საქმე N 170100120003753670
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №298აპ-22 29 ივნისი, 2022 წელი
შ–ე ა., №298აპ.-22 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),
მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენზე მსჯავრდებულ ა. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
1.1. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენით ა. შ–ე (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი - 1 წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოო სასჯელად ა. შ–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. შ–სეს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.
2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:
2.1. ა. შ–სემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და 2020 წლის 11 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, თ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ დ–ნ გამავალ ..............ის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე უკანონოდ, პირადად ინახავდა მომწვანო ფერის ორ პაკეტს, რომლებიც შეიცავს 0,245 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“.
2.2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. კ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენით მსჯავრდებულ ა. შ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. კ–ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2021 წლის 13 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი ა. შ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი 2022 წლის 23 თებერვალს საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ა. კ–მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ა. შ–სის უდანაშაულოდ ცნობა.
3.3. 2022 წლის 1 მარტს მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გიორგი სახიაშვილმა წამორადგინა შესაგებელი ადვოკატის საკასაციო საჩივარზე და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 1 თებერვლის განაჩენის ძალაში დატოვება.
4. კასატორის არგუმენტები:
4.1. მსჯავრდებულ ა. შ–ს ადვოკატ ა. კ–ს საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, შემდეგ გარემოებათა გამო: 1. საქალაქო სასამართლოს გადაწვეტილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი ემყარება რამდენიმე საფუძველს, მათ შორის პირველია ა. შ–ს მიმართ გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი და ინფორმაციული პატაკი. ადვოკატის მოსაზრებით, ინფორმაციული პატაკი არ შეიცავს იმ სახის კონკრეტიკას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ა. შ–სის მიერ ნარკოტიკის უკანონო ფლობაში და შესაძლებელს გახდიდა მის მიმართ სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას, მათ შორის - პირად და ავტომანქანის ჩხრეკას. 2. ადვოკატი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებას საქმეზე „ქებურია საქართველოს წინააღმდეგ“, რომლითაც დადგინდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლების ნორმატიული შინაარსის არაკონსტიტუციურობა და ისინი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან. მიუხედავად ამისა, ადვოკატის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების შინაარსი და რეკომენდაცია მიუთითებს შსს თანამშრომელთა მიერ გამოძიების დაწყების და საგამოძიებო მოქმედებების სტანდარტის გამკაცრებაზე, რომლის პრაქტიკაში დანერგვა გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე იყო მიზანშეწონილი. 3. ადვოკატი აღწერს ა. შ–სის შეჩერების, ჩხრეკისა და დაკავების დეტალებს და მოიხმობს მოწმე დ. წ–ს ჩვენების შინაარს, სადაც იგი არ ადასტურებს ა. შ–სის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტს. აადვოკატის მოსაზრებით, პოლიციელთა მხრიდან შეჩერების თაობაზე მითითებისა და ავტომანქანის გაჩერებამდე, ა. შ–ს ჰქონდა საკმარისი დრო და საშუალება სხვა გზაზე გადაეხვია ან თავიდან მოეშორებინა ნარკოტიკული საშუალებ. ასევე, ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ა. შ–სეს სისხლში არ აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. საქმეზე გამოკითხული არ არის არცერთი ობიექტური და მიუკერძოებელი პირი, ვინც დაადასტურებდა ჩხრეკისა და დაკავების კანონიერებას ან ა. შ–ს მიერ ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ფლობის ფაქტს. ამდენად, სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ინფორმატორის მიერ მიწოდებულ არასრულყოფილ, დაუზუსტებელ ინფორმაციას, ხოლო საქმეში არ მოიპოვება უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებდა ა. შ–სის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენაში.
5. საკასაციო სასამართლოს შეფასება:
5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-300 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: „საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გამოტანილი განაჩენი, რომელიც, კასატორის აზრით, უკანონოა. განაჩენი უკანონოა, თუ: არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, რაც არ გამოუვლენია პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოს ან რაც მან დაუშვა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს“.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „ საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია“.
5.3. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უკანონობა მოიცავს საქმის განხილვისას საპროცესო სამართლის ნორმების ისეთ მნიშვნელოვან დარღვევას, რაც არსებით გავლენას ახდენს საქმის შედეგსა და მსჯავრდებულის სამართლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, არსებითი დარღვევა, შესაძლოა, ვლინდებოდეს ისეთი საპროცესო დანაწესის დარღვევაში, რასაც მოიცავს სამართლიანი სასამართლოს ინსტრუმენტული უფლება, მათ შორის: გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობის არარსებობა, მტკიცებულებათა შეფასებისას ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის („in dubio pro reo“) პრინციპის, მტკიცებულებათა უტყუარობისა და დასაშვებობის სტანდარტების დარღვევა და სხვა.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით: ,,სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში“.
5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განმარტავს „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტის“ ცნების მნიშვნელობას, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად: ,,გონივრულ ეჭვს მიღმაა – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში“.
5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“.
5.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
5.8. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლებრივ კომპონენტებს შეადგენს როგორც მტკიცებულებათა შეფასებისა და ყოველგვარი ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის სტანდარტი, ისე სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების უფლება. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.
5.9. განსახილველ შემთხვევაში სადავო საკითხი შეეხება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - ა. შ–ს პირადი ჩხრეკის კანონიერებას, რის შედეგადაც საქმეზე ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება - „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება. საქმის მასალებით ირკვევა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის წესით ჩატარებული ა. შ–ს პირადი ჩხრეკა დადგენილ ვადაში სასამართლომ კანონიერად ცნო, ასევე წინასასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები დაშვებულ იქნა საქმის არსებითი განხილვისათვის. შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობისა და დამაჯერებელობის თვალსაზრისით. დაუშვებელია პირის მსჯავრდების ერთადერთ ან გადამწყვეტ საფუძვლად ისეთი მტკიცებულებების გამოყენება, რომელთა მიმართებითაც არსებობს შესაძლო გამოცვლის, ნიშან-თვისებათა შეცვლის ან კანონის არსებითი დარღვევით მოპოვების სხვა საფუძვლიანი ეჭვი. ადვოკატი მოითხოვს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილების რეტროაქტიულ გამოყენებას მოცემულ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიმართ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის №2/2/1276 გადაწყვეტილებით სადავოდ გამხდარი ნორმების არაკონსტიტუციური შინაარსი ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 2021 წლის 1 ივლისიდან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის იმ ჩვენების მტკიცებულებად გამოყენებას, რომელიც ეფუძნება ოპერატიული წყაროს (,,კონფიდენტი“, ,,ინფორმანტი“) ან ანონიმური პირის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებისა და 121-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩხრეკის შედეგს განიხილავდა ჩხრეკისთვის აუცილებელი დასაბუთებული ვარაუდის შექმნის ერთ-ერთ საფუძვლად, არ უნდა გავრცელდეს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და დაკანონებაზე, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე დაიწყო და დასრულდა, ასევე დაკანონდა აღნიშნული გადაწყვეტილების გამოქვეყნებამდე. თავად საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა თავისი გადაწყვეტილების აღსრულების განსაკუთრებული წესი და მიიჩნია, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების სადავო ნორმატიული შინაარსის დაუყოვნებლივ, გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან ძალადაკარგულად ცნობა შექმნიდა მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანების საფრთხეს. იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ეფექტიანად უზრუნველყონ ჩხრეკის შედეგად მოპოვებული მტკიცებულების სათანადო, ნეიტრალური მტკიცებულებებით გამყარება, საჭიროდ ჩათვალა მათთვის მკაფიო საკანონმდებლო ინსტრუქციების მიცემა, რიგ შემთხვევებში კი საჭირო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ნორმის დაუყოვნებლივ გაუქმება შეაფერხებდა სამართალდამცავთა ლეგიტიმურ ქმედებებს, რომელთა მოქმედებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
5.10. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი ემყარება მტკიცებულებათა ერთობლიობას, მათ შორის არა მხოლოდ შსს თანამშრომელთა ჩვენებასა და მათ მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებას, არამედ - ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებას და მასზე ჩატარებულ ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნას. 2020 წლის 13 ივლისის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის №........... დასკვნის თანახმად, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელთა ჩვენებებისაგან დამოუკიდებლად, უტყუარად დასტურდება ა. შ–სის მიერ ნარკოტიკული საშუალების ფლობა, რადგან ანზორ შუბითისგან პირადი ჩხრეკისას ამოღებულ, მცირე ზომის პოლიეთილენის პაკეტებიდან აღებულ ანაწმენდებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ა. შ–სეს. თუკი სასამართლო გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ა. შ–სგან არ ამოუღიათ ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, მაშინ სრულიად გაურკვეველი და მტკიცებულებებთან არათავსებადია შედეგი - ამ ნარკოტიკული საშუალების შეფუთვაზე მსჯავრდებულის ბიოლოგიური მასალის აღმოჩენა. დაცვის მხარის მიერ მითითებული საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ,,ჩხრეკის შედეგად ამოღებული უკანონო ნივთის მტკიცებულებად გამოყენების შესაძლებლობა, იმ პირობებში, როდესაც ამოღებული ნივთის ბრალდებულის მფლობელობაში ყოფნა დასტურდება მხოლოდ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების ჩვენებებით და ამავე დროს, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს შეეძლოთ, თუმცა არ მიიღეს სათანადო ზომები ჩხრეკის სანდოობის დამადასტურებელი ნეიტრალური მტკიცებულებების მოსაპოვებლად“. განსახილველ საქმეში ნარკოტიკული საშუალების ფლობის ფაქტი დადასტურებულია არა მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელთა ჩვენებებით, არამედ კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნით, რომლის გაზიარებაზე უარის თქმის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო საქმეზე მოპოვებული ყველა მტკიცებულება ერთობლივად საკმარისია წარდგენილ ბრალდებაში ა. შ–სის ბრალეულობის დასადგენად. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, იმის თაობაზე, რომ არსებობს გამამართლებელი მტკიცებულება დ. წ–ს ჩვენების სახით, რადგან იგი არ დასწრებია ა. შ–სის პირად ჩხრეკას და მისი ჩვენება ჩხრეკის ჩატარებასა და მის შედეგებთან დაკავშირებით - არარელევანტურია.
5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცებულების შეფასების თაობაზე წამოჭრილი ყველა სადავო საკითხი ჯეროვნად არის შესწავლილი და განმარტებული სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაბუთება არ შეიცავს მითითებას ქვემდგომ სასამართლოთა მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისას, მათი შეფასებისას, ზოგადად, საქმის განხილვისა და გადაწყვეტისას საპროცესო კანონის არსებითი ხასიათის დარღვევის შესახებ, რაც სამართალწარმოების რომელიმე ეტაპზე ბრალდებულის სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფას გამოიწვევდა.
5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland,no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). ამდენად, საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივრის დასაბუთებას, სისხლის სამართლის საქმის მასალებსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს და მიაჩნია, რომ სასამართლოებმა კანონის მოთხოვნათა დაცვით, სრულყოფილად გამოიკვლიეს მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტებისა და გარემოებების შეჯერებისას არ გამოვლენილა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტისაგან გადახვევა და მტკიცებულებათა შეფასებისას კანონის არსებითი დარღვევის ფაქტი.
5.13. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
6. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენების საკითხი:
6.1. 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს: „გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1822 მუხლით, 212-ე მუხლით, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით ან 261-ე მუხლის მე-3 ნაწილით (გარდა ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა) გათვალისწინებული დანაშაული“.
6.2. განსახილველ შემთხვევაში ა. შ–სე მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით - 2020 წლის 11 მაისს დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების („ჰეროინი“ 0,245გრ) უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე.
6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ივლისის №1/3520-15 განაჩენით ა. შ–ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 3 წლით, 2 თვით და 29 დღით და პირობითი მსჯავრი - 1 წლით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით.
6.4. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს 2020 წლის 13 მაისის მომართვის თანახმად, ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროში მიმდინარეობს საქმის წარმოება ა. შ–სის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ივლისის №1/3520-15 განაჩენის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული პირობითი მსჯავრის აღსრულების ნაწილში და გამოსაცდელი ვადის დასასრულია 2020 წლის 26 ოქტომბერი.
6.5. ამდენად, საქმის მასალებით დგინდება, რომ ა. შ–მ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში, რა დროსაც ის ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ. ვინაიდან 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის განახევრება შეეხება ნასამართლობის არმქონე პირს, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, ა. შ–სის მიმართ გამოიყენოს ამნისტიის შესაბამისი აქტით დადგენილი შეღავათი.
საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ა. შ–ს ინტერესების დამცველის - ადვოკატ ა. კ–ს საკასაციო საჩივარი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი
შალვა თადუმაძე