Facebook Twitter

საქმე N 020100121004936294

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №344აპ.-22 24 ივნისი, 2022 წელი

წ–ა ვ., №344აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. ვ. წ–ა (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2021 წლის 10 ივლისს, დაახლოებით 13:00 საათზე, ზ–ს რაიონის სოფელ კ–ში, ნ–ს ქუჩა №..-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მყოფმა ვ. წ–მ მეუღლეს, ნ. კ–ს, მათი არასრულწლოვანი შვილის - ნ. წ–ს თანდასწრებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის ქცევასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებიდან გამომდინარე, რაც გულისხმობდა ცოლის ქცევების მიზანშეწონილობის საკითხის ქმრის მიერ განსაზღვრის აუცილებლობას, თანხის მეუღლესთან შეუთანხმებლად განკარგვის გამო, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ფეხი ჩაარტყა ბარძაყის არეში, რის შემდეგაც მუშტი დაარტყა ტანის მიდამოში, რის გამოც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენით ვ. წ–ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

2.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ, რომელმაც სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ვ. წ–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დამნაშავედ ცნობა.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენით ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 3 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 8 თებერვალს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მარიამ ქორიძემ საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 21 იანვრის განაჩენის გაუქმება, ვ. წ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მისთვის რელევანტური სასჯელის განსაზღვრა.

4. კასატორის არგუმენტები:

4.1. კასატორის განმარტებით, გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი უკანონოა, რადგან დაზარალებულების მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებები ადასტურებს ვ. წ–ს ბრალეულობას. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, გამოძიების ეტაპზე დაზარალებულებმა დეტალურად აღწერეს, როგორ იძალადა ვ. წ–მ ნ. კ–ზე. გარდა ამისა, დაზარალებულმა ნ. კ–მ დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ მასზე ძალადობდა მეუღლე. მოწმეების - ზ. წ–სა და კ. შ–ს ჩვენებებით კი დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს მიღებული შეტყობინების საფუძველზე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ვ. წ–ა, მისი მეუღლე - ნ. კ–ა და არასრულწლოვანი შვილი - ნ. წ–სია. მეუღლეებს ჰქონდათ სიტყვიერი დაპირისპირება, რაც განმუხტეს. გარდა ამისა, ნ. კ–ს გახეული ჰქონდა კაბა და ამბობდა, რომ მეუღლემ არასრულწლოვანი ქალიშვილის თანდასწრებით, წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, შემდეგ კი მუშტი - მარჯვენა ფერდის არეში, ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში, რის შედეგადაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და იტკიებდა იმ ადგილებს, სადაც ჩაარტყა მეუღლემ. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ მეუღლე მუდმივად ეჩხუბებოდა უმიზეზოდ, მათ შორის იმავე დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე მყოფს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გალანძღა.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და მიაჩნია, რომ იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კასატორი ვერ მიუთითებს და ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ვერცერთ საფუძველს, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

5.2. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ვ. წ–აიას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბარალდებაში გამართლების შესახებ და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:

5.3. დაზარალებულებმა - ნ. კ–მ და ნ. წ–მ უარი განაცხადეს ახლო ნათესავის - მეუღლისა და მამის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე. ვ. წ–მ კი წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ. ამდენად, შეუძლებელია დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაციის გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია, ხოლო დაზარალებულებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე უარი განაცხადეს ვ. წ–ს წინააღმდეგ ჩვენებების მიცემაზე.

5.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2021 წლის 10 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შესული მოქ. ნ. კ–ს შეტყობინება მეუღლის, ლ. წ–ს მხრიდან მასზე ძალადობის შესახებ. მოწმეების - ზ. წ–სა და კ. შ–ს ჩვენებებით დადგინდა, რომ 2021 წლის 10 ივლისს 112-დან სამმართველოში შესული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდათ ვ. წ–ა, მისი მეუღლე - ნ. კ–ა და მათი არასრულწლოვანი შვილი - ნ. წ–ა. ნ. კ–ა იყო აღელვებული და ამბობდა, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, არასრულწლოვანი ქალიშვილის თანდასწრებით, წიხლი ჩაარტყა მარჯვენა ბარძაყის არეში, შემდეგ კი მუშტი - მარჯვენა ფერდის არეში, ტანსაცმლით დაფარულ ადგილებში, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. გარდა ამისა, ნ. კ–ს გახეული ჰქონდა კაბა, რომელიც, მისი განმარტებით გაეხა ძალადობის დროს და იტკიებდა იმ ადგილებს, სადაც მას დაარტყა მეუღლემ. ქალბატონი ასევე ამბობდა, რომ მეუღლე უმიზეზოდ ეჩხუბებოდა. შემთხვევის დღესაც, ქალაქის ტერიტორიაზე მყოფს, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გალანძღა. მოწმეთა განმარტებით, ვ. წ–ს თავზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი, შუბლზე კი - სისხლჩაქცევა. მისი განმარტებით, მას ცოლმა თავში ჩაარტყა ჯოხი.

5.5. მართალია, საქართველოს შინაგან სამქეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალსიტიკური სამსახურის 2021 წლის 13 სექტემბრის ექსპერტის N..... დასკვნით დგინდება, რომ სისხლის სამართლის N....... საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ ნ. კ–ს კაბაზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვალი ქსოვილის ხევის სახით, რომელიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დადასტურდა, ნამდვილად იძალადა თუ არა ვ. წ–მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლეზე და მისი კაბა ნამდვილად მეუღლესთან კონფლიქტის შედეგად დაზიანდა თუ არა. მითუფრო, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 13 ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის №......... დასკვნითა და ექსპერტ შ. თ–სის ჩვენებით დადგენილია, რომ მოქ. ნ. კ–სიას სხეულზე გარეგნულად რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისთვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „სასამართლომ ინდივიდუალურად უნდა შეაფასოს ყველა მტკიცებულება და ერთმანეთისაგან გამიჯნოს, რომელი ჩვენება, ან ჩვენების ნაწილი წარმოადგენს ირიბს და შემდეგ გადაწყვიტოს, რამდენად შესაძლებელია ამ ჩვენების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენი, საქმე N97აპ-20).

5.7. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-37, II-52). შესაბამისად, საკანონმდებლო რეგულაციის არარსებობის პირობებში ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.

5.8. კასატორის მიერ მითითებული მოწმეების - ზ. წ–სა და კ. შ–ს ჩვენებები იმ ნაწილში, სადაც ისინი გადმოსცემენ ნ. კ–ს მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას, რომ მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი - წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების მხედველობაში მიღებით, ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი.

5.9. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. პირის გამოკითხვის ოქმს არ აქვს სამართლებრივი ძალა, ვერ მიენიჭება მტკიცებულების სტატუსი და ვერ იქნება სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანისას გამოყენებული, თუ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითად განხილვისას, რაც გულისხმობს გამოკითხული პირის უშუალო დაკითხვას სასამართლო სხდომაზე. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებმა ისარგებლეს კანონით მათთვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ამასთან, გამოკვეთილი არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, შეუძლებელია გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს დაზარალებულების მიერ გამოძიების დროს, გამოკითხვისას, მიწოდებული ინფორმაცია, რომლის სისწორე მოწმემ სასამართლოში არ დაადასტურა.

5.10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, ცალკე აღებული, შეტყობინებაში მითითებული მწირი ინფორმაცია, სხვა დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს დანაშაულის ჩადენის ფაქტის დასადასტურებლად და არ გააჩნია მტკიცებულებითი ღირებულება. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული წერილობითი მტკიცებულებები არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს.

5.11. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ვ. წ–აიას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რის გამოც მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სამართლიანად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

5.12. სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას საფუძვლების გამეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001). ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). შესაბამისად, სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტაციის გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.

5.13. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).

5.14. ამდენად, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

5.15. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მარიამ ქორიძის საკასაციო საჩივარი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე