Facebook Twitter

საქმე N 330100120003602065

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

საქმე №105აპ.-22 27 ივნისი, 2022 წელი

ნ. ზ., 105აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

სხდომის მდივან - კონსტანტინე თოდრიას

პროკურორ - გოჩა ქორაიას

ადვოკატ - გ. ნ.

მსჯავრდებულ - ზ.ნ-ს

მონაწილეობით, ზეპირი მოსმენით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანისა და მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ.- ნ. საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

1.1. 2020 წლის 10 აპრილს ზ. ნ. (პირადი ნომერი: 0----------) ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა განსაკუთრებული სისასტიკით) და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი).

1.2. ზ. ნ-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამეზობლო კონფლიქტის გამო, ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბისას, ზ.ნ-ს განსაკუთრებული სისასტიკით, არასრულწლოვანი შვილების - ბ-ს თვალწინ, დანის გამოყენებით, თ-ს მიაყენა ჭრილობები: მარცხენა მტევნის მიდამოში ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებით - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა და გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ქვემოთ, გულმკერდის ღრუში შემავალი, სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებით - ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა. დაზარალებული გადაიყვანეს ა. ა-ის სახელობის კლინიკაში, სადაც ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

ზ. ნ-ს სიმამრის - ა-ს მეზობელ გ-სთან ოჯახთან ჰქონდა უსიამოვნება სამეზობლო კონფლიქტების გამო. მან 2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 01:15 საათიდან 01:45 საათამდე პერიოდში, ქ-ს მდებარე საცხოვრებელი სახლის ე.წ. ,,იტალიური ტიპის“ ეზოში, ურთიერთჩხუბისას გ-მ სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში ხელის დარტყმებით, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, რა დროსაც გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენით ზ. ნ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

2.2. ზ. ნ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 1000 ლარი.

2.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ. ნ-ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლით, რომლის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2019 წლის 17 დეკემბრიდან.

2.4. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ:

2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 01:45 საათზე, ქ. მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში, სამეზობლო კონფლიქტის გამო ურთიერთშელაპარაკებისა და ჩხუბისას, ზ. ნ-ს არასრულწლოვანი შვილების - ბ-ს თვალწინ, დანის გამოყენებით, გ. გ-ს ურთიერთშელაპარაკებისას გზიდან ჩამოშორების მიზნით, თ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.

ზ. ნ., რომელსაც სიმამრის, ა-ს მეზობელ გ-ს- ოჯახთან წარსულში სამეზობლო კონფლიქტების გამო ჰქონდა უსიამოვნება, 2019 წლის 17 დეკემბერს, დაახლოებით 01:15 საათიდან 01:45 საათამდე პერიოდში, ქ.- მდებარე საცხოვრებელი სახლის ე.წ. ,,იტალიური ტიპის“ ეზოში, ურთიერთჩხუბისას, გ-ს ხელის დარტყმებით სცემა სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში, რითაც მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ჯანმრთელობის მოუშლელად, რა დროსაც გ-მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. გასაჩივრებული განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი:

3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 სექტემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

4. კასატორების პოზიცია:

ა. პროკურორ ია ყიფიანის არგუმენტები:

4.1. 2021 წლის 16 დეკემბერს პროკურორმა ია ყიფიანმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა ზ. ნ-ს დამნაშავედ ცნობა წარდგენილი ბრალდების მიხედვით და მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ზ. ნ-ს მიერ საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

4.2. კასატორის აზრით, ზ. ნ-ს მიერ ჩადენილი ქმედების საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველ ნაწილზე გადაკვალიფიცირებით სასამართლო გასცდა საქმის მასალებითა და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ: სასამართლომ დაადგინა, რომ ზ. ნ., გ. გ-ს ურთიერთშელაპარაკებისას გზიდან ჩამოშორების მიზნით, თ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. აღნიშნული დასკვნა, კასატორის პოზიციით, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან, ვინაიდან თავად მსჯავრდებულის ჩვენებით, მოწმე გ. გ-ს-, დაზარალებულ თ. გ--ა და მისი შვილების ჩვენებებით დადასტურებულია, რომ კამათში პირველი ჩაერთო სწორედ თ. გ-მ, რომელიც, ზ. ნ-ს განმარტებით, წლების განმავლობაში ავიწროებდა მას.

4.3. პროკურორის აზრით, განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ზ. ნ-ს ჰქონდა თ.გ-ს- მკვლელობის განზრახვა, კერძოდ, განზრახვის არსებობაზე მეტყველებს დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები. გარდა ამისა, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ზ. ნ-ს ჰქონდა შესაძლებლობა, კიდევ მიეყენებინა დარტყმა, რაც, ვითომდა, არ გააკეთა. ამ კონტექსტში ბრალდების მხარე თვლის, რომ სასამართლოებმა არასწორად შეაფასეს არასრულწლოვან ბ-ს ბ-ა და დაზარალებულ გ-ს გ-ს ჩვენებები, კერძოდ: არასრულწლოვანმა ბ-ს ბ-მმ მიუთითა, რომ ყველაფერი წამებში მოხდა, დანის მესამედ ჩარტყმის შემდეგ ბრალდებული თავისიანებმა გაიყვანეს. ასეთივე განმარტება გააკეთა გ-ს. ის გარემოება, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე წამში მოხდა და ზ. ნ-ს იქ უქმად ყოფნას ვერ შეძლებდა, დგინდება არა მარტო გ-ს ჩვენებებით, არამედ - ფაქტის შემდეგ პირველად მისული მეზობლების ჩვენებებითაც. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა, რომ მსჯავრდებულს დაზარალებულის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია, არასწორია.

4.4. ჰქონდა თუ არა ზ. ნ-ს განზრახვის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობა, კატეგორიულად უარყოფილია არასრულწლოვანი, 11 წლის ბავშვის -ბ. ბ-სჩვენების იმ ნაწილით, სადაც მან სრულიად ბუნებრივად, ბავშვური გაკვირვებით აღნიშნა, რომ ,,როგორღა დაარტყამდა ამის მერე დანას, დ. და ს-ს შ-ებმა გაიყვანეს იქიდანო“.

4.5. რაც შეეხება მაკვალიფიცირებელ გარემოებას - დანაშაულის ჩადენას განსაკუთრებული სისასტიკით - კასატორი აღნიშნავს, რომ ახლობლების წინ ადამიანის მკვლელობის დროს სისასტიკე ვლინდება დამნაშავის გულგრილობაში მსხვერპლის ახლობლების მიმართ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია მსხვერპლის არასრულწლოვანი შვილების თვალწინ, რაც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულზე მიუთითებს.

4.6. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა გოჩა ქორაიამ მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ბ. ადვოკატ გ. ნ-ს არგუმენტები:

4.7. 2021 წლის 21 დეკემბერს ადვოკატმა გ. ნ. ასევე საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში განაჩენი გამოტანილია მოწმეთა ურთიეთშეუსაბამო ჩვენებების საფუძველზე, ხოლო დაზარალებულ გ. გ-ს ეპიზოდთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული ზ. ნ. იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში.

4.8. საკასაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მსჯავრდებულმა ზ. ნ-მ და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა - გ. ნ-მ მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, თუმცა მსჯავრდებულმა ზ. ნ-მ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ, კერძოდ, დაცვის მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ზ. ნ-მ იძალადა გ. გ-ზე და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის ქმედება ამ ნაწილში არ აკმაყოფილებს აუცილებელი მოგერიების პირობებს.

5. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

5.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენით განიხილა საკასაციო საჩივრები, შეამოწმა მათი საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანისა და მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

5.2. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომლის თანახმადაც, ზ. ნ-ს, თ. გ-თვის დანის გამოყენებით დაზიანება არ მიუყენებია, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ გამომდინარეობს საქმის მასალების ობიექტური ანალიზიდან, კერძოდ, 2019 წლის 17 დეკემბერს ზ. ნ-ს მიერ თ. გ-ს მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასადასტურებლად სასამართლომ კანონის მოთხოვნათა დაცვით შეაფასა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულების - თ. გ-ა და გ. გ-ს ჩვენებები, მოწმეების - მ. ჯ-ს, დ. ჯ-ს, დ. ნ-ს, ა-ს, დ. შ-ს, ბ. ბ-ს-, თ. გ-ს, და და გ. ჯ-ს ჩვენებები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ნივთიერი მტკიცებულებები.

5.3. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლოებმა დეტალურად გააანალიზეს თითოეული მტკიცებულების შინაარსი, მიუთითეს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლეოდა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები. გარდა ამისა, ისინი შეაფასეს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ქმედება სწორად დააკვალიფიცირეს საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძოდ:

5.4. დაზარალებულმა თ. გ-მ დეტალურად აღწერა შემთხვევის დროს განვითარებული მოვლენები და მიუთითა, თუ როგორ ცდილობდა მის პირისპირ მდგომი ზ. ნ-ს-სათვის წინააღმდეგობის გაწევას. დაზარალებულ თ. გ-ს ჩვენებით, 2019 წლის 17 დეკემბერს, ღამით, გ. გ-ს და ზ. ნ. ჩხუბობდნენ. დაპირისპირებულ მხარეებს თ-ს და მ. ჯ-ს ერთად აშველებდა თ. გ., რომლებმაც შეძლეს და გ. გ. სახლში შეყვანით კონფლიქტს განარიდეს. ზ. ნ-ს კვლავ განაგრძობდა გინებას და მუქარას გ. გ-ს მიმართ, რის გამოც თ. გ. დადგა ზ. ნ-ს პირისპირ და უწევდა წინააღმდეგობას. ვინაიდან ზ.ნ-ს, თ. გ-ს ვერ მოიშორა, პირველად ცხვირში ჩაარტყა დანის ტარი, მაგრამ დაზარალებულმა კვლავ განაგრძო წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც გაეჭრა თითი. რადგან ზ. ნ-ს ვერ მოიშორა თ. გ., მისი თავი მარცხენა ხელით მოიქცია იღლიის ქვეშ და ზემოდან ერთხელ დაარტყა დანა.

5.5. იმავე შინაარსით გადმოსცემს ზ. ნ-ს ჩადენილ ქმედებებს დაზარალებული გ. გ-ს, რომლის განმარტებით, თ. გ. დადგა ზ. ნ-ს წინ, რა დროსაც ზ. ნ-მ მუშტი დაარტყა სახეში, თუმცა თ. გ. კვლავ ცდილობდა ზ. ნ-სათვის დაეჭირა დანიანი ხელი. ზ. ნ-მ მოახერხა თ-ს თავის მოქცევა იღლიის ქვეშ, ერთხელ დაარტყა დანა და გაუშვა. მანვე აღნიშნა, რომ მასა და ზ. ნ-ს შორის ჩხუბის მიმდინარეობისას, ფერდსა და ზურგში მიიღო ძლიერი დარტყმები, რის შედეგადაც ჩაიკეცა.

5.6. არასრულწლოვანი მოწმეების - ბ. ბ-ა და ბ. ბ-ს განმარტებებით, ზ. ნ-ს თ-მ ჯერ ცხვირში ჩაარტყა დანის ტარი, წინააღმდეგობის გაწევის დროს თ-მ ხელიც გაეჭრა, რის შემდეგაც ზ. ნ-ს თ.გ-ს თავი მოიქცია იღლიის ქვეშ და ზურგში ერთხელ დაარტყა დანა. რაც შეეხება თ. გ-ს, რომელიც ასევე ფაქტის თვითმხილველი მოწმეა, დაკითხვისას აღნიშნავს, რომ ზ. ნ-მ თ-ს ჯერ მუშტი დაარტყა სახის არეში, წინააღმდეგობის გაწევის დროს მის დას ხელიც გაეჭრა, შემდეგ ზ. ნ-ს თ. გ-ს მოიქცია იღლიის ქვეშ და დაარტყა დანა.

5.7. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მხარის აპელირებას დაზარალებულთა და მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლოებმა საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები სრულყოფილად და ობიექტურად შეაფასეს და იმსჯელეს ყველა იმ საკითხზე, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს საჩივარში, რასაც საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს, კერძოდ: ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები შინაარსობრივად არ შეიცავს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებს და სისხლის სამართლის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან მიმართებით შეესაბამება, როგორც ერთმანეთს, ასევე სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიურ და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებს.

5.8. დაცვის მხარე საქმის განხილვისას მიუთითებდა გარკვეულ წინააღმდეგობებზე აღნიშნული მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით, მათ შორის არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებებს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე, რასთან მიმართებითაც საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოს განაჩენების მოტივაციას, რომ ამ მოწმეების ჩვენებებში არსებობს მცირე წინააღმდეგობები, თუმცა საქმის არსებითი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურების თვალსაზრისით, წინააღმდეგობები, რომლებიც მათ ჩვენებებს სანდოობას დაუკარგავდა, არ გამოვლენილა. დაცვის მხარე ასევე აპელირებს დაზარალებულების დაინტერესებაზე და მიუთითებს თ. გ-ს, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი და დაეცვა ძმის - გ. გ-ს კარს იჭერდა და ცდილობდა არ გამოეშვა სახლიდან, რაც დაცვის მხარისთვის ალოგიკურ გარემოებას წარმოადგენს. აღნიშნული გარემოებები კი განსახილველ შემთხვევაში ვერ გახდება ხსენებულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობის საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან ამ ნაწილში ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილია უტყუარი მტკიცებულებები.

5.9. საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განაჩენის დასაბუთებას, რომ მცირე წინააღმდეგობები, რომლებიც დაფიქსირდა მოწმეთა ჩვენებებს შორის, ვერ იქნება მიჩნეული არსებითი ხასიათის წინააღმდეგობებად, ვინაიდან დაზარალებულების - თ.გ-ს, გ. გ-ს, მოწმეების - თ. გ-ს, ბ-ს და ბ. ბ-ს ჩვენებები თანმიმდევრულად და დეტალურად მიუთითებენ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე - ზ. ნ-ა და გ-ს შორის კონფლიქტის დაწყების მიზეზზე, მის განვითარებასა და შედეგზე (ზ. ნ-ს მიერ თ. გ-ს ზურგში დანის ერთხელ ჩარტყმის ფაქტზე). ამ ნაწილში მათი ჩვენებები არის თანმიმდევრული და არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას.

5.10. ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, კერძოდ, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, შემთხვევის ადგილის დათვალირების ოქმს, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნას, ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნას.

5.11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, შესაძლოა ადასტურებდეს ადამიანის სხეულზე არსებულ დაზიანებათა რაოდენობას, ლოკალიზაციას და ხარისხს. სხეულზე არსებული დაზიანებებით იმის განსაზღვრა, თუ ვინ მიაყენა პირს აღნიშნული, შეუძლებელია, თუმცა ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით შესაძლოა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა რაიმე სახის შემხებლობა დაზარალებულსა და ბრალდებულს, ხომ არ აღმოჩნდა დაზარალებულის სისხლი ან/და გენეტიკური პროფილი ბრალდებულის ტანსაცმელსა თუ სხეულზე. ამდენად, ზემოაღნიშნული დასკვნების არსებობის შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებთან მათი ურთიერთმიმართებით შესაძლებელია დადგინდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

5.12. განსახილველ შემთხვევაში სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად: წარმოდგენილი, შპს ა-ს ა-ის სახელობის კლინიკის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №.. ის და ამავე დაწესებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №.. ცნობის ჩანაწერებით, თ. გ. აღნიშნულ კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2019 წლის 17 დეკემბრიდან 2019 წლის 22 დეკემბრამდე. სამედიცინო საბუთის ჩანაწერების თანახმად, თ-ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ქვემოთ (ბეჭის კუთხესთან) შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით; ასევე სისხლმდენი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა მტევნის მიდამოში. დასკვნის თანახმად, დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ქვემოთ (ბეჭის კუთხესთან) შემავალი გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით და მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსის განვითარებით - მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 17 დეკემბერის თარიღს. დაზიანება, მარცხენა მტევნის მიდამოში არსებული ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობის სახით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება 2019 წლის 17 დეკემბრის თარიღს.

5.13. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სანდოობასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ რაიმე გარემოება, რაც აღნიშნული მტკიცებულების არგაზიარების საფუძველი გახდებოდა, საქმის განხილვის ეტაპზე არ გამოვლენილა, ამასთან, მსჯავრდებული ზ. ნ-ს მტკიცებულების სანდოობასთან დაკავშირებით შემოიფარგლება ზოგადი, სუბიექტური მსჯელობებით და არ უთითებს კონკრეტულ გარემოებებზე.

5.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა:

- პაკეტში, წარწერით: ,,...N.. მოწითალო ფერის ლაქების ანაწმენდები..." მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ანაწმენდები აღებულია გ-ს სახლის შესასვლელი კარის ზედაპირიდან, კარის მარჯვენა მხარეს კედლის ზედაპირიდან, კარის წინ კიბიდან, კარის წინ ასფალტის ზედაპირიდან) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-ს;

- პაკეტში, წარწერით: ,,...ზ. ნ-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი..." მოთავსებულ: შარვალზე (ობ. N-----), ჯემპრზე (ობ. N-----) და ფეხსაცმელებზე (ობ. N2----) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N..-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ზ. ნ-ს; ობ. N---ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული, ობ. N---ის შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი და ზ. ნ-ს (ობ. N--) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N---ის შერეული გენეტიკური პროფილის მინორული წილი, ობ. N---ის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და თ. გ-ს (ობ. N--) გენეტიკური პროფილი იდენტურია;

- პაკეტში, წარწერით: ,,ა-ს ქურთუკი" მოთავსებულ ქურთუკზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N-----) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ზ. ნ-ს (ობ. N--);

- პაკეტში, წარწერით: ,,გ. გ-ს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი..." მოთავსებულ შარვალზე (ობ.N-----), ჯემპრზე (ობ.N--), ერთ-ერთ წინდაზე (ობ.N--), მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ.N------, უსახელოებო მაისურზე (ობ.N------ და ფეხსაცმელებზე (ობ.N-----) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-ს (ობ. N--);

- პაკეტში, წარწერით: ,,თ. გ-ს ტანსაცმელი" მოთავსებულ შარვალზე (ობ.N-----), მონაცრისფრო მაისურზე (ობ. N-----), მოთეთრო მაისურზე (ობ.N-----), ქვედა საცვალზე (ობ.N--) და წინდებზე (ობ.N-----) არსებული მოწითალო-მოყავისფრო და მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-ს (ობ.N--).

5.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...N-: მონაცრისფრო ჩუსტი; ობ. N-: მონაცრისფრო ჩუსტი: ობ. N-: შავი ფერის 2 (ორი) ც. ჩუსტი..." მოთავსებულ: მარჯვენა მონაცრისფრო ჩუსტზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. N-) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-ს.

5.16. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: თ. გ-ს შარვლის, მორუხო ფერის მაისურის და თეთრი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება მუქი მოლურჯო ფერის პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც აქვს საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, ზ. ნ-ს ზედა ჩასაცმელის ტრიკოტაჟის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან. შარვლის ზედაპირზე ასევე აღინიშნება მუქი მორუხო ფერის პროფილირებული პოლიესტერის ბოჭკოები, რომლებსაც აქვს საერთო გვარობრივი კუთვნილება ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ზ. ნ-ს შარვლის ძირითად ტრიკოტაჟის ქსოვილში შემავალ შესაბამის ბოჭკოებთან.

5.17. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ტრასოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად: ა (3) ,,თ. გ-ს" წარმოდგენილი ტანსაცმლიდან (ორი ცალი მაისური, შარვალი, ტრუსი, ოთხი ცალი წინდა) ორივე მაისურს დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზირებულ მიდამოში აღენიშნება ცალმხრივ ლესილი პირის მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად - ჭრით გამოწვეული დაზიანება. შარვალს, ტრუსს, ოთხ ცალ წინდას დაზიანება არ აღენიშნება.

5.18. რაც შეეხება მოწმეების - მ-ს და ი-ს ჩვენებებს, აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, ვინაიდან მ. წ-ს ჩვენების მიცემისას ისაუბრა დაჭრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსა და იმ გარემოებაზე, რომ ზ. ნ-ს კვლავ აგრესიულად იქცეოდა, რასაც მსჯავრდებულიც არ უარყოფს, ხოლო ი. ჯ-ს აღწერა ის ვითარება, რაც ხდებოდა ეზოში სასწრაფო დახმარების წასვლის შემდეგ. ორივე მოწმემ: მ. წ-ს და ი. ჯ-ს განმარტეს, რომ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მ. წ-ს ეზოში თითქმის ერთად შევიდნენ. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას, რომ თითქოსდა ერთადერთი პირდაპირი და ნეიტრალური მოწმე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არის მ. წ-ს. მისი ჩვენებით და სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის - მ. ჯ-ს და დ. ჯ-ს ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ მ. წ-ს ეზოში შევიდა მას შემდეგ, რაც თ. გ. უკვე დაჭრილი იყო.

5.19. სასამართლოებმა სწორად შეაფასეს მოწმეების - მ. ჯ-ს, დ. შ-ს ა-საა და დ. ნ-ს ჩვენებები, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განაჩენებში განვითარებულ მსჯელობას, რომ ა. შ-ს, დ. შ-ს და დ. ნ-ს თანმიმდევრულად აღწერენ უშუალოდ ჩხუბის მომენტამდე და ჩხუბის დროს განვითარებულ მოვლენებს, მათი ჩვენებები შეესაბამება გ-ს ჩვენებებს, თუმცა იმასთან მიმართებით უშუალოდ ჩხუბის დაწყების შემდეგ, ვინ დაარტყა დანა თ-ს და მიაყენა სხეულის დაზიანებები, ისინი იდენტურად განმარტავენ, რომ ვერ დაინახეს, ვინ მიაყენა თ-ს დანით ჭრილობები და აცხადებენ, რომ დანა მხოლოდ გ-ს ჰქონდა და შესაძლოა, მან შემთხვევით დაჭრა თავისი და - თ. გ-ს.

5.20. სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს მოწმეების -ა-ს, დ. შ--ა და დ. ნ-ს მიერ ჩვენებებში განმარტებულ რამდენიმე საკითხთან (მათ შორის წინააღმდეგობასთან) დაკავშირებით, რაც სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ მათი ჩვენებები ემსახურება ზ. ნ-სთვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, კერძოდ:

5.21. დ. შ-მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ თ. გ-ს არ ჩერდებოდა, ილანძღებოდა და იგინებოდა, ზურას სახეზე ჩამოეკიდა ორივე ხელით და დაუკაწრა სახე. მოწმის განმარტებით, თ-ს და თ. გ-ს ურტყამდნენ მის სიძეს - ზ. ნ. გარდა აღნიშნულისა, მოწმის განმარტებით, ზ. ნ-ს და გ-ს შორის ხელჩართული ჩხუბი არ ყოფილა და ისინი მალევე გაანეიტრალეს. ამავე მოწმის განმარტებით, დანის დასმის შემდეგ გ. გ--ს ნებაყოფლობით წავიდა სახლში და მას უკან გაჰყვნენ თ-სა და თ. გ-ს. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დ. ნ-მ განმარტა, რომ ზ. ნ-ა და გ-ს- შორის იყო ხელჩართული ჩხუბი. დ. ნ. დ. შ-გან განსხვავებით განმარტავს, რომ გ. გ-ს ძალით გაიყვანეს თ. და თ. გ-ს. საინტერესოა, რატომ უნდა დაეჭირათ გ. გ-ს სახლის კარი თ., თ. გ-ს და მ. ჯ-ს, როდესაც მან ნებაყოფლობით დატოვა შემთხვევის ადგილი (აღნიშნულ გარემოებას მ. ჯ-ს ადასტურებს). ა-ს განმარტებით, თ. გ-ს შვილები ეზოში საპატრულო პოლიციის მისვლის შემდეგ მივიდნენ, რაც ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, კერძოდ: მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ შემთხვევის დროს ეზოში იმყოფებოდნენ ბ. და ბ. ბ-ს. დ. ნ-ს ჩვენების მიცემისას არ დაადასტურა თ. და თ. გ-ს მიერ მამამისისთვის - ზ.ნ-სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, ხოლო მოწმე მ. ჯ-ს განმარტა, რომ ზ. ნ-ს- თ. გ-ს კონფლიქტის პერიოდში შეხება საერთოდ არ ჰქონია. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ასევე არ დასტურდება თ.გ. და თ. გ-ს ფრჩხილებში ზ.-ს გენეტიკური პროფილის არსებობა. სასამართლო აღნიშნავს, რომ შ-ების მიერ სასამართლოში მიცემული ამგვარი განმარტებები (თ-- და თ. გ-ს მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი) სასამართლოს უქმნის რწმენას, რომ აღნიშნული წარმოადგენდა დაცვის მხარის სტრატეგიას, რისი დადასტურების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნებოდა, დაცვის მხარეს გაემართლებინა თ. გ-ს გენეტიკური პროფილის არსებობა ზ. ნ-ს ტანსაცმელზე.

5.22. სასამართლო აღნიშნავს, რომ ა., დ. ნ-სა და დ. შ-ს ჩვენებები ეწინააღმდეგება არა მხოლოდ ერთმანეთს, არამედ - ექსპერტიზის დასკვნებსა და მოწმე - მ. ჯ-ს ჩვენებას, კერძოდ: მ. ჯ-ს განმარტებით, ზ. ნ-ს და თ-ს ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ, მაშინ, როდესაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, უტყუარად დასტურდება, რომ ზ. ნ-ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა თ. გ-ს გენეტიკური პროფილი. ამდენად, სასამართლოსთვის პასუხგაუცემელი რჩება, საიდან აღმოჩნდა თ. გ-ს გენეტიკური პროფილი ზ. ნ-ს ტანსაცმელზე, მაშინ, როდესაც ყველა მოწმე (გარდა დ-სა და ა. შ-ებისა), მათ შორის დაცვის მხარისათვის ნეიტრალურად მიჩნეული მოწმეც ადასტურებს იმას, რომ ზ. ნ-ს და თ.გ-ს კონფლიქტის დროს იმყოფებოდნენ სხვადასხვა ადგილას და ერთმანეთთან შეხება არ ჰქონიათ. ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოება კიდევ უფრო მეტად დამაჯერებელს ხდის დაზარალებულების ჩვენებებს.

5.23. ამდენად, სასამართლოებმა სწორად არ გაიზიარეს დ. და ა-ს შ--ების, დ. ნ-ს ჩვენებები იმ ნაწილში, რომ ზ. ნ-ს დანით ზურგის არეში არ დაუჭრია თ. გ-ს, ვინაიდან საწინააღმდეგოს ადასტურებენ დაზარალებულები - თ. და გ. გ-ს, ბ-სა და ბ. ბ-ს, მოწმე თ-- გ-ს და ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც თავის მხრივ არის ურთიერთშეთანხმებული და მათ შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას, არ არსებობს.

5.24. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, საკასაციო სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ. ნ-მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

5.25. რაც შეეხება დაზარალებულ გ. გ-ს ეპიზოდს დანაშაულის შემადგენლობის არსებობასთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ამომწურავადაა მითითებული და შეფასებული ის მტკიცებულებები (დაზარალებულების - გ.- გ-ს-, თ. გ-ს-, ბ-სა და ბ.ბ-ს, ასევე მოწმე თ. გ-ს ჩვენებები, სამედიცინო, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური), ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, თავად ზ.ნ-ს მიერ გაკეთებული განმარტებები და სხვ.), რომელთა საფუძველზეც ერთმნიშვნელოვნად დადგინდა ზ. ნ–-ს მიერ დაზარალებულ გ. გ-თვის დაზიანებების მიყენების ფაქტი, რასაც დაცვის მხარეც არ ხდის სადავოდ. ამ ნაწილში დაცვის მხარის მთავარ პრეტენზიას წარმოადგენს ის საკითხი, რომ ჩხუბის მონაწილე მეორე პირი - გ.გ. სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში არ არის მიცემული, რაც გავლენას ვერ მოახდენს განსახილველი საქმის შედეგზე.

5.26. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივართან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს: ვინაიდან ბრალდების მხარე ითხოვს ზ. ნ-ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, აუცილებელია ორი კონკრეტული საკითხის გაანალიზება: რამდენად დასტურდება ზ. ნ-ს მიერ თ. გ-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილია თუ არა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დამამძიმებელი გარემოება - განსაკუთრებული სისასტიკე.

5.27. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ. ნ-ს ქმედების მომენტში მისი განზრახვის დასადგენად მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველია თვითმხილველი მოწმეების, მათ შორის - თ. გ-ს-, თ. გ-ს-, გ.გ-ს, ბ.ბ-მა და ბ. ბ-ს ჩვენებები და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც მითითებულია იმ დაზიანებებზე, რაც აღენიშნებოდა დაზარალებულ თ-ს

5.28. დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების სამართლებრივი მოცემულობის გამიჯვნის დროს ქმედების კვალიფიკაციისას შეცდომის გამოსარიცხად სასამართლოებმა ზედმიწევნით დეტალურად უნდა შეისწავლონ და გააანალიზონ საქმეში არსებული ყველა გარემოება, რადგან გამოსაკვეთია დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობის – განზრახვის ელემენტი, რომლის (ანუ განზრახვის) მიმართულებაც განასხვავებს განზრახ მკვლელობის მცდელობას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისგან.

5.29. საკასაციო სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ განზრახვის დასადგენად შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. ამიტომ საკასაციო პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ შემდეგ გარემოებებზე:

- საქმის მასალებით დადგენილია, რომ კონფლიქტი მიმდინარეობდა ზ.ნ-მა და გ.-ს შორის, კერძოდ, დაზარალებულმა გ-მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას აღნიშნა, რომ ზ.ნ-ს დანით ხელში, მისი მიმართულებით და არა - თ. გ-სკენ;

- თ. გ. წინააღმდეგობას უწევდა ზ. ნ-ს და არ აძლევდა გ. გ-სთან მიახლოების საშუალებას, რა დროსაც ზ. ნ-ს და .თ-ს, მისი მხრიდან შექმნილი წინააღმდეგობის დაძლევის მიზნით, ჯერ დანის ტარი დაარტყა სახეში, რათა გადაელახა წინააღმდეგობა, ხოლო შემდეგ გზიდან ჩამოშორების მიზნით, ზურგის არეში ჩაარტყა დანა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ზურგში დანის დარტყმისას ზ. ნ--მ თ. გ. მოიქცია მკლავქვეშ, შესაბამისად, ზ. ნ-ს თ. გ-ს მოკვლის განზრახვის არსებობის შემთხვევაში ობიექტურად შეეძლო სხვა პირების ჩარევამდე დანა კიდევ დაერტყა მისთვის და მიეყენებინა მრავლობითი დაზიანებები (მათ შორის - სიცოცხლისათვის სახიფათო ან მსუბუქი ხარისხის), რაც დაადასტურებდა მის აშკარა მისწრაფებასა და სურვილს, მოკვლის განზრახვა მოეყვანა სისრულეში;

- დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ, კერძოდ: როგორც დადგენილია, ზ. ნ-მ დანის ტარის სახეში ერთხელ დარტყმისა და ზურგის არეში ერთი დაზიანების მიყენების შემდეგ, შეწყვიტა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც დადასტურებულია არასრულწლოვანი დაზარალებულის - ბ. ბ-ს განმარტებით (თ. გ-ათვის დანის დარტყმის შემდეგ ზ. ნ-ს გაჩერდა დაახლოებით ოცდაათი წამის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი გაიყვანა დ. შ-მ) და გ. გ-ს ჩვენებით (ზ. ნ-მ- მოახერხა თ--ს თავის მოქცევა იღლიის ქვეშ, ერთხელ დაარტყა დანა და გაუშვა). ამდენად, ზ------ ნ-ს დანაშაულებრივი ქმედების შემდგომი ქცევა ადასტურებს, რომ მას არ ჰქონდა თ. გ-ს სიცოცხლის მოსპობის განზრახვა და არსებული - ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდეგ მოქმედება აღარ გაუგრძელებია.

5.30. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად, საკასაციო პალატა აღნიშნავს: სახელმწიფო ბრალდების პოზიციაში ბუნდოვანია საკითხი – როდის წარმოეშვა ზ. ნ-ს თ. გ-ს მკვლელობის განზრახვა: გ. გ-ს ურთიერთშელაპარაკებისას, თუ მას შემდეგ რაც თ. გ-ს ცდილობდა მის შეჩერებას და კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვას. მის მიერ ჩადენილი ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის ეს გარემოება იძენს ერთ-ერთ განმსაზღვრელ მნიშვნელობას. თუკი ზ. ნ-ს მკვლელობის განზრახვა თავიდანვე (ურთიერთშელაპარაკებისას ან მანამდე) გააჩნდა, მაშინ რა უშლიდა ხელს, რომ მუშტის მაგივრად დანა მჭრელი პირის მხრიდან ჩაერტყა თ. გ-თვის, რათა მყისიერად აღესრულებინა დასახული მკვლელობის მიზანი, ან თუკი გაშველების პროცესში წარმოეშვა მკვლელობის განზრახვა - ბოლომდე მიეყვანა დანაშაული.

5.31. საკასაციო სასამართლო საკითხის შეფასებისას უყურადღებოდ არ ტოვებს იმ გარემოებას, რომ თ-ს აღენიშნებოდა ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის უკანა ზედაპირზე, მარცხენა ბეჭის ქვემოთ (ბეჭის კუთხესთან) შემავალი გულმკერდის ღრუში, რაც შესაძლოა, არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობის მცდელობზე მეტყველებდეს, ვინაიდან სიცოცხლისთვის საშიშ ადგილას დაზიანების მიყენების მომენტში დამნაშავე შესაძლოა, ითვალისწინებდეს მართლსაწინააღმდეგო, შედეგის დადგომის შესაძლებლობას, არ სურდეს ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდეს ან გულგრილად ეკიდებოდეს მის დადგომას. სწორედ ამიტომ საკასაციო სასამართლომ დეტალურად შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში, დანაშაულებრივი ქმედების შეწყვეტის მიზეზები და დამნაშავის ქცევა მოქმედების ჩადენის შემდეგ და მიაჩნია, რომ ზ. ნ-ს ქმედებაში გამოკვეთილია საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.

5.32. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომლის თანახმადაც, მსჯავრდებულის ქმედება უნდა შეფასდეს, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მცდელობა, ვინაიდან ზ. ნ-ს მიერ თ.- გ-ათვის დაზიანების მიყენების ფაქტს ესწრებოდნენ მისი არასრულწლოვანი შვილები. განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ დანაშაულის მსხვერპლის - თ. გ-ს არასრულწლოვანი შვილები - ბ. და ბ. ბ-ს-, თუმცა აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ზ.- ნ-ს სუბიექტურ ნებას, მის განზრახვასა და სპეციალურ მიზანს, რომ თავისი მოქმედებით განსაკუთრებული ტანჯვა მიეყენებინა დაზარალებული მხარისათვის. მხოლოდ არასრულწლოვანი შვილების შემთხვევის ადგილზე ყოფნა, თუ არ არსებობს ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები, კუმულაციურად ვერ იქნება ქმედების განსაკუთრებული სისასტიკით კვალიფიკაციისათვის საკმარისი, კერძოდ: ობიექტური კრიტერიუმი გულისმობს, რომ დამნაშავის მიერ გამოყენებული ხერხი/საშუალება ობიექტურად იწვევდეს ძლიერ ტანჯვას, ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი - დამნაშავემ შეგნებულად შეარჩიოს ისეთი ხერხი ან/და საშუალება, რომელიც განსაკუთრებულ ტანჯვას გამოიწვევს მსხვერპლში. შესაბამისად, ქმედების სწორად კვალიფიკაციისთვის აუცილებელია დადგინდეს, რომ მსჯავრდებულის განზრახვა მოიცავდა დაზარალებულის მტანჯავი ხერხით ან/და საშუალებით მკვლელობის განზრახვას და დამნაშავეს შეგნებული ჰქონდა, რომ მის მიერ გამოყენებული ხერხი და საშუალება გამოიწვევდა დაზარალებულის ტანჯვას ან სულიერ წამებას. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ზ. ნ-ს თ-ს შვილების თანდასწრებით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, აღნიშნული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით წარმოადგენს არა ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, არამედ - პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას (სსკ-ის 531-ე მუხლი).

5.33. ამდენად, უსაფუძვლოა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა მსჯავრდებულ ზ. ნ-ს საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის შესახებ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მსჯავრდებულის ქმედება სწორად დააკვალიფიცირა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ნ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ნ-ს სა და თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ია ყიფიანის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 24 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე