Facebook Twitter

საქმე N 020100120004171775

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №250აპ.-22 28 ივნისი, 2022 წელი

მ. მ., №250აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა, ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას და მსჯავრდებულების: მ. მ-ს, ი. და ე. მ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენზე

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენით დადგინდა: 2020 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ., თ-ს და ნ-ს საცხოვრებელ სახლში მივიდნენ მ. მ, ე. მ.და ი. სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც შურისძიების მოტივით სამივე მათგანმა ნ-ს ფეხი მოუყოლა სამზარეულო ოთახის კარში და აწვებოდნენ კარს. მ. მ-ს, ე. მ-ა და ი-ს ქმედებების შედეგად ნ-მ მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით.

1.2. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენით:

მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.

ე. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენით მ. მ-ს, ი-ს და ე. მ. ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 4 აგვისტოს განაჩენში შევიდა ცვლილება:

მ. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით.

მ. მ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.

ი. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით.

ი-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.

ე. მ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლით გამოსაცდელი ვადით.

ე. მ-ს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან, სპეციალური პენიტენციური დაწესებულებიდან ამ განაჩენის გამოცხადებისთანავე.

3. კასატორების არგუმენტები:

3.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნინო ჟვანიამ და მსჯავრდებულების: მ. მ-ს, ი. და ე. მ. ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ.ე-მ.

3.2. ადვოკატმა ზ.ე-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა მსჯავრდებულების: მ.მ-ს, ი. და ე. მ-ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, მსჯავრდებულების ქმედების დაკვალიფიცირება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულების: მ. მ-ს, ი. და ე. მ-ს მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტა.

3.3. პროკურორმა ნინო ჟვანიამ საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ: მსჯავრდებულების: მ. მ-ს, ი. და ე. მ-ს მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრება და მათ მიმართ სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მსჯავრდებულების: მ.მ--ს, ი. და ე. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ--ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (2020 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქცია) გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, რაც ჩადენილია ამ კოდექსის 117-ე მუხლის მე-3, მე-5 ან მე-7 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას. ხოლო საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად.

4.3. საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია შედეგი - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების სახით. ამასთან, ვინაიდან მოცემული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა, აუცილებელია ქმედებასა და შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა, ე.ი. იმის დადგენა, რომ ბრალდებულის ქმედება შედეგის - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამომწვევი აუცილებელი პირობაა, ურომლისოდაც ეს შედეგი არ დადგებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

4.4. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს განასხვავებს ხელყოფის ინტენსივობა და დამდგარი შედეგი. ამასთან, მნიშვნელოვანია აშკარა, ურთიერთშესაბამისი და უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდებოდეს როგორც ქმედება, ისე შედეგი და მათ შორის არსებული უწყვეტი, სისხლისსამართლებრივად რელევანტური მიზეზობრივი კავშირი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ საქმეში უტყუარობის მაღალი სტანდარტით ვერ დადასტურდა მსჯავრდებულების - მ. მ-ს, ი. და ე. მ-ის ქმედებებით დაზარალებულ ნ-ს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანების გამოწვევის ფაქტი, შემდეგ გარემოებათა გამო: მხარეებს შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ 2020 წლის 15 აპრილს, დღის საათებში, ქ., თ-ში და ნ-ს საცხოვრებელ სახლში, მივიდნენ მ. მ., ე. მ. და ი. სხვა პირებთან ერთად, რა დროსაც შურისძიების მოტივით სამივე მათგანმა ნ-მ ფეხი მოუყოლა სამზარეულო ოთახის კარში და აწვებოდნენ კარს.

4.5. მხარეებს შორის სადავოა მსჯავრდებულთა ქმედებებით დაზარალებულ ნ-სათვის მიყენებული დაზიანების ხარისხი. საქმეში წარმოდგენილია ორი კატეგორიული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, კერძოდ:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 29 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N002487120 დასკვნის თანახმად: „15.04.20წ 22:55-23:14 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქ. ნ-ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში); დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად; დაზიანება ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს“.

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2020 წლის 15 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002769720 დასკვნის შესაბამისად: „თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ზუგდიდის N1 რეფერალური ჰოსპიტლის ცნობა (ნომერი არ აქვს) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 16.04.2020წ) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ.ნ-მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 16.04.2020წ-ს 12:30 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 13:30 სთ-ზე დიაგნოზით: მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხილობა, მაჯის და მტევნის სხვა ნაწილების დაჟეჟილობა, მარცხენა მტევნის რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა“. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად, მას ასევე აღენიშნებოდა კანქვეშა ჰემატომა მარჯვენა კოჭ-წვივის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივ-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და ერთობლიობაში მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით.

4.6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საექსპერტო კვლევა წარმოადგენს ყველაზე კომპეტენტურ, სანდო და უტყუარ მტკიცებულებას ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად. ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებს სპეციფიკური ცოდნის გათვალისწინებით, ადგენს სწორედ სამედიცინო დარგის სპეციალისტი, შესაბამისი საექსპერტო კვლევის საფუძველზე, რა დროსაც ის ხელმძღვანელობს სათანადო კვლევის მეთოდოლოგიით და შეუძლია, კატეგორიულობის შესაბამისი ხარისხით დაადგინოს ან უარყოს მის წინაშე დასმული საკითხები. საკასაციო სასამართლო თავდაპირველად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ საქმის მასალებით არ იკვეთება მითითებული ექსპერტიზის დასკვნების სარწმუნოობასა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ამასთან, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებებს, სადაც პალატა მიუთითებს ექსპერტიზის დასკვნებს შორის არსებულ მეთოდოლოგიურ განსხვავებაზე. როგორც ზემოაღნიშნული დასკვნებიდან ირკვევა, დაზარალებულ ნ-ს შემთხვევის დღეს - 2020 წლის 15 აპრილს ექსპერტის მიერ ჩაუტარდა პირადი გასინჯვა, რა დროსაც მას სხეულზე აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის სისხლნაჟღენთები, რომლებიც ექსპერტის შეფასებით ცალ-ცალკე და ერთობლივად მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სამედიცინო ექსპერტიზის N002769720 დასკვნა ემყარება ევექსის ზუგდიდის N1 რეფერალური ჰოსპიტლის მიერ 2020 წლის 16 აპრილს გაცემულ ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლის კვლევით ნაწილში მითითებულია სამედიცინო დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემი: „ნ-მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 16.04.2020წ-ს 12:30 სთ-ზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 13:30 სთ-ზე. პაციენტის გადმოცემით ტრავმა მიიღო რამოდენიმე საათის წინ, კარი მოხვდა ფეხზე...“. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ ჩვენებაში დაზარალებული ნ. განმარტავს, რომ ი-მ, ე. მ-მ და მ. მ--მ ფეხი მოუყოლეს რკინის კარში, რის გამოც ძალიან ეტკინა, გაუსივდა და მოტყდა კოჭთან. მისივე ჩვენებით, კარის ზღურბლზე გადადიოდა, როცა სამივე ბრალდებული აჭერდა კარს ხელს. ამდენად, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: შემთხვევის დროა 2020 წლის 15 აპრილი, როდესაც მ----- მ-მ, ი-მ და ე. მ-მ ნ-ს ფეხი მოუყოლეს კარში და აწვებოდნენ მას; დაზარალებულ ნ-ს ჩვენების თანახმად, მას ფეხი ძალიან ეტკინა და მოტყდა კოჭთან; იმავე დღეს - 2020 წლის 15 აპრილს ექსპერტმა პირადად გასინჯა ნ. და დასკვნაში დეტალურად აღწერა მისი ჯანმრთელობის დაზიანების მორფოლოგიური სურათი, თუმცა მის სხეულზე აღმოჩენილი დაზიანებები მიაკუთვნა სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ამასთან, 2020 წლის 15 აპრილის გასინჯვის საფუძველზე გაცემულ დასკვნაში არსად არის მითითება მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხილობის ან მისი დაზიანების კვალის შესახებ. შესაბამისად, მოტეხილობა, რომელიც ასახულია შემთხვევიდან მეორე დღეს, 2020 წლის 16 აპრილის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მონაცემებსა და სამედიცინო ექსპერტიზის N002769720 დასკვნაში, აღმოჩენილია პირველი ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ პერიოდში და განაპირობებს ექსპერტთა მიერ ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის სხვაგვარ შეფასებას. ამდენად, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, თუ რამდენად არის მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხილობა სწორედ ის დაზიანება, რაც დაზარალებულმა ნ-მ 2020 წლის 15 აპრილს მიიღო მსჯავრდებულთა ქმედების შედეგად.

4.7. მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე, შესაბამისად, ფაქტები და გარემოებები, რაც ზემოაღნიშნული დასკვნებით დგინდება, მიიღება მტკიცებულებად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა უდავოდ ცნობა მხარეთა უფლებაა და მისი სამართლებრივი შედეგი უკავშირდება მტკიცებულებისათვის პრეიუდიციული ძალის მინიჭებას. თუმცა, უდავოობა არ ანიჭებს მტკიცებულებას საქმისათვის წინასწარ დადგენილ იურიდიულ ძალას და ცალკე განსჯის საკითხია, თუ რამდენად აკმაყოფილებს იგი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭირო მტკიცებულებით სტანდარტს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არ მოიპოვება არცერთი ობიექტური და აშკარა მტკიცებულება, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა, რომ სამედიცინო ექსპერტიზის N002769720 დასკვნაში ასახული მარჯვენა ლატერალური გოჯის მოტეხლობა ნ-მ მიიღო შემთხვევის დღეს და მსჯავრდებულთა ქმედებების შედეგად. უფრო მეტიც, უშუალოდ ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია ნ-ს განმარტება, რომ აღნიშნული დაზიანება რამდენიმე საათის წინ მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ წინა დღეს (15.04.2020) გაცემული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის შედეგები კატეგორიულად ადასტურებს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებას, ჯანმრთელობის მოუშლელად, გაუქარწყლებელი რჩება ეჭვი 2020 წლის 16 აპრილის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე გაცემული ექსპერტიზის დასკვნაში ასახული დაზიანებების წარმომავლობისა და წარმოშობის დროსთან მიმართებით.

4.8. გარდა ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებისა, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნ-ს სხეულზე არსებული მოტეხილობა სწორედ 2020 წლის 15 აპრილს მსჯავრდებულთა ქმედებების მიზეზობრივი შედეგია. გამომდინარე იქიდან, რომ ქმედება ჩადენილია 2020 წლის 15 აპრილს, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანების ნაკლებად მძიმე ხარისხი ექსპერტიზამ დაადგინა 16 აპრილის მოცემულობით, გაურკვეველია - რატომ არ აისახა ჯანმრთელობის დაზიანების იგივე მორფოლოგიური სურათი ექსპერტიზის მიერ 15 აპრილის პირადი გასინჯვის მონაცემებში. საექსპერტო კვლევათა განსხვავებული შედეგების მიღების შემდგომ, დაზიანების ხარისხის ყოველგვარი ეჭვის გამომრიცხავი შეფასებისათვის არ ჩატარებულა კომპლექსური ან დამატებითი სამედიცინო ექსპერტიზა, რაც ობიექტურ პასუხს გასცემდა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის განმსაზღვრელი დაზიანებების ხანდაზმულობისა და მსჯავრდებულების მართლსაწინააღმდეგო ქმედებებთან მათი მიზეზობრივი კავშირის საკითხებს. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების დასკვნას, რომ საქმეში წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით ცალსახად დასტურდება მსჯავრდებულების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებები, რომ მათ 2020 წლის 15 აპრილს მომხდარი ინციდენტისას, კარში მოუყოლეს ფეხი დაზარალებულს და მიაწვნენ კარს. თუმცა, არცერთი მოწმის ჩვენება არ შეიცავს რელევანტურ ინფორმაციას იმის დასადასტურებლად, რომ სწორედ კარში ფეხის მოყოლის შედეგად, ნ-მ მიიღო ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. სასამართლოები სწორად მიუთითებენ მიზეზობრივი კავშირის არსებობის აუცილებლობაზე საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის კვალიფიკაციისას. თუმცა, არ გაითვალისწინეს ის გონივრული ეჭვი, რაც წარმოშობილია საქმეში არსებული ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნით და შეეხება დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანების წარმოშობის დროისა და წარმომავლობის დაუდგენლობას. გამომდინარე იქიდან, რომ შემთხვევის დღეს პირადი გასინჯვისას დაზარალებულ ნ-ს არ აღენიშნებოდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო ეს შედეგი დადასტურდა შემთხვევიდან მეორე დღეს, სასამართლოს არ შეუძლია დაადგინოს უწყვეტი მიზეზობრივი კავშირის არსებობა მსჯავრდებულების ქმედებასა და ბრალად შერაცხულ ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას შორის.

4.9. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას’’. ხოლო, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: „მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა“. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

4.10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება დაცულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირის მსჯავრდებას საფუძვლად უდევს უტყუარ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ ერევა ეროვნული სასამართლოების მიერ მტკიცებულებათა დასაშვებობასა და შეფასებაში და ადგენს ზოგადსახელმძღვანელო სტანდარტს: განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ მასრი მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v the Former Yugoslav Republic of Macedonia, (GC), 13.12.2012) და „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v the UK, ECtHR, (GC), 16.09.2014). ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით შესაძლებელი უნდა იყოს არა მხოლოდ ფაქტების უტყუარი დადასტურება, არამედ მტკიცება უნდა მიემართებოდეს მატერიალური სამართლის ნორმის თითოეულ ელემენტს და უნდა ქმნიდეს დანაშაულის სრულყოფილ შემადგენლობას.

4.11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში უტყუარობის მაღალი ხარისხით არ დასტურდება ქმედებისა და შედეგის მიზეზობრივი ურთიერთმიმართება, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას. უდანაშაულობის პრეზუმფცია დაძლეულია მხოლოდ მაშინ, თუ უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები აქარწყლებენ გონივრულ ეჭვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველგვარი ეჭვი, რაც ვლინდება დანაშაულის შემადგენლობის რომელიმე ნიშნის არსებობის მიმართ, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა მსჯავრდებულების - მ. მ-ს, ი. და ე. მ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული (2020 წლის 15 აპრილს მოქმედი რედაქცია) დანაშაულის ჩადენა.

4.12. საკასაციო სასამართლო არ ეთანხმება პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოების შეფასებას მსჯავრდებულების ქმედების კვალიფიკაციის საკითხში, თუმცა სრულად იზიარებს მათ მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს: მსჯავრდებულების - მ. მ-ს, ი. და ე. მ-ის მიერ 2020 წლის 15 აპრილს ჯგუფურად ჩადენილი ფიზიკური ძალადობის შესახებ დაზარალებულ ნ-მ მიმართ. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულების ქმედება შეიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანს, რადგანაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცალსახად და უტყუარად ადასტურებენ, როგორც ფიზიკური ძალადობის ჯგუფურად ჩადენის, ისე აღნიშნული ძალადობის შედეგად დაზარალებულის მიერ ფიზიკური ტკივილის განცდის ფაქტებს, რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

5. სასჯელის დასაბუთება:

5.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მსჯავრდებულები: მ. მ., ი. და ე. მ-ი დამნაშავედ უნდა იქნენ ცნობილნი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

5.2. სისხლის სამართალწარმოების სამართლიანობა ვლინდება სამართლიანი სასჯელის დაკისრებაში, რა დროსაც სასამართლო შებოჭილია ვალდებულებით, რომ მის მიერ დანიშნული სასჯელი იყოს ეფექტიანი და პროპორციული. სასჯელის პროპორციულობა გულისხმობს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად ინდივიდუალიზებული სახით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ბრალი და დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი (კონკრეტული დაზარალებულისთვის თუ საზოგადოებისთვის).

5.3. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

5.4. სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას უნდა გაითვალისწინოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

5.5. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს მსჯავრდებულების პიროვნებას (ისინი არ არიან ნასამართლევები), მათ მიერ ბრალის აღიარებასა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობას, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სწრაფ სამართალწარმოებას. გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი მოცემულობაც, რომ ძალადობრივი ქმედებები ჩადენილია მსჯავრდებულებსა და დაზარალებულს, ისევე როგორც მისი ოჯახის სხვა წევრებს შორის მომხდარი ჩხუბისა და უკიდურესად გამწვავებული კონფლიქტის დროს. შესაბამისად, მსჯავრდებულთა ქმედებები თავისთავად დასაძრახი და მართლსაწინააღმდეგოა, თუმცა საქმის კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით, მათი გასაკიცხაობის ხარისხი არ არის იმდენად მაღალი, რომ გაამართლოს მსჯავრდებულთა საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობა. საქმეში არ მოიპოვება მსჯავრდებულთა მიმართ მკაცრი სასჯელის სახის გამოყენების წინაპირობები და არ არსებობს სასჯელის დამამძიმებელი გარემოებები. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულებს სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროთ ჯარიმა, ხოლო ჯარიმის ოდენობა უნდა დადგინდეს ჩადენილი უმართლობის (ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), გამოწვეული შედეგისა და დანაშაულის ამსრულებელთა თანაბარი როლის გათვალისწინებით.

5.6. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის სახით ჯარიმის - 7000 ლარის განსაზღვრა წარმოადგენს პროპორციულ ღონისძიებას, ჩადენილი დანაშაულის ხასიათისა და სასჯელის ლეგიტიმური მიზნების გათვალისწინებით, ასევე თითოეული მსჯავრდებულის მიმართ ემსახურება მათი ეფექტიანი რესოციალიზაციის მიზანს და უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.

5.7. 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლისსსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად კი ამ კანონით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული პირი ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ჯარიმის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის 1 ოქტომბარმდე და ჯარიმის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება აღსრულებული არ არის. ზემოაღნიშნული დანაწესების შესაბამისად, არ არსებობს მსჯავრდებულების - მ. მ-ს, ი. და ე. მ-ის მიმართ 2021 წლის 11 იანვრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სასჯელისაგან გათავისუფლების საფუძველი.

5.8. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა ანდა თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან“. ხსენებული მუხლის დანაწესი ადგენს პატიმრობაში ყოფნის პერიოდის არასაპატიმრო სასჯელის ზომაში გათვალისწინების აუცილებლობას. დადგენილია, რომ მსჯავრდებულები პატიმრობაში იყვნენ 2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით, შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის ადეკვატური გაანგარიშებით შეფარდებული ჯარიმა - 7000 ლარი უნდა ჩაითვალოს მოხდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 303-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნინო ჟვანიას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულების: მ. მ-ს, ი. და ე. მ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ზ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 14 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. მ-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

4. მ. მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

5. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით), მ. მ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული ჯარიმის მოხდისაგან;

6. ი-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

7. ი. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

8. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით), ი.- მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული ჯარიმის მოხდისაგან;

9. ე. მ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე;

10. ე.- მ. ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 7000 (შვიდი ათასი) ლარი;

11. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2021 წლის 4 აგვისტოდან 2021 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით), ე.მ. მთლიანად გათავისუფლდეს დანიშნული ჯარიმის მოხდისაგან;

12. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

13. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე