Facebook Twitter

საქმე N 330100120003485100

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №200-აპ.-22 2 ივნისი, 2022 წელი

ც–ე ე., 200აპ.-22 ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენზე თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 29 ივნისის განაჩენით ე. ც–ე (პირადი ნომერი: ...........) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით. მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი - 2020 წლის 7 იანვრიდან - 2020 წლის 26 თებერვლის ჩათვლით.

1.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2019 წლის 11 დეკემბერს ე. ც–ის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი №........... ორდერის მიხედვით, ე. ც–ს აეკრძალა ყოფილი მეუღლის - ი. ბ–ს საცხოვრებელ სახლთან, მდებარე - თ–ი, მ–ს მე-.. მ/რაიონი, კორპუსი N.., №.. ბინასთან მიახლოება. მიუხედავად აკრძალვისა, ე. ც–მ 2020 წლის 6 იანვარს დაარღვია შემაკავებელი ორდერის მოთხოვნები და ვალდებულებები, მივიდა თ–ში, მ–ს მე-–– მ/რაიონის, კორპუსი №..-ში მდებარე, ი. ბ–ს ბინა №.. -ში და იქ იმყოფებოდა 7 იანვრის ჩათვლით.

2. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

2.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 29 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის პოზიცია:

3.1. 2021 წლის 24 დეკემბერს პროკურორმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: ე. ც–სათვის უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, რაც სრულად თავისუფლების აღკვეთასთან იქნება დაკავშირებული.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი და მოტივი, ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბი და მსხვერპლთა ხელახალი ვიქტიმიზაციის მომეტებული საფრთხე. ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა არ გაითვალისწინა კანონით მისთვის დაწესებული აკრძალვა, მიუთითებს მის არაკანონმორჩილ ბუნებაზე, მის პიროვნებასა და მიდრეკილებაზე დანაშაულის ჩადენისაკენ. მსგავსი ქმედების განმახორციელებელი პირისთვის კი პირობითი მსჯავრი ვერ იქნება ადეკვატური სასჯელი. სასამართლოს მიერ შეუსაბამოდ მსუბუქი და არათანაზომიერი სასჯელის გამოყენებამ შეიძლება, პირს კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისაკენ უბიძგოს.

4. შესაგებელი საკასაციო საჩივარზე:

4.1. მსჯავრდებულ ე. ც–ის ადვოკატმა ნ. ხ–მ პროკურორის საკასაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1 საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2 თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე. ც–ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, ამავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილი იყო, სასჯელი დაენიშნა აღნიშნული სანქციის ფარგლებში, სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

5.3. საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილითა და 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია, განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, რომელიც ექცევა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრულ კრიტერიუმებში, დაადგინოს დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლა და მსჯავრდებულს განუსაზღვროს ადეკვატური გამოსაცდელი ვადა. ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსი არ ადგენს აღნიშნული წესისაგან გამონაკლისს ოჯახური დანაშაულის შემთხვევაში და არ კრძალავს ამ დანაშაულისათვის პირობითი მსჯავრის გამოყენების შესაძლებლობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მხრიდან დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის საკითხის გადასაწყვეტად გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის სამართლიანობისა და ინდივიდუალიზაციის პრინციპები.

5.4. სამართლის შეფარდება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით სრულყოფილად სარგებლობისა და დაცვის ხარისხით ფასდება. შესაბამისად, სასჯელის დაკისრებისას სამართლიანობა არა დასჯის, არამედ - რესოციალიზაციისა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების მიზნებთან შესაბამისობაში ვლინდება. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს. სასჯელის მიზანი კი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

5.5. განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებულის სასჯელის შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები არ არსებობს, ხოლო მსჯავრდებულს განსაზღვრული აქვს სანქციით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სასჯელის სახე და ზომა. რაც შეეხება, დანიშნული სასჯელის პირობითად ჩათვლის მიზანშეწონილობას, სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად მიუთითა ყველა იმ გარემოებაზე, რის გამოც მიიჩნია პირობითი მსჯავრის გამოყენება პროპორციულ და ლეგიტიმურ მიზნებთან შესაბამის ღონისძიებად. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით აღნიშნავს, რომ: პირობითი მსჯავრის მექანიზმი, სასჯელის აღსრულების ჰუმანური წესის დადგენით, გულისხმობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციის პროცესის წარმართვას საზოგადოებისგან იზოლირების გარეშე, სახელმწიფო კონტროლისა და აქტიური ზედამხედველობის პირობებში. ასეთი ჰუმანური მიდგომა გამართლებული და გამოსადეგია ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს დანაშაულის რეციდივის მაღალი რისკი, ხოლო მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები და დანაშაულის შემდგომი ვითარება არ წარმოშობს სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის და შესაბამისად, პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების მკაცრი შეზღუდვის აუცილებლობასა და გარდაუვალობას. პირობითი მსჯავრის გამოყენების გამორიცხვა ოჯახური დანაშაულების მიმართ, შესაბამისი იმპერატიულად ამკრძალავი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე, არღვევს თანასწორუფლებიანობას და ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებს. რაც შეეხება პროკურორის საკასაციო საჩივრის არგუმენტაციას, რომ ე. ც–მ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, სრულად არის გაზიარებული სააპელაციო სასამართლოს მიერ და ასახულია მსჯავრდებულის დამნაშავედ ცნობისა და მისთვის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის განსაზღვრის ნაწილში. სამოსამართლო საქმიანობის ფუნქცია სწორედ ისეთი სასჯელის სახისა და ზომის შერჩევაში გამოიხატება, რომელიც ყველაზე უკეთ მიესადაგება საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, მსჯავრდებულის პიროვნებას და პროპორციულია სასჯელის მიზნების მისაღწევად. მართალია, პროკურორი უთითებს ქმედების ხასიათს, მოტივს და ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბს, თუმცა ვერ ასაბუთებს მოცემულ შემთხვევაში, რაში ვლინდება ქმედების მომეტებული საშიშროება ან განსაკუთრებული მოტივი. ოჯახში ძალადობის გავრცელების მასშტაბის ზრდა, როგორც მკაცრი მიდგომის გამოყენების არგუმენტი, მოცემულ შემთხვევაში, არ არის გამოსადეგი, რადგან მხოლოდ დანაშაულის ზოგადი პრევენციის მიზანს ასაბუთებს. ოჯახური დანაშაულების ჩადენის ზოგადი სტატისტიკა, სასჯელის ვიწროდ პროპორციულობის გარეშე, კონკრეტულ მსჯავრდებულს აქცევს ძალაუფლების ობიექტად და სისხლის სამართლის პოლიტიკის ინსტრუმენტად. აღნიშნული პოზიციის საპირისპიროდ, განსახილველ საქმეში იკვეთება, რომ მსჯავრდებულის მიერ ნორმით აკრძალული ქმედება არ შეიცავს ისეთ ნიშნებს, რაც მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საშიშროებას შეიცავს. ირკვევა, რომ მსჯავრდებული შეურიგდა დაზარალებულს და ოჯახური კონფლიქტი აღარ გამწვავებულა, რაც ადასტურებს, რომ პირობითად სასჯელის ჩათვლამ დადებითი ეფექტი მოახდინა მის რესოციალიზაციასა და რეაბილიტაციაზე. შესაბამისად, დაუსაბუთებელია პროკურორის მსჯელობა, რომ პირობითმა მსჯავრმა შესაძლოა, მსჯავრდებულს უბიძგოს კვლავ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისაკენ.

5.6. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.7. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურორის მოადგილის დავით ხვედელიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე