Facebook Twitter

საქმე N 020100121004879133

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განაჩენი

საქართველოს სახელით

N134აპ.-22 20 ივნისი, 2022 წელი

პ–ა მ., 134აპ.-22 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე)

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი:

1.1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით მ. პ–ა (პირადი ნომერი: ............) ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 3000 ლარი; საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით - ჯარიმა 3000 ლარი.

1.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. პ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

1.3. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- 2021 წლის 10 ივნისს, 12:44 საათზე, მ. პ–ა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მის დას - მ. პ–ს, როგორც ქალს, არ უნდა გადაეღო ფოტოები შეუფერებელი ტანსაცმლით და გაეგზავნა ვინმესთვის, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ქ. თ–ში მყოფ მ. პ–ს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სოფელ დ–ში, საიდანაც ჩავიდოდა თბილისში და მოკლავდა. ამის შემდეგ იმავე საათზე სოციალურ ქსელ „ი-ს“ საშუალებით .....ლ ენაზე გაუგზავნა ტექსტი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და კვლავ დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, კერძოდ, უთხრა, რომ მისი ხელით მოუღებდა ბოლოს. აღნიშნული მ. პ–მ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

- 2020 წლის აგვისტოს ბოლოს მ. პ–ა, რომელსაც მიაჩნდა, რომ მის დას, როგორც გათხოვილ ქალს, ფოტო არ უნდა გადაეღო სხვა მამაკაცთან, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, მობილური ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა ჩ–ში მყოფ მ. პ–ს, რომელსაც დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, უთხრა, რომ იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, სოფელ დ–ში, საიდანაც ჩავიდოდა მასთან და მოკლავდა. აღნიშნული მ. პ–ამ აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

1.4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა შორენა გვილავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა, კერძოდ: მ. პ–ასთვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდება.

2. სააპელაციო სასამართლოს განაჩენი:

2.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.

3. კასატორის მოთხოვნა და არგუმენტები:

3.1. 2022 წლის 13 იანვარს პროკურორმა შორენა გვილავამ საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, მ. პ–ასთვის კანონიერი და მკაცრი სასჯელის შეფარდება, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.

3.2. საკასაციო საჩივრის ავტორის პოზიციით, მ. პ–ასთვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება სისხლის სამართლის კოდექსის სავალდებულო მოთხოვნებს, ვინაიდან მსჯავრებულმა ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ მუქარა (ორი ეპიზოდი), რისთვისაც ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი, მაშინ, როცა საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11​1 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის.

3.3. პროკურორის მოსაზრებით, მ. პ–ასთვის შეფარდებული სასჯელი ასევე არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესა და პიროვნულ მახასიათებლებს, კერძოდ: მართალია, დაზარალებული მ. პ–ა ითხოვს მსჯავრდებულ მ. პ–ას მსუბუქად დასჯას, მაგრამ, საგულისხმოა ის გარემოება, რომ მოცემულ შემთხვევაში მ. პ–ა მსჯავრდებულია გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის (ორი ეპიზოდი), რაც საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, წარმოადგენს სასჯელის დამამძიმებელ გარემოებას. შესაბამისად დანაშაულზე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება, მათ შორის, სასჯელის თვალსაზრისით, უნდა იყოს მკაცრი, ვინაიდან მოცემული დამამძიმებელი გარემოება უშუალოდ პირის აზროვნებასა და მისი მხრიდან ამ შემთხვევაში ქალის როლის მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ეხება და უფრო მაღალ საშიშროებაზე მიუთითებს.

3.4. პროკურორის მოსაზრებით, სასჯელის შეფარდებისას გასათვალისწინებელი გარემოებაა მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, კერძოდ, სასამართლომ სასჯელის გამკაცრებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ის გარემოება, რომ მ. პ–მ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული, კერძოდ, დაემუქრა დას, რომელზეც ზრუნვის ვალდებულება მას მორალურად ევალება. გარდა ამისა მსჯავრდებულის მიერ მუქარის ორი ეპიზოდის დროის სხვადასხვა მონაკვეთში ჩადენა განზრახვის მიზანმიმართულობაზეც მიუთითებს.

3.5. პროკურორი აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს, შესაბამისად, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივის გათვალისწინებით, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას უნდა აპელირებდეს ამ სასჯელის სახესა და ზომაზე.

4. საკასაციო სასამართლოს შეფასებები:

4.1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მსჯავრდებულ მ. პ–ასთვის საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი კანონის იმპერატიული მოთხოვნის დარღვევით არის დანიშნული, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის შეფარდებისას მხედველობაში არ მიიღო ოჯახური დანაშაულის ჩადენისას სასჯელის განსაზღვრის სავალდებულო წესი და საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის უგულებელყოფით საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის თითოეული ეპიზოდის ჩადენისათვის მ. პ–ას განუსაზღვრა ჯარიმა - 3000 ლარი.

4.3. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა მ. პ–ასთვის განსაზღვრული სასჯელის - ჯარიმის კანონიერების შესახებ არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსიდან და მიზნებიდან, კერძოდ: ,,საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 20 სექტემბრის კანონის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლს დაემატა შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი - ჯარიმა ძირითად სასჯელად არ შეიძლება დაინიშნოს ამ კოდექსის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული ოჯახში ძალადობის ან ამავე კოდექსის მე-111 მუხლით გათვალისწინებული ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ამ ნორმის სწორი გაგების კუთხით მნიშვნელოვანი დოკუმენტია პროექტზე თანდართული განმარტებითი ბარათი, რომლის მიხედვით, კანონპროექტის მიზანი ეხმიანება ოჯახში ძალადობის პრევენციის მიზანს და დაწესებული შეზღუდვა მიემართება როგორც საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ასევე საქართველოს სსკ-ის 111 მუხლში ჩამოთვლილ დანაშაულებს.

4.4. განმარტებითი ბარათის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ სსკ-ის მე-111 მუხლში ჩამოთვლილი ოჯახური დანაშაულების დამაფუძნებელი ქმედებები (ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ძალადობა, ნივთის განზრახ დაზიანება და ა.შ.) შეიძლება სხვა ვითარებაშიც იყოს ჩადენილი, რასაც კავშირი არ აქვს ოჯახში ძალადობასთან, კანონპროექტის მიზნის ზუსტად მისაღწევად ცვლილება შევიდა სასჯელის დანიშვნის ზოგად წესში და არა თითოეული დანაშაულისთვის გათვალისწინებულ სასჯელის სახესა და ზომაში. ამდენად, კანონის პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში მკაფიოდ და ცალსახად მითითებულია კანონმდებლის ნება, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა გავრცელდეს ყველა ოჯახურ დანაშაულზე. გარდა ამისა, თავად ეს მუხლიც არ შეიცავს ბუნდოვან მითითებებს და მასში საუბარია მე-111 მუხლში მითითებულ დანაშაულებზე, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლს.

4.5. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ის გარემოება, რომ მ. პ–ას ქმედება არ არის დაკვალიფიცირებული 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, ვერ გახდება მისთვის ჯარიმის განსაზღვრის საფუძველი, ვინაიდან ზემოაღნიშნული მსჯელობის მხედველობაში მიღებით ცალსახაა, რომ საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაწესებული შეზღუდვა ვრცელდება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ დანაშაულზე და კანონის ვიწრო, სიტყვასიტყვითი განმარტება ამ შემთხვევაში არ გამომდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მე-7 ნაწილის შინაარსიდან და მიზნიდან.

4.6. ამდენად, მ. პ–ასთვის შეფარდებული სასჯელი - ჯარიმა 3000 ლარი, არ შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს და ამ ნაწილში გასაჩივრებული განაჩენი უნდა შეიცვალოს, კერძოდ:

4.7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას.

4.8. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. ამიტომ „სასჯელი, ერთი მხრივ, უნდა იყოს ქმედებით გამოწვევად საფრთხეებთან გონივრულ პროპორციაში, ხოლო, მეორე მხრივ ....ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის დაკისრება მოხდეს დანაშაულის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-38). შესაბამისად, სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს.

4.9. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელის შეფარდებისას საკასაციო სასამართლო, სხვა გარემოებებთან ერთად, განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ძალადობის ხასიათსა და ინტენსიურობას, ასევე აფასებს მომავალში მისი ჩადენის რისკებს. ამ შემთხვევაში მ. პ–ა მსჯავრდებულია მუქარის ორი ეპიზოდის ჩადენისთვის, კერძოდ ორივე შემთხვევაში იგი დას - მ. პ–ს დაუკავშირდა მობილური ტელეფონის საშუალებით. ამდენად, მოცემულ საქმეში კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ბრალის ხარისხი არ არის მეტისმეტად მაღალი, რაც საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა, ემსჯელა მ. პ–ას მიმართ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებაზე.

4.10. რაც შეეხება დანაშაულის განმეორების რისკს, ამასთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ამ ეტაპზე და-ძმას შორის კონფლიქტი ამოწურულია და ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ. გარდა ამისა, საქმის მასალებით გარემოება, რომ მსჯავრდებულმა მ. პ–ამ არასაპატიმრო სასჯელის პირობებში კვლავ ჩაიდინა ოჯახური დანაშაული დის მიმართ - არ მოიპოვება. მ. პ–ასთვის სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ საქმეში წარმოდგენილია დაზარალებულ მ. პ–ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი შეურიგდა მსჯავრდებულს და მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

4.11. ამდენად, მ. პ–ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მუქარა ჩადენილია გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თითოეული დანაშაულისთვის უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქცია - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 180 საათით, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 301-ე მუხლით, 307-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 308-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ შორენა გვილავას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება:

3. მ. პ–ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

- საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

4. საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2021 წლის 10 ივნისის ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (2020 წლის აგვისტოს ეპიზოდი) შეფარდებული სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ. პ–ას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 180 საათით;

5. მსჯავრდებულის მიმართ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულებაზე

კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 23 დეკემბრის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად;

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოტანისთანავე;

8. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე