენების ესკალაცია იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ა. წ–მ მსჯავრდებულის მიერ მისი ძმის მიმართ დანის დარტყმის შემდგომაც კი არ იცოდა, საბოლოოდ რა ბედი ეწია მსხვერპლს. დადგენილია, რომ კ. შ–სა და შ. წ–ს შორის კონფლიქტი უეცრად აღმოცენდა, ხოლო მსჯავრდებულმა დაზარალებულს დანით მიაყენა ერთი ჭრილობა, სიცოცხლისათვის სახიფათო ადგილას და კონფლიქტის წარმოშობიდან უმალვე, დროის მცირე მონაკვეთში. შესაბამისად, დამაჯერებლობას არის მოკლებული იმის მტკიცება, რომ დაზარალებულის ძმამ - ა. წ–მ სრულად აღიქვა და შეიმეცნა ძმის მიმართ განხორციელებული ხელყოფა და მითუფრო დაუსაბუთებელია მტკიცება, რომ მან განიცადა სულიერი ტანჯვა უშუალოდ ძმის მკვლელობის პროცესში.

6.9. რაც შეეხება თავად მსჯავრდებულის სუბიექტურ ნებას, დაზარალებული მოეკლა ძმის თანდასწრებით და მისთვის ტანჯვის მიყენებით, ასევე დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. დამნაშავეს ქმედების მაკვალიფიცირებელი ნიშნის - განსაკუთრებული სისასტიკის მიმართ განზრახვა უნდა გააჩნდეს ძირითადი უმართლობის მიმართ განზრახვის წარმოშობის თანადროულად და არა ,,post factum“. 2. ყველა შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლის სიკვდილს მისივე ოჯახის წევრი შეესწრო და ეს დამნაშავემაც იცის, a priori არ გულისხმობს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენის არაპირდაპირი განზრახვის არსებობას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულს შეურაცხყოფის ნიადაგზე უეცრად წარმოეშვა დაზარალებულის მოკვლის განზრახვა და ამ განზრახვის ფორმირებაში ძმის თანდასწრების ფაქტის ცოდნას არავითარი როლი არ შეუსრულებია. არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულს გააჩნდა რაიმე განსაკუთრებული მოტივი, უშუალოდ ძმის თანდასწრებით ჩაედინა დაზარალებულის მკვლელობა. მსჯავრდებული თავის ჩვენებაში უთითებს, რომ ა. წ–ი იმდენად ნასვამი იყო, რომ ვერ გააცნობიერებდა ძმის მკვლელობას. ქმედების ობიექტური ნიშნის მიმართ მხოლოდ ცოდნა ავტომატურად არ მოიცავს ნებელობას, თუ მსჯავრდებულის ქმედება უშუალოდ ამ ნიშნით არ არის დეტერმინირებული ე.ი თუ დამნაშავე მინიმუმ გულგრილად არ ეკიდება მკვლელობის დემონსტრირებით მსხვერპლის ოჯახის წევრისათვის ტანჯვის მიყენების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მსჯავრდებული განმარტავს, რომ ის არ ითვალისწინებდა ა. წ–სათვის არათუ ტანჯვის მიყენებას, არამედ ზოგადად მკვლელობის ფაქტის მის მიერ გაცნობიერებას, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცება არ გამომდინარეობს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობიდან. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ,,განსაკუთრებული სისასტიკე“ ნორმატიული კატეგორიაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია - ოჯახის წევრის დასწრება მკვლელობის ჩადენისას, ამ მაკვალიფიცირებელი გარემოების ბრალად შერაცხვისათვის საკმარისი არაა. აღნიშნული ნიშანი დამამძიმებელ გარემოებას სწორედ იმიტომ მიეკუთვნება, რომ მას უნდა მოიცავდეს დამნაშავის ნება, რაც, თავის მხრივ, ქმედების ჩადენისას მის მომეტებულ საშიშროებას განსაზღვრავს. მოცემულ შემთხვევაში კ. შ–ის მიერ იმ ფაქტის ცოდნა, რომ მსხვერპლის ძმა იმავე სუფრაზე იმყოფებოდა, არ გადაზრდილა დამნაშავის სურვილში ან თუნდაც გულგრილ დამოკიდებულებაში, მკვლელობა ჩაედინა სწორედ ამ ხერხით - ძმის თანდასწრებით და მისთვის ტანჯვის მიყენებით. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად ბრალდებულის ჩვენება და ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ მკვლელობის ძირითადი განზრახვა რეალიზდა უეცრად და დროის იმდენად მცირე მონაკვეთში, რომ დამნაშავეს არ უცდია ამ ფაქტის მსხვერპლის ოჯახის წევრის მიმართ განზრახი დემონსტრირება და ამით მისი ტანჯვის გამოწვევა. უფრო მეტიც, მოწმე ა. წ–ს ჩვენებით ირკვევა, რომ კონფლიქტის წარმოშობისა და დანის დარტყმის პროცესში მსჯავრდებულის მთელი ყურადღება და აგრესია მიმართული იყო დაზარალებულისკენ, რომელიც ძალით წამოაყენა სუფრიდან და ცდილობდა მის გათრევას, რა დროსაც აიღო დანა და დაარტყა მას. შესაბამისად, ირკვევა, რომ მსჯავრდებულს ა. წ–ს იქ ყოფნის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა გააჩნდა, თუმცა მკვლელობის განზრახვის აღსრულებისას არც სურვილი ჰქონდა და არც გულგრილად ეკიდებოდა ამ ფაქტს, როგორც მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებას.

6.10. ამასთან, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს პროკურორის მითითებას, მსჯავრდებულის, როგორც დაინტერესებული მოწმის ჩვენების ნაკლებ დამაჯერებლობის შესახებ. არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია. ამასთან, მოწმეთა ჩვენებების დამაჯერებლობას მისი შინაარსი და სხვა მტკიცებულებებთან ურთიერთშესაბამისობა განსაზღვრავს და არა - მოწმის სტატუსი სისხლის სამართლის პროცესში. გარდა ამისა, სისხლის სამართლის პროცესში მოქმედებს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც პროცესის სამართლიანობის ქვაკუთხედია. სწორედ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ბრალდებული არ არის ვალდებული წარმოადგინოს თავისი უდანაშაულობის მტკიცება, არამედ - სახელმწიფო ბრალდება ვალდებულია გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცოს ბრალდებულის ჩვენების თუ განვითარებული ვერსიის მცდარობა. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოების საპირისპიროდ - განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობის ჩადენის სურვილი საქმეში არსებული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა.

6.11. რაც შეეხება სასჯელის დამძიმების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება და ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ქმედების დამამძიმებელი გარემოების არარსებობა და პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლები და მიიჩნია, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ შეიცავს სასჯელის დამძიმებისათვის ისეთ ხელშესახებ და არსებით გარემოებებზე მითითებას, რაც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ შეუფასებიათ.

6.12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ეფუძნება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დანიშნული სასჯელი პროპორციული და სამართლიანია. პროკურორმა ვერ შეძლო გამოეკვეთა სამართლებრივი პრობლემა, რაზედაც ქვემდგომ სასამართლოებს არ უმსჯელიათ. სასამართლოებმა სათანადო გულმოდგინებით შეისწავლეს საქმის გარემოებები, სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მართებულად გადააკვალიფიცირეს წარდგენილი ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობიდან საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლზე. შესაბამისად, კასატორმა ვერ დაასაბუთა ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობა, რაც სამართლის განვითარების გზაზე ახლებურ გადაწყვეტას საჭიროებს ან აქამდე დადგენილი სასამართლო პრაქტიკისგან განსხვავებულ მოცემულობას ქმნის.

6.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

6.14. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ ლევან ვეფხვაძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე