Facebook Twitter

საქმე N330100121004946829

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №166აპ.-22 21 ივნისი, 2022 წელი

ჩ–ი ლ., №166აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ლ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ტ–ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2021 წლის 18 ივლისს ლ. ჩ–ი (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდგომში - საქართველოს სსკ-ის) 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის (სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში), რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 16 ივლისს, დაახლოებით 18:55 საათზე, ქ. თ–ში, რ–ს გამზირი, N..-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ლ. ჩ–მ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა თ. კ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ - ყელის გამოჭრით, რაც ბრალდებულისაგან მომდინარე აგრესიის გათვალისწინებით, დაზარალებულმა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით ლ. ჩ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით. ლ. ჩ–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2021 წლის 17 ივლისიდან.

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ. ჩ–სის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. ტ–მ და მოითხოვა უფრო მსუბუქი სასჯელის - 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 18 იანვარს მსჯავრდებულ ლ. ჩ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - ზ. ტ–მ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ: თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად 1000 ლარის ოდენობით ჯარიმის დაკისრება.

3.3. კასატაორი საკასაციო საჩივრის დაშვების სამართლებრივ საფუძვლად უთითებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, კერძოდ: „სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე“.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, დანიშნული სასჯელი არის ზედმეტად მკაცრი, არ შეესაბამება ჩადენილ დანაშაულს და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო მხოლოდ დამამძიმებელი გარემოება - ნასამართლობა და არ გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოებები: დანაშაულის აღიარება, მონანიება, გამოძიებასთან თანამშრომლობა, მტკიცებულებების უდავოდ ცნობა და შეზღუდული შერაცხადობა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

5.3. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სრულად შეაფასეს სასჯელის დანიშვნისას გასათვალისწინებელი გარემოებები, ჩადენილი ქმედების ხასიათი და სიმძიმე, პირის ინდივიდუალური მახასიათებლები, სასჯელის მიზნების მიღწევის შესაძლებლობანი და საქართველოს სსკ-ის 39-ე და 53-ე მუხლების მოთხოვნათა გათვალისწინებით, ლ. ჩ–ს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის კანონიერი და სამართლიანი სასჯელი შეუფარდეს.

5.4. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის არგუმენტს უფრო მსუბუქი სახის სასჯელის დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ანტისოციალური ქცევისადმი მიდრეკილების, საზოგადოებრივი ღირებულებებისა და ადამიანის უფლებებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების, წარსული ნასამართლობის გათვალისწინებით, მსჯავრდებულისათვის სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება სრულად შეესაბამება კანონის მოთხოვნებსა და სასჯელის სამართლიანობის პრინციპს. ამასთან, უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევასა და მსჯავრდებულის კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალვას. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი, მათ შორის - ჯარიმა, ვერ იქნება ეფექტიანი ღონისძიება ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. რაც შეეხება დანიშნული სასჯელის ზომას, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით - 1 წლით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა, დანაშაულის ჩადენისას მსჯავრდებულის ნასამართლობის გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის იმპერატიულ დანაწესს.

5.5. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასა. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაცვის მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებზე ამომწურავი პასუხები გაეცა, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს, ხოლო რაიმე სხვა გარემოებაზე, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანი გახდებოდა, კასატორი საჩივარში არ უთითებს.

5.6. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no.12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).

5.7. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no.12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.9. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ ლ. ჩ–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ. ტ–ს საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე