Facebook Twitter

საქმე N 330100121004399442

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №189აპ-22 27 ივნისი, 2022 წელი

ჯ–ი მ., №189აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1.1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. მ. ჯ–ი (პირადი ნომერი: ........) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

1.2. 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის 12 იანვრის ჩათვლით, მ. ჯ–ი და ნ. კ–ე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას. თანაცხოვრების პერიოდში მ. ჯ–ი არასრულწლოვანი ორსული მეუღლის - ნ. კ–ის მიმართ, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის როლის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, სისტემატურად ახორციელებდა ფიზიკურ ძალადობას, მათ შორის, ანალოგიურ ფაქტებს ადგილი ჰქონდა:

2020 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, თ–ში, ქ–ს ქუჩა N.., ბინა №..-ში, მ. ჯ–მა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს ერთხელ გაარტყა ხელი სახის არეში, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 27 ნოემბერს, თ–ში, ქ–ს ქუჩა №15, ბინა №11-ში, მ. ჯ–მა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა ხელები და ფეხები, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 11:00 საათზე, თში, ............ის ქუჩა №..-ში, მ. ჯ–სმა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი, ხოლო პლასტმასის ცოცხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 10 იანვარს, დილის საათებში, თ–ში, ........ის ქუჩა №..-ის მიმდებარედ, მ. ჯ–მა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახესა და ხელზე, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2021 წლის 11 იანვრის 22:00 საათიდან 2021 წლის 12 იანვრის 04:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, ............ის ქუჩასა დას ............ის ქუჩა №..-ში, მ. ჯ–მა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს ნ. კ–ს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, მოქაჩა თმა, სველი ტილო დაარტყა სხეულზე, ხოლო პლასტმასის ნაჭერი დაარტყა თავში, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

1.3. 2021 წლის 10 იანვარს, დილის საათებში, თ–ში, .........ის ქუჩა ..-ის მიმდებარედ, მ. ჯ–ი, გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ოჯახში მამაკაცის როლის უპირატესობის დემონსტრირების მიზნით, დანის გამოყენებით არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებით, კერძოდ უთხრა, რომ შრამიანი სახით მოუწევდა სიარული, რა დროსაც ნ. კ–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენით მ. ჯ–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

მ. ჯ–ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე (2021 წლის 11-12 იანვრის ეპიზოდი).

მ. ჯ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2021 წლის 11-12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით.

2.2. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2021 წლის 11 იანვრის 22:00 საათიდან 2021 წლის 12 იანვრის 04:00 საათამდე პერიოდში, თ–ში, ..........ის ქუჩასა და თ–ში, ........ის ქუჩა №..-ში, მ. ჯ–მა არასრულწლოვან ორსულ მეუღლეს - ნ. კ–ს სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი და ფეხი, მოქაჩა თმა, სველი ტილო დაარტყა სხეულზე, ხოლო პლასტმასის ნაჭერი დაარტყა თავში, რა დროსაც ნ. კ–მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3.2. 2022 წლის 21 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შოთა ბარამიამ და მსჯავრდებულ მ. ჯ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. ჩ–სმა.

3.3. პროკურორმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენში ცვლილების შეტანა: მ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.

3.4. ადვოკატმა მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4. კასატორების არგუმენტები:

4.1. პროკურორ შოთა ბარამიას საკასაციო საჩივრის თანახმად: სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა მ. ჯ–სის მიერ როგორც სისტემატური ფიზიკური შეურაცხყოფის, ასევე მუქარის ფაქტი და სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად შეაფასა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, როდესაც მ. ჯ–ი ცნო უდანაშაულოდ და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებში. ბრალდების მხარე მიუთითებს საქმეში არსებულ შემდეგ მტკიცებულებებს: მოწმეების - ნ. კ–სა და დ. მ–ს გამოკითხვის ოქმებს, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას ნ. კ–ს მიმართ, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, ნ. კ–სთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ნ. კ–სთან გასაუბრების ოქმსა და შეტყობინების ოქმს და მიიჩნევს, რომ ამ და სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მ. ჯ–ს მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენა. პროკურორი აღნიშნავს ოჯახური დანაშაულის სპეციფიკას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, ასევე ხაზს უსვამს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, ეფექტიანად დაიცვას ოჯახური დანაშაულის მსხვერპლთა უფლებები. კასატორის პოზიციით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ირიბი ჩვენების სისხლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, თუმცა გამართლებულად მიიჩნევს საგამონაკლისო წესით ირიბი ჩვენების გამოყენებას, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. პროკურორის პოზიციით, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათი სანდოობისა და სარწმუნოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი გახდებოდა.

4.2. ადვოკატის საკასაციო საჩივრის თანახმად: 1) სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მტკიცებულებები, რომელთა შეფასება მხოლოდ ერთი ლოგიკური დასკვნის შესაძლებლობას იძლეოდა, რომ მ. ჯ–ს მის მიმართ ინკრიმინირებული დანაშაული არ ჩაუდენია და არ არსებობდა არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ - მისი მამხილებელი ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც კი, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში. დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი, თუმცა არცერთი მათგანი არ არის მ. ჯ–ს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულება. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის დასასაბუთებლად იყენებს მხოლოდ სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებებს და მათი სისწორე არ დაუდასტურებია თავად დაზარალებულ ნ. კ–ს. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ. კ–მ განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა, ფსიქოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები მთლიანად ეყრდნობა გამოსაკვლევი პირის - ნ. კ–ს მონათხრობს, რაც სასამართლოში არ დაუდასტურებია თავად დაზარალებულ ნ. კ–ეეს, რადგან მან გამოიყენა მისთვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება თავისი ახლო ნათესავის წინააღმდეგ. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, შეუძლებელია იმის მტკიცება, თუ რა ვითარებაში, დროის რომელ მონაკვეთში და ვისი ქმედებით განიცდიდა ნ. კ–ე ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ადვოკატი მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებაზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ. ჯ–სის ბრალს; 2) ადვოკატი სადავოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სამართლიანობას და მიაჩნია, რომ არსებობს მ. ჯ–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები: უდავოდ ცნო საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დიდი ნაწილი და ხელი შეუწყო მართლმსაჯულების სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას, საქმეში მოიპოვება დაზარალებულის ნოტარიული წესით დამოწმებული თანხმობა. ადვოკატი ითხოვს მ. ჯ–ს მიმართ გამოყენებულ იქნეს სასჯელის შემამსუბუქებელი ღონისძიებები, რადგან მას პატიმრობის პერიოდში შეეძინა შვილი, მისი ოჯახი განიცდის მძიმე ეკონომიკურ პრობლემებს, ხოლო მ. ჯ–ი არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი.

5. საკასაციო საჩივრების დაუშვებლობა:

5.1. საკასაციო სასამართლო გაეცნო მხარეთა საკასაციო საჩივრებს და მათ არგუმენტაციას, სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით და ჯეროვნად გამოიკვლია მსჯავრდებულის ქმედების სამართლებრივი შეფასებისათვის რელევანტური ყველა ფაქტობრივი ასპექტი. ასევე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ფაქტებისა და გარემოებების მისადაგებისას, არ გამოვლენილა ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან ან თუნდაც, სავარაუდოს გახდიდა არსებული პრაქტიკის გადახედვის საჭიროებას. მხარეების სააპელაციო საჩივარებში წარმოდგენილ არგუმენტაციას ამომწურავი პასუხები გაეცა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებულ განაჩენში, ხოლო საკასაციო საჩივრები არ წარმოაჩენს არსებითად განსხვავებულ სამართლებრივ საკითხებს, რაც სააპელაციო სასამართლოს სათანადო გულმოდგინებით არ შეუფასებია.

5.2. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ ვლინდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არცერთი წინაპირობა და ყველა საკითხი, რაც სათანადოდ შეისწავლა სააპელაციო სასამართლომ არ საჭიროებს გამეორებას. საჩივრების ძირითადი აქცენტებიდან გამომდინარე კი, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ სადავო და კვალიფიკაციისათვის საკვანძო ასპექტებზე.

5.3. პროკურორის საკასაციო საჩივარი შეეხება მ. ჯ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალდების იმ ნაწილში, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის სისტემატურ ხასიათს. საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ობიექტური მხრივ მოიცავს სისტემატურ ცემას ან სხვაგვარ ძალადობას და მისგან გამოწვეულ შედეგს - დაზარალებულის ფიზიკურ ან ფსიქიკურ ტანჯვას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლისაგან განსახილველი მუხლის განმასხვავებელი სპეციფიკური და სავალდებულო ნიშანია ქმედების - ცემის ან სხვაგვარი ძალადობის სისტემატური ხასიათი. საკასაციო სასამართლოს არაერთ საქმეში აქვს განმარტებული, რომ სისტემატურობა უკავშირდება ძალადობის განხორციელებას გარკვეული პერმანენტულობით ანუ ქმედება მეორდება გამუდმებით, განუწყვეტლივ, რეგულარულად, რაც ქმნის გარკვეულ სისტემას. ამ თვალსაზრისით, გამეორება, ე.ი. მომდევნო ქმედება მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა იქნეს ჩადენილი. ამასთან, აღნიშნული ქმედებები დროში ისე უნდა უკავშირდებოდეს ერთმანეთს, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ განიცდიდეს წინარე ძალადობისგან მიყენებულ ტრავმას და ქმნიდეს ძალადობის ერთიან სისტემას. შესაბამისად, ძალადობა, როდესაც ქმედებები დროის ინტერვალით საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან, არ შეიძლება მივიჩნიოთ სისტემატურად. აუცილებელია საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდებოდეს სისტემატურობის შემადგენელ ქმედებათა ჩადენის ლოგიკური ერთიანობა, ასევე ბრალდების დადგენილებაში აღწერილი ძალადობის თითოეული ფაქტის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში მ. ჯ–ს ბრალდების შესახებ დადგენილება შეიცავს სისტემატურობის შემადგენელი ფაქტების დეტალურ ფაბულას, სადაც პროკურორი მიუთითებს კონკრეტულ თარიღებსა და გარემოებებს. თუმცა საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება არ ადასტურებს აღნიშნულ ფაქტებს იმავე რაოდენობითა და ქრონოლოგიით. პროკურორის მიერ მითითებული მოწმეები: ნ. კ–ე და დ. მ–ი, რომლებიც დაზარალებულის ოჯახის წევრები არიან, ადასტურებენ წარსულში ნ. კ–ეის მიმართ მეუღლის - მ. ჯ–ს მიერ ჩადენილ ძალადობას, თუმცა მოწმე ნ. კ–ე მხოლოდ ერთ ასეთ ფაქტს იხსენებს 2020 წლის ნოემბერში, ისიც ნ. კ–საგან გადმოცემით. ასევე, მოწმე დ. მ–ი ზოგადად მიუთითებს ნ. კ–სგან გადმოცემით ცნობილ სისტემატურ ძალადობაზე მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში. პროკურორი ასევე მოიხმობს სამედიცინო ექპსერტიზისა და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული დასკვნები არ მიემართება სისტემატური ძალადობის ნაწილში წარდგენილ ბრალდებას და შეეხება 2021 წლის 11-12 იანვარს ჩადენილი ძალადობის ფაქტებს. გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის შესახებ შეტყობინების ოქმში ნ. კ–ე აცხადებს, რომ მეუღლე სცემს, ხოლო იმავე დღეს შედგენილ გასაუბრების ოქმში მიუთითებს თანაცხოვრების განმავლობაში სისტემატური ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, თუმცა არ აკონკრეტებს გარემოებებს. ბრალდების შესახებ დადგენილება სრულად აგებულია დაზარალებულ ნ. კ–ს გამოკითხვის ოქმზე, რამაც არ ჰპოვა დადასტურება სასამართლოში ჩვენების მიცემით და არ არის გამყარებული საქმეში არსებული სხვა ობიექტური მტკიცებულებებით. შესაბამისად, არ დგინდება არათუ სისტემატური ძალადობის შემადგენელი ქმედებები ბრალდების დადგენილებაში მითითებული სიზუსტით, არამედ - ზოგადად შეუძლებელია გარკვევა მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში რა სახის და რაოდენობის ძალადობას ჰქონდა ადგილი, როგორი ინტერვალითა და ინტენსივობით, რაც ძალადობის ერთიანი სისტემის დასადგენად აუცილებელ კუმულაციურ გარემოებებს წარმოადგენს. ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას მ. ჯ–ს ქმედების გადაკვალიფიცირების თაობაზე.

5.4. პროკურორის საკასაციო საჩივრით ასევე მოთხოვნილია მ. ჯ–სის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში, თუმცა მოცემულ შემთხვევაშიც, პროკურორი ვერ უთითებს იმ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს აკმაყოფილებს. სააპელაციო სასამართლომ თავის დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში სრულყოფილად მიმოიხილა ბრალდების აღნიშნულ ნაწილში გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძვლები, ხოლო საკასაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ ობიექტურ და მნიშვნელოვან გარემოებაზე მითითებას, რაც საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის დროს მოცემულ საკითხზე მტკიცებულებათა შეფასებისას საპროცესო კანონის მნიშვნელოვანი დარღვევის ან ისეთი სამართლებრივი პრობლემის არსებობის თაობაზე, რაც დადგენილისაგან განსხვავებული სასამართლო პრაქტიკის საჭიროებას გამოკვეთს.

5.5. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის საკასაციო საჩივრის დასაბუთებას და მიაჩნია, რომ განსახილველ საქმეში მოიპოვება მ. ჯ–ს საქართველოს სსკ-ს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულში მსჯავრდების საპროცესო და ფორმალური საფუძვლები, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.6. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ რაც არ უნდა შემწყნარებლური იყოს საზოგადოება და მათ შორის, დაზარალებული ოჯახური ძალადობის საკითხის მიმართ, სახელმწიფოს ვალდებულებაა, ოჯახში ძალადობის საქმეთა განხილვისას უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების ადეკვატური და ეფექტიანი დაცვა. ამ მხრივ, სასამართლო გვერდს ვერ აუვლის ოჯახური ძალადობის სპეციფიკას, რაც რთულ და კომპლექსურ ფაქტორებს უკავშირდება და აერთიანებს სხვადასხვა საკითხს: სოციუმში მყარად გამჯდარ ტრადიციულ ოჯახურ დამოკიდებულებებს, ძალადობის ფაქტების ლატენტურობას და ოჯახში ე.წ „დახურულ კარს მიღმა“ განვითარებული მოვლენების თვითმხილველთა სიმწირეს, მოძალადისადმი დაზარალებულის ფსიქო-ემოციურ მიჯაჭვულობას, ხელახალი ვიქტიმიზაციის საფრთხისადმი შიშის არსებობას და ა.შ. ყველა ზემოაღნიშნული ფაქტორი, ერთი შეხედვით, ქმნის გარკვეულ წინაღობებს ოჯახური ძალადობის დანაშაულთა გამოვლენისა და დადგენისას, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან გამოძიების პროცესუალური ასპექტების თანმიმდევრული დაცვის, მყისიერი და გულისხმიერი რეაგირების პირობებში, შეუძლებელია, წახალისდეს ოჯახური დანაშაულების დაუსჯელობა.

5.7. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა ზოგადი მოწყვლადობა და ის ფაქტი, რომ ხშირად ისინი თავს იკავებენ ძალადობის შემთხვევების შეტყობინებისგან, სახელმწიფოს მხრიდან უფრო მკაცრ რეაგირებას მოითხოვს (საქმე T.M and C.M v the Republic of Moldova, No. 26608/11 ECtHR, 2014 წლის 28 იანვარი, პუნქტები 46, 60). დაზარალებულმა ნ. კ–მ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის უფლებით. ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა უკავშირდება ბრალდებულის თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიას და იმ პირობებში, როდესაც ჩვენება სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაეყრდნოს დაზარალებულის გამოკითხვისას მიწოდებულ ინფორმაციას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლომ განსაკუთრებული გულისხმიერებით უნდა შეამოწმოს ყველა ის ფაქტი და ინფორმაცია, რაც მოპოვებულ იქნა საქმის არსებით განხილვამდე სხვა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების პროცესში, შემთხვევის ფაქტთან მჭიდროდ დაკავშირებულ ვადებში და დაზარალებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებლად ატარებს საქმეზე მტკიცებულებით მნიშვნელობას.

5.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომის შესაბამისად, ქალთა მიმართ ძალადობის საქმეების განხილვისას, ეროვნულმა ხელისუფლებამ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხედველობაში უნდა მიიღოს მსხვერპლის უმწეო მდგომარეობა, მისი ფიზიკური და მორალური მოწყვლადობა და რაც შეიძლება სწრაფად შეაფასოს სიტუაცია ადეკვატურად. ამდენად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ საქმეში მოიპოვება დანაშაულის ფაქტის ამსახველი პირვანდელი და ობიექტური ინფორმაცია, დაზიანებების არსებობის ამსახველი სამედიცინო ცნობები, ექსპერტთა დასკვნები და სხვა ისეთი ავთენტური და შეუნაცვლებადი მტკიცებულებები. განსახილველ შემთხვევაში საქმეში მოიპოვება სწორედ ამგვარი მტკიცებულებები, რომლებიც დაზარალებულის მიერ სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ფაქტისგან დამოუკიდებლად, ქმნიან იმ ქრონოლოგიურ ჯაჭვს, რაც 2021 წლის 11-12 იანვრის ოჯახური ძალადობის ფაქტის დადასტურებისათვის საკმარის საფუძველს წარმოადგენს, კერძოდ: დანაშაულის შეტყობინების ბარათში აღწერილი და უშუალოდ დაზარალებულ ნ. კ–ს მიერ მიწოდებული ინფორმაცია მეუღლის მიერ მის მიმართ ჩადენილი ოჯახური ძალადობის თაობაზე, წარმოადგენს ძალადობის შესახებ პირვანდელ ცნობას, რაც ობიექტურად დამაჯერებელი და გულწრფელია, რამდენადაც ეფუძნება დანაშაულით გამოწვეულ ჯერ კიდევ გაუნელებელ განცდებსა და ემოციებს. დაზარალებულის შეტყობინების სარწმუნოობის ხარისხს ამაღლებს მეორე შეტყობინებაც იმავე დანაშაულის ფაქტის შესახებ, კერძოდ: ნ. რ. დროის დაახლოებით იმავე პერიოდში ატყობინებს საგამოძიებო ორგანოს თავის შვილიშვილს - მ. ჯ–სა და ნ. კ–ს შორის მომხდარი ოჯახური კონფლიქტის შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეები ნ. კ–ე და დ. მ–ი, რომელთა ჩვენებები კომბინირებულად ატარებს როგორც ირიბ, ისე პირდაპირ ხასიათს. ირიბია მოწმეთა ჩვენებები უშუალოდ დაზარალებულის მიერ მონათხრობი ფაქტების გადმოცემის ნაწილში, თუმცა მათი ჩვენებები პირდაპირი მნიშვნელობისაა იმ ფაქტების დასადგენად, რაც უშუალო დანაშაულის ფაქტიდან მალევე დაზარალებულის სხეულზე აღბეჭდილ დაზიანებებს, მის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ასახავს. დაზიანებების არსებობა დაზარალებულის სხეულზე და მათი ლოკალიზაცია, დაზიანებების დაფიქსირების დრო და სამედიცინო შემოწმების შედეგები, ასევე ექსპერტთა წინაშე უშუალოდ დაზარალებულის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, ის პირდაპირი მტკიცებულებებია, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ ძალადობის ფაქტს. შესაბამისად, სასამართლოს გააჩნია საკმარისი და ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული ინფორმაციების ერთობლიობა, რაც ფაქტების პრეზუმფციის და დანაშაულის თითოეული ელემენტის დადასტურების უტყუარ შესაძლებლობას იძლევა. ამდენად, ყოველი ზემოაღნიშნული გარემოების, სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული მტკიცებულებების დეტალური და სრულყოფილი გაანალიზებისა და გათვალისწინების შედეგად, იქმნება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის მ. ჯ–ს მიერ ჩადენის გონივრულ ეჭვს მიღმა საფუძველი.

5.9. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მსჯავრდებულ მ. ჯ–ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირა, ხოლო საქმეში არ ვლინდება ისეთი სამართლებრივი პრობლემა, რაც განსხვავებული იქნებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილი პრაქტიკისაგან და დაასაბუთებდა მისი ახლებურად გადაწყვეტის ან შეცვლის საჭიროებას.

5.10. რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა სასჯელის სახისა და ზომის განმსაზღვრელი ყველა რელევანტური ფაქტორი: ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მსჯავრდებულის პიროვნება და ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულის სანქციის ფარგლები და მიიჩნია, რომ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა ემსახურება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. ადვოკატის მიერ მითითებული არგუმენტები, რომ მსჯავრდებულს შეეძინა შვილი და იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, მოცემულ შემთხვევაში არ არის სასჯელის შემსუბუქებისათვის ადეკვატური კრიტერიუმი, რამდენადაც მსჯავრდებულის მიმართ ინკრიმინირებული ქმედების არსი მოიცავს ორსული მეუღლის განსაკუთრებული მდგომარეობის და მოწყვლადობის უგულებელყოფას მ. ჯ–ს მხრიდან. შესაბამისად, ის სამართლებრივი სიკეთეები, რასაც თავად მსჯავრდებული ხელყოფდა და არ უფრთხილდებოდა, შეუძლებელია მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად შეფასდეს. ასევე, ადვოკატის მიერ მითითებული გარემოება, რომ მსჯავრდებული ოჯახის ერთადერთი მარჩენალია, არ წარმოადგენს სასჯელის სახის შეცვლის ან შემსუბუქების საფუძველს, რადგან არცერთი ეკონომიკური პირობა და სოციალური ფონი არ ამსუბუქებს მოცემულ საქმეში არსებულ ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებულ საფრთხეს, რაც აუცილებელია განეიტრალდეს ადეკვატური ვადით მსჯავრდებულის ოჯახისაგან განრიდებითა და საზოგადოებისაგან იზოლირებით. რაც შეეხება სასჯელის შემსუბუქების სხვა შესაძლო კრიტერიუმებს, სააპელაციო სასამართლოს უკვე შეფასებული და ასახული აქვს გამოყენებული სანქციის შესაბამის მოცულობაში.

5.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ არსებობს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის რომელიმე საფუძველი, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების საფუძველზე საკასაციო სასამართლომ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ შოთა ბარამიასა და მსჯავრდებულ მ. ჯ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გ. ჩ–ს საკასაციო საჩივრები;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე